QronikaPlus
ქეთევან ჯაჭვაძის კომფორტის ზონა

ქეთევან ჯაჭვაძის კომფორტის ზონა

2017-04-28 11:13:40

თბილისში დაბადებული და დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქეთევან ჯაჭვაძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა. დღეს სწორედ მისი „კომფორტის ზონის“ აღწერის დროა, თუმცა მანამდე მის ქონებრივ დეკლარაციას გავეცნოთ, რომელიც 11 გვერდისგან შედგება (აქედან ოთხი ცარიელია). ბოლო მონაცემებით, მოსამართლეს იგი 2016 წლის 6 ოქტომბერს განუახლებია. თავად ქეთევან ჯაჭვაძე თბილისში, მუხიანში, მე-2 მ/რ-ში, V კორპუსში  97.80 კვ.მ.-ის ფართობის ბინას ფლობს. მისი მეუღლის, შოთა მემარნიშვილის სახელზეა 100.00 კვ.მ.-ის ფართობის  საცხოვრებელი სახლი საგარეჯოში, სოფელ ჩაილურში, აქვე ფლობს 200 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს, რომელზეც აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დგას. ასევე, შოთა მემარნიშვილის სახელზეა ამავე სოფელში 4702.76 და 8000.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები. კვლავ მეუღლის სახელზე გვხვდება მოძრავ ქონებაში მსუბუქი ავტომობილი, 2003 წლის თOYOთA4-ღUNNEღ. მათ საკუთრებაში არ არის ფასიანი ქაღალდები, თუმცა გრაფაში  „საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს“, ვხედავთ, რომ მოსამართლეს „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასო ბარათის ანგარიშზე, ნაშთის სახით, 147.46 ლარი კრედიტი(+)  აღენიშნებოდა დეკლარაციის შევსების დროს. ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე სესხის დასაფარად 2.71 აშშ დოლარი კრედიტი(+) აუღია, ამავე ბანკის საკრედიტო ბარათზეა 0.90 ლარი კრედიტი(+) და „სახალხო ბანკის“ სახელფასო ბარათზე _ 1,22 ლარი. ცარიელია გრაფა, სადაც მისი, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად თანხაზე უნდა ყოფილიყო ჩანაწერები, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს. ასევე ცარიელია გრაფა „საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში“ და „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“. სამაგიეროდ, არც ისე გულგრილს დაგტოვებთ მოსამართლის სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი, რომელიც 74399.19 ლარს უტოლდება (როცა იმავე გრაფაში უკვე ცნობილ ვეფხია ლომიძეს 50400,00 ლარი აქვს მითითებული). დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ ქეთევან ჯაჭვაძეს (05/09/2011, 05/09/2011-05/09/2019 ვადებში) „ბანკი რესპუბლიკიდან“ უსესხებია ფულადი თანხა, იპოთეკა, 22500.00 აშშ დლარის ოდენობით, საიდანაც ერთი წლის მანძილზე მიღებული სარგებელი 1308.00 აშშ დოლარს (გასავალი) უტოლდება. აქვე მეორე სასესხო ვალდებულებაც იჩენს თავს იმავე ბანკში, რომელიც 5000.00 ლარს შეადგენს (23/07/2015, 23/07/2015-24/07/2017 ვადებში),  რომლიდანაც მიღებული წლიური მატერიალური სარგებელი 948.00 ლარია (გასავალი). კვლავ ქეთევან ჯაჭვაძის სახელზეა სწავლის გადასახადი, რომელიც 8500.00 ლარს შეადგენს. ასევე ვიგებთ, რომ ჩვენს მოსამართლეს შეუძენია 3000.00 ლარის ავეჯი, ხოლო მისი მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯი 3500.00 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მეუღლეს, მისი გასული წლის (დეკლარაციის შევსების მომენტში) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ყურძენი) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 21000.00 ლარს შეადგენდა. ამ მონაცემით ქონებრივი დეკლარაცია, ფაქტობრივად, იხურება, რადგან არაფერია შვილების სახელზე. დეკლარაციის შესწავლის შემდეგ ისღა დამრჩენია, მის „კომფორტის ზონას“ უშუალოდ ვეწვიო და იქაურობა დავათვალიერო, მასზე მეზობლების აზრი გავიგო და ა. შ. სწორედ ამიტომ მუხიანისკენ გავემართე. რადგან აქ ტერიტორიას შედარებით ცუდად ვიცნობდი და ამ საქმეს ისიც დაემატა, რომ ქარი და წვიმა ერთად მოევლინა თბილისს, ისევ ტაქსით მივადექი ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირის „კომფორტის ზონას“, ხოლო სანამ მის სადარბაზომდე მივიდოდი, ოთხი მათგანი გამოვიცვალე. საფიქრებელია, რომ ამ ცხრასართულიანი ბინების სადარბაზოების სიმრავლე არაკვალიფიციური და სახელმწიფოსგან მოსყიდული თანამდებობის პირების რაოდენობას არ ჩამორჩება (ნეტავ, მართლა მხოლოდ  ხუთი ან ექვსი მოსყიდული ჩინოვნიკი იცავდეს ქვეყნის ღირსებას! საერთოდ, რატომ უნდა იცავდეს, ესეც საკითხავია!). მოკლედ, გლდანში, „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხსენებულ ტაქსის მძღოლს მე-2 მკრ-მდე ავყევი, სადაც ამ პატივცემულმა ისეთი სისწრაფით მიმითითა პირველ სადარბაზოზე, რომელიც მეშვიდე აღმოჩნდა, რომ მეც სიხარულით გადავუხადე მადლობა და ქარისა და წვიმის ნაზავისგან თავი სადარბაზოში შესვლით დავიხსენი. საგარეჯოში არსებული რანჩოების ფონზე გასაკვირი არც იყო, რომ ჩვენს მოსამართლეს ბინა შედარებით ქალაქგარეთ და ისიც მუხიანში დაედო (ჩანს, ნაკლებხმაურიანი ადგილები უფრო მოსწონს), თუმცა, რეალურად, მისი დეკლარაცია და საცხოვრებელი ადგილიც ერთმანეთს დაემთხვა და პატივცემულიც იმ ცხრასართულიანი ბინის მერვე სართულზე ცხოვრობს, რომელსაც, მინიმუმ, შვიდი სადარბაზო აქვს. თითქმის ყველა მათგანის შემოწმების შემდეგ დავასკვენი, რომ ბინა #49 მეორე სადარბაზოშია და საქმიანობასაც შევუდექი. შესასვლელთან პატარა ბაღია გაკეთებული, სადაც, სავარაუდოდ, ხეხილი მოჰყავთ და ყველაფერი მწვანეა. შესასვლელშივე, ბეტონის კედელზე, მაღლა ხის ფაქტურით დამზადებული მართკუთხა მასალაა მიკრული, რომელზედაც ჯვრის ფორმაა ამოკვეთილი და რომელიც, ერთ დროს, მთლიანობას წარმოადგენდა, თუმცა ახლა ზედა ნაწილი ჩამოტეხილი აქვს. მის ზემოთ კი სანათის სამაგრი და დამცავი ლითონის ვერცხლისფერი ბადეა მიმაგრებული, რომელიც ნათურას ვერ იცავს, რადგან ნათურა არ არსებობს. სადარბაზოში შესვლისთანავე პირველსავე კარზე ვრეკავ ზარს მარცხენა მხარეს. იქ, საიდანაც ხმაური ისმოდა, რამდენიმე წამის შემდეგ გამოდის ახალგაზრდა, ქერა გოგონა, ჭრელი ქურთუკით. _ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე კითხვა მექნება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეზე. იცნობთ? _ კი, ჩემს ზევით ცხოვრობს, მერვე სართულზე. _ როგორი ადამიანია? _ კარგია პიროვნებაც, დედაც და ყველაფერი. _ ხშირად ხვდებით ხოლმე? _ კი. _ გმადლობთ. დავემშვიდობე. თუმცა მისთვის რომ მეკითხა ხსენებული ქეთევანის კვალიფიკაციასა და სასამართლოზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, დარწმუნებული ვარ, იმავე პასუხს გამცემდა, რადგან, ძირითადად, ასე ხდება, _ როცა არ იცი, ადამიანი, რეალურად, რას საქმიანობს. რა თქმა უნდა, გზა გავაგრძელე. ახლა ზემოთ სართულზე გადავინაცვლე და ორივე მხარეს განთავსებული ბინების კარზე დავრეკე ზარი. მხოლოდ ერთმა მიპასუხა. შუახნის ულვაშიანი მამაკაცი იყო თეთრ მაისურში. მასაც გავაცანი ჩემი თავი და განვუმარტე, რომ „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, სახლში შეპატიჟებაზე უარის თქმის შემდეგ კი საქმეზე ვკითხე: _ ქეთევან ჯაჭვაძეს, მოსამართლეს თუ  იცნობთ? _ მაღლა ის ქალბატონი, აჰა, გასაგებია, არც ვიცოდი სახელი და გვარი. _ ანუ იცნობთ შორიდან, ნახულობთ ხოლმე? _ რა ვიცი, ცოტა ჩუმია, თავისთვისაა ხოლმე. _ რამდენად კონტაქტურია? _ კონტაქტური რა ვიცი, სალამი იცის და თავისთვის ადი-ჩამოდის ლიფტით, მეტი არაფერი. კონტაქტურიც მისალმების კუთხითაა, მეტი შეხება არც მქონია. _ კარგი, დიდი მადლობა. _ კარგად იყავით. თავისთვის, მყუდროდ მყოფი ქეთევანისთვის იდილიის დარღვევა და მისი „კომფორტის ზონიდან“ გამოყვანა არც მე მინდოდა, მხოლოდ მისი დამოკიდებულება მაინტერესებდა მეზობლებისადმი, ამიტომ გზა ისევ გავაგრძელე და შემდეგ სართულზეც გადავინაცვლე. კიბეებზე ასვლისას მარჯვენა მხარეს დიდი რკინის კარი ოდნავ შეღებული დამხვდა და მივხვდი, რომ აქედან პირდაპირ საცხოვრებელი ბინის ოთახში არ გადიოდი. ზარი დავრეკე. პატარა ბიჭის ხმა მოისმა: _ ვინ არის? _ შეგიძლია, დედიკოს, ან მამიკოს დაუძახო? _ ამის თქმა იყო და კართან პატარა, ხშირთმიანი და თეთრსახიანი ბიჭუნა გამოჩნდა, _ ახლავე დავუძახებ. _ მადლობა-მეთქი. ცოტა ხანში კართან საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგონა მოვიდა, რომელსაც ერთ წლამდე ბავშვი ეჭირა ხელში და ხუთ წლამდე ჩოლკიანი გოგონა წინ მოჰყვებოდა. წამში ისევ ეს ბიჭუნა გაჩნდა კართან დედასთან ერთად. _ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს თუ იცნობთ? _ კი, კი. _ როგორია ურთიერთობაში? _ ძალიან ნორმალური. _ ხშირად ხედავთ ხოლმე? _ მე არა, არ მაქვს ახლო ურთიერთობა, თორემ, ისე ნორმალურია სამეზობლოში და ვინც უფრო კარგად იცნობს, ის გეტყვით ყველაფერს. _ ანუ შეხვედრიხართ? კონტაქტურია? _ არის იმასთან, ვისთანაც უფრო ახლოსაა, მე, უბრალოდ, ბავშვები მყავს და იშვიათად გავდივარ ხოლმე. _ კარგი, გმადლობთ, _ კარი ბიჭუნამ მიხურა, მაგრამ მის მზერას მანამდე ვგრძნობდი, ვიდრე შემდეგ სართულზე არ ავედი და თვალს არ მივეფარე. ზემოთ ასვლასთან ერთად იმ ადამიანების რიცხვი მცირდებოდა, რომელიც კარს აღებდა და კონტაქტზე გამოდიოდა. ზარი რამდენჯერმე დავრეკე, ჯერ ერთსა და იმავე, შემდეგ სხვადასხვა კარზე. სადარბაზოშიც ისე ციოდა, როგორც გარეთ, უბრალოდ, აქ არ წვიმდა. კარს არავინ მიღებდა და გადავწყვიტე, მერვე სართულზე ავსულიყავი, მოსამართლის კარისთვის ფოტო გადამეღო. მეშვიდედან მერვე სართულზე ასვლისას, სადაც დაბლიდან ასასვლელი კიბე მაღლისას უერთდება და პირიქით, უნიტაზი შევნიშნე, ძველი, ბევრგან შელახული, თეთრი ფერის, თუმცა ამაყად მდგომი, ზედ მოცისფრო-მომწვანო ფერის ჯამით, რომელზედაც ნაგვის გროვა იყო მოთავსებული. ვერ მივხვდი, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ეს უნიტაზი აქ დაედგა და შემდეგ დაეტოვებინა, ან რატომ არ უჩნდებოდა არავის პროტესტის გრძნობა და რატომ არ ასამართლებდა „დამნაშავეს“ მოსამართლე, რომელიც კიბის რვა საფეხურით მაღლა ცხოვრობდა და ყოველდღე მისი ნახვა უწევდა (თუმცა, შეიძლება არც უწევდა, რადგან ლიფტით დადის და არც აწუხებს. მოკლედ, ფაქტი ფაქტად რჩებოდა და უნიტაზიც ამაყად იდგა!)?.. ბოლოს, როგორც იქნა, ქეთევანის ბინასაც მივადექი და ფოტო გადავუღე. საჭმლის სუნი კი გამოდიოდა, ეტყობა, ოჯახის მოსამართლე სახლში იყო და მზარეულობდა (შესაძლოა, ვცდები). რკინის მოწითალო-მოყავისფრო კარის უკან სასამართლო იყო, მის წინ კი „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი იდგა. კარზე #49 იყო მიკრული, ნომრის ზემოთ, თეთრ ფონზე, ჯვრის გამოსახულება. ფოტოები გადავუღე, ზემოთ ავედი, მეცხრე სართულის კიბეზე აშკარად სარემონტო სამუშაოებიდან მორჩენილი ძველმანები ეყარა. კარზე ზარი დავრეკე, აქაც არავინ მიპასუხა. ისევ ქვემოთ ჩამოვედი და ქეთევანის კარის მეზობლებთან ვცადე გასაუბრება, თუმცა უშედეგოდ, _ ისევ არ გამიღეს კარი. ქვემოთ სართულზე ჩამოვედი, ზარი ისევ დავრეკე, კუთხის ბინიდან, წითელი კარიდან, მოგუდული ხმა მომესმა, მეკითხებოდა, ვინ ვიყავი. ავუხსენი. _ მოსამართლე ზემოთ ცხოვრობს, მეტი არაფერი ვიცი და თავი დამანებეო. შევეშვი. უკან, კიბეებისკენ წასვლისას ვნახე, რომ პირველ სართულზე ვისაც ვესაუბრე, ჭრელქურთუკიანი გოგონა, მაღლა ადიოდა, გამიღიმა და მეც გავუღიმე. ზემოთ ავიდა და #49-ში დარეკა ზარი. ცოტა ხანში სახლში შევიდა, შესაძლოა, ჩემზეც უთხრა რამე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე ძირითადი საქმიანობა დამთავრებული მქონდა. სიმართლე გითხრათ, ისიც კი მინდოდა, რომ თვითონ ქეთევანი გამოსულიყო გარეთ, ეკითხა ჩემთვის, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი! კიბეებით დავეშვი, ისევ ციოდა. სადარბაზოდან გამოსულს შედარებით კარგი ამინდი დამხვდა, ცოტა მეტად ანათებდა მზე. გადავწყვიტე, უბნის მაღაზიაში შევსულიყავი და რაღაცები მეკითხა, ასეც მოვიქეცი. სამწუხაროდ, უბნის პატარა კი არა, ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიის ფილიალი აღმოჩნდა. შესვლისთანავე რამდენიმე კონსულტანტი მოვიდა, მკითხა, რა მსურდა, მეც ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, თუმცა არავინ იცოდა, ვინ ბრძანდებოდა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ერთის გარდა, რომელმაც თქვა, _ კი, მე ვიცი, შემოდის ხოლმე. კითხვაზე, _ როგორი მომხმარებელია, რამდენად კონტაქტური? პასუხის თქმა არ დააცადა და უცებ თაროებზე რომ ნივთებს ალაგებდა, ის გოგონა გამოვიდა ასპარეზზე: _ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად კონტაქტურია? არ შეიძლება! _ რა არ შეიძლება? ხომ აგიხსენით, ვინც ვარ და რატომაც მაინტერესებს? _ კი, მაგრამ არ შეიძლება. _ რა არ შეიძლება, ამიხსენით? _ ლაპარაკი არ შეიძლება, ასე. _ თქვა და იმ გოგონას ისე შეხედა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ჩემი გამოსვლის შემდეგ კარგადაც დატუქსავდნენ. _ ლაპარაკი რატომ არ შეიძლება, მაინც ვერ გავიგე, მაგრამ კარგი, გმადლობთ. აქედანაც წამოვედი და მხოლოდ იმ გოგონაზე ვფიქრობდი, რომელმაც გამოხმაურების სურვილი გამოთქვა, რომელიც, თურმე, თავის მხრივ, არ შეიძლებოდა! ჩემი თხოვნა, რომ არ დაეტუქსათ, მაინც არ გაჭრიდა, ამიტომაც არაფერი ვთქვი და წამოვედი, ისევ წვიმანარევი ქარი იყო. მუხიანში, მეორე მკრ-ში, მეხუთე კორპუსის მეორე სადარბაზოში ქეთევანი დავტოვე ოჯახთან ერთად. ალბათ, მალე სადილს მიირთმევდნენ ისინი სახლში და მოსამართლის მიერ განაჩენგამოტანილი მსჯავრდადებულები _ საპატიმროში. საოცარია, როგორ განსხვავდებიან ადამიანები და მათი „კომფორტის ზონა“ ერთმანეთისგან.   ნინო ტაბაღუა

გაზიარება