ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025
2025-02-12 11:50:57
მიხეილ ხაჩიძე
8 თებერვალს, შაბათ დილით გაცვლითი გარიგების პირველი ეტაპის მეხუთე რაუნდის ფარგლებში სამი ისრაელელი მძევალი განთავისუფლდა „ჰამასის“ ტყვეობიდან. ესენი არიან: ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ-ამი. ისინი გადასცეს წითელ ჯვარს, შემდეგ კი _ IDF-ს.
დილის 7:30 საათზე ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალახში დაიწყო მზადება იმ პროპაგანდისტული „შოუსთვის“, რომელსაც „ჰამასი“ ტრადიციულად ატარებს მძევლების განთავისუფლების დროს. ადგილზე დაიდგა სპეციალური სცენა და იქვე შეიკრიბნენ შეიარაღებული მებრძოლები „ჰამასის“ ფორმაში და მწვანე სამკლაურებში.
სცენის ბოლოს ჩანდა ბანერი წარწერით „ტოტალური გამარჯვება“ (ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ წარმოთქვა ეს ფრაზა ომის დროს და „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას ჰპირდებოდა ისრაელის ხალხს). სცენის თავზე იყო შეკრული ექვსთითა მუშტი და პალესტინის დროშა, რომლის გვერდით არაბულად, ებრაულად და ინგლისურად ეწერა: „ჩვენ ვართ წარღვნა. ჩვენ ვართ ღაზის მომავალი ომის შემდეგ“.
თავშეყრის ადგილიდან გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანდა, რომ სცენა ამჯერად ნანგრევების შუაგულში კი არ იყო აშენებული, არამედ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ბევრი მრავალსართულიანი შენობაა, არანაირი ნგრევა და არანაირი ზიანი. საგზაო ნიშნები და სხვა ინფრასტრუქტურაც კი ჩანს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იქ მძევლები იყვნენ და ამიტომ თავს იკავებდნენ მასობრივი სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმებისგან.
დილის 9:30 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ წითელი ჯვრის მანქანები მიემართებოდნენ ჩრდილოეთ დეირ ალ-ბალასკენ, სადაც „ჰამასს“ უნდა გადაეცა ისრაელის სამი მძევალი. დაახლოებით 10:30 საათზე მიიღეს ინფორმაცია, რომ მძევლების გადაყვანის ადგილზე წითელი ჯვრის მანქანები მივიდა. იქ მათ პალესტინელთა ჯგუფი შემოერტყა გარს. დაახლოებით 10:50 საათზე ადგილზე მივიდა „ჰამასის“ მანქანები მძევლებით.
დაახლოებით დილის 11:00 საათზე „ჰამასმა“ მძევლები სცენაზე გამოიყვანა. ოჰად ბენ-ამი გაჭირვებით მოძრაობდა მუქ სათვალეში და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას ან ცუდი მხედველობა ჰქონდა, ან საერთოდ ვერ ხედავდა. ელი შარაბიც და ორ ლევიც გაჭირვებით მოძრაობდნენ და ასევე ორივე ხელით მიჰყავდათ. სამივე ძალიან ფერმკრთალი და გაფითრებული ჩანდა.
სცენაზე „ჰამასი“ აიძულებდა თითოეულ მძევალს, წაეკითხა ტექსტი, რომელიც გმობდა ომს და ისრაელის მთავრობის პოლიტიკას, ასევე მათ მადლობა უნდა გადაეხადათ „ჰამასის“ სამხედრო ფრთისთვის „მათდამი კარგად მოპყრობისთვის, გამოკვებისთვის, წყლის მიცემისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალების დაბომბვისგან დაცვისთვის“. თითოეულმა მძევალმა ასევე მოითხოვა შეთანხმების დასრულება და ყველა მძევალი და ყველა პალესტინელი პატიმრის განთავისუფლება.
11:40 საათზე მიიღეს ინფორმაცია, რომ წითელმა ჯვარმა მძევლები IDF-ს გადასცა ღაზის სექტორში შეხვედრის პუნქტზე.
დაახლოებით შუადღისთვის სამივე უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შეთანხმების ფარგლებში, კვირას, 9 თებერვალს, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად გაიყვანა ჯარი ნეცარიმის დერეფნიდან, რომელიც შუაზე ყოფს ღაზის სექტორს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 თებერვალს განთავისუფლებული მძევლები იხილოვისა და შებას საავადმყოფოებს შორის გადანაწილდებიან. მანამდე მათ გაიარეს წინასწარი სამედიცინო შემოწმება რეიმში მიმღებ ცენტრში, სადაც პირდაპირ ღაზის სექტორიდან IDF-ის მანქანებით გადაიყვანეს.
მძევლების ისტორიები
ორ ლევი _ 33 წლის, გივატაიმიდან. გაიტაცეს ნოვას ფესტივალიდან, სადაც ის მეუღლე ეინავთან ერთად იმყოფებოდა. მათ ჰყავთ 2 წლის ვაჟი ალმოგი. ახლობლები ამბობენ, რომ წყვილმა სკოლაში გაიცნო ერთმანეთი. უყვარდათ მოგზაურობა და ყველა სახის ფესტივალზე დასწრება. ისინი ნოვაში ჩავიდნენ „ჰამასის“ თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბავშვი ბებია-ბაბუას დაუტოვეს. თავდასხმის დროს ორ და ეინავი დაიმალნენ ბომბსაფარში, რომელსაც ტერორისტები დაესხნენ თავს. ეინავი იქვე მოკლეს, ორი და კიდევ რამდენიმე ისრაელელი გაიტაცეს და წაიყვანეს ღაზაში;
ოჰად ბენ-ამი _ 55 წლის. იგი კიბუც ბეერიდან გაიტაცეს. მასთან ერთად გაიტაცეს მისი ცოლი რაზი და გაათავისუფლეს პირველი გარიგების დროს 2023 წლის ნოემბერში. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს: იული, ელა და ნატალი;
ელი შარაბი _ 51 წლის. იგი გაიტაცეს საკუთრი სახლიდან კიბუც ბეერიში ძმასთან, იოსთან ერთად, რომელიც მძევლობაში დაიღუპა. მისი ცხედარი, ჯერ კიდევ, ღაზაშია დატყვევებული. ელის ცოლი ლიანი და მათი ორი ქალიშვილი ნოია (16) და იაჰელი (13) ტერორისტებმა 7 ოქტომბერს სასტიკი წამებით დახოცეს.
► ღაზის სექტორში ამჟამად რჩება 76 მძევალი (მკვდარი და ცოცხალი). მათ შორის 28 უნდა გაათავისუფლონ შეთანხმების პირველ ეტაპზე. მძევლებს შორის არის 50 წლამდე ასაკის 53 მამაკაცი. გაცვლის შეთანხმების პირველი ეტაპი, რომელიც 19 იანვარს დაიწყო, ითვალისწინებს 33 მძევლის განთავისუფლებას, რომელთაგან, „ჰამასის“ თქმით, მხოლოდ 25-ია ცოცხალი
ოფიციალური იერუსალიმის პოზიცია
ისრაელის პრეზიდენტმა იცხად ჰერცოგმა კომენტარი გააკეთა „ჰამასის“ ტყვეობიდან ისრაელელი მძევლების ოჰად ბენ-ამის, ელი შარაბისა და ორ ლევის განთავისუფლების კადრებზე. მან „ჰამასის“ მოპყრობას მძევლების მიმართ „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“ უწოდა: „მთელმა მსოფლიომ უნდა შეხედოს ოჰადს, ორსა და ელის, რომლებიც დაბრუნდნენ 491-დღიანი ტყვეობიდან ავადმყოფები, გაფითრებულები და დამახინჯებულები. დაწყევლილმა მკვლელებმა ისინი გამოიყენეს ცინიკურ და ბოროტ რიტუალში. ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ უკანასკნელი ჩვენი დები და ძმები ღაზის ტყვეობის ჯოჯოხეთიდან“.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მიესალმა მძევლების განთავისუფლებას და განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს გააგრძელოს ყველა მძევლისა და დაკარგული პირის გამოხსნა. ოფისის კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გასცა გარკვეული ქმედებებისთვის ღაზის სექტორიდან გადაღებული საშინელი კადრების საპასუხოდ, სადაც ნაჩვენებია „ჰამასის“ სასტიკი მოპყრობა მძევლების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუ მძევლების განთავისუფლების პროცესს ვაშინგტონიდან ადევნებდა თვალს. იქ იმ დროს დილის 4 საათი იყო.
ტრამპისა და ნეთანიაჰუს ისტორიული შეხვედრა
მანამდე, 5 თებერვალს, ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და შტატების პრეზიდენტს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო. შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უპირველეს ყოვლისა, გაგვაოცა თავისი ღიაობით, სერიოზულობითა და სიცხადით. მან ნათლად თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის მკაფიო გეგმა აქვს – დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის გზაზე.
ტრამპის გეგმის მთავარი მიზანია ღაზის მოსახლეობის გასახლება. ვინ იცხოვრებს აღდგენილ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, უცნობია.
საინტერესო დეტალი: ტრამპის თქმით, უკვე ნახსენები ეგვიპტისა და იორდანიის გარდა (რომლებიც ამასობაში ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ), ღაზიდან „გადასახლებულების“ მისაღებად მზად არიან სხვა ქვეყნები. ტრამპმა მიანიშნა, რომ ყურის ქვეყნები – საუდის არაბეთი, კატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები – დააფინანსებენ ღაზის რეკონსტრუქციას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ჩვენ არ ვართ“, ანუ ამერიკელები, რომლებიც ინვესტირებას განახორციელებენ ამ გლობალურ პროექტში.
წინა ვადისგან განსხვავებით, ტრამპი, როგორც ჩანს, არის პრეზიდენტი, რომელსაც შემუშავებული აქვს სურათი ყველა დეტალითა და ნიუანსით და გეგმა. ღაზის პრობლემა კი ახლო აღმოსავლეთის ყოვლისმომცველი გეგმის ნაწილია.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება დასრულდება და ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში. ნეთანიაჰუ ცდილობდა ეხსენებინა ომის სხვა მიზნები, მაგრამ ტრამპი არ იყო დაინტერესებული „აბსოლუტური გამარჯვების“ იდეის მოსმენით – განსაკუთრებით ანკლავის განსახლების გეგმის ფონზე, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ „ჰამასი“ ისევე წავა სექტორიდან, როგორც სხვა მცხოვრებლები.
ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე კი თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების გამკაცრების შესახებ, რათა ეჩვენებინა, რომ ის მკაცრი იქნება თეირანის მიმართ.
თავად ნეთანიაჰუ კომფორტულად გრძნობდა თავს ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს. ეს აღარ არის ის ნეთანიაჰუ, რომელიც ობამას ლექციებს უკითხავს ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის გეგმამ პალესტინელებში ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია. ტერორისტულმა „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილებს, რომლის მიზანია აშშ-ის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია და ჩვენი პალესტინელი ხალხის გაძევება. ეს განცხადებები ჩვენ მიმართ მტრულია, არ ემსახურება რეგიონის სტაბილიზაციას და მხოლოდ ნავთის დასხმაა კონფლიქტის ცეცხლზე“.
„ჰამასი“ საკუთარ ხალხს შიშის, ჩაგვრისა და ტერორის გარდა არაფერს სთავაზობს
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზა დატოვა 2005 წელს (დიახ, მთლიანად დატოვა), „ჰამასმა“ ის ტერორისტების დასაყრდენად აქცია. ისრაელმა მთელი თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა, დაანგრია მისი დასახლებები და ღაზა პალესტინელებს გადასცა. რა მოხდა შემდეგ? გახდა თუ არა ღაზა მშვიდობისა და კეთილდღეობის შუქურა? _ არა! „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი 2007 წელს ძალადობრივი გადატრიალების შედეგად აიღო, ქუჩებში დახოცა თანამემამულე პალესტინელები. მას შემდეგ მათ მილიარდობით დოლარი დახარჯეს რაკეტებზე, ტერორისტულ გვირაბებსა და იარაღზე, ნაცვლად იმისა, რომ საავადმყოფოები, სკოლები და ინფრასტრუქტურა აეშენებინათ. ღაზა არ იტანჯება ისრაელის გამო, ღაზა იტანჯება, რადგან მისი ხელმძღვანელობა ჯიჰადს ანიჭებს პრიორიტეტს და არა თავისი ხალხის კეთილდღეობას. ბიბლია გვეუბნება (29:2): „როცა მართალნი არიან ხელისუფლებაში, ხალხი ხარობს, ხოლო როცა ბოროტი მართავს, ხალხი ოხრავს“. ღაზაში ბოროტები მართავენ.
ისრაელს აქვს უსაფრთხოების მკაცრი ზომები ღაზის ირგვლივ (რასაც პროჰამასის აქტივისტები ბლოკადას უწოდებენ) ერთი მიზეზის გამო: რათა „ჰამასს“ არ მიეწოდოს კონტრაბანდული იარაღი, რომელიც გამოიყენება ისევ და ისევ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.