„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა წერილი, სადაც გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, რუსლან გელაევი, აფხაზეთში ყოფნისას რუსებთან თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩაუშვეს. „ქრონიკა+“-თან საუბრისას ემზარ კვიციანი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია რუსულ მხარესთან მაშინდელ ქართველ მინისტრებსა და გენერლებს მიჰქონდათ.
„ქრონიკა+“ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კოდორის ხეობაში, ემზარ კვიციანს ესაუბრება:
_ რუსლან გელაევი თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩაუშვესო, _ ახლა ეს ცოტა მკბენარა სათაურია. თავშივე სიცრუე დევს და გეტყვით, რატომაც: თამაზ თამაზაშვილი 2015 წლის მერე გავიცანი, რაც გავთავისუფლდი. მითხრა, ჩვენ შეხვედრილი ვართო. _ სად-მეთქი? სხვათა შორის, სახეზეც კი არ მახსოვდა. კოლეგა გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის დაბადების დღეზე, მე და ჩემი მეგობრები შუამთაში ვიყავით რესტორანში. გამახსენა, იქ მეც ვიყავიო. თუ არ ვცდები, მაშინ ახმეტის პოლიციის უფროსი ყოფილა. მახსოვდა, რომ რაღაცებს აბრალებდნენ, ეს თავს იმართლებდა და აღნიშნული ხმების გამო, მაინცდამაინც, პატივს არ ვცემდი. ერთი რამ ვიცოდი, რომ ის კახა თარგამაძესთან დაახლოებული პირი იყო და ამიტომ მასთან სიახლოვის სურვილი არასოდეს მქონია... მაგრამ ახლა რომ გავიცანი, ჩემში ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. დღესაც რომ შევხვდეთ, კარგი მოკითხვა გვექნება.
დანარჩენი, _ იმ პერიოდში კოდორის ხეობაში არ მინახავს. სპეცსამსახურებიდან ტყიბულის ბატალიონად წარმოდგენილი 70-კაციანი სპეცრაზმი იყო. ესეც ჩემთვის აღმოჩენაა, რომ იქ თითქოს გია გულუას სპეცრაზმიც იდგა. შეიძლება, მისი ჯგუფიდან ვინმე მართლა იყო, მაგრამ იქ ჩემთვის ამის შესახებ არავის უთქვამს.
ჩემთვის ისიც კარგი აღმოჩენაა, რომ მეგონა, ამ ყველაფერს რუსეთის შს მინისტრი, რუშაილო ხელმძღვანელობდა და, თურმე, სხვა გენერლები ყოფილან. მათი გვარ-სახელები ახლა გავიგე და შეიძლება, ეს სწორიც იყოს და რუშაილო მათ თავზე იდგა. რადგან კახა თარგამაძე ყოველთვის რუშაილოს აგენტად მიიჩნეოდა, მეგონა, რომ აქ მარტო თარგამაძე იყო ბრალდებული. მაშინ ამასთან დაკავშირებით აზრზეც ვერ მოვდიოდით, რადგან ასეა, _ სპეცსამსახურების მუშაობა ყოველთვის ფარულია.
მერე აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ირაკლი ალასანია კურირებდა. ამ წერილში კი ალასანია ნახსენები არ ჰყავთ, ასევე ანზორ მარგიანი, რაც, თავისთავად, საეჭვოა, რომ ამათგან ხომ არ მოდის ეს წერილი?.. ის, რაც თავად ჰქონდათ ჩაფიქრებული-გაკეთებული (ჩეჩნები ჩემთან ერთად უნდა გაენადგურებინათ და კოდორის ხეობაც ჩაებარებინათ), ახლა არჩევნების წინ მე შემომიტრიალეს.
ამაზე კობა კობალაძეს ვესაუბრე და ის სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს. თან წერილი დაიბეჭდა და მე არავინ დამირეკა, კომენტარი არავინ მთხოვა, მასალას ესეც ხომ უნდა ერთვებოდეს? გასაგებია, რომ მედიას სენსაციები სჭირდება, მაგრამ ჟურნალისტები რატომ არ უფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას, ქვეყნის წინაშე სუფთა რომ ვართ? მთელი ეს წლები რა არ დაგვაბრალეს და ეს ახლა ისევ გრძელდება.
ამ წერილის ავტორი აუცილებლად უნდა შემომხმიანებოდა, ჩემგან კომენტარი აეღო, რაც ძალიან სწორი საქციელი იქნებოდა.
_ არის ხოლმე შემთხვევა, როცა რესპონდენტი ითხოვს, რომ ჯერ მისი პოზიცია დაფიქსირდეს და ამის შემდეგ წარმოჩინდეს მეორე მხარის პოზიცია... საპასუხო შეხედულებას რაც შეეხება, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, _ იმდროინდელ ფაქტობრივ მდგომარეობაზე ვრცელ ინტერვიუს ვწერთ...
_ მაგრამ შეიძლება ისეთ აზრზე ვიყო, რომ საერთოდ არ მოგცეთ საპასუხო ინტერვიუ და სხვა გაზეთებსა და ტელევიზიებში ვისაუბრო ამ პრობლემაზე. თუმცა მაინც გაძლევთ ინტერვიუს, მიუხედავად იმისა, რომ არ მაცნობეს და არ დამირეკეს. ჩემი პოზიცია ერთი კვირის მერე ფიქსირდება, როცა ხალხმა ის წერილი უკვე წაიკითხა. ეს 0,001%-ს მაინც ხომ ჩარჩება გონებაში და არჩევნების წინ რეპუტაციას შემილახავს? ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემ საწინააღმდეგოდ შეგნებულად გაკეთდა. ამას ხაზს ვუსვამ.
ახლა იმ სიცრუეზე, რაც ამ წყაროს მონაცემებშია: ჯერ ერთი, ასეთი ინფორმაციები თქვენ არ გაწყობთ. ყოველთვის სჯობს, სიმართლე დაიწეროს. ჩემთვის ეს „სატოპკე“ იყო, არც მწყენია, უბრალოდ, ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ მომეწონა. ეს ადამიანები ახლა რასაც მიიღებენ, ვინც ის ჩიტი გამოგზავნა, ამასაც დავანახვებ.
სუფთა ფაქტებით ვისაუბრებ. აქ კი რა ფაქტებია, როცა ყველაფერი ერთმანეთშია არეული ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულადაც? არაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს ისეთი ადამიანის მიერ მოტანილია, რომელიც ჩვენთან რუსებმა მოამაგრეს, მაგრამ იქ შემოსვლას ვერ ბედავდა, რადგან ტყვიები და ბომბები ცვიოდა და გარედან რასაც ხედავდა, მხოლოდ ის მოყვა.
_ მაშინ, ჩამოვაყალიბოთ ფაქტები, რა ხდებოდა ადგილზე?
_ მოკლედ, 2001 წელს ჩემთან დავით თევზაძეს აგზავნიან. მაგრამ მანამდე ჩემს ერთ-ერთ აკადემიელ მეგობარს, ჯონი ტომარაძეს ვურეკავ. ის კახეთისკენ იყო, ჯერ შინაგან ჯარში და მერე თავდაცვაში. ვურეკავ და... _ ვაჰ, გაგიმარჯოს, ემზარ, იმის გამო მირეკავ, რაც ხდებაო? _ რა ხდება-მეთქი? _ რა, არაფერი იცი, 500 კაცამდე ჩეჩნების მთელი კოლონები დასავლეთში, კოდორის მხარეს რომ გადმოისროლეს, ისინი ვიღაცამ წამოიყვანა, ამაზე მირეკავო?
_ რა ხუთასი კაცი, რის კოდორი-მეთქი? საერთოდ აზრზე არ ვიყავი, რომ 500 კაცი ვიღაცამ ჩემი მიმართულებით გადაისროლა. მაშინვე ვურეკავ და მივდივარ დათო თევზაძესთან, ვუყვები, ასე და ასეა-მეთქი. ეგრევე ტელეფონი აიღო და რეკვები დაიწყო. ყველაფერი გაიგო, თუ რეალურად რა ხდებოდა.
ამდენად, არც დათო თევზაძემ, არც კობა კობალაძემ, არც მე არაფერი ვიცოდით, რომ ჩეჩნები გადაიყვანეს. ამის მერე თევზაძე ნუგზარ საჯაიას ურეკავს. ის ეუბნება, _ შენ და კვიციანი უშიშროების საბჭოში ჩემთან მოდითო. ავედით და იქ საბჭო შეკრებილია, მხოლოდ გარკვეული პირები, გენერლები ესწრებოდნენ. კერძოდ: კახა თარგამაძე, ავთო იოსელიანი, ვალერი ჩხეიძე, დათო თევზაძე, მე და თავად ნუგზარ საჯაია თათბირის თავში ზის.
ცოტა ხანში ვახტანგ ქუთათელაძე შემოგვიერთდა. რაღაც მიზეზი თქვა, წელი მტკივაო, თუ რაღაც. ასეთი ლაპარაკი მიდის, _ რუსლან გელაევმა სურვილი გამოთქვა, რომ წავიდეს, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. შენ, როგორც სვანი კაცი, თან გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენელი, ერთადერთი ხარ, ვინც უღელტეხილები იცი და შეგიძლია, ისინი გადაიყვანო, სამშობლოში გადაუშვაო; და ჩვენ ჩაგვეთვლება, რომ ისინი შევიფარეთ, დაჭრილები მოვარჩინეთ, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ და გავუშვითო.
მე ვუთხარი, _ ამას თქვენ რატომ მეუბნებით, როცა ჩემი უფროსი მყავს-მეთქი? ამ დროს პრეზიდენტის რწმუნებული ვარ. _ მან ჩვენ გვთხოვა, რომ ეს შენთვის გადმოგვეცაო. _ კარგი-მეთქი... მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ღალატი ხდებოდა.
თარგამაძე, ქუთათელაძე და ჩხეიძე ჩემთან არასდროს მეგობრობდნენ. ეს „სასტავი“ ყოველთის „შპილკებს“ მიდგამდა და მათთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ალბათ, გახსოვთ, არქივი რომ ამოიღოთ, ერთმანეთში სულ ომი გვქონდა. ეს განსაკუთრებით კახა თარგამაძეს ეხება, რომელმაც კოდორის ხეობა გამინადგურა, ფაქტობრივად, ჩასაბარებლად გაამზადა. 53 კაცი მოკლული დამხვდა, როდესაც დნეპროპეტროვსკიდან, უკრაინიდან ჩამოვედი ორი წლის შემდეგ. იქ დავდიოდი, ბიზნესი მქონდა, მერე იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა და კოდორში დავბრუნებულიყავი.
ახლა გავაგრძელოთ იმ თათბირიდან: მეუბნებიან, უნდა წახვიდეო.
_ ჯერ არ ვიცი, გელაევი რას აპირებს, თქვენ კი რაღაცას მეუბნებით, მაგრამ, იქნებ, სხვა რამე აქვს გონებაში, ამას ყველაფერს დავადგენ, ჯერ შევხვდები, გავიცნობ და ყველაფერს გავიგებ-მეთქი. მოკლედ, მივდივარ. მისამართი მითხრეს, მანქანაში ჩამსვეს, საჭესთან ანზორ მარგიანი იჯდა, კიდევ დათო შენგელია გვახლდა. ენგურჰესის კაშხლის გადაღმა მიმიყვანეს, ასეთი სოფელია დალაკვაკვა, ერთი ოჯახი ცხოვრობდა.
მანამდე, მთელ საქართველოზე რომ გადაიყვანეს ეს ხალხი, წარმოიდგინეთ, რამდენი მანქანა იქნებოდა _ ყველა შს სამინისტროს ტექნიკა. წერენ იქ ვითომ გაყალბებულ ნომრებზე, ამ დროს სულ შსს მანქანები იყო, არც ერთი თავდაცვის მანქანა არ ერია. ეს ხალხი უკვე დალაკვაკვაში ჰყავდათ გადაყვანილი და მხოლოდ ამის მერე ვიგებთ ამის თაობაზე.
მათთან ვინმე ჯოლოგუა იყო, რომელიც ჩემთან დადიოდა ხოლმე და რაღაც ინფორმაციებს მაწვდიდა. ისიც ალასანიას მოგზავნილი ყოფილა, მამუშავებდა, რომ, აი, აფხაზეთის დაბრუნებაზე უნდა ვიზრუნოთო და ა. შ. ანუ მე მეორე მხრიდანაც მაქვს ინფორმაციები, რომ რუსლან გელაევს სხვა აზრები აწუხებს. არა ის, რასაც მე ჩვენი გენერალიტეტი მავალდებულებს.
მოკლედ, ჩავედით და ნავით მეორე მხარეს გადამიყვანეს. ავედით და კარვები იყო დადგმული. ერთ-ერთთან მივედით და გელაევმა კარგა ხანს გვალოდინა. გამოვიდა და ვითომ ლოცულობდა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ განრისხებული იყო, _ მერამდენედ უნდა მომატყუოთ ქართველებმა?! რამდენჯერ შევთანხმდით?! ყოველთვის არღვევენო! მაგრამ მე ამაზე არასოდეს დავთანხმდებოდი, თუკი შენს სახელს არ მიხსენებდნენო.
_ კი მაგრამ, ჩემი სახელი შენ რას გაძლევს? პირველად ვხვდებით ერთმანეთს-მეთქი. _ ეს შენ გგონია, რომ პირველად ვხვდებით, მე მთლიანად გიცნობ, სად რა გაგიკეთებია და შენზე მთელი რიგი ინფორმაციები მაქვსო. ერთადერთი კაცი იყავი, ვისაც გენდობოდი, რადგან შენგან ღალატი მოსალოდნელი არ არისო. ეს პირდაპირ მითხრა, დანარჩენიც იქვე ისხდა.
_ მითხრეს, რომ მთელ ამ ოპერაციას შენ უხელმძღვანელებო.
_ რანაირი საერთო ხელმძღვანელი უნდა ვიყო, როცა ჯერ გადაწყვეტილიც არ მაქვს, წამოვალ თუ არა-მეთქი? ჯერ პრეზიდენტთან, ჩემს უფროსთან მივალ, მას მოვახსენებ იმაზე, რაც ჩვენს გენერალიტეტთან მოლაპარაკებულია (ისინი სხვანაირად მეუბნებიან და შენ სხვას-მეთქი) და თუ დამავალებს, წამოვალ, თუ არ დამავალებს, გამორიცხულია, არ წამოვალ-მეთქი.
ეს ყველაფერი ძალიან გაიკვირვა და წეღან რაც დაგისახელეთ, ის გვარები ჩამომითვალა, _ ეზო ამიტალახეს, ყოველდღე მოდიოდნენ და მეხვეწებოდნენ, დაგვეხმარე აფხაზეთის დაბრუნებაშიო. მეც ვიფიქრე, თავის დროზე, ქართველების წინაშე მივქარე, ორი კვირა ვიყავი აფხაზეთის მხრიდან გაგრაში საომრად შემოსული (მომიყვა მთელი ეს ისტორიები), მაგრამ იქ უსამართლობა ვნახეო: ადილობრივებს ტყვეები ჩავაბარე, ქართველები, ორი სვანი იყო და ორი თბილისელი, სოჭში გადავედი და როცა დავბრუნდი, თბილისელები დახვრეტილები დამახვედრესო; აი, მაშინ ვთქვი, რომ საქმე ისე არ ყოფილა, როგორც ამას პროპაგანდისტულად ატრიალებენ, ავდექი და „დასვიდანია“ ვუთხარი, შევკრიბე ყველა ჩეჩენი და გამოვუცხადე, _ აქ ჩვენ არასწორი ინფორმაციით ვართ ჩამოსულები, ქართველების წინააღმდეგ ტყუილუბრალოდ ვიბრძვით, საქმე ასე არ ყოფილა, მე მივდივარ და ვისაც გინდათ, წამომყევითო; 38 კაცი დარჩა, ბასაევის ხალხი, სხვა არავინ, დანარჩენი მე გამომყვაო.
მაგრამ მე ეს ორი კვირა ყელში მაქვს გაჩხერილი, რაც ახლა ქართველებმა ჩემთვის გააკეთეს, ამის გამო თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო; მაგრამ თავის დროზე მეც ძალიან ცუდი ნაბიჯი გადავდგი, მინდა, გამოვასწორო და ამის გამო დღეს აქ ვარო. ანუ საუბარია აფხაზეთის დაბრუნებაში მონაწილეობის მიღებაზე.
_ კარგი-მეთქი... და პრეზიდენტთან შესახვედრად წამოვედი. პრეზიდენტი ლიკანში ისვენებს, ბორჯომშია. გზად რომ მოვდიოდი, ვიღაცამ საჯაიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ პრეზიდენტთან მივდიოდი და ამის გამო სულხან პაპაშვილი სამი თვე პრეზიდენტთან არ მიშვებდა, _ არ სცალია, დაკავებულია და ა. შ.
მირეკავს დათო თევზაძე, _ საჯაია პანიკაშია, ემზარი პრეზიდენტთან რატომ მიდისო? ვუთხარი, _ ის ჩემი უფროსია, უნდა მოვახსენო, რა ხდება, თუ წასვლას დამავალებს, წავალ, თუ არა, არ წავალ. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამას კაციშვილი არ დამიფასებს, მაგრამ რამე ცუდად რომ დასრულდეს, ყველაფერს ჩემზე გადატეხენ. პრეზიდენტი მეტყვის, ჩემ დაუკითხავად რატომ წახვედიო და ამიტომ დავეკითხები-მეთქი.
მირეკავს საჯაია და მასაც იგივეს ვეუბნები. _ კარგი, მაშინ სულხან პაპაშვილთან მიდი და ის შეგახვედრებსო. მივედი თუ არა, შევარდნაძესთან შემახვედრა. პრეზიდენტი ძალიან ცივად შემხვდა. გამიკვირდა, ყოველთვის ჩამიხუტებდა ხოლმე.
_ ბატონო პრეზიდენტო, ასეთი სიტუაციაა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი. ასე მიყურებს და... _ ამ ყველაფერს შენ აკეთებო? ანუ პრეზიდენტთან ინფორმაცია მიიტანეს, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩეჩნები იქით შენ და დათო თევზაძემ არ გადაიყვანეთო? _ ვინ გადაიყვანა, რა გადაიყვანა-მეთქი?! და მთელი ეს ფაქტობრივი მდგომარეობა ავუხსენი. რაღაც ძველი მომენტები შევახსენე და მაშინ მიხვდა, რომ ცრუ ინფორმაციები ჰქონდა. ჩამოუშვა ხელები და მეუბნება, _ ემზარ, მიშველე რამე, ისეთ „ტუპიკში“ ვართ, ახლა ომი რომ დაიწყოს, ამისთვის მზად არ ვართ, ომსაც წავაგებთ და ტერიტორიებსაც დავკარგავთო, რამე გავაკეთოთო!
ვუთხარი, _ ჩეჩნები უკან, პანკისში დავაბრუნოთ-მეთქი. _ ჰოპ, არავითარ შემთხვევაში, კახეთს დავკარგავო. სიტყვა-სიტყვით მახსოვს ეს საუბარი, ამას რა დამავიწყებს! _ აბა, რა გავაკეთოთ, ბატონო პრეზიდენტო, წავიდე, გავყვე-მეთქი? მე თუ წავედი, სრული თავისუფლება უნდა მქონდეს და ისე უნდა მოვიქცე, როგორც ამას საჭიროდ მივიჩნევ-მეთქი; თორემ ახლა რადგან, ჩვენდაუნებურად, იქ ამხელა ძალა მოხვდა, მათ გეგმაც ექნებათ, რომელიც ბოლოს ღალატით დასრულდება-მეთქი. ჩვენ ღალატს ავცდეთ, ტერიტორიები არ დავკარგოთ და ომიც რომ არ დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის მე თავისუფლება მჭირდება-მეთქი. _ აბსოლუტური თავისუფლება გაქვს, ერთადერთი, სანამ კავშირი არსებობს, ყოველდღე დამირეკე და მელაპარაკეო. _ კი ბატონო-მეთქი.
_ ჩეჩნები სულ რამდენი იყვნენ?
_ 470 ჩეჩენი იყო, 70 ჩვენი სპეცრაზმელი და ცხრა სვანი. ახლა როგორი სიტუაციაა: კარში რომ გამოვდივარ, პრეზიდენტმა დამიძახა, _ ემზარ, დაბრუნდიო! მივედი და მეუბნება, _ ემზარ, იცოდე, განწირული ხარ, მაგრამ ერთი კაცი არაფერს ნიშნავს სახელმწიფოსთვის, არც შენ და არც მეო! სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა.
_ ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, რომ განწირული ვარ, მე რომ შენი გენერლებისა და მინისტრების ლაპარაკი მოვისმინე, უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, მაგრამ თქვენ დიდი მადლობა, რომ ამას პირში მეუბნებით და გამიმხილეთ; მათ იეშმაკეს, თქვენ კი ყველაფერი მითხარით, მაგრამ მე დავბრუნდები-მეთქი! გადავკოცნე და წამოვედი.
დათო თევზაძეს შევხვდი და ვთხოვე, _ დახმარება მჭირდება-მეთქი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას ვერ ვენდობი, არც მათი ჩანერგილი 70-კაციანი ჯგუფი მინდა-მეთქი. იქ მთელი სპექტაკლები გაითამაშეს, რომ თითქოს გია შერვაშიძესა და კახა თარგამაძეს არ უნდოდათ მათი წასვლა, თითქოს ისინი სამსახურებიდან გაუშვეს და ა. შ. ჩემს დაბოლებას ასეთი ტექსტებით ცდილობდნენ.
მაგრამ ახლა შეხედეთ, ეს სამოცდაათივე კაცი, მეომრები, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ, ძალიან კარგი ქართველები, ქვეყნისთვის თავს რომ დადებდნენ! მაგრამ ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდათ, რომელიც მათ მოტანილ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებდა, ამიტომ მათ არ ვენდობოდი.
მოკლედ, ავედით, მათი გადაყვანა დავიწყეთ. აი, მაშინ ჩაერთო უკვე 21-ე ბრიგადის მანქანები. წავედით, ჭუბერს გავცდით და აქეთა მხარეს ერთი-ორი კვირა ტყეში ვართ დაბანაკებული. ახლა საჭმელ-სასმელი ხომ გვინდა, ხუმრობა ხომ არ არის, როცა ამ ყველაფერს ამხელა ზურგი სჭირდება. აქამდე მამარაგებენ, ამ დროს რაღაცებს მეც ვშოულობ, ჩემი რეზერვები მქონდა, ისე ვმუშაობთ, რომ თავი გავიტანოთ.
თან გელაევს ვეუბნები, _ არ არის გამორიცხული, რომ გაყიდულები ვართ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ-მეთქი. თუ საერთოდ გონებაშიც კი რამე გეგმა გქონდა, ისიც ამოიშალე, აბსოლუტურად ახალი გეგმით უნდა წავიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საქმეში დამიჯერა და ჩემებურად დავიწყე. სადაც საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ დავრჩებოდით (უღრანი ტყეებია), ისინი იქ დავმალე. მაგრამ აქეთ საშიშროება მაინც არ გველოდებოდა, რადგან ვფიქრობდი, რუსებს სჭირდებოდათ, რომ ჩვენ კოდორში დავეჭირეთ, რათა ხეობა დაებომბათ და ამის მიზეზი ჩეჩნები გამხდარიყვნენ. ამით შემოსვლის გარკვეული ნიადაგი ექნებოდათ.
მაგრამ ეს მოვუშალე და როგორ: იქითა მხარეს გადავედით, კარგა ხანს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მჟავე წყლებზე ვიყავით საკენში. გადავედით თუ არა, მეორე თუ მესამე დღეს (მუდმივად მათთან ვარ, თვითონაც ერთი წუთით არ მიშვებს და მეც არ მინდა გავიდე, რადგან ღალატი რომ მოხდეს, მე არ დამბრალდეს) ჩემ დაუკითხავად მზვერავების ერთი ჯგუფი ორ ადგილობრივთან ერთად მანქანით ჩხალთაში გაუშვია. წასულან და იქ ხიდზე რომ გადავდივართ, ხელმარჯვნივ, ჩემი დის, ნორას ოჯახია. ბაჩო, ჩემი დისშვილიც იქვე იყო. ახლა ბაჩოსთან სტუმრად მოსულია მისი მამიდაშვილი, დარეჯან გურჩიანი ქმართან ერთად, _ იგორი ჰქვია, გვარი არ მახსოვს, პეტერბურგელია. ეს კაცი იქ ყველაფერს სურათებს უღებს და... ბრახ, ერთ-ერთმა ამოიცნო, თუ ვიღაცას დაამსგავსა. გელაევს ამბავი ჩამოუტანეს, რომ იქ ბაჩოს სახლში ეს კაცი ვნახეთ, რომელმაც ამა და ამ წელს ჩეჩნეთში დაგვაღალატა და ამდენი ხალხი ამოგვიხოცესო; ჩვენთან კორესპონდენტად იყო მოსული, სხვა სახელ-გვარით და მის გამო ბევრი ხალხი დავკარგეთო.
გელაევმა ეგრევე ჯგუფი გაგზავნა მის წამოსაყვანად. რა თქმა უნდა, გავეკიდე. ბაჩომ სიძე როგორ უნდა გაატანოს, ჩვენი წესი როგორია? ამიტომ ბაჩომ ეგრევე იარაღი დააძრო და წინ დაუდგა. მათ ავტომატებით ალყაში მოაქციეს. შუაში ჩავდექი, _ დაწყნარდი, მე ყველაფერს მოვუვლი-მეთქი. წამოვედით, ბაჩო დავამშვიდე, _ ჩემს თავზე ვიღებ, იგორს უკან დავაბრუნებ-მეთქი. ახლა მე იმედი მაქვს, რომ გელაევს დაველაპარაკები. გატანებით არ გავატან, მერე როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა?
ავედით, საკენამდე 21 კილომეტრია. საკენს რომ გავცდით, ტყეში, მჟავე წყლებსა და საკენს შორის, გელაევი დაგვხვდა თავისი ჯგუფით. გადმოვედით და გელაევს ვუთხარი, _ გავიდეთ, ერთი-ერთში ვილაპარაკოთ-მეთქი. ძალიან ცუდი რამ მქონდა ჩაფიქრებული. უფრო მდინარისკენ გავედით, რიყისკენ წავიყვანე, მერე რომ დამჭირვებოდა, გასაქცევი ადგილიც რომ მქონოდა, რადგან მარტო ვიყავი.
ვუთხარი, _ თქვენს ბიჭებს რაღაც ეშლებათ, შეიძლება მიამსგავსეს-მეთქი. _ ემზარ, ახლავე გავერკვევითო. დაუძახა თავის ერთ-ერთ მებრძოლს, ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელმაც იქვე დაიჩოქა, რაღაც ლოცვა წაიკითხა და დაიფიცა, რომ ყველაფერ სიმართლეს ვყვები, რაც კი ჩემს თვალწინ მოხდაო.
_ ეს ადამიანი ჩეჩნეთში ამა და ამ სახელით იყო შემოსული, ვითომ კორესპონდენტი, ირგვლივ ყველაფერი ვაჩვენეთ, რაც ხდებოდა, პოზიციები ნახა, სად გვყავდა ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დამალული და გავიდა თუ არა, ორ საათში დაბომბვა დაგვიწყეს, მთელი კოორდინატები მან გადასცა და ამის გამო ხალხი ამოგვიწყვიტესო.
ახლა გელაევს ვეუბნები, _ დავუშვათ, რომ მართლაც ისაა! მე, უბრალოდ, გეუბნები, რომ მაჩუქე ეს ადამიანი-მეთქი. სიტყვა-სიტყვით, _ „ვსიო“, ემზარ, საუბარი არ არისო! შვილებს ვფიცავარ, ასე მიპასუხა. _ უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს, _ არ გაუშვა ეგ კაცი, თორემ კიდევ დაგვაღალატებსო; სანამ ჩვენ აქ ვიქნებით, არსად გაუშვა და შენთან ერთად იყოს მჟავე წყლებზე აქვეო.
ამოვიყვანე მეუღლეც, შვილიც, ორივე იქვე, კარავში, მთელი ოჯახი ჩემთან ერთად მყავდა, გაყიდვის შიში რომ არ ყოფილიყო. მერე როდესაც წამოვედით, ესენი ყველა ჩხალთაში დავტოვეთ და გზა მარუხისკენ გავაგრძელეთ და მერე მარუხზეც გადავედით. ამ პერიოდში არსად თამაზაშვილი კი არა, იქ ჩამოსული სხვაც არავინ ყოფილა. ერთადერთი, თამაზ დუმბაძე იყო, ჩემი უფროსი ძმა და მეგობარი, გენერალი, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა და მეხმარებოდა. დანარჩენი მე იქ არავინ მინახავს. ხოლო დუმბაძე თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.
ახლა როგორი სიტუაციაა: უკვე ყველაფერს ვხვდები, რაც ჩვენს თავს ხდება. მე აქეთ კარავში ვარ და ისინი _ იქით, ტყეში დამალული მყავს. დუმბაძეს ვეუბნები, _ თამაზ, წამოდი და ერთი სპექტაკლი ნახე-მეთქი. _ რა სპექტაკლიო? _ ახლა შეიკრიბებიან და საერთო ხელმძღვანელად მე ამირჩევენ, რომ მერე ერთი კაი ჯოხი თავზე გადამატარონ-მეთქი. მაგრამ მე დავთანხმდები და ისინი ჩემი ჭკუით უნდა ვატარო, რათა ისინიც გადავარჩინოთ და საკუთარი თავებიც გადავირჩინოთ-მეთქი.
მივედით და ზუსტად ასე აგიხდეთ ყველაფერი. ჯოლოგუამ დაიწყო, _ ჩვენ ახლა ისეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი, სამშობლოს დაცვის, დაბრუნების (მაღალფარდოვანი სიტყვები) და ჩვენ ერთი საერთო ხელმძღვანელი გვჭირდებაო; წინადადება მაქვს, საერთო ხელმძღვანელი ემზარ კვიციანი იყოსო! ყველამ ტაში დაუკრა, სპექტაკლი შედგა. შტაბის უფროსიც დამინიშნეს, რომლის სახელ-გვარი არ მახსოვს, რადგან იმავე საღამოს გამიქრა იქიდან.
ახლა ვეუბნები, _ ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მაგრამ აქ ყველაფერი ისე წავა, როგორც მე, ოპერაციის ხელმძღვანელი გადავწყვეტ-მეთქი! პირველი რაც არის, თუ ვინმეს სახლში ავადმყოფი გყავთ, ან თავად ხართ ავადმყოფი, ან გული აღარ მოგიწევთ, დღესვე წადით აქედან-მეთქი. თუ არადა, აქედან რომ დავიძვრებით, მერე იცოდეთ, არც ერთს არ გაგიშვებთ უკან, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, მოღალატე იქნება და საველე კანონებით ადგილზე დაგხვრეტთ-მეთქი! დღეს დაისვენეთ და ხვალიდან მუშობას დავიწყებთ-მეთქი!
იმ ღამესვე რვა კაცი გამიქრა, მათ შორის, ის შტაბის უფროსი, რომელიც მანამდე დამინიშნეს. ამ რვა კაცს მერე ჩხალთაში ჩემი და დახვდა, _ რატომ მიდიხართ, ჩემი ძმა მიატოვეთ, ინფორმაცია რომ ვინმეს მიაწოდოთ, ისინი დაბომბონ და ძმა მომიკლანო?! ისინი ორი დღე არ გაუშვა. ეს ჩვენთვის სასიკეთოდ იყო, რადგან ამასობაში ადგილები შევიცვალეთ. ისინი აძგარის მჟავე წყლებიდან გამექცნენ
_ საუბარია იმაზე, რომ ჩეჩნების კოორდინატები გადაიცა და ამის შემდეგ ისინი დაბომბეს...
_ ვინ იცოდა ეს კოორდინატები? მე საიდან ვიცოდი ის კოორდინატები? ორი დღის დატოვებული მყავს, ის მოძრაობს და სად წავიდოდა, მე რა ვიცი? მაგრამ ერთი რაღაცაა, _ არ გამოვრიცხავ, რომ მარშრუტი იყო მიცემული, მაგრამ ვის შეეძლო, რომ ის მიეცა? ქუთათელაძესთან დაპირისპირებული ვარ, თარგამაძესთან ხომ საერთოდ. ყველაფერი, რაც კი ჩვენ წინააღმდეგ ცუდი კეთდებოდა, ამის კურატორი ალასანია იყო. ნუგზარ საჯაიამ კი გამარჯობაც არ მითხრა იმის გამო, რომ ცოცხალი დავბრუნდი.
მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენს მინისტრებს ჰქონდათ, ხუთ წუთში მოსკოვში ხვდებოდა. ამიტომ ახლა უკან მიბრუნებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი.
_ ჩეჩნების ის ჯგუფი ვინ დაბომბა?
_ რუსებმა დაბომბეს და ეს მე გელაევმა მითხრა. მთელ ამ პერიოდში ჩვენ ერთი მეგზური გვყავდა, მეტსახელად „ბაბუ“. მან გულრიფშის რაიონი მთლიანად იცოდა. როდესაც ქუთაისში ჩამოვფრინდით, ეს ულვაშიანი „ბაბუ“ გამიქრა. მერე გავიგე, რომ ის სწორედ უშიშროებიდან ჩემზე ყოფილა მომაგრებული... მაგრამ ეს „ბაბუ“ ძალიან მაგარი კაცი იყო. მას ინფორმაცია ალასანიასთან და მის უწყებასთან იმიტომ კი არ მიუტანია, რომ ისინი ჩაეშვა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავის სახელმწიფოს ემსახურებოდა. მთელი გზა ვეუბნებოდი, რომ თქვენი უფროსები მთლად სუფთები არ არიან და ბოლომდე ნუ ენდობით-მეთქი! მაგრამ მე რას დამიჯერებდნენ? მოგეხსენებათ, „კამანდის“ ქვეშ არიან.
მოკლედ, ამ „ბაბუმ“ ჩვენებს ეს მარშრუტი უთხრა, ჩვენებმა რუსებს გადასცეს და მათ რომ დაბომბეს, ეს ასპროცენტიანია. ჩეჩნებმა მათი ერთი ვერტმფრენი ჩამოაგეს კიდეც. 8 ცალი „იგლა“ ჰქონდათ. ამას თვითონ გელაევი მიყვება. ალბათ, 2001 წლის 12-13 ოქტომბერი იქნებოდა, თურმე ვერტმფრენები რომ წამოვიდნენ, ესენი ცეცხლთან სხედან, ვერტმფრენის ხმა რომ გაიგეს, _ გუბერნატორი (მე ვეგონე) მოფრინავსო, გახარებულები ყოფილან, ახლა საჭმელ-სასმელს მოგვიტანსო. ჩვენს მტერს, გუბერანტორი კი არა, დასცხეს და დასცხესო! არ დაიმალნენ, შეეძლოთ დამალვა და არაფერი მოუვიდოდათ.
ანუ სამი ზუგდიდელი ბიჭი (სპეცრაზმელები) და ერთი „ბაბუ“ გადმომყვნენ ქუთაისში. რომელიღაცამ უშიშროებას მოახსენა და ხეობა და ჩეჩნები მერე დაიბომბა. შეცდომა ის არის, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა გადმომეყვანა.
_ პროცესი როგორ გაგრძელდა?
_ იქ რვა ქისტი დაიღუპა, ძალიან მაგარი ბიჭები, დამეგობრებული ვიყავით. დაბომბვისას ჩეჩნები არ დაღუპულან, ისევ ჩვენი ქისტი-ქართველები შეეწირნენ. ჩავედი და დავქოქე კობაც, დათოც, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. თევზაძე და კობალაძე რომ არ ყოფილიყვნენ, მე ვერაფერს გავხდებოდი. მანქანები, ვერტმფრენი გამომიგზავნეს.
ახლა ისეთი სიტუაციაა, იქიდან გელაევი ცოცხალი როგორ გამოვაპარო, ძალიან საშიში რეალობაა. რაციით ველაპარკები თბილისში და ვეუბნები, _ ვერტმფრენით ვაგზავნი ქალებსა და ბავშვებს, აქ დაგვბომბეს, მთელი ამბებია და ქალებსა და ბავშვებს ხეობიდან ვიშორებ-მეთქი. რაციაზე, რა თქმა უნდა, მისმენენ.
ამ დროს ვერტმფრენი მიფრინავს და ორმა რუსულმა გამანადგურებელმა პირდაპირ ვერტმფრენს ჩაუქროლა, შიგნით კიდევ გეალევი ზის, წარმოიდგინეთ. მაგრამ მე რომ გადაცემული მქონდა, ბავშვებსა და ქალებს ვაგზავნი-მეთქი, ეს, რა თქმა უნდა, მოისმინეს და რეალურად ასეც ეგონათ.
მოკლედ, გეალევი იქიდან მოვაშორეთ და მერე უკვე მანქანებით დანარჩენიც. ქუთაისში, კოპიტნარში, ტყეში მყავდა და მერე იქიდან მანქანებით წამოვიყვანე და პანკისში გადავიყვანე. მშვიდობიანად ჩავაბარე თავის ოჯახს მთელი თავისი ჯგუფით.
ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩუმ-ჩუმად გვეპარებოდნენ და ტყვეობაში ვარდებოდნენ. ჩეჩნებიც გადავიდნენ. ასევე 9 ოქტომბერს გაეროს ვერტმფრენი ჩამოაგეს. ჩეჩნებს აწყობდათ მისი ჩამოგდება, რადგან საერთშორისო ტერორისტის წოდება მაშინ მიიღეს.
გელაევს ვკითხე, _ ეს რა გააკეთე-მეთქი?! და _ ემზარ, მაპატიე, მაგრამ მე თუ დავალებას არ შევასრულებ, რაც სპონსორებმა შემიკვეთეს, ფულს არ მომცემენ და ამ ადამიანებთან რა გავაკეთოო? ანუ დაკვეთილი იყო, რომ ვერტმფრენი უნდა ჩამოეგდოთ. 9 კაცი დაიღუპა, ერთი ჩვენი ქართველი გოგოც იყო იქ, თარჯიმანი. იქ ყოველთვის სომეხი მთარგმნელი იყო, არტურა, მაგრამ იმ დღეს, რატომღაც, ის არ იყო. იქ უნდა ყოფილიყო გენერალი ბაჯვა, ისიც შვებულებაში ჰყავდათ გაშვებული. ხოლო უნგრელი პოლკოვნიკი, რომელიც ყველაზე მეტად გვიჭერდა მხარს, იმ დღეს, მაინცდამაინც, ისიც ჩამოაგდეს. ამასთან დაკავშირებით დღემდე დაკითხულიც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ეს არავის აინტერესებს!
ახლა როგორი სიტუაციაა: უთენია დილით ესროლეს და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. სასმელ-საჭმელი საერთოდ აღარ გვქონდა. სადღაც ცხენი მოკლეს და იმას უმად ვჭამდით, სისხლი ასე ჩამოგვდიოდა. მეორე დილით ეს ამბავი მოხდა, რადგან ცეცხლს ვერ ვანთებდით, თავზე ვერტმფრენები დაგვტრიალებდნენ.
ამის მერე, როგორც კი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, _ ახლავე ჩავალთ, ვერტმფრენს ვნახავთ, სიტუაციას დავათვალიერებთო. იქ ღამით რუსულ ძალებთან შეტაკება მოგვივიდა, ვერტმფრენებიდან დაგვბომბეს. ისე დავბრუნდით, რომ იქ ერთი-ორი კაცი დაჭრეს, სიკვდილით არავინ მომკვდარა. უკან წამოვედით. _ „ვსიო“, დავალება შესრულებულიაო. გელაევს ვეუბნები, _ კი მაგრამ, ჩვენ ხომ საომრად წამოვედით, უკან რატომ მივდივართ-მეთქი?
_ არა, დამთავრდა, ემზარ, მე ვხედავ, რომ ქართველებს აქ არ ვჭირდები და უკან წავედითო.
მაგრამ აქამდე კიდევ ერთ კარგ ეპიზოდს მოგიყვებით:
_ ვალერი ჩხეიძეს ფული მივეცი, რომ ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ნაკრის უღელტეხილიდან, 14 ჩემი მებრძოლი გადმოეყვანაო; ჰოდა, გადმოიყვანეს, განაიარაღეს და ციხეში ჩასვესო; ამისთანა რა არის, ამას ქართველები რატომ შვრებითო? _ მეკითხება გელაევი თავშივე, როცა ერთმანეთს შევხვდით.
ახლა რომ გადავედით, ორი თვე ერთად ვართ, უკვე დავძმაკაცდით, ბევრი ვიჩხუბეთ კიდევაც, ლამის დავაყარეთ, იარაღამდე მივედით, მაგრამ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და მას მერე ძმობა ვთქვით, იქამდე მივედით.
ერთხელაც, იქით ვართ გადასულები, მოდის, და... _ ემზარ, ერთი წუთით შენთან შეიძლებაო? _ კი ბატონო-მეთქი. გამიყვანა და, _ მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ჩვენ,