QronikaPlus
ლაშა ჩხარტიშვილი: „ვისაც ჰგონია, საქართველო ჩრდილოეთ კორეად არ გადაიქცევა, ძალიან ცდება“

ლაშა ჩხარტიშვილი: „ვისაც ჰგონია, საქართველო ჩრდილოეთ კორეად არ გადაიქცევა, ძალიან ცდება“

2025-02-27 06:46:46

შორენა მარსაგიშვილი

დაკარგა თუ არა რუსთაველის გადაკეტვამ აზრი? რა შემთხვევაში იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლა შედეგიანი? რა მოხდება, თუ პროტესტი შეწყდება? _ ამ თემების შესაახებ „ქრონიკა+“-ს ესუბრება ლეიბორისტული პარტიის წევრი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ლაშა, კარგა ხანია, ხელისუფლებას საპროტესტო აქციები აღარ დაურბევია. დარბევა ჩაანაცვლა ჯარიმებით. თქვენი აზრით, რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეს მეთოდი? უფრო შედეგიანი გზაა ხალხის შესაშინებლად?

_ ეს არახალი ამბავია. ივანიშვილი რუსული მეთოდებით ებრძვის საკუთარ ხალხს. ის მიმართავს ე. წ. მთვრალი ოსტატის მეთოდს, ანაცვლებს ერთმანეთს მეთოდებს და ასე ებრძვის საზოგადოებას. არის პირდაპირი რეპრესიები. 50 პოლიტპატიმარია გასამართლებული სისხლის სამართლის წესით. ამის გარდა ძალიან ბევრმა მოიხადა ადმინისტრაციული სასჯელი და ახლა ამას დაუმატეს ჯარიმები. ჯარიმები, ძირითადად, პიარის გამო შემოიღეს. დარბევა და დაპატიმრებები უფრო მეტ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში, ვიდრე ჯარიმები. სინამდვილეში, ჯარიმები უფრო მეტი ზიანის მომტანია. ჩემს შემთხვევაში ჯარიმას უკვე აზრი აღარ აქვს _ რაც წასართმევი მქონდა, უკვე წამართვეს რეჟიმებმა და წასართმევი აღარ გამაჩნია. მაგრამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ბინა, ერთადერთი საცხოვრისი, ერთადერთი მანქანა, რომლითაც ვიღაც ტაქსაობდეს და ეს იყოს მისი შემოსავლის წყარო, აქედან გამომდინარე, ჯარიმას აქვს აზრი. კოლოსალური ჯარიმა ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე პატიმრობა. ასეთი არაკონსტიტუციური ჯარიმა შესაძლოა გახდეს ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროსა და სახლის დაკარგვის მიზეზი.

გარდა იმისა, რომ ეს ჯარიმა ზიანის მომტანია, ის არის არაკონსტიტუციური. ამ 5000-ლარიანი ჯარიმის წინააღმდეგ ვაპირებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას. ქვეყანაში, სადაც მინიმალური ხელფასი არის 600 ლარი, არ შეიძლება ამხელა ჯარიმის დაწესება.

უკვე დიდი ხანია, რაც ჯარიმები დააწესეს, მაგრამ ამან პროტესტი არ გააჩერა. რუსთაველი ისევ იკეტება და მომავალშიც გადაიკეტება. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ ჯარიმების გადახდასაც.

_ ჯარიმების გადახდას როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ?

_ ყველას ვურჩევ, რომ თუ რამე გააჩნია, სხვაზე გადააფორმოს. ყველაზე რთული ხელფასის მომენტია. ისე უნდა მოახერხოს, რომ ხელფასი ხელზე აიღოს. ჩვენ მშვიდობიანი, პარტიზანული პროტესტის პირობებში გვიწევს ბრძოლა. ბრძოლის გარდა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა, ხალხს გამოუცხადოს ომი. ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო იყოს ქართველების გარეშე. მას გადაწყვეტილი აქვს, ქვეყანა გადაიფორმოს და ის შემოსავლის წყაროდ აქციოს.  რასაც ვერ გადაიფორმებს, იმას გაყიდის არაბებზე, ჩინელებსა და რუსებზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ვახსენე და უნდა ვთქვათ, რომ საპროტესტო აქციებზე ძალიან ბევრი რუსი დადის. დადიან სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებიც ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან. რამდენიმე დაპატიმრებულიც კი არის. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო გვერდით დგომისთვის.

ჩვენს საპროტესტო აქციებში ძალიან ბევრი დისიდენტი და ანტიპუტინისტი რუსი მონაწილეობდა. მათგან ორია სისხლის სამართლის წესით დაკავებული. ბევრი, სამწუხაროდ, ვეღარ დადის. მათ მოუწყვეს ტერორი. დაემუქრნენ, რომ რუსეთს გადასცემენ, რაც მათთვის მკვლელობის ტოლფასია. რუსეთში ვინც რეჟიმს ებრძვის, კლავენ. ამის ნათელი მაგალითია ალექსეი ნავალნი. ამიტომ რუსების რიცხვმა აქციებზე იკლო. პატიოსანი და ანტიპუტინისტი რუსი ათი თავით სჯობს მთელ რუს ქოცპარტიას, ივანიშვილსაც და მის აქტივისტებსაც.

_ რუსების ნდობა შეიძლება ვითომ, თუნდაც ის ანტიპუტინისტი იყოს?

_ რა თქმა უნდა. მე ვსაუბრობ პატიოსან, დისიდენტ და ანტიპუტინისტ რუსებზე. ასეთები, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან. სამწუხაროდ, იმდენი არ არიან, რომ პუტინი მოიშორონ, მაგრამ არიან. დისიდენტი რუსი ბევრდ უფრო დასაფასებელია, ვიდრე ის ქართველები, რომლებიც ემსახურებიან კუჭსა და რუსებს.  ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში მყარდება რეჟიმი, რომელიც ემსახურება, ერთი მხრივ, ერთეულთა გამდიდრებას, და, მეორე მხრივ, რუსული დიქტატურის დამყარებას.

ამ ქვეყანაში არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის, არც ჩინოსნები და არც მათი შვილები. არც ისინი, ვინც ხელისუფლებას ემსახურებიან. ცნობილი გახდა, რომ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები სცემეს. საზმაუ ყოველთვის ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება რეჟიმს, მაგრამ იქაც აღმოჩნდნენ ადამიანები,  რომელბმაც გამონახეს სიმამაცე და დადგნენ სიმართლისა და ხალხის მხარეს. თავად მაუწყებელი არის ტოტალური კონტროლის ქვეშ. ვისაც ჰგონია, რომ საქართველო არ შეიძლება გადაიქცეს მეორე ჩრდილოეთ კორეად, ძალიან ცდება.

_ ასე მძიმედ არის ქვეყანაში საქმე?

_ იმაზე მძიმედაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ თუ გავჩერდებით, აუცილებლად გადავიქცევით ჩრდილოეთ კორეად. აქეთკენ რომ მივდივართ, ამის მაგალითებიც გამოიკვეთა უკვე. ახლახან გაირკვა, საზმაუს ეთერში კომენტატორს ავიწროებდნენ იმის გამო, რომ ფეხბურთის მატჩზე საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი გოლის ნაცვლად კობახიძე აჩვენეო. და ნუ გაგიკვირდებათ, მალე გვითხრან, რომ საქართველოს ნაკრებმა მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.

აქამდე ბევრი კი აღარ გვიკლია. ასეთ დონემდე მივალთ, თუ პროტესტს შევწყვეტთ. როცა პირდაპირ ეთერში ადამიანს უბრძანებენ, გოლის მაგივრად კობახიძე აჩვენეო, კოშმარია. არადა, უეფა რაღაც შეზღუდვებს აწესებს ამ თვალსაზრისით. გოლის ნაცვლად კობახიძის ჩვენება ერთი შეხევდით კომედიაა, მაგრამ ეს კომედია შესაძლოა ტრაგედიაში გადაიზარდოს. მართლა ტრაგედია იქნება, თუ საყოველთაო დაუმორჩილებლობა არ იქნა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის პროტესტი, მაგრამ ის გაფართოებას საჭიროებს.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ამ პროტესტმა თავი ამოწურა და მისი შეცვლაა საჭირო.

_ ჩემი აზრით, რუსთაველის გამზირის პროტესტს თავი არ ამოუწურავს. არავინ იფიქროს, რომ ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს. ის ძალიან ღიზიანდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო. ეს პროტესტი თუ გაფართოვდა, უფრო შედეგიანი იქნება.

_ სამოქმედო გეგმა თუ არსებობს ოპოზიციაში, რომ ეს პროტესტი გაფართოვდეს?

_ ოპოზიცია ჭრელია. ვის რა უნდა, ცალკე თემაა. არსებობენ პარტიები, რომლებსაც საქართველო და ადამიანები აინტერესებს, არსებობენ პარტიები, რომლებსაც საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებს და არიან ისეთი პარტიები, რომელთათვისაც ბიუჯეტიდან დაფინანსებაა მთავარი. ოპოზიციაც, აქტივისტებიც და საზოგადოებაც ყველა უნდა ვიყოთ კოორდინაციაში. დღეს არის სტიქიური პროტესტი, რომელსაც დადებითი მხარეები აქვს. სტიქიასთან ბრძოლა ძნელია და ამიტომ უჭირს რეჟმს სტიქიურ პროტესტთან გამკლავება. ამ სტიქიურ პროტესტს აქვს ასევე უარყოფითი მხარეები, მას ძალიან დაბალი ორგანიზებულობის ხარიხსი აქვს.

_ თქვენ კი ამბობთ, რომ სტიქიასთან ბრძოლა რეჟიმს უჭირსო, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნებას“ ჯერ ვერაფერი დავაკელით, მიუხედავად იმისა,  რომ სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ.

_ სანქციები რაც დაწესდა, საკმარისი არ არის. საჭიროა კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ვერ დაგეთანხებით, რომ რეჟიმს ვერაფერი დავაკელით. რეჟიმი ამ პროტესტით შეწუხებული და აღშფოთებულია. ამ პროტესტის გაფართოების შემთხვევაში სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. შედეგისთვის საყოველთაო პროტესტია საჭირო. გაცილებით მეტი ადამიანი უნდა დადგეს გარეთ. ყველას, ვისაც სამშობლოს ბედი ადარდებს, პროტესტი უნდა გამოხატოს. ჩვენ თუ ეს ბრძოლა წავაგეთ ან გავაჩერეთ, პირადი თავისუფლების გარდა სამშობლოსაც დავკარგავთ, რისი უფლებაც არ გვაქვს.

მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციებში მონაწილეობს, მადლობა გადავუხადო. კარგად მესმის, რომ არ არის ადვილი, ყოველდღე გარეთ დადგე, თან ასეთ სიცივეში. ამასთან, მინდა ვთხოვო იმათ, ვინც პროტესტს გამოხატავს სოციალური ქსელებით, გამოვიდეს გარეთ და შემოგვიერთდეს. გარედან სანქციბით და შიგიდან აქციებით და დაუმორჩილებლობით აუცილებლად მივაღწევთ ხელისუფლების შეცვლას.

 

 

გაზიარება