ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის 1966 წელს გადაღებული ფილმის, ,,2001 წლის ოდისეის“ მთავარი გმირის, კომპიუტერ-ადამიანის სახელია Hal-ი. თვითონ კუბრიკი უნიჭიერესი კაცი იყო და მან კარგად იცოდა კინოხელოვნების ძალა. ეს სახელი ამერიკულ ინგლისურში, დაახლოებით, ისე გამოითქმის, როგორც სიტყვა Hell, რაც ჯოჯოხეთს ნიშნავს. ამ ორ სემიოტიკურ ნიშანს შორის პატარა სხვაობა კი არის პრონონსისას, მაგრამ თვით ამერიკელი ფილმის მაყურებლის 99 პროცენტიც კი, თუ ის საინტერესო და დაძაბული სიუჟეტის ყურების პროცესშია ჩაბმული, ვერ მიხვდება, რომ ამ ახალ ,,სუპერ-გმირს“ ჯოჯოხეთი კი არა, უბრალოდ, Hal-ი ჰქვია.
კინოს ამ ხერხის გამოყენების მიზანი ცხადია, რეჟისორს მთავარი ,,სუპერ-გმირის“ სახელიდან უკვე გარკვეული დასკვნა უნდა, რომ გამოგვატანინოს. თუმცა ამ ერთი შეხედვით უაღრესად პროფესიონალ კომპიუტერ-ადამიანს, რომელიც კოსმოსურ ხომალდში ჯერ კიდევ ადამიანებად დარჩენილ არსებებს ეხმარება, ისეთი სანდომიანი და უემოციო ხმა აქვს, როგორც დღეს, მაგალითად, ამერიკელი პროფესიონალი კარიერისტების 99 პროცეტი ლაპარაკობს. და არა მარტო ამერიკელი. გლობალური სისტემის გავრცელების შემდეგ Hal -ის ინტონაციით ლაპარაკობს ბევრი პოლიტიკოსი, ,,ენჯეოშნიკი“ თუ სხვა ტიპის ,,პროფესიონალი“ საქართველოშიც, რუსეთშიც, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაშიც და აზიის კონტინენტზეც. მოკლედ, ფილმის სიუჟეტს რომ დავუბრუნდე, Hal-ი კეთილი განზრახვითაა შექმნილი, რომ დაეხმაროს ასტრონავტებს რთულ სიტუაციებში უკეთ გასარკვევად და პრობლემების ზედმეტი ემოციიების გარეშე მოსაგვარებლად. ჩვენი ,,განმანათლებლების“ ერთ-ერთი მთავარი უპირობო აქსიომა ხომ ის არის, რომ ადამიანი ემოციებს არ უნდა აჰყვეს. დასავლური ინსტიტუციური სექსიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თითქოს უემოციო მამაკაცები ქალებს ,,ემოციურ და სუსტ არსებებად“ მოიხსენიებდნენ და მათ სამსახურებრივი წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. Hal-იც სრულიად უემოციოა, თუმცა მისი ხმა ისეთივე კეთილგანწყობილია, როგორც აუდიტორიის საყვარელი ტელეწამყვანი, ან მეტროში ჩაწერილი თბილი ხმა, რომელიც იმას გვაუწყებს, თუ როდის იხურება და იღება კარი. მოკლედ, ეს არის მეცნიერების მიერ შექმნილი ,,სუპერ-ადამიანი“ _ 1966 წელს ადამიანი კოსმოსში ახალი შესული იყო და, აქედან გამომდინარე, დიდ იმედებს ამყარებდა კომპიუტერებზე. სწორედ ამიტომაცაა, რომ კუბრიკის ფილმში კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის ყველა წევრს სწორედაც რომ, პირველ რიგში, Hal-ის იმედი აქვს. ის ხომ არასდროს შეცდება _ ის ხომ სუპერრაციონალური მანქანაა. მაგრამ ფილმის მსვლელობისას ასტრონავტები ატყობენ, რომ უეცრად მათი მეგობრები ავადდებიან და მერე ნელ-ნელა ხომალდზე სიკვდილიც შემოაბიჯებს. თავიდან ამის მიზეზს ვერავინ იგებს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეკიპაჟის ორი წევრი ერთმანეთთან გაისაუბრებს და მათი შთაბეჭდილება სრულიად დაემთხვევა. ეს უბედური შემთხვევები ,,სუპერმენ-კომპიუტერ-ადამიანის“ არასწორ მოქმედებას უკავშირდება. ისინი მაშინვე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გამორთონ ეს კომპიუტერი. ამ დროს ასტრონავტები ზედმიწევნით ჩუმად ლაპარაკობენ, მაგრამ ,,ნურას უკაცრავად“, როგორც ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა,Hal -ი იმდენად გაწვრთნილია, რომ მას საუბრის მოსმენა პირის ცმაცუნის მიხედვითაც შეუძლია. ,,სუპერ-გმირი“ მოისმენს მათ საიდუმლო საუბარს და ძალიან გულგრილად და კომპიუტერულად გადაწყვეტს მათ განადგურებასაც. რაც მთავარია, ის ლოგიკურად აზროვნებს, მას უნდა, რომ პიროვნული (და მისი გაგებით ეროვნული) უსაფრთხოების საკითხი მოაგვაროს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მოკლავს და შემდეგ ცივსისხლიანად შეასრულებს დავალებას. მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც მას სასწაულად გადაურჩება, ის ,,სუპერ-გმირი“ და ,,სუპერ-რაციონალური“ ადამიანი-მანქანა Hal-ი კი აღარ არის, არამედ ის უკვე ჯოჯოხეთია _ ანუ Hell-ი. ადამიანების დასახმარებლად შექმნილი მანქანა ქვესკნელის განსახიერება ხდება კოსმოსში. სტენლი კუბრიკი არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო და არც პროტესტანტი ფუნდამენტალისტი. ის წარმოშობით ებრაელი იყო, მაგრამ უკიდურესად სეკულარული.
XX საუკუნის ფილოსოფოსებიდან ბევრი ხმარობდა ტერმინ ,,გაუცხოებას“, რომელიც, სხვათა შორის, მარქსს ეკუთვნის. კაპიტალისტური წარმოების პირობებში, მარქსის თანახმად, ადამიანი საკუთარი არსებისგან უცხოვდება _ ის მას შორდება მონური შრომის პირობებში. ეგზისტენციალისტებმა ამას დაამატეს ის, რომ ეს ადამიანი სხვა ადამიანებსაც შორდება _ მათთვისაც უცხო ხდება, რადგან მუდმივი კონკურენციის პირობებში ყველა შენი მტერი ხდება. ცხოვრება, ჰობსის არ იყოს, ხდება ,,ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ“, სადაც არსებობენ დროებითი მოკავშირეები, მაგრამ არ არსებობენ მუდმივი სიყვარულის ობიექტები. ეგოიზმი გახდა ცხოვრების წესი. თუკი XX საუკუნეში ამ ეგოიზმს ბევრი კითხვის ნიშანს უსვამდა, ჩვენი ახალი საუკუნისა და ათასწლეულის დასაწყისში უკვე მკრეხელობაც კია, კარიერიზმი და ეგოცენტრიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. დღევანდელი ახალგაზრდა ბურჟუა კარიერისტი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ,,პრიორიტეტი“ საკუთარი თავია და მან პირველ რიგში თავის კარიერას უნდა მიხედოს _ და მერე ყველაფერ დანარჩენს. საშინელი კონკურენციის პირობებში კი სახლში ბევრი ადამიანის ყოფნა არანაირად არ არის სასარგებლო. პირველ რიგში, ეს ადამიანები გესაუბრებიან, ან სულაც ყვირიან და არ გაძლევენ დასვენების საშუალებას; მეორე, მათთან ერთად ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია ,,წააწყდეს“ შენს კომერციულ საიდუმლოს. ასეთი საიდუმლო კი დღეს თითქმის ყველა კარიერისტს აქვს. ამიტომაც უნდა იცხოვრო მარტო, ან, მაქსიმუმ, ერთ ,,პარტნიორთან“ ერთად. ხშირ შემთხვევაში ეს პარტნიორი ცხოველია _ მაგალითად, მოშინაურებული ძაღლი, ან კატა, ანაც ხვლიკი ან გველი. ეს ცოცხალი არსებები არანაკლებ საყვარლები არიან მოსაფერებლად დღევანდელი Hal-ოიდი კარიერისტებისთვის, ვიდრე მათ ადგილას მყოფი ადამიანი, რომელიც უეჭველად ნერვებს მოუშლის უდროო დროს. თუმცა ეს ოხერი ბავშვები მაინც ჩნდებიან. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება ხანდახან მაინც მთავრდება იმით, რომ ბავშვი ჩნდება. ეს, როგორც ეტყობა, მუდმივი ინსტინქტია: ქალსა და კაცს, ორივეს, რაღაც მომენტში უნდება, რომ ბავშვი გააჩინოს. ჰოდა, ეს ბავშვები რომ ჩნდებიან, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ მათგან გავაკეთოთ ,,ავეჯად ქცეული ადამიანები“? ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნება განსაკუთებული მიჯაჭვულობა, რომელიც სიყვარულის გულისთვის თავის კარიერას მეორეხარისხოვნად არ ჩათვლის და რომელიც, ,,ღმერთმა დაიფაროს“, და სენტიმენტალური გრძნობების გულისთვის არაპროდუქტიული გახდება. ტიტუ! ეს ნამდვილად დაუშვებელია ჩვენი ,,ცივილიზებული სამყაროსათვის“, ამიტომაც გამოჰყავთ Hal -ის ტიპის ადამიანები, რომლებიც რობოტების მსგავსი არსებები ხდებიან _ მათი დაპროგრამება შესაძლებელი ხდება. ვალტერ ბენიამინი და კრიტიკული თეორიის სხვა წარმომადგენლები ძალიან კარგად აღწერენ იმ პროცესს, სადაც ხდება ტიპური დასავლელი ,,ქლიავი მოქალაქის“ საბოლოოდ ,,დაქლიავება“ და პროდუქტიული შრომის პროცესისადმი მისი დამონება. ამისათვის გამოიყენება არა მარტო ბანკის კრედიტების სისტემა, არამედ დიდი გართობის ინდუსტრიაც, თავისი სექს-ინდუსტრიით, ქიჩური ვითომ-ხელოვნების, ანუ ,,შოუბიზნესის“ ნაწარმოებებით, ახლა უკვე უამრავი ვირტუალური კაზინოთი და ნებისმიერი თამაშით. ამით ადამიანს ილუზია ექმნება, რომ ის ხელფასის მონა არ არის. მაგრამ გავიხედოთ და ვნახოთ როგორი სურათია ჩვენს ნაქებ XXI საუკუნეში? დღეს ადამიანი ისეთი დაუნდობელი და ხარბია, როგორც არასდროს. სიხარბისა და ქონების დატაცების გამო მკვლელობების ციფრმა ყველა რეკორდი მოხსნა. დღეს ჩვენ შიმშილით და მარტივი დაავადებებით უფრო მეტ ადამიანს ვკლავთ წელიწადში, ვიდრე ნაცისტებმა მთელი ჰოლოკოსტის მანძილზე მოასწრეს. ეს ოფიციალური ფაქტებია _ გარეოს განვითარების პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიებული. ეს კვლევის შედეგები ახლა არ ხმაურდება. თავის დროზე ბერტოლდ ბრეხტი და ვალტერ ბენიამინი რამხელა იმედს ამყარებდნენ რადიოსა და ფილმის ძალაზე. მათი აზრით, ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ დაგვანახონ ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა _ ანუ აუთენტურად გადმოგვცენ ის უბედურება, რომელშიაც ჩვენი საკუთარი სიხარბე და ეგოიზმი გვაგდებს. თუმცა რა, _ გვიშველა ფილმებმა? კი, შეიძლება ჩაპლინის ფილმებმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა, ბევრი ადამიანი გააკეთილშობილა ,,კაბირიას ღამეებმა“, ან ,,როკო და მისმა ძმებმა“, თუნდაც კუბრიკის ფილმებშიაც რამხელა სიბრძნეა, მაგრამ ,,გართობის ბიზნესი“ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ნამდვილი ხელოვნება _ აი, აქ ვერ გამართლდა ბენიამინისა და ბრეხტის წინასწარმეტყველება. ოპტიკურმა რადიომ, ანუ ტელევიზიამაც ვერ მოიტანა ადამიანების განთავისუფლება დომინაციისგან. დღევანდელი ტელევიზიის გადაცემებიც, ძირითადად, ზედაპირულია და ყვითელი, პირდაპირ რომ ვთქვათ. სიღრმისეულ პრობლემებზე ბევრი არ საუბრობს. ინტერნეტის იმედიც ძალიან ბევრს ჰქონდა და აქვს. ჩემი მეგობარი და კოლეგა, ჟიჟეკის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი, ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი ჯოდი დინი, ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ინტერნეტის შესაძლებლობებზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ,,ავეჯად ქცეული ადამიანის“ ისევ ადამიანად ქცევა ხშირ შემთხვევაში კომპიუტერმაც ვერ შეძლო. შეიძლება პირიქითაც _ მან უფრო ავეჯად აქცია ის და მიაჯაჭვა ათასნაირ ვირტუალურ პორნო და ძალადობრივ თამაშებს. დღეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ ემპირიული ლოგიკა ყველა ამ კითხვას ვერ პასუხობს. ადამიანი ბევრად უფრო რთული არსება აღმოჩნდა, ვიდრე ეს ყველაზე ოპტიმისტ იდეალისტებს ეგონათ. თუმცა ადამიანს კვლავ აქვს არაჩვეულებრივი თვისებები _ მას ჯერ კიდევ შეუძლია სიყვარული, ანუ სხვა ადამიანის გულისათვის თავის შეწუხება, ზოგჯერ თავის გაწირვაც კი. ეს საოცარი რამ არის. სწორედ ამიტომაცაა, რომ ეს ადამიანი, ყველა თავის ნაკლთან ერთად, უყვარდა სტენლი კუბრიკსაც, ჩარლი ჩაპლინსაც, ვალტერ ბენიამინსაც, ბერტოლდ ბრეხტსაც და ბევრ სხვასაც. ადამიანს მაინც შეუძლია დაუგეგმავად გაღვიძება და თავისი სატრფოსთვის ყვავილების ყიდვა; ბავშვს მაინც შეუძლია საოცარი სიკეთის გამოვლენა მხოლოდ თავის ღიმილში. სწორედ ამიტომ მგონია, _ სტენლი კუბრიკსაც სჯეროდა, რომ ადამიანი თავისი არსით სუპერ-რაციონალური, სუპერ-გმირი Hალ-ი არ არის. ერთი პატარა ბავშვის ღიმილი ყველა სუპერ-გმირის ტექნოლოგიურ საოცრებას გადასწონის და სწორედ ამიტომ ღირს ცხოვრება. დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა, როგორც ვალტერ ბენიამინი იტყოდა, ,,ფანტასმაგორიაა“. ნამდვილი ცხოვრება ბევრად უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ყოვლად უაზრო ,,ფანტასმაგორიაში“ ყოფნა.
ირაკლი კაკაბაძე