- ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025
2025-01-23 08:37:34
შორენა მარსაგიშვილი
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია, ამბობს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა ხელისუფლება ერიდებოდა სიტუაციის უკიდურეს გამწვავებას და ყოველთვის იღებდა ზომებს კრიზისის განსამუხტად. მისი თქმით, ამ მხრივ გამონაკლისი „ქართული ოცნება“ გამოდგა, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა და დღეს ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება ამას.
არის თუ არა სამოქალაქო ომის საფრთხე? ვინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? სად არის გამოსავალი? შეცვლის თუ არა რამეს მთავრობის გადაყენება? ვისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“? რატომ იქცევა ასე ხისტად ბიძინა ივანიშვილი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პაატა დავითაია:
_ ბატონო პაატა, რამდენიმე დღეში, 28 იანვარს, ორი თვე შესრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ. „ოცნება“ აცხადებს, რომ ისინი დათმობაზე არ წავლენ. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და ბრძოლას გააგრძელებენ. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?
_ ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, სახიფათო პროცესები მიდის დღეს საქართველოში. სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა ოდესმე საქმე ამ ქვეყანაში. დღეს საქართველოში მოვლენები ვითარდება ცუდი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდი სცენარით.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, რომელიც დღემდე ყველას მწარედ გვახსოვს და მის შედეგებს ისევ ვიმკით. ამ სამოქალაქო ომის შემდეგ სულ მქონდა იმის განცდა, რომ ასეთი დონის დაპირისპირება საქართველოში აღარასდროს იქნებოდა. ახლა, სამწუხაროდ, მივედით ასეთ დაპირისპირებამდე. ეს დაპირისპირება შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულდეს. რაც დღესაა, ეს უკვე ცუდია, მაგრამ უარესიც შეიძლება მოხდეს.
_ საბედნიეროდ, სამოქალაქო ომამდე ჯერ არ მივსულვართ. ახლა მართლა მძიმე ვითარებაა, მაგრამ საქართველოში გვახსოვს ძალიან მწვავე დაპირისპირებები, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს.
_ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებები როგორ არ იყო საქართველოში. დაპირისპირება იყო როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ყველას კარგად ახსოვს „ვარდების რევოლუცია“, რომელიც 2003 წლის ნოემბერში მოხდა და 2012 წელი, როდესაც საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამის გარდა იყო დაპირისპირებები, ჩხუბებიც პოლიტიკოსებსა და პარტიებს შორის.
_ პარლამენტშიც გვინახავს ხელჩართული ჩხუბები და არც აქციების სასტიკი დარბევა ყოფილა იშვიათობა წინა ხელისუფლებების დროს.
_ დარბევებიც იყო, როგორ არ იყო. გავიხსენოთ, თუნდაც, 2007 წლის ნოემბრის აქციები. მაშინ ოპოზიციის ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა. მათთან ერთად მეც ვშიმშილობდი, პარლამენტის წინ ვიყავით.
ეს აქცია 7 ნოემბრის დარბევით დასრულდა. ამ დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადავაყენეთ.
_ სააკაშვილი თავად გადადგა.
_ სიმართლე ვთქვათ, რომ ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო, ე. ი. ჩვენ გადავაყენეთ. პრეზიდენტის პოსტიდან წასვლით მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, წამოვიდა დათმობაზე და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
_ რომელშიც ისევ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.
_ მთავარი აქ მისი გადადგომა იყო. იმ ნაბიჯით, რაც მაშინ სააკაშვილმა გადადგა, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარება განმუხტა. 2011 წელს პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, შექმნა „ქართული ოცნება“ და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაიძაბა. დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა 2012 წელს, მან პიკს მიაღწია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. არჩევნები მაშინდელმა ხელისუფლებამ წააგო, „ნაციონალები“ ძალაუფლებას არ ჩაბღაუჭებიან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს და არჩევნებში დამარცხება აღიარეს.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის იყო დაძაბულობა, მაგრამ როცა სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა, ყოველთვის ხდებოდა განმუხტვა, რათა საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება არ დაწყებულიყო. სიმართლე რომ გითხრათ, ამით ყოველთვის ვამაყობდი. უცხოელებთან შეხვედრაზე სიამაყით ვამბობდი ხოლმე, რომ საქართველოში არასდროს მოხდება დიდი დაპირისპირება იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან მძიმე რამ მივიღეთ ასეთი დაპირისპირებით-მეთქი, ვგულისხმობდი სამოქალაქო ომს.
დაპირისპირებას როცა ვამბობ, ვგულისხმობ ზიზღის დონემდე მისულ დაპირისპირებას. ასეთი დაპირისპირება ჩვენ მარტო სამოქალაქო ომის დროს გვქონდა. დღეს რაც საქართველოში ხდება, ძალიან მძიმე ამბავია. ამ პროცესებს შიშით ვუყურებ, რადგან ზიზღს ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რაც ჩენი ქვეყნისთვის არის ძალიან სახიფათო თემა. ეს ყველაფერი უკვე კონტროლს კარგავს და წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში.
_ ვინ მიიყვანა ზიზღამდე საქმე?
_ დამიჯერეთ, ახლა არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ ვისი მხრიდან არის ეს ზიზღი, სახელისუფლებო ძალებიდან, ოპოზიციიდან თუ საზოგადოებიდან. ვხედავ იმას, რომ მიმდინარეობს უკონტროლო მოვლენები. პოლიტიკური კულტურა და მოწინააღმდეგის პატივისცემა საერთოდ აღარ არსებობს. ზიზღია გამეფებული ქვეყანაში. ეს კი ძალიან საშიშია. ეს პროცესი საშიშია როგორ საზოგადოების განვითარებისთვის, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვისაც. საზღვარგარეთ ამას ძალიან ცუდად უყურებენ.
_ ცუდად როგორ უყურებენ?
დასავლეთი ღიად ამბობს, რომ აღფრთვანებული არიან ქართველი ხალხის ბრძოლის ფორმებით.
_ კი ბატონო, ამას ამობენ, მაგრამ რეალურად ძალიან შეშფოთებულები არიან. შორის წავიდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზიზღი. ცუდ ზომამდე ვართ მისულები. ხელისუფლება ხვალ გონს რომ მოეგოს, ამაში ეჭვი მეპარება, მაგრამ დავუშვათ ასე მოხდა და რაღაცები შეიცვალოს, დასავლეთის თვალში კიდევ დიდი ხანი გამოვჩნდებით ცუდად.
_ ცუდად რატომ გამოვჩნდებით და თან კიდევ დიდი ხანი?
_ ეს ზიზღი დიდხანს არ გაქრება. იმდენი ცუდი რამე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, დიდი ხნის მანძილზე მოგვიწევს იმის მტკიცება, რომ ნორმალურები ვართ. პირდაპირ გეუბნებით, ამის დამტკიცება დიდი ხანი მოგვიწევს და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მეგობრების დარწმუნება. წლობით ნაშენებს ერთი ხელის მოსმით და რაღაც სისულელების გამო ვანგრევთ. ქართველების იმიჯის დაბრუნება იქნება ძალიან რთული _ სამმა მილიონმა ადამიანმა მოვახერხეთ ის, რომ დღეს სუპერსახელმწიფოები ჩვენზე ლაპარაკობენ.
_ ქართველებს ასეთი რამე ყოველთვის გვეხერხებოდა.
_ გვეხერხებოდა, მაგრამ რა კუთხითაც დღეს ჩვენზე ლაპარაკობენ, ეს არ არის კარგი ამბავი. დღეს დასავლეთი ჩვენზე იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ კარგად ვატარებთ რეფორმებს, გვაქვს არაჩვეულებრივი კულტურა, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქართველები ერთმანეთს ვჭამთ. თან დროსაც ხომ გააჩნია. მსოფლიო ომის ცეცხლშია გახვეული და ამ დროს სუპერსახელმწიფოები ჩვენზე საუბრობენ იმის გამო, რომ სამი მილიონი ადამიანი ასე მწარედ და საშინლად დაუპირისპირდა ერთმანეთს.
_ დაპირისპირება ცუდია, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, რატომ არის ეს დაპირისპირება? საქართველოში დღეს დაპირისპირება იმის გამოა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.
_ ამ შემთხვევაში დაპირისპირების თემაზე არ ვსაუბრობ. რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკა ტვინიდან გათიშული მაქვს. მე ვლაპარაკობ ჩვენს ურთიერთობებზე. წარმოუდგენელია ის ურთიერთდამოკიდებულება, რაც დღეს საქართველოშია. ეს დაპირისპირება ქვეყნისთვის უკვე სახიფათო ხდება. ერთმანეთის ჭამაზე ვართ გადასული. ეს ასე მარტივად არ დასრულდება. უკონტროლო პროცესებია უკვე და ძალიან ცუდი რამე მოხდება, თუ სიტუაცია ბოლომდე გამოვა კონტროლიდან. დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
_ ეს ყოველთვის ასე იყო. როცა საქმე აქამდე მიდის ქვეყანაში, შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
_ რა თქმა უნდა. აქამდე ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ მიიყვანა და ახლა ისინი ვალდებული არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და განმუხტონ სიტუაცია. „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როცა ხედავ, ეს დაპირისპირება უკონტროლო ხდება, რაღაცა ხომ უნდა გააკეთოო? აბა, ტყუილად ხარ ხელისუფლება? უამრავი ადამიანი დადის დღეს საქართველოში იარაღით. ღმერთმა არ ქნას და ვიღაცას იარაღი გაუვარდეს ჩხუბში, მერე სად მივდივართ? ვინმე რომ დაიღუპოს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ეს იქნება კატასტროფა. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ ხომ უნდა გააკეთოს რაღაც დასკვნა? საქართველოს ყველა ხელისუფალი, შევარდნაძეც კი, ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. სიტუაცია კომუნისტებსაც კი განუმუხტავთ, 1978 წლის სტუდენტების გამოსვლებს ვგულისხმობ. დღევანდელი ხელისუფლება სიტუაციის განმუხტვაზე არ ფიქრობს, პირიქით, ძაბავს და ძაბავს. პოლიტიკურ ტემპერატურას ხელისუფლება მაღლა წევს, რაც ძალიან სახიფათოა.
_ თქვენი აზრით, რატომ იქცევიან ასე?
_ მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხშირად მიფიქრია, პასუხი არ მაქვს. არაერთხელ ვთქვი არჩევნების წინ, ხელისუფლებამ შეიძლება კი მოიგოს არჩევნები, მაგრამ მერე როგორ აპირებს ცხოვრებას-მეთქი? ამას იმიტომ ვამბობდი, რომ საზოგადოება არ იყო შეგუებული ამ რეალობას. ხელისუფლებამ მოინდომა იგივენაირად ეცხოვრა, როგორც ცხოვრობდა არჩევნებამდე. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
_ შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოვრობენ.
_ ამას ეძახით ცხოვრებას? ეს არის სანგარში ჯდომა. ერთ დილას შესაძლოა გავიღვიძოთ და ეკონომიკა ჩამონგრეული დაგვხვდეს.
_ თუ უკვე არაა ჩამონგრეული.
_ ჯერ ჩამონგრეული არ არის, მაგრამ ნებისმიერ დილას შეიძლება ჩამოინგრეს. ინვესტორები არ ჩამოდიან. მე მყავს რამდენიმე მეგობარი ინვესტორი, რომლებმაც საქართველოში ყველაფერი გააჩერეს. ამიტომ ვამბობ, ხელისუფლებამ რაღაც დასკვნები უნდა გააკეთოს. მარტო ძალაუფლების შენარჩუნება ხომ არაა მთავარი. ერთხელ მაინც ხომ უნდა დააყენონ ქვეყნის სიყვარული წინ.
_ საკუთარი თავიც ხომ უნდა უყვარდეთ, რადგან ერთხელ ხომ დამთავრდება ეს ყველაფერი და მერე რას აპირებენ? არ უნდათ ცხოვრების გაგრძელება?
_ ადრე თუ გვიან ყველა ხელისუფლება მთავრდება და „ქართული ოცნებაც“ დასრულდება. ამაზე არ ფიქრობენ, მარტო ძალაუფლების შენარჩუნებაზე არიან გადასულები და ძალიან სახიფათო გზას ადგანან. მათი გზა არის უსაშინელესი.
_ საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ სამოქალაქო ომი, რომელსაც დღემდე ყველა ძალიან მძიმედ ვიხსენებთ. არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში ეს საშინელება კიდევ ერთხელ მოხდეს?
_ ამაზე ფიქრიც არ მინდა. ვცდილობ, ეს თემა ტვინიდან საერთოდ ამოვიღო. ჩვენ იმდენად მძიმედ გავიარეთ ეს პროცესი, რომ ეს საშინელება აღარავინ უნდა დაუშვას. ხელისუფლება კი რას აკეთებს? პოლიტიკურ ტემპერატურას წევს და წევს მაღლა. არც მინდა ფიქრი, სადამდე შეიძლება მივიდეთ. სამოქალაქო ომი აქ გამორიცხული ამბავია.
_ სამოქალაქო ომამდე, წესით, არავინ უნდა მიიყვანოს საქმე. იმჟამინდელი ომის შდეგები და იარები დღემდე ვერ მოვიშუშეთ.
_ მეც დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე არ მივალთ. ამიტომ მწყინს, როცა ვიღაცები ამბობენ, რომ სამოქალაქო ომია. ეს არაა სამოქალაქო ომი, მაგრამ ჩვენ დღეს ძალიან სახიფათო ზღვარზე ვართ, საიდანაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, უფრო მშვიდობიანად გამოვიდეთ.
_ და ამისთვის რა არის საჭირო? ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რაღაც დათმოს?
_ ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. გამოსავალი არის რამდენიმე. ბევრი კომბინაციის გაკეთება შეიძლება. ხელისუფლებას თუ უნდა, განმუხტავს ამ სიტუაციას.
_ რა უნდა იყოს ეს: ვადამდელი არჩევნები, ირაკლი კობახიძის გადაყენება თუ რუსული კანონის უკან გაწვევა?
_ ბევრი ვარიანტია, მაგრამ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მარტო რუსული კანონის უკან გაწვევა ან ირაკლი კობახიძის გადაყენება არ უშველის საქმეს. მთავარი გამოსავალი არის ახალი არჩევნები.
_ ბევრი ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ეს მართლა იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ არსებობს კითხვა, _ დღევანდელი ოპოზიცია მზადაა არჩევნებისთვის? ისევ რომ „ქართული ოცნება“ გამოვიდეს არჩევნებში გამარჯვებული, მერე რა ხდება?
_ ოპოზიცია არის თუ არა მზად, ეს მედლის მეორე მხარეა. ახლა ოპოზიციის მზადყოფნა არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია არსებული სიტუაციის განმუხტვა. და ეს განმუხტვა არის არჩევნების დანიშვნა. სხვა დანარჩენი ტექნიკური მხარეა.
_ წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე? დაინიშნება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
_ ეს საბოლოო ჯამში ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. დღეს ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ეს ერთი კაცი. პირადად მან გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტად დაენიშნა მიხეილ ყაველაშვილი. ივანიშვილის სურვილი რომ არა, ყაველაშვილს პრეზიდენტად ვინ წარადგენდა?! ეს გამორიცხული ამბავია! ამიტომ ეგ კაცი არის გადამწყვეტი. მან უნდა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვას ვის აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება? სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რას იზამს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რამდენჯერმე შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილმა ყოველთვის გამოიჩინა ინსტინქტები ამ კრიზისების მოსაგვარებლად. 2023 წელს რუსული კანონი გაიწვია უკან. ახლა, სიმართლე გთრათ, ძალიან მიკვირს, რატომ იჩენს ასეთ სიხისტეს.
_ მართლა საინტერესოა, რატომ უნდა იჩენდეს ასეთ სიხისტეს? რას ნიშნავს მისი ასეთი გაჯიუტება?
_ ვერ გეტყვით, რატომ იქცევა ასე. იმას კი თამამად ვიტყვი, რომ ასეთი სიხისტე პირადად ივანიშვილს აზიანებს. 12 წლის წინათ ნორლანდი, რომელიც აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში, ივანიშვილის სახლიდან არ გადიოდა. ხუმრობდნენ კიდევაც, ნორლანდი ივანიშვილის სახლში ჩუსტებით დადიოდაო. 10 წლის წინ ამერიკას ასე უყვარდა ივანიშვილი და ახლა ამერიკა მას ასანქცირებს. ეს კატასტროფა არ არის? როგორც ქვეყნისთვის არის კატასტროფა, ასევე ივანიშვილისთვისაც. გითხარით უკვე, რომ ივანიშვილს ახასიათებდა კრიზისების დროს უკან დახევა. ახლა ძალიან გაჯიუტდა და უკან არ იხევს. სიმართლე გთხრათ, ვერ ვხვდები და მიკვირს მისი ასეთი ტრანსფორმაცია.
_ იქნებ, კუთხეშია მიმწყვდეული და აიძულებს ვიღაცა, რომ ასე მოიქცეს? იმ ვიღაცაში, ბუნებრივია, რუსეთს ვგულისხმობ.
_ არ არსებობს ეგეთი თემა, რომ კუთხეში ხარ მიმწყვდეული და ამის გამო ქვეყანას ანგრევ. ეს ხომ შენი პირადი საქმე არაა მარტო. ამით საქართველო, მისი მოსახლეობა და მომავალი ზარალდება. არ მესმის, რატომ უნდა დაანგრიო ქვეყანა შენი პირადი რაღაცის გამო?! ჩვენი მეფეები კუთხეში ყოფილან მიმწყვდეული, მაგრამ ქვეყანა რომ არ დაზარალებულიყო, თავი გაუწირავთ. შვილებს მძევლებად აგზავნიდნენ მტრის კარზე ჩვენი მეფეები, თავად ჩადიოდნენ მძევლებად. დემეტრე თავდადებულის მაგალითი გავიხსენოთ თუნდაც. საბედნიეროდ, საქართველოს ბევრი ჰყავდა ისეთი მმართველი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით თავს სწირავდა ქვეყნის იტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, რაღა დაგიმალოთ და მიჭირს ივანიშვილის ქცევაზე ლაპარაკი.
სამაგიეროდ, თამამად გეუბნებით, რაც აშკარაა და სახეზეა. ქვეყანაში არის უმძიმესი სიტუაცია, რომლის განმუხტვაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. ხელისუფლებაში ივანიშვილს ვგულისხმობ. ის უნდა წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. წინააღმეგ შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდება. ქვეყანაში დაპირისპირება არის ზიზღამდე მისული და ბუნდოვანია, რა იქნება შემდეგ.
_ კონტურები როდის გამოიკვეთება? როდის დავინახავთ, თუ რა შეიძლება მოხდეს?
_ ასე მალე არაფერი გამოიკვეთება. ჩემი აზრით, ეს კრიზისი გვექნება სადღაც მაისამდე. მერე უკვე შეიძლება რაღაცის თქმა.
_ მაისში რას ელოდებით?
_ მაისში გავარკვევთ, უფრო დიდ კრიზისში შევალთ, თუ ამ კრიზისიდან გამოვალთ. არაა გამორიცხული, ეს აპრილშიც გაირკვეს.
_ თქვენი პროგნოზით, გაზაფხულამდე არაფერი იქნება?
_ აპრილ-მაისამდე არაფერი იქნება. აპრილში ან მაისში გავარკვევთ, როგორ იქნება ჩვენი საქმე. ვითარება ძალიან მძიმეა და ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაამწვავოს. შექმნილი სიტუაციიდიან საუკეთესო და ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნების დანიშვნა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა მზად ოპოზიცია არჩევნებისთვის ან ვინ და როგორ ჩაატარებს არჩევნებს. მთავარია, კრიზისი განიმუხტოს და მერე ყველაფერი მოგვარდება, ეს არის ტექნიკური საკითხები.