QronikaPlus
რატომ არ დაიჭირეს ცეზარ ჩოჩელი?

რატომ არ დაიჭირეს ცეზარ ჩოჩელი?

2016-08-16 11:39:29

  შპს „ნიუ ენერჯის“ სახელს უკავშირდება ცეზარ ჩოჩელის უმცროსი ძმა, იაგო ჩოჩელი, რომელიც კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი იყო. ამ ფაქტზე დღევანდელი თბილისის მერი და მაშინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, კომპანია „ნიუ ენერჯის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე აცხადებდა, რომ კომპანიას არ ძალუძს, ბოლომდე მიიყვანოს აღებული პროექტები, საბანკო დავალიანებები აქვს და ამიტომაც ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დოკუმენტაციას ფინანსთა სამინიტროს გადაუგზავნიდა. ნარმანიას განცხადებით, კომპანია „ნიუ ენერჯის“ უნდა განეხორციელებინა აღმოსავლეთ-დასავლეთისა და თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები _ ჯამში, „ნიუ ენერჯიმ“ განსახორციელებლად აიღო 7-8 პროექტი. კიდევ უფრო საინტერესო გახლდათ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება, რომ მას კითხვები აქვს შპს „ნიუ ენერჯისთან“ და უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, თუ რას საქმიანობდა რეალურად ,,ნიუ ენერჯი“. წესით და რიგით, კახი კალაძეს ეს კითხვები არ უნდა გასჩენოდა, ვინაიდან მისი პირველი მოადგილე, ილია ელოშვილი, 2010-2011 წლებში „ნიუ ენერჯის“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა და ყველა ამ კითხვაზე სწორედ ელოშვილს უნდა გაეცა პასუხი. ელოშვილი ჩოჩელის კომპანიას ტექნიკურ საკითხებში ხელმძღვანელობდა და ლოგიკას თუ მივყვებით, კომპანიის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებელიც გახლდათ. ამიტომაც „ქრონიკა+“ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მოადგილის, ილია ელოშვილის „ნიუ ენერჯის~ ხელმძღვანელად ყოფნით დაიწყებს და 2010-2011 წლებში განხორციელებული პროექტების გაუხმაურებელი ფაქტებით დაასრულებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ნიუ ენერჯი“ 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო წესდება, ანუ ვინ არიან უპირატესი წილის მფლობელები, გასაჯაროებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამ დღეებში მოგვაწოდებს სრულ პაკეტს, მათ შორის, როგორ ხდებოდა წლების მიხედვით წილების გადანაწილება. კომპანია „ნიუ ენერჯი“ საქართველოში ჩატარებული ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდერების გამარჯვებულია. ასე მაგალითად: 2010 წელს ბათუმში  წყალკანალ-სისტემის რეაბილიტაციის პროექტში რვა მილიონი ევროს ტენდერი მოიგო. მანვე 2011 წელს მოიგო გონიო-სარფში წყალკანალის სისტემის მშენებლობის 4-მილიონიანი ტენდერიც.   სისხლის სამართლის ფაქტი #1   პროკურატურაში დევს ენვერ ბარამიძის საჩივარი, რომელიც 2011 წლის ამბებს გვიყვება, როდესაც „ნიუ ენერჯიმ“ თავისი ტექნიკა გონიო-სარფის წყალკანალის სამშენებლო სამუშაოებისთვის მისი ეზოს პირდაპირ ჩააყენა. მძიმე ტექნიკის მანქანები პოლიციის განყოფილების ეზოს გავლით მოძრაობდნენ. სანაპიროზე მათ ინერტული მასალის დასახარისხებელი დანადგარი ეყენათ, რომელიც განუწყვეტლივ ხმაურობდა. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა საჩივრით პოლიციას ხმაურისა და ბუღის გამო, მაგრამ „ნიუ ენერჯის“ ხელმძღვანელობამ მოსახლეობის პროტესტი არაფრად ჩააგდო. ეუბნებოდნენ, რომ კომპანია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ეკუთვნოდა და სჯობდა, გაჩუმებულიყვნენ. ამის შემდეგ მოვლენები მეტად საინტერესოდ ვითარდება. მოსახლეობას ხელისუფლებასთან რომ არაფერი გაუვიდა, საქმეში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართეს. ერთ-ერთი ასეთი უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძის თქმით, გონიოს პოლიციამ მისი სტუმრობისას შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა. აი, რას ჰყვება მერაბ ღოღობერიძე: „უბნის ინსპექტორი ვინმე ფუტკარაძე პოლიციის პიკაპით მოვიდა და პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა. მალე სხვა პიკაპით „ნიუ ენერჯის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც ჩემს მოქრთამვას შეეცადნენ. ერთი ბათუმელი, გონიოს მშენებლობის ხელმძღვანელი იყო, მეორე კი თბილისის სათავო ოფისიდან. მითხრეს, რომ თანხა დამესახელებინა, ან დამასაქმებდნენ. ყველაზე მეტად რამაც გამაოგნა ის გახლდათ, რომ „ნიუ ენერჯის“  ხელმძღვანელობას მთელი პოლიცია ემორჩილებოდა, განყოფილების უფროს მალხაზ გაბაიძეს კი „ნიუ ენერჯის“ სათავო ოფისის წარმომადგენელი ბრძანებებს აძლევდა“. ეს მეტად მნიშვნელოვანი ჩვენებაა, როდესაც კერძო კომპანიის წარმომადგენელი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების თვალწინ უფლებადამცველის მოქრთამვას ცდილობს.   სისხლის სამართლის ფაქტი #2 2013 წელს პარლამენტში შესული „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ღიად გამოვიდა აჭარაში შექმნილი ეკოლოგიური საფრთხის  საკითხით: „ტენდერების გამოცხადება იყო კანონის საწინააღმდეგო, როდესაც კომპანიებს, რომლებიც უმაღლესი ეშელონებიდან „იკრიშება“, ნება დართეს, ჭოროხის კალაპოტიდან ნატანი ამოეღოთ. სწორედ ჭოროხის ნატანით შეიქმნა კახაბრის დაბლობი, რომელზედაც ბათუმი მდებარეობს. ესენი იმდენს იზამენ, რომ რამდენიმე წელიწადში არც გონიო იარსებებს და არც _ ბათუმი. ახლა კი რას აკეთებენ?! _ ნატანს აცლიან ზღვას და მალე ბათუმის ადგილს ზღვა დაიკავებს!“ ამის პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, კობა თედორაძემ, განაცხადა, რომ პლაჟიდან ხრეშის აღების ლიცენზია არ გაიცემა, ვინაიდან ნატანის აღება კრიმინალია. მისივე ინფორმაციით, 2006-2010 წლებში მდინარე ჭოროხიდან ნატანის ამოღებაზე 28 ნებართვაა გაცემული, რომლიდანაც ნაწილს უკვე დაუმთავრდა ლიცენზიის ვადა, ახალი ლიცენზიები კი სამშენებლო სამუშაოებისთვის აღარ გაიცემოდა. მთლიანობაში სახელმწიფომ გაცემული ლიცენზიებიდან 600 ათასი ლარი მიიღო. მარტო 2012 წელს ნაპირების გამაგრებისთვის 1 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო. 2013 წლის მარტში ფინანსურმა სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კობა ზაქარაია და აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი, ვასილ თავართქილაძე. ვაკონკრეტებთ, დაკითხვაზე და არა გამოკითხვაზე. მიზეზი კი შემდეგი იყო: კომპანია „ნიუ ენერჯის“ 70%-ის მფლობელი ლუხუმ კაპანაძე გახლდათ. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიზნესინტერესების წარმომადგენლად მიიჩნეოდა. მერაბიშვილი და კაპანაძე თანასკოლელები არიან. კაპანაძე „ნიუ ენერჯის“ გარდა ფლობდა „ბათფარმას“ და „ბათოილს“. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ორივე კომპანია ვანო მერაბიშვილის სახელთან ასოცირდებოდა.   სისხლის სამართლის ფაქტი #3 გადის რამდენიმე თვე და „ნიუ ენერჯის“ საქმესთან დაკავშირებით სკანდალში ჩართული აღმოჩნდება კიდევ ერთი, ქვეყნის უმაღლესი პირი _ ექსპრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელსაც დაკითხვებზე მოუწია სიარული. „ქრონიკა+“ აქვეყნებს გილაურის მიერ  ხელმოწერილ სკანდალურ 2011 წლის ბრძანებას: „შპს ,,ნიუ ენერჯის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების შესახებ 1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით, დამტკიცებული დებულების 74-ე მუხლის საფუძველზე, სოფელ ხიზაბავრას წყალსაცავის მშენებლობის მიზნით შპს ,,ნიუ ენერჯი“ განთავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 30 000 მ3 ანდეზიტბაზალტისა და სოფელ ვარგავის მიმდებარე ტერიტორიაზე 131 100 ტ თიხოვანი გრუნტის მოპოვება შემდეგი X კოორდინატების საზღვრებში (მოცემულია კოორიდნატები); 2. შპს ,,ნიუ ენერჯიმ“ უზრუნველყოს სსიპ _ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური“. მარტო ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე გილაურზე და აი, რატომ: პირველი _ სოფელ ხიზაბავრას წყალსაცავის მშენებლობისგან 3 თვით ათავისუფლებ კომპანიას, რომელსაც ტენდერით ეკისრება ვალდებულებები და მოცემულ ვადებში უნდა მორჩეს მშენებლობას და სასწრაფოდ აგზავნი უფრო ღირებულ ობიექტზე; მეორე _ რატომ გადაეცა და არ გამოცხადდა ანდეზიტბაზალტის მოპოვებაზე ტენდერი, მაშინ როდესაც ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა?!!   სისხლის სამართლის ფაქტი #4 მესტიის ასაფრენი ბილიკის გაფართოება 2011 წლის მაისში დაიწყო. ეს ბილიკი 16 მესაკუთრის მიწაზე უნდა გასულიყო, ამიტომაც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, კანდიდ კვიციანი, მიწის მესაკუთრეებს 1 კვ.მ-ზე 10 ლარის გადახდას შეჰპირდა. თუმცა ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მისულ მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა 3.60 ლარამდე შემცირებული დახვდათ. ამის გამო მთელმა რიგმა მესაკუთრეებმა უარი განაცხადეს ხელშეკრულების გაფორმებაზე.  შესაბამისად, მათ საკუთარი მიწა არ გადაუციათ მშენებელი კომპანიისთვის. მიუხედავად ამისა, „ნიუ ენერჯიმ“ მაინც დაიწყო ბილიკის მშენებლობა მათ მიწებზე, ანუ უცხო კერძო საკუთრებაზე.   სისხლის სამართლის ფაქტი #5 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, 2011 წლის 3 მაისს და 15 ივნისს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ მესტიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის შესახებ გამოცხადებულ პირველ ტენდერში გამარჯვებულად „ენგური 2006“ და შპს „დაგი“, მეორე ტენდერში კი შპს „ენგური 2006“ და შპს „ნიუ ენერჯი“ დაასახელა. საერთო სატენდერო თანხამ 17 396 607 ლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, შპს „ენგური 2006“-ის 50%-იანი წილის მფლობელი მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, კანდიდ კვიციანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ ამ ფაქტზე საქართველოს პროკურატურას, სხვა სამართალდამცველ ორგანოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ნოტა გაუგზვანა, დაუყოვნებლივ მიეღოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, უზრუნველეყოთ ადგილობრივი მესაკუთრეების უფლებების დაცვა და სათანადოდ გამოეძიათ აღნიშნული საქმე. ორგანიზაციამ ასევე მთავარ პროკურატურას მოუწოდა, შეესწავლა შპს „ენგური 2006“-ის, შპს „დაგის“ და შპს „ნიუ ენერჯის“ მიერ მოგებული ტენდერები.   გაგრძელება შემდეგ ნომერში  

                                                                                                                მარიამ ბალანჩივაძე

 

გაზიარება