QronikaPlus
დროზე ძეგლი გაშალე, ქალო!

დროზე ძეგლი გაშალე, ქალო!

2017-04-01 08:36:17

კულტურის ძეგლის სტატუსს ვუხსნით და ვაფეთქებთ საყდრისს _ სრულიად უნიკალურ ძეგლს და კულტურის ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ ქართულ სუფრას, რომელშიც რა არის უნიკალური _ სრულიად გაუგებარი და აუხსნელია... და რომელიც შეგიძლია გაშალო ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ ადგილას. თუმცა მე და თქვენ რას ვაფეთქებთ, ან რას ვანიჭებთ? _ აფეთქებს და ანიჭებს ის „ბრძენი კაცი“. დიახ, სწორედ იმ „ბრძენმა კაცმა“ გვიბრძანა, საყდრისი სულაც არ იყო პრობლემური, ეს იყო „რუსთავი 2“-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელოვნურად შექმნილიო, რასაც სიძველესთან ჰქონდა კავშირი და რაც კარგი იყო ამ ადგილზე, ყველაფერი ამოღებულია და რაც მოხდა, ძალიან ფაქიზად და ყველაფერი კარგადო. ფაქიზად აგიფეთქეთ წარსულიო. და სწორედ ამ კაცმა გვიბრძანა: „ქართული სუფრა მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია“. _ გავარტყი ბერძნულ ცივილიზაციას, ეგვიპტურს ა. შ., რაც კი რამ არსებულა, ადე, ქალო, ძეგლი გაშალე, სტუმრები მოვიყვანე! _ აი, ამ სიბრძნის კაცი შემოხაზეთ და მოიხაზეთ მომავალი! ქვეყნის თავზე „ბრეზენტი“ გადააფარებინეთ და ცის ნაცვლად ამ თვალსაწიერის კაცის რუხ „ბრეზენტს“ უყურებთ და გვაყურებინებთ! მაგრამ თქვენც ხომ სწორედ ასე ფიქრობთ, ვინც ეგ შემოხაზეთ? თქვენც ხომ სრულიად გეუნიკალურებათ ეს ქართული სუფრა? მერე რა, რომ როდესაც ვინმე გკითხავთ, _ რა არის უნიკალური ამ ქართულ სუფრაშიო? _ ორ წინადადებას თავს ვერ უყრით და ვბოდავთ რაღაცას? და თუ ვინმე ამრეზით, ან ირონიულად უყურებს ამ „ფენომენს“, მზად ხართ, რკინის „მაშები“ გაახუროთ და ამოშანთოთ? გაგონებაც არ გინდათ იმის, რომ გაჰკივიხართ იმას, რასაც 2 საუკუნე ჩაგძახოდნენ რუსები, რომ თქვენ მხოლოდ ქეიფი და ცეკვა-თამაში გეხერხებათ, რომ კარგი გაქვთ ხაჩაპური, სუფრა, ღვინო... და რომ მუცელღორობის, ტაშფანდურის მეტი არაფერი გეხერხებათ. დიახ, ეს წმინდად რუსული ჩაძახილია, რასაც თქვენ გახარებულები იმეორებთ. დიახ, ახლა დადგა და ბიძინა იმეორებს მაგ წმინდად რუსულ ნარატივს, ისიც იგივეს გეუბნებათ, რომ არაფერში ღმერს თქვენ არ უქნიხართ, რომ მხოლოდ სუფრა გაქვთ მაგარი და სუფრაზე ხართ მაგრებიო. დიახ, ბატონებო, სწორედ ამიტომ აქებდა რუსული იმპერია ქართულ სუფრას, სწორედ ამიტომ გვინერგავდა ამ ჩვენი სუფრის უნიკალურობის ილუზიას და გვაჯერებდა ამას, ერთი მხრივ, გვამუქთახორებდა და მეორე მხრივ, გვაქეზებდა მასპინძლობისკენ, რომ უფრო ბარაქიანად გაგვეშალა გახარებულებს მათთვის სუფრები. ერთ წამს დაოკდით და დაფიქრდით, მაინც, რა არის უნიკალური ამ ქართულ სუფრაში? მაინც, რას ვაკეთებთ ქართველები ასეთ უნიკალურს სუფრაზე, რასაც არ აკეთებს სხვა ეროვნების ხალხი? აქაც ვჭამთ, ვსვამთ, ვსაუბრობთ, ვმღერით, ვამბობთ სადღეგრძელოებს, ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით _ გაწელილად და გაუთავებლად. რა არის განსხვავებული ამ ყველაფერში? განსხვავებულები? ლიტრანახევრიანი ყანწების ცლა? თუ ბევრად ეგზოტიკური განსხვავებულები? _ მაგალითად, ლამპის შუშა, ბალღის „გარშოკი“, ქალის „ტუფლი“, კრამიტი და ა. შ.? გამოხტებით და დაიძახებთ ომახიანად, რომ ქართული სუფრა აკედემიაა, სადაც ისწავლება ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი! თქვენ ხომ ყველაფერში აკადემია გელანდებათ, _ სუფრის აკადემია, ქუჩის აკადემია, მზად ხართ, ყველგან ყველაფერი ისწავლოთ, ოღონდ კი იქ არ ისწავლოთ, სადაც სასწავლია და საიდანაც სასწავლია _ წიგნებიდან! გამაგებინეთ, რა წარსული უნდა ისწავლო წინაპრების ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით, თავის ქებით? ან რა სამშობლოს სიყვარული _ გაბრუჟული რომ ირტყამთ მჯიღს, გოჯს რომ არ უთმობთ დუშმანს, მერე რომ ფხიზლდებით და ეგ პატრიოტიზმიც რომ ალჰოკოლივით გამოგდით ორგანიზმიდან და კილომეტრობით გადმოწეული მავთულხლართები სულ ცალ მავთულზე გკიდიათ? რომელ საღ გონებაზე უნდა იყოს ადამიანი, 2 ლიტრს რომ ისხამს? ერთმანეთის სიყვარულს ვსწავლობთ? ვინც გიყვარს, 2 ლიტრის გარეშეც გიყვარს და სიყვარულს 2 ლიტრის ფაშვში ჩასხმა არ სჭირდება. რა გვხიბლავს და გვეჩვენება უნიკალურად, ერთმანეთს რომ ვეპირფერებით და გაუთავებლად ვაქებთ და ვადიდებთ, იმ თვისებებს რომ მივაწერთ, რისი ნასახიც რომ არ გააჩნია? და ოდნავადაც არ გვეუხერხულება ის, რომ ეს ტექსტები „ტექნობუმის“ მიერ დაგზავნილი სარეკლამო მესიჯებივით ტრაფარეტული რომაა? ერთი კარგად გაიხსენეთ, რამდენჯერ არევია იმ თქვენს სანაქებო თამადებს სადღეგრძელოს ადრესატის არათუ სახელი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ხშირად, სქესიც კი? რამდენჯერ მოგიკრავთ ყური ის თქვენი თამადა, გვერდზე მჯდომს რომ ეკითხება სადღეგრძელებელი ხალხის სახელს და მერე ნახევარი საათი დაუსრულებლად საუბრობს მის ღირსებებზე? და თქვენ გჯერათ, რომ ადამიანმა, რომელმაც 2 წუთის წინ სახელიც არ იცოდა სადღეგრძელებელი ადამიანის, ასე წამიერად რენტგენივით მის თვალწინ გაიარა ადრესატის განვლილი ცხოვრების ეტაპებმა და პერიპეტიებმა? ან ეგ გეჩვენებათ საამაყოდ და უნიკალურად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სუფრას ტლუ რომ მოაჯდება თავს და გაიძულებს ისმინო მისი დაუსრულებელი სადღეგრძელოები, თითო ნახევარსაათიანი? ააა, ეს ნახევარსაათიანი ლექციებია იმ აკადემიის ფუნდამენტი? ფუნდამენტურ განათლებას რომ იძლევა და, სამაგიეროდ, გასაქანს არ გაძლევს, გვერდით მჯდომ ადამიანს რომ გამოელაპარაკო? ეგრევე რომ დაგიღრენს და დაიჭიხვინებს, სმენა იყოს და გაგონებაო? თუ ის გეჩვენებათ უნიკალურად, მერე ამ თამადის დიქტატურას ბოლო მოეღება და საერთო ყაყანი ატყდება, რომელიც შეიძლება, ბოთლების მტვრევით, სროლით თუ არა, ერთმანეთის დასისხლიანებით რომ დამთავრდეს? დიახ, ზუსტად ისინი, 5 წუთის წინ რომ მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს, დაუნდობლად რომ უსწორდებიან ერთმანეთს, უკეთეს შემთხვევაში, მუშტით? რა არის ქართული სუფრის უნიკალურობა, ღვინის დაძალება, _ გინდა თუ არა, უნდა დალიო? დალიო ბოლომდე, ჭიქა იქნება თუ ლიტრიანი განსხვავებული? იუარებთ, _ არა, არა, ეგ უკვე ღრეობაა, მაგას ქართულ სუფრასთან არანაირი საერთო არ აქვს, ქართული სუფრა ზომიერიაო, სიმღერითო, გართობითო, სიამტკბილობითო, ეს საზეიმო თათბირია, ერთმანეთს ვუდასტურებთ საერთო ღირებულებების ქონასო, ალკოჰოლის თანხლებითო. კარგი, ბატონო, დავუშვათ და ასეა. თუ ქართულ სუფრას გამოვაკლებთ იმ ნეგატივს _ მარაზმში გადასულ სადღეგრძელოებს, უთავბოლო განსხვავებულებს, ღვინის დაძალებას, ანდა სულაც „არხიტეხტურას“ _ სართულებად დალაგებულ კერძებს, საერთოდ, რაღა დარჩება უნიკალური? უნიკალური კი არა, განსხვავებული? მოიცა, თქვენ რა გგონიათ, სხვა ქვეყნებში რომ სუფრას შლიან, იმ სუფრაზე ტანსაცმელს ალაგებენ, ან ავეჯს? ან იმ სუფრასთან ჭამის გარდა არ სვამენ? ან სადღეგრძელოებს არ ამბობენ? არ ილხენენ? არ საუბრობენ, ან იმათ ღირებულებები არ გააჩნიათ? მართალი გითხრათ, საზღვარგარეთ არც იმდენი მივლია, მაგრამ სადაც მივლია, დიდი განსხვავება ვერ დამინახავს. მოლდოვიდან დავიწყებ, რადგან მოლდოვაში სუფრაზე ვყოფილვარ არაერთგან _ დაწყებული იმ სუფრით, სადაც ყოფილა ექსპრეზიდენტის მეუღლე, დამთავრებული სოფლად _ სადაც სუფრასთან იყვნენ სოფლის მშრომელი, მიწასთან მომუშავე ადამიანები. ვყოფილვარ ტბის პირას გაშლილ სუფრასთან _ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ვყოფილვარ პიკნიკზე _ მდინარის პირას, ვყოფილვარ საზეიმო სუფრებზე სახელოვნებო ინტელიგენციასთან ერთად, სხვადასხვა ასაკისა და ფენის ხალხთან ერთად, როგორც დედაქალაქში _ კიევში, ისე როგორც, გითხარით, სოფლად _ მეგობრის დედის დაბადების დღეზე. რა იყო განსხვავება? რამდენიმე ეროვნული კერძი, უფრო მოკლე სადღეგრძელოები, ისევ ლექსები, ისევ სიმღერები, გემრიელი ჭამა, საუბრები ერთმანეთთან, მხიარულება, საზეიმო განწყობილება და, სხვათა შორის, სწორედ მოლდოვაში არაერთხელ უთქვამთ, რომ ბევრი სმენიათ ქართული სუფრის უნიკალურობის შესახებ და უკითხავთ, რა არის ქართული სუფრის უნიკალურობაო? მართალი გითხრათ, მხრები ამიჩეჩია, რადგან იქაც ზუსტად ის ხდებოდა, რაც ქართულ სუფრაზე... და რა მეთქვა გარდა იმისა, რომ ჩვენთან მამალიგის მაგიერ ღომია? დიახ, განსხვავება სამზარეულოშია. დიახ, ქართული სამზარეულო მდიდარია, მრავალფეროვანი და გემრიელი, მაგრამ არც ფრანგული სამზარეულოა ღარიბი, არც ესპანური, არც იტალიური, არც ბერძნული! კარგი, ბატონო, მოლდოველებთან თავს მოვიწონებდი ქართული სამზარეულოს სიუხვე-მრავალფეროვნებით, მაგრამ საბერძნეთში ბერძნებთან რა ნამუსით მეტრაბახა ქართული სამზარეულოს უპირატესობით, ან მოლხენის უნიკალურობით? თუ ღვინის სმით გამეკვირვებინა ვინმე? ან სადმე ვინმეს გააკვირვებთ ღვინის, თუნდაც, უზომოდ სმით? ჰო, ირლანდიელებს ძალიან არ გაუკვირდეთ თქვენი მოყუდებული განსხვავებულები. სუფრაზე არაერთხელ ვყოფილვარ უკრაინელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, ჰოლანდიელებთან, დანიელებთან, ნორვეგიელებთან. ჰო, ნორვეგიელებთან და დანიელებთანაც საერთო ფასეულობები, კეთილგანწყობა მაერთიანებდა იქ იმ სუფრაზე, იქაც იყო მოლხენა, გემრიელად ჭამა, სმა, მხიარულება, დედა არც იმათ უგინებიათ და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მცემეს და ამიხსენით, სად ხედავთ ან თქვენ ამ უნიკალურობას, ან ის თქვენი „ბრძენი კაცი“? საზეიმო სუფრა ყველგან საზეიმო სუფრაა, სადილი ყველგან სადილია და ვახშამი _ ყველგან ვახშამი. ის „ბრძენი კაცი“ ვიცი, სადაც ხედავს, თავისთან რომ მიიწვევს იმ „ინწილიგენციას“, რომელსაც ინახავს და ის ხალხი, სათითაოდ რომ დგება და მის მზეს ფიცულობს, რომ ემლიქვნელება და ყურთასმენას ელამუნება მათი ლაქუცი. ეს სიამოვნებს მას, ეს ხდის მისთვის უნიკალურს ქართულ სუფრას, და ვგონებ, პატარა ბიძინა ყველას უზის და სწორედ ეგ გხიბლავთ თქვენც, ვინც კატეგორიულად და ისტერიულად ამტკიცებთ ქართული სუფრის უნიკალურობას. დიახ, სწორედ აქ იღებთ და ისმენთ იმ ქებას, რომელიც არ დაგიმსახურებიათ და ეგ გიღირთ ერთ რამედ და ერთ ცხოვრებად. ეს ღვინით გაჟღენთილი ილუზია გეძვირფასებათ. თორემ გადახედეთ ისტორიას, ოღონდ წიგნებში და არა თამადის მოყოლილს და აღმოაჩენთ, რომ როგორც აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავში“ წერს, ლხინისას სულ სამი სადღეგრძელო ისმებოდა, მოგვიანებით, შვიდამდე ავიდა და ეგ უთავბოლო სმა და გაწელილი სადღეგრძელოები საქართველოში რუსის შემოსვლის შემდეგ იკიდებს ფეხს. დიახ, რუსმა გადაგვაჩვია ბრძოლას, შრომას და მიგვაჩვია მუქთახორობას, უთავბოლო სმას და დაგვაჯერა, რომ ჩვენი მისია ამქვეყნად ესაა ქეიფი და დროსტარება. თქვენ კი მოიღერებთ ყელს და ამაყად მეტყვით, რომ ქართული სუფრა ესაა ქართული კერძები, ქართული სიმღერები, ქართული ცეკვები... ახლა ხომ მაინც ყველას შეუძლია ამ ცეკვების გადაღება, გადააღებინეთ და ფხიზლებმა ნახეთ ეგ თქვენი ბანცალი, თუ რამე აქვს საერთო იმ ბანცალს ქართულ ცეკვასთან. სუფრა უნიკალურია მაშინ, როდესაც იმ სუფრას უსხედან საინტერესო, ჭკვიანი, გემოვნებიანი, კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვართ ერთმანეთი, როდესაც თამადას მართლაც აკავშირებს რაღაც სუფრის წევრებთან და მართლაც ილხენ და ერთობი ადამიანი, მაგრამ ეს ამ ადამიანების დამსახურებაა და არა გაშლილი სუფრის ქართულობის. და არც სუფრასთან მსხდომი ადამიანების ეროვნებაა გადამწყვეტი, მოილხენ ნებისმიერი ეროვნების ნორმალურ და საინტერესო ადამიანთან. დიახ, ქართული კერძები მართლაც გემრიელია, მაგრამ არც სხვა სამზარეულოებია ურიგო... დიახ, როდესაც ნორმალური საზოგადოებაა შეკრებილი, მართლაც მშვენიერია ქართული სუფრა, მაგრამ ეს „მშვენიერია“ არ ნიშნავს მის უნიკალურობას და მის გაძეგლებას, რადგან სხვებთანაც ასევე მშვენიერია და ზუსტად ასევეა, აი, უნიკალური კი მხოლოდ მისი პათოლოგიური ფორმებია _ ღრეობაში გადასული და ეგ თუ გასაძეგლებელ-გასასტატუსებელია და თუ სულ ესა ვართ, არ ვიცი, მართლა რა ღირსი ვიყავით იმ საყდრისის, ასაფეთქებელიც ყოფილა და აგვიფეთქა კიდეც. აგვიფეთქა ფაქიზად. ჩვენც ავდგეთ და ერთი კაი ძეგლი გავშალოთ და ლოთიანი შევუბეროთ...   რეზო შატაკიშვილი  

გაზიარება