მოვიდნენ, დავანაყრეთ, არ დავზოგეთ მათთვის თანხები, ვიფიქრეთ, რომ უნდა ეშველათ...
მიდიან და 4 წლის მანძილზე, მინიმუმ, ზრდილობისთვის მაინც არ შეუცვლიათ დეკლარაციები...
რატომ? ალბათ, იფიქრეს, გავიშიფრებითო...
მაგრამ დაავიწყდათ, _ ისინი მოსვლისთანავე გაშიფრულები არიან...
გელა სამხარაული
თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის ქონებრივ დეკლარაციაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნამატია _ 1316 კვ.მ., დანარჩენი კი უცვლელეად გამოიყურება. დეკლარაციის მიხედვით სამხარაული არც მილიონერი ჩანს და არც ურიგო ქონების მეპატრონეა.
საცხოვრებელი სახლი თელავში იყალთოს ქუჩაზე, ფართობი _ 530 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი ალავერდში, ფართობი _ 85000 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი ყვარელში, ფართობი _ 100000 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ფართობი _ 9000 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი თეთრი წყაროში, პანტიანში, ფართობი _ 10000 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი ალავერდში, ფართობი _ 900 კვ.მ.;
არასაცხოვრებელი ფართი ალავერდში _ ფართობი 900 კვ.მ.;
ავტოფარეხი თბილისში ნუცუბიძის მე-5 მკრ-ში, ფართობი _ 15 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი თელავში, ფართობი _ 4500 კვ.მ.;
მიწის ნაკვეთი თელავში, იყალთოს ქუჩაზე, ფართობი _ 1316 კვ.მ.;
მეუღლის, ნატო თხლაშიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ნუცუბიძის მე-5 მკრ-ში, ფართობი _ 150 კვ.მ.
ნანა ყეინიშვილი
რაც შეეხება ახმეტელ კიდევ ერთ პარლამენტარს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნანა ყეინიშვილს, მან ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 5 იანვარს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად ფლობს:
თბილისში 80.00 კვ.მ ფართობის ბინისა და 600.00 კვ.მ. ფართობის მიწას; ზემო ბეთანიაში 250.0 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს და 2700.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს.
ამ უძრავ ქონებას დეპუტატი 2012 წლებშიც ფლობდა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ყეინიშვილს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტზე 120.00 ევრო, ხოლო „ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3461.00 ლარი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით მას „თიბისი ბანკის“ დეპოზიტზე 2258.00 დოლარი, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 5787.00 ლარი ჰქონდა, 2013 წელს კი „თიბისი ბანკის“ დეპოზიტზე 140.00 ევრო და „ქართუ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 3374.00 ლარი ერიცხებოდა.
მიმდინარე წლის დეკლარაციის თანახმად, დეპუტატს სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები არ გააჩნია. მას საქართველოს პარლამენტში სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 61 790.00 ლარი აქვს მიღებული.
ზურაბ ზვიადაური
ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის დეკლარაცია სოციალურად დაუცველის დეკლარაციას უფრო ჰგავს, ვიდრე ოლიმპიური ჩემპიონისა და პარლამენტარის წევრისას. ერთადერთი, რაც 2012 წელს ზვიადაურის საკუთრებაში იყო, ავტომობილი BMV KAX001-ია. თუმცა 2012-დან 2016-მდე ცვლილება მხოლოდ ავტომობილის toyota camry Ju 090 Do გამოცვლით შემოიფარგლა.
დეპუტატების საჯარო ქონებრივი ჩამონათვალი რამდენად გულწრფელია, ეს საკითხავია. თუ მათ მიერ შეძენილი ქონება არ ახსოვთ, სამაგიროდ მათ აწ უკვე ყოფილ ამომრჩეველს ამახსოვრდება... ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ...
რატომ ავირჩიე ეს სამი დეპუტატი? ალბათ, იმიტომ, რომ მართალია, მათი ე. წ. გუნდი არ დაშლილა, მაგრამ დღეს ერთმანეთთან უკვე მამასისხლად გადაკიდებულები არიან. ასე რომ, თუ უახლოეს დღეებში ზვიადაური საპარლამენტო მერხზე სამხარაულს მიუხტა, არ გაგიკვირდეთ. მიზეზი მარტივია. როგორც მოქმედი მაჟორიტარი ამბობს, ახმეტა მისია და სამხარაულს კი, თუ ამ რაიონში იყრის კენჭს, „აიღებს და შემოაწყვიტებს“.
ყეინიშვილი ქალია და შემოწყვეტ-გადაწყვეტა არ ეხერხება, თუმცა მისი ახმეტის გარემოცვა ყვება, რომ სამხარაული ზვიადაურის წყევლით გულს კარგად იჯერებს.
სასაცილო მხოლოდ ერთი ფაქტორია: უნდათ თუ არ უნდათ, ამ დეპუტატებიდან სამივეს ქონებრივი დეკლარაცია გაზრდილი აქვს დეიდებზე, მამიდებზე, ბიძებზე და ნათესავს კი რა გამოლევს საქართველოში?! მათი მიწების მომიჯნავე მეზობლებმა ზუსტად იციან, სად არის ზვიადაურის, სად _ სამხარაულის და სად _ ყეინიშვილის. სამივეს დაზღვეული აქვს, რაც აქვს... ქონებრივ დეკლარაციაში ზოგს ოჯახის წევრიც დამალული ჰყავს და ცალკე კომლად გვევლინება...
ფაქტი ერთია, მოქმედი დეპუტატებიდან ყველაზე შეძლებული სამხარაული ჩანს. ასე რომ, ჩვენში ვისაც მეტი აქვს, მასვე ირჩევს ერი...
მაკა მოსიაშვილი