ნიკა გვარამიას ინტერვიუს შემდეგ „ქრონიკა+“ მაკა ასათიანის წარმომადგენელს, ვახტანგ ჩახნაშვილს დაუკავშირდა:
_ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ შარშან და წელს „მაესტროსთან“ მოლაპარაკებები მიდიოდა სარეკლამო დროის შეძენის თაობაზე და ამ მოლაპარაკებებში პირადად თქვენ იყავით ჩართული.
_ ვადასტურებ, ნამდვილად მიდიოდა ეს მოლაპარაკებები. შარშანდელ მოლაპარაკებებში მე არ ვმონაწილეობდი, წლევანდელში _ კი. თუ შარშანდელი გაინტერესებთ, დეტალები ვიცი. შარშანდელზე მოკლედ გეტყვით, მაგრამ რომელი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, ვერ გეტყვით. „რუსთავი 2“-ის სარეკლამო სახლი გვთავაზობდა, სადღაც, 11 მილიონზე იყვნენ ასულები, დღგ-ს ჩათვლით. ამ მოლაპარაკებებს „მაესტროს“ მხრიდან კომერციული დირექტორის სტატუსით გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობდა. მას ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ფინანსების მართვის თვალსაზრისით და რაიმე დახმარება ამ მხრივ არ სჭირდებოდა. „იმედმაც“ იგივე შემოთავაზება გააკეთა, 12 ათასი დოლარით მეტი. ფაქტობრივად, სხვაობა ბევრს არაფერს იძლეოდა, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ ყველა კონტრაქტი მიბმული იყო შეარზე. „იმედის“ კონტრაქტი სარისკო იყო, რადგან თუ „მაესტროს“ რეიტინგი დადგენილ ზღვარს ჩამოსცდებოდა, მაშინ ამ თანხას ანახევრებდნენ. მსგავსი პირობა „რუსთავი 2“-ის კონტრაქტში არ იდო. „იმედის“ კონტრაქტის მიხედვით, რეალურად, ორ თვეში იყო შესაძლებელი „მაესტროს“ გაკოტრება, შესაბამისად, შარშან ორივე მხარეს უთხრეს უარი და „მაესტრომ“ საკუთარი სარეკლამო სახლი დააფუძნა, რომელსაც გიორგი ისაკაძე ორი თვე ხელმძღვანელობდა, მერე უკვე „ბიზნესკონტაქტი“ გააკეთა და იქ ადგილზე დაინიშნა ხელმძღვანელი. ასე გადაატარეს 2015 წელი.
_ 2016 წლის დასაწყისში რატომ განახლდა „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკებები?
_ 2014 წელი „მაესტროს“ ძალიან კარგი ჰქონდა, 2015 წელს კი რეიტინგები ქვემოთ წამოვიდა, სარეკლამო სახლმა ვერ იმუშავა, რეალურად, ბაზარზე ორი ძლიერი ჯგუფი მუშაობს _ „რუსთავი 2“ და „იმედი“. 2015 წელი შემოსავლებით ორ მილიონს ვერ ასცდა. სხვაობა მაკა ასათიანს დააწვა, ამიტომაც განვაახლეთ მოლაპარაკებები. თავიდან დღგ-ს ჩათვლით ამბობდნენ 3 მილიონს. მე რატომ ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია: წლის მიწურულს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოდან წავიდა. მაკამ და კოტემ მთხოვეს, იქნებ, შენ მოგვეხმარო ამ ნაწილშიო. თან ერთ შენობაში ვისხედით, სტატუსი „მაესტროში“ არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს; მეორე მთავარი მიზეზი იყო ის, რომ „მაესტროსთან“ ოთხლარიან კონტრაქტს არავინ გააფორმებს, ტელევიზია ისეთ მდგომარეობაშია, ამიტომ ყველას პირობა ის იყო, რომ „მაესტრომ“ უნდა მოგვცეს ფინანსური გარანტიები, საბანკო იქნება ეს თუ თავდებობებიო. ამას ითხოვდა ყველა: „თელასი“, ანძა, „ყაზტრანსგაზი,“ „თურქსატი“ და ა. შ. აქ გარანტად მაკა მუდმივად თავის კომპანია „მ-ინვესტმენტს“ უყენებდა, რომელიც ასევე აფინანსებდა „მაესტროს“ _ ხან სესხს აძლევდა, ხან თავდებობით ურიცხავდა ფულს. ამ ფულს კაპიტალში ვერ შეიტანდა, მერე როცა გადახდისუუნარობის პროცესი დაიწყო, როგორც თავდები, ისე უხდიდა მაუწყებლობისთვის საჭირო თანხებს. კონტაქტი „იმედთან“ გაფორმდა არა „სტუდია მაესტროს“ მხრიდან, არამედ კონტრაქტი გაფორმებული აქვს შპს “მ-ინვესტმენტს“. ამ კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ყველა რისკი, ამიტომ „იმედიც“ წყნარადაა და „რუსთავი 2“-იც წყნარად იქნებოდა.
_ ვახტანგ, „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკებებს რომ დავუბრუნდეთ, კონკრეტულად, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკებები?
_ თავიდან ვხვდებოდი ირაკლი ბურძგლას, მერე გავიცანი ზუკა გუმბარიძე. გვარამიასთან შეხვედრა მქონდა, ოღონდ არა ამ საკითხზე, ლაშა დამენიასთან ერთად. ამ თემაზე არ გვილაპარაკია. მარკეტინგის მენეჯერის წასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ 2015 წლის ბიუჯეტში დანაკლისი იყო, დაახლოებით 400 000 დოლარი, რომელიც „რუსთავი 2“-ის სარეკლამო სახლისგან გვერგებოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებთან შეხვედრა მოვითხოვე. ამიტომ შევხვდი ლაშა დამენიასთან ერთად ნიკა გვარამიას. მან მომისმინა, ბოლოს რაც მითხრა, გასაგებია ყველაფერიო, მე ამ საკითხზე უნდა ვიფიქროო და ვიმეგობროთო. ეს სიტყვა მეგობრობაც არ მომეწონა, _ რა დგას ამის უკან-მეთქი? _ ვიკითხე, იმიტომ, რომ დღეს აქ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ, არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნიათ-თქო და ეს საკითხიც ღიად დავტოვე. როცა სამსახურში დავბრუნდი, ბაია გადაბაძე საქმის კურსში ჩავაყენე. ამას მოყვა ის, რომ ბაიამ და გვარამიამ ერთმანეთი დახოცეს ფეისბუქში. შესაბამისად, ეს ისტორია ამით დასრულდა და ის თანხაც იქით ჩარჩა.
_ ვახტანგ, რატომ გაუფორმეთ კონტრაქტი „იმედს“ და არა „რუსთავი 2“-ს? რა იყო უკეთესი „იმედის“ შემოთავაზებაში?
_ ნიკამ ჩემზე ახსენა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყოო. მე არ ვყოფილვარ მინისტრის მოადგილე, მაგრამ მგონია, რომ კარგად ვერკვევი ფინანსებში. ერთი მოტივაცია ავხსენი, რატომ ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებებში: იმიტომ, რომ მაკა ასათიანის კომპანია „მ-ინვესტმენტი“ აფორმებდა კონტრაქტს. მეორე ნაწილი რატომ „იმედთან“? ჩამოვთვლი, რამდენი ფაქტორი უზრუნველყოფდა ამას: პირველი _ როცა დიდი კონტრაქტი დგება, ბუნებრივია, ციფრიდან უნდა გამომდინარეობდე; მეორე _ უნდა გამომდინარეობდე გარანტიებიდან; მესამე _ უნდა გათვალო რისკები. დავიწყოთ ციფრებით: ისე მოხდა, რომ „რუსთავთან“ და „იმედთან“ ორივესთან ვლაპარაკობდით, ლამის აუქციონი გაიმართა, შესაბამისად, „რუსთავი“ ოთხ მილიონზე რომ ავიდა, ოთხ მილიონზე ავიდა „იმედიც“. ციფრებში თანაბრად იყვნენ, მაგრამ ჩვენ პირობას ვაყენებდით, _ თუ გიყენებთ თავდებში ლიკვიდურ კომპანიას, თქვენი მხრიდან მოგვიტანეთ საბანკო გარანტია-თქო. „რუსთავის“ სარეკლამო სააგენტო ამას ვერ აკეთებდა, „იმედი“ თანახმა იყო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ ის, რაც ძალიან კარგად იციან „რუსთავი 2“-ის იურისტებმაც. იქ დადგა ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, „რუსთავი 2“ ისედაც 50%-ს უახლოვდებოდა, მათი სარეკლამო სეგმენტის შესაბამისად, ამას რომ „მაესტროც“ დამატებოდა, იმ ზღვარს გადააცილებდა, როცა ძალიან სერიოზული საფრთხე ჩნდებოდა, რომ დომინანტი კომპანია ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკურენციის კანონი აამოქმედეს, თვითონაც ფრთხილობდნენ, რომ ეს რისკი არსებობდა.
_ ჩაერთო თუ არა ამ პროცესში ხელისუფლება? უთხარით თუ არა ნიკა გვარამიას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქმეს გირჩევდნენ?
_ ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა, _ არა, მაგრამ მინდა თან ლოგიკურად დავასაბუთო, იქაც შეარზე მივაბით კონტრაქტი, რეიტინგი არ უნდა ჩამოსცილებოდა 5-ს, ოღონდ, „იმედის“ კონტრაქტი ითვალისწინებდა იმას, რომ თითო პროცენტის მომატების შემთხვევაში, დამატებით 600 ათას გვიმატებდა, ანუ თუ ჩვენ მივაღწევდით 7-ს, დამატებით მილიონ 200 ათასს ვიღებდით. მინდოდა, რომ მოტივაცია გამეჩინა მენეჯმენტისთვის, რათა გაზრდილი თანხებიდან პრემირების სისტემა შემოგვეღო. ეს შიდა კონკურენციას აამაღლებდა. ის, რომ „იმედს“ ციფრებში უკეთესი პირობა ჰქონდა, ის, რომ რისკები დაზღვეული იყო, ის, რომ კონკურენციის სააგენტოსთან ჭიდაობა არ მოგვიწევდა და მეოთხე, რომ საბანკო გარანტია მოიტანა, მეხუთე ფაქტორი იყო ის, რომ ძალიან ბუნდოვანია „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის ამბავი, სასამართლო პროცესები მიდის, ახლა თითქოს ამ პერიოდისთვის შეჩერებულია, მაგრამ არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი.
_ თუმცა ამ კონტრაქტის გაფორმების მერე არც თქვენთანაა უკეთესი მდგომარეობა, „მაესტროს“ მენეჯმენტის მომავალიც ბუნდოვანი გახდა.
_ ეგ რისკები დაზღვეულია, იმიტომ, რომ კონტრაქტში სამმილიონნახევრიანი ჯარიმაა ჩადებული. თუ „იმედი“ ცალმხრივად შეუწყვეტს კონტრაქტს „მ-ინვესტმენტს“ და შესაბამისად „მ-ინვესტმენტი _ „მაესტროს“, სამ მილიონ ნახევარი დოლარით ჯარიმდება, და თუ პირიქით მოხდება, მაშინ მეორე მხარეც ანალოგიური თანხით ჯარიმდება. თუ „მ-ინვესტმენტი“ „მაესტროს“ მიზეზით დაარღვევს კონტრაქტს, მაშინ უკვე „მაესტროს“ დააჯარიმებს 3 მილიონ ნახევარი დოლარით. ახალი მენეჯმენტი იქ რომ მოვიდეს, მოტივაცია არ ექნება, ოთხმილიონიანი მშვენიერი ბიუჯეტი აქვს, შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტ თანხას მიიღებს, თან კონტრაქტი რომ დაარღვიოს, ჯამში, შვიდ მილიონ ნახევარს დაკარგავს. კიდევ იყო ერთი მოტივაცია: რატომ „რუსთავი 2“-თან არა და რატომ „იმედთან“? მე კი გახლდით მოლაპარაკების მხარე, მაგრამ „მაესტროს“ ყველა დამფუძნებელი, ლევან გაჩეჩილაძის ჩათვლით, ამ პროცესში მონაწილეობდა და მათი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო „რუსთავი 2“-თან კონტრაქტის გაფორმების. მათემატიკურადაც, გადაზღვევისა და გარანტიების მიზნითაც „იმედის“ კონტრაქტი ბევრად უკეთესი იყო.
_ ვახტანგ, მაინც უნდა დავუბრუნდე იმ კითხვას, რომელიც დაგისვით: იყო თუ არა ხელისუფლება ჩართული ამ პროცესში? გქონდათ თუ არა შეხვედრები კახი კალაძესთან, უჩა მამაცაშვილთან და სხვებთან?
_ ვიცი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეკითხვა. ამ შეკითხვას როგორ შეიძლება, გავექცე? ნიკა გვარამიამ იხმარა სიტყვა ზეწოლა _ ეს შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია. მე რომ ზეწოლა მაქვს გამოვლილი იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც თავად ნიკა წარმოადგენდა, ისეთი უნდა. მათ შორის, ჩემს ოჯახზე ისეთი, რომ შვილები დღესაც არ გამომიყვანია მდგომარეობიდან. მე იმ ზეწოლას გავუძელი და ღირსეულად მოვიტანე თავი დღემდე. მას რომ ეთქვა, ზოგადად, ზეწოლებზე, კიდევ მესმის, მაშინ საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პიროვნულად მახსენებს და მინდა იცოდეს, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ზეწოლების ეშინია.
_ მაშინ მე გკითხავთ სხვაგვარად, _ იყო თუ არა ჩარევები და შეხვედრები?
_ კახი კალაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე ვნახე პირველად, იქ რეზი არველაძის გამო ვიყავი, მანამდე არ შევხვედრივარ. უჩა მამაცაშვილს რაც შეეხება, პირადად ვიცნობ, ჩვენ „გრატოში“ ერთ სართულზე გვქონდა ოფისი, იქ ლიფტში გავიცანი, კვირაში რამდენჯერმე შევხვედრივარ, არც მასთან მქონია ამ კუთხით შეხება. ეს კითხვა უფრო „იმედთანაა“ და არა ჩვენთან. წარმოუდგენელია, რატომ განახორციელა ხელისუფლებამ ჩვენზე ზეწოლა. რომ უფრო ბევრი ფული გვეშოვა? მოტივაცია ხომ უნდა ჰქონოდა ზეწოლას? ეს არის სარეკლამო ჭრები, საუბარი არ არის არც პოლიტიკურ და არც ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე, არც ეგზიტპოლებზე. „იმედმა“ რეკლამა სულ რომ არ განათავსოს ჩვენთან, ეს ფიქსირებული თანხა მაინც უნდა გადაიხადოს. თანხა გაწერილია თვეების მიხედვით, გრაფიკით. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ რეიტინგი არ უნდა ჩამოშორდეს ხუთს. „იმედი“ რომც დაიხუროს, მაშინ ჩვენ ბანკი გვიხდის ამ თანხას.
_ ვახტანგ, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს თავის წილში ფული აქვს აღებული. თქვენ შეგიძლიათ თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტე დაადასტუროთ?
_ ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ძალიან უხერხული სიტუაცია მაქვს: ერთი ის, რომ მე, ისევე როგორც მაკა, ერთი ოჯახის წევრები ვართ და შესაბამისად, შიგნით ოჯახში შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე არასოდეს არ უნდა ვილაპარაკოთ; მეორე და მთავარი: მაკას მხარეს, რომელსაც მე ახლა წარმოვადგენ, არასოდეს მიუღია ამ სქემაში მონაწილეობა. ეს არის მამუკა ღლონტის თემა, შესაბამისად, არც დღეს მონაწილეობს სასამართლო პროცესში. როცა მამუკა ამბობს, რომ ეს ჩემი თემაა, ვერც მამუკას გადავახტები თავზე და ვერც იმ პირობას, რომელიც ოჯახში მაქვს. მეც შეიძლება რამე ვიცოდე, ან არ ვიცოდე, მეც ის ვიცი, რაზედაც ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მით უმეტეს, არ მინდა, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო.
_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს „მაესტროს“ 12 მილიონ დოლარად სთავაზობდა, შემდეგ მამუკა ღლონტთან ბევრად უფრო იაფად დალაგდა ეს ურთიერთობები.
_ ეს ის თემაა, რომელიც ნამდვილად პირველად მესმის, რომ „მაესტროს“ ყიდვაზე იყო საუბარი, ამასაც ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ზუსტად მაგ პერიოდში შემოვიდა მაკა. ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ „მაესტრო“ გაეძლიერებინა და, შესაბამისად, ის თავის საქმეს წარმატებით აკეთებდა. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ამ ხალხს ახალი ვინმეს ძებნა, როცა მაკა არსებობდა და ამ საქმეს წარმატებით ახორციელებდა?
_ აქაც არსებობს კულუარული ხმები იმის თაობაზე, რომ კოტე გოგელია ხელისუფლებასთან „მაესტროთი“ ვაჭრობდა და გაზის ტრანზიტის თემას ითხოვდა საქართველოში.
_ ეს ის თემაა, რომელიც უშუალოდ მე მიკავშირდება. კოტე გოგელიას გაზის ბიზნესი საქართველოში შემოიფარგლება სამი გაზგასამართი სადგურით და მეოთხე დაემატა ახლა. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბანკ „ქართუში“ გვაქვს სესხი აღებული.
_ ანუ მაინც გაქვთ ლინკები ბიძინა ივანიშვილთან, მაგალითად, ბანკი „ქართუ“ და კრედიტები.
_ ბანკ „ქართუში“ ჩავრჩით, კარგი პირობები აქვთ, ბანკ „ქართუში“ ვართ უკვე ათი წელია. „მერსედესის ცენტრის“ პრობლემები როცა დაიწყო, თქვენთვის მოყოლილი მაქვს, სუფთა „მაესტროს“ გადარჩენის თემა იყო მაშინ, რომ არა „ქართუ“, მას სესხი არ მოეცა ნაჩქარევად, როცა „მერსედესში“ მილიონი წაგვართვეს, მაგ მილიონით ევაჭრებოდნენ ზუსტად მაკა ასათიანს, რომ „მაესტრო“ წაეღოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში „ქართუს“ გარდა რომელი ბანკი გარისკავდა ამის გაკეთებას? გვერდით დაგვიდგა და იმის მერე აქ ვართ. კოტე გოგელიას არც მოუკითხავს ეს გაზგასამართი სადგურები, ოჯახს და მეგობრებს გაუკეთა. მისი მასშტაბების თემა ეს ნამდვილად არ არის, გაზთან მისი კავშირი ამით იწყება და ამით მთავრდება. თუ კოტე გოგელიას გაზის თემით ვაჭრობა უნდოდა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს „სოკართან“. სულ არ დასჭირდებოდა სახელმწიფოს ჩარევა.
ელისო კილაძე