QronikaPlus
წმენდა სუსში - გოგაშვილის რეკომენდაციით ნამუშევარი სუსელები ვერასდროს დაბრუნდებიან ძალოვან უწყებაში?!

წმენდა სუსში - გოგაშვილის რეკომენდაციით ნამუშევარი სუსელები ვერასდროს დაბრუნდებიან ძალოვან უწყებაში?!

2017-04-28 13:44:14

პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური 1917 წლის 20 დეკემბერს დაარსდა ლენინის განკარგულებით. მის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. 1922 წელს მან მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა. ტრადიციულად, „ჩეკას“ პირველ საბჭოთა საიდუმლო პოლიციას უწოდებდნენ. დღევანდელ ჩეკას საქართველოში სუს-ს ეძახიან. ლაშა ბუღაძეს აქვს ასეთი ბლოგი: „როგორ ამოვიცნოთ „ჩეკისტი“, სადაც იგი წერს: „მართალია, „ჩეკისტებს“ ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ვინც „ჩეკისტებს“ უსმენს, მათთვის კი ნამდვილად ღირს გარჯა“. იყო და არა იყო რა... არ სჯეროდათ ჩემი, როცა ვამბობდი, რომ მარადიული სუსელობა არ არსებობდა... მე არ ვისუსებოდი... ისინი, კიდევ, გასუსულები დამდევდნენ... მათი მიღწევა იყო ნული... და რა უნდა გაეგოთ ჩემზე?! შვილებსა და დედას ვერ წამართმევდნენ და მეგობრებს კი მართმევდნენ... თავიდან მტკიოდა და ვწუხდი, როცა მეუბნებოდნენ, რომ ჩემთან ერთად გადაღებული ფოტო არ უნდოდათ, საჯარო გამხდარიყო, არ უნდოდათ, შეხვედრა საჯარო მქონოდა მათთან, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება მოვდიოდი. მტკიოდა და ვბრაზობდი, რომ სუს-ი მეგობრებს მართმევდა. ბოლოს ტკივილი განელდა და გონებამ გაიმარჯვა, უბრალოდ, მივხვდი, რომ ვინც გაისუსებოდა, ჩემი მეგობარი ვერ იქნებოდა. ვინც მომერიდებოდა, ის მე კი არა, თავის თავს ემალებოდა... ვინც მხოლოდ ქვევრში იჯდა, ის მაღლა ვერ ამოვიდოდა... ამასობაში მე ბევრჯერ მეტკინა გული, მაგრამ ვიცოდი, რომ ოდესღაც ესეც გაივლიდა... და ამანაც გაიარა... სულ რაღაც ერთი კვირის წინათ, უბრალოდ, სუს-მა კახეთის სუს-ის ბრიგადა ერთი ხელის მოსმით გაუშვა სამსახურიდან... და წარსულს ჩაბარდა ის ამბები, როცა ჩემთან გადაღებული ფოტოების გამო ცოლებს, დებსა და ნათესავებს ეჩხუბებოდნენ... წარსულში დარჩა ის 12 კაცი, რომელთაც კახეთში ჩემი თვალთვალის მეტი არაფერი გაუკეთებიათ... და ახლა კი რა მოხდა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეგიონებში წმენდა რომ უნდა დაწყებულიყო, „ქრონიკა+“ წერდა. მავანს სჯეროდა, მავანს _ არა... ვიცოდი, რომ სწორედ სხვა მოადგილეები სთხოვდნენ გომელაურს, გოგაშვილის კადრებიდან უნდა გაწმენდილიყო რეგიონული სამსახურები, რადგან, პრაქტიკულად, სუს-ს საკუთარი თანამშრომლების მართვა დაკარგული ჰქონდა. გარკვეული ჩანერგილი ჯგუფები მიზანმიმართულად გეგმავდნენ ხან დესტაბილიზაციას მუნიციპალიტეტებში, ხან კი სულ ბრმავდებოდნენ... თელავში სუს-ის თვალწინ კორუფციაც იყო, ნარკოტიკების რეალიზაციაც და ნეპოტიზმიც... ჩვენ არ გავჩუმდით, ვყვებოდით, რაც ხდებოდა... სუს-ის თანამშრომლები კი ვიღაც-ვიღაცებს ძვირადღირებული ნივთების ყიდვას სთხოვდნენ... სუს-ის თანამშრომელთა ოჯახის წევრები საქმდებოდნენ, სამაგიეროდ, ქვეყანა უკან-უკან მიდიოდა და ეს არავის ადარდებდა... იმის ნაცვლად, რომ საქმე ეკეთებინათ, სოსოს დავალებებსა და კაპრიზებს ასრულებდნენ და საბოლოოდ მიიღეს ის, რომ თანამშრომელთა უმრავლესობა გომელაურმა ე. წ. დასკვნით გაუშვა,  რაც იმას ნიშნავს, რომ გოგაშვილის რეკომენდაციით ნამუშევარი სუსელები ვერასდროს დაბრუნდებიან უკან ძალოვან უწყებაში.   მე და ჩემი კულისებს მიღმა მყოფი რესპონდენტი: _ მთავარი მიზეზი რა იყო? რატომ გახდა აუცილებელი, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ?! _ მთავარი მიზეზი ერთია: ამ ადამიანთა უმრავლესობა ამათი იყო, ყოფილი კუდელი. _ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს გულისხმობთ? _ კი, სწორედ მაგ განყოფილებას. იმის ნაცვლად, რომ სისტემას ახალი სისხლი მიეღო და მიდგომები სრულიად შეცვლილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სისტემამ თავიდან მისცა სიცოცხლის ხანგრძლივობის უფლება იმ სექტას, რომელიც გასულ წლებში ათასგვარ ძალადობრივ და მახინჯ კორუფციულ სისტემაში იყო გასვრილი. ეს ადამიანები უფრო გაძლიერებული იმუნიტეტით აგრძელებდნენ მუშაობას, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ თარეშს. _ განვმარტოთ: თუკი ეს ადამიანები ძალოვან სტრუქტურაში, თავის დროზე, არ უნდა მიეღოთ, ამის საფუძველი ხომ უნდა ყოფილიყო? _ ეს ადამიანები (არა მარტო კახეთში ვინც გაუშვეს, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბითაც ბევრნი არიან და მათაც გაუშვებენ, დიდი იმედი მაქვს) იყვნენ ჩვეულებრივი დამნაშავეები, ეჭვმიტანილები ბევრ არაკეთილსინდისიერ ქმედებაში, რეკეტში, ძალადობაში და ნაცვლად იმისა, რომ ისინი სათანადოდ დასჯილიყვნენ და საბრალდებო სკამზე აღმოჩენილიყვნენ, დააბრუნეს, დააწინაურეს და სრული თავისუფლება მისცეს. რად უნდა ღორს მარგალიტი, ღორი ხომ მაინც ტალახში მიდის? ცუდი შედარება მოვიყვანე, რა თქმა უნდა, მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, იყვნენ განსაკუთრებული ადამიანები, რომელთაც ღირსეულადაც იმუშავეს, მაგრამ არ იყო საჭირო, რომ ესენი აქ ყოფილიყვნენ. _ თუ ჰქონდათ მათ პროფესიონალიზმი? _ საქმეც ეგ არის _ თუ პროფესიონალებთან გვქონდა საქმე და ასეთები გვჭირდებოდა, მაშინ რატომ ნამდვილი პროფესიონალები არ დავაბრუნეთ და ზონდერები მივიღეთ? _ არ ვიცი, პასუხი თქვენ გექნებათ. _ რატომ და ეს იყო გოგაშვილის კაპრიზი. დანაშაულში შემჩნეული და მხილებული ადამიანების მართვა ადვილი გახდებოდა მისთვის სუს-ში და კოლექტივი არათუ სამსახურის საქმეს მიხედავდა, არამედ უშუალოდ ერთი კერძო პირის ჭირვეულობებს მოემსახურებოდა. ამიტომ 12 ადამიანი სამსახურიდან ახლა უკვე წასულია. ეს არ არის ადვილი გადასატანი თემა, ეს საკმაოდ მძიმე დარტყმაა, რადგან ასეთი სამსახურები ერთი ხელის მოსმით არ უშვებენ ადამიანებს, მაგრამ აქ უკვე ჩიხი იყო და გადაწყვეტილებაც სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ მისაღები გახდა. _ როგორ ფიქრობთ, განთავისუფლებული კადრები გამოთქვამენ თუ არა პროტესტს?! _ არ გამოთქვამენ და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რადგან ისინი ბოლო წლების მანძილზე ჩვეულებრივ მევახშეებად იქცნენ, რაც სუს-ის მუშაობის ძირეულ სურათს ცვლიდა. _ გასაგებია, მაგრამ, იქნებ, თავად მათი რეკომენდატორები გაბრაზდნენ ამ ადამიანების გაშვებით?! _ რეკომენდატორების აზრი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ წმენდა დაიწყო და ეს წმენდა არ შეჩერდება.
  1. S. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფაქტორი განისაზღვრა _ ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.
ყოფილი „ჩეკისტები“ ამ დროისთვის გა-სუს-ულები არიან. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში...     მაკა მოსიაშვილი      

გაზიარება