QronikaPlus
სამირა ბაირამოვა: „ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადებები მუსლიმი თემის წინააღმდეგ ახსოვს არა მხოლოდ თემს, არამედ ქართულ საზოგადოებას“

სამირა ბაირამოვა: „ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადებები მუსლიმი თემის წინააღმდეგ ახსოვს არა მხოლოდ თემს, არამედ ქართულ საზოგადოებას“

2025-06-26 05:48:24

გიგა გელხვიიძე

ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივება, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებები, კონფლიქტი ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილე (უკვე ყოფილი) გიორგი შინჯიკაშვილთან, ბიზნესები, საეკლესიო წესის დარღვევა და ბოლოს შეცვლილი პოლიტიკური რიტორიკა _ ეს არასრული ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რასთანაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ერისკაცობაში ლერი) ჯამდელიანს აქვს შემხებლობა.

შინჯიკაშვილთან სკანდალამდე ჯამდელიანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰყავდა მეუღლე, რაც ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს, მისი წოდების მქონე პირთან მიმართებით (ჯამდელიანის ქორწინების მოწმობა თანდართული აქვს მასალას ფოტოსურათის სახით).

ბოლო სკანდალი კი, რომელშიც მეუფე გიორგი ჯამდელიანის სახელი და გვარი ფიგურირებს, არის მისი სავარაუდო მოწამვლის თემა, რომელზედაც მან ამბიონიდან ერთ-ერთი ქადაგების დროს თავად ისაუბრა და ამაში იმდროინდელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, გიორგი შინჯიკაშვილი დაადანაშაულა, რომელმაც, ჯამდელიანის თქმით, მონაზონი გადაიბირა და ჩართო ამ საქმეში.

ჯამდელიანის სახელი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ფიგურირებს დიდძალ ქონებებთან და მსხვილ ბიზნესებთან, ასევე ეპარქიაში სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის შუღლის გაღვივებაში.

ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა:

_ ქალბატონო სამირა, თქვენ არაერთხელ გქონიათ კვეთა მეუფე გიორგი სინჯიკაშვილთან სხვადასხვა საკითხის შესახებ. რა ინფორმაციას ფლობთ მასზე და მისი ბიზნესების თაობაზე?

_ დოკუმენტები გამოქვეყნებული იყო სოციალურ ქსელში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენსა და პირადად ჩემს შემხებლობას მასთან, 2019 წელს მარნეულის საკრებულოს ვუჩივლეთ სასამართლოში ფინანსებთან დაკავშირებით, რომლებიც რელიგიური მიმართულებით იყო გამოყოფილი და დისკრიმინაციულად ნაწილდებოდა. იგი შეადგენდა 450 000 ლარს და გამოყოფილი იყო ეპარქიისთვის. ამის გარდა კიდევ იყო 2.000.000 ლარი გამოყოფილი ცალკე ეკლესია-მეჩეთების რეაბილიტაციისთვის.

ჩვენ დღემდე არ ვიცით, ეს თანხები რისთვის იხარჯება. სასამართლოში მათი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეს იხარჯება რეაბილიტაციისთვის, თუმცა მერიას ამ რეაბილიტაციისთვის აქვს ცალკე ბიუჯეტი გამოყოფილი. ჩვენ ეს საქმე დღეს ევროპულ სასამართლოში გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით მის განხილვას. (აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2022 წლის პირველ ივლისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში შედგა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენდა რელიგიურ დისკრიმინაციას და ის პრაქტიკა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნებით გამოყოფილი თანხა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის სასარგებლოდ იხარჯებოდა, მიიჩნია კანონდარღვევად. თუმცა იმავე წლის 8-12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. დაადგინა, რომ პროცესი არ იყო ნორმალურად ჩატარებული, მათ შორის, იძულებით ჩატარდა ერთი სხდომით და პროცესში გამოვლინდა მოსამართლეთა შესაძლო წინასწარი განწყობები კონკრეტული მოსამართლის მიკერძოების გამო).

იყო კიდევ ერთი შემთხვევა წითელ ხიდთან: აქ პრობლემა  გახლდათ მიწის ნაკვეთები. ამას ადგილობრივები აპროტესტებდნენ. მაშინ იქ აღმოჩნდა მეუფე ჯამდელიანი, რომელიც ამბობდა, რომ ეს მიწები იყო მისი, თუმცა ხალხი ამტკიცებდა, რომ რეალურად ეს მიწები, როდესაც მოხდა მიწების გაყოფა, მათ ეკუთვნოდა და არა ჯამდელიანს.

_ ამ მიწაზე, მგონი, პარკინგია ახალა განთავსებული, ხომ?

_ ოფიციალური დოკუმენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ვნახე, ჟურნალისტ ელისო კილაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული და იქ იყო საუბარი პარკინგის თემაზე.

_ სხვა თუ გსმენიათ რაიმე მოსახლეობის უკმაყოფილების შესახებ, რომელიც რაიმე კუთხით უკავშირდებოდა გიორგი ჯამდელიანის ბიზნესს?

_ ერთხელ ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა ეს. მარნეულში არის სოფელი დირიხლო, სადაც ქვის კარიერებია და იქიდან დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, მივმართეთ მერიას და შესაბამისს ორგანიზაციებს, თუმცა რეაგირება არ არისო. გვეუბნებოდნენ, რომ ქვის კარიერები და იქ არსებული ქარხნები მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფეს, გიორგი ჯამდელიანს ეკუთვნოდა და არანაირი ზომები არ მიიღეს იმის გამო, რომ ეს ქვის ქარხანა აზიანებდა გარემოს, აბინძურებდა იქვე არსებულ მდინარეს. ვურჩიე ამ ადამიანებს, რომ მიემართათ თავიანთი დეპუტატისთვის, თუმცა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურდათ, ეშინოდათ გარკვეულწილად, იმის გამო, რომ ვინმე მივიდოდა და დაემუქრებოდა. ჩვენთანაც იყო მსგავსი რამ, რომ ზეწოლა მომხდარიყო მათი მხრიდან.

_ ანუ იმის თქმა გსურთ, რომ ჯამდელიანი მისთვის შემაფერხებლად მიჩნეულ ადამიანებს ან თავად ემუქრებოდა, ან ვინმეს ავალებდა მათ შეშინებას?

_ კი, რა თქმა უნდა. თუ მათ არ ემორჩილები და ვერ გაკონტროლებენ, მათი კონტროლის გარეთ რჩები, ცდილობენ გაგაკონტროლონ სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით. ჩემზეც არიან მომაგრებულები. მაქვს წყაროების დახმარებით ინფორმაცია უშიშროების სამსახურიდან, თუ რა დაავალეს კონკრეტულ პირებს ჩემ შესახებ, მაგალითად ის, რომ არ მიეღოთ ჩემ მიერ შეტანილი რაიმე სახის განცხადება მერიაში, კონკრეტული ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ დავალება გვაქვს, თორემ შენთან რაიმე პრობლემა არააო. კონკრეტული ფაქტები მაქვს ნანახი.

_ ანუ ჯამდელიანს საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა?

_ კი და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ სხვა ადამიანების მიმართაც ასეთია მისი დამოკიდებულება

_ ეპარქია, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი ჯამდელიანი, მრავალფეროვანია, საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი მუსლიმი მრევლი მართლმადიდებელ მრევლთან ერთად. ყოფილა თუ არა რაიმე სახის შემთხვევა, როდესაც ჯამდელიანი რელიგიურ ან სხვა ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში იყო ჩართული?

_ როდესაც მერიას მივმართეთ დისკრიმინაციის ფაქტზე, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ, დაიწყო (ჯამდელიანმა) ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოსდა რელიგიის წინააღმდეგ ვართ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჰქონდა ასევე გაგზავნილი სასამართლოდან განცხადება, რომ ადრესატი არის საკრებულო და არა ეპარქია, მან არაერთი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ამის გამო შემდგომ დაპირისპირება იყო რელიგიურ ნიადაგზე.

სანდრო ბრეგაძესთან და სხვა რადიკალურ პრორუსულ ჯგუფებთან ერთად აქცია გამართა. ამის შემდგომ რამდენჯერმე იყო ისეთი განცხადებები, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია თემში. ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადებები თემის წინააღმდეგ ახსოვს არა მხოლოდ თემს, არამედ ქართულ საზოგადოებას.

ჩემი ინფორმაციით, ერთი პერიოდი მას ყოფილი სუსი-სა და შსს-ს ხელმძღვანელები მფარველობდნენ და ახლა ეტყობა, მფარველის გარეშე დარჩა.

_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რა გახდა მიზეზი გიორგი ჯამდელიანსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მაშინდელ პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის არსებული კონფლიქტის?

_ ზოგადად არა მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში, სხვაგანაც თავისი ხალხი ჰყავდათ და ეს ადამიანები იყვნენ მათი მხარდამჭერები. როდესაც მოხდა ცვლილებები, შეიცვალა პოლიტიკური ფენები, აღარ ჰყავთ დასაყრდენები და ვერ სარგებლობენ თავიანთი გავლენებით. აქ რასაც აკეთებს ადამიანი, მას მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლებიდან რომელიმე თანამდებობის პირი და ამ შემთხვევაში ეს გახდა პრობლემა. რაც შეეხება სინჯიკაშვილთან მის დაპირისპირებას, ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, სამშენებლო საქმიანობაშიც ერთად იყვნენ ჩართულები და კოორდინირებდნენ პროექტებს. მარნეული მესამე ადგილზე იყო საქართველოში მშენებლობის ნებართვების გაცემის მიხედვით. თავის დროზე ამაზე ვერავინ საუბრობდა და არც პოლიციას მიმართავდნენ, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ შსს-სა და სუსი-ს ხელმძღვანელები მფარველობდნენ და რა აზრი ჰქონდა ვინმესთვის მიმართვას? თავისთვის ლაპარაკობდნენ ან ჩვენ მოგვმართავდნენ და ვინიშნავდით ამ ინფორმაციას.

რედაქციისგან: წითელ ხიდთან არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ, რაზედაც სამირა ბაირამოვა ინტერვიუს ნაწილში საუბრობდა, „ქრონიკა+“-მა მოიპოვა საჯარო რეესტრის ამონაწერები, სადაც მითითებულია, რომ „შპს მარტივი გზა“, რომელიც არის პარკინგის მფლობელი კომპანია, მეუფე გიორგი ჯამდელიანის სიძის (დის ქმარი), ბონდო ჭიტაძის ერთპიროვნულ მფლობელობაშია.

 

გაზიარება