QronikaPlus
პოლიტპატიმართა უცნობი სია - რა მისწერა ეკა ბესელიამ გიორგი ბადაშვილს?

პოლიტპატიმართა უცნობი სია - რა მისწერა ეკა ბესელიამ გიორგი ბადაშვილს?

2016-02-20 07:14:20

პოლიტპატიმართა სიის თაობაზე სკანდალი არ ცხრება. როგორ მოხვდნენ სიაში წარსულში მძიმე ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირები? ეს ის კითხვაა, რომელსაც ამ დრომდე პასუხი არ გასცემია. პოლიტპატიმრებმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში საქმის გასარჩევად დაიბარეს, მაშინ როცა თითოეულ მათგანს, რომელიც ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული, ჩვენზე არანაკლებ უნდა აღელვებდეს, რა რეპუტაციის ადამიანები მოხვდნენ მის გვერდით სიაში!!! როგორც ჩანს, პოლიტპატიმართა თემით სპეკულირება მომავალშიც გაგრძელდება. „ქრონიკა+“-მა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის აღიარებს, რომ 2013 წლის გაზაფხულზე პოლიტპატიმრების აქციების საკითხს ჯერ ექსპრემიერის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან ათანხმებდა, მოგვიანებით კი ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და აქციის ჩატარების საბოლოო თარიღი სწორედ „მოდულის“ შენობაში მისი ვიზიტის შემდეგ გადაწყდა. ვინ რა დივიდენდი მიიღო პოლიტპატიმრების სახელით, გზადაგზა აუცილებლად გაირკვევა, მაგრამ ის, რომ ბევრი ადამიანი სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ელოდებოდა და ელოდება, ფაქტია. დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის 26 თებერვლით თარიღდება, „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აწერს ხელს. როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა, ეკა ბესელია  საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, სამართლიანობის აღდგენას მხოლოდ 31 პირისთვის სთხოვს.   რა წერია ეკა ბესელიას მიერ გიორგი ბადაშვილისადმი გაგზავნილ წერილში? საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 5 დეკემბერს მიიღო დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“. მითითებული დადგენილების მიღებით, 190 პირს მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი და 25 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი. კომისიამ იმუშავა პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე და განიხილა ის განცხადებები, რომლებიც შემოსული იყო 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე. კომისიამ სულ განიხილა 227 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულისა და 32 პოლიტიკური ნიშნით დევნილის საქმე. მითითებული კომისიის მუშაობის მანდატის ამოწურვის შემდეგ კომიტეტში გაგრძელდა განცხადებების შემოტანა, სადაც მოქალაქეები მიუთითებდნენ სამართალწარმოების პოლიტიკური ნიშნით განხორციელების შესახებ. კომიტეტის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში შესწავლილ იქნა თითოეული ასეთი განცხადება და ცალკე გამოიყო ის საქმეები, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივის შესაძლო არსებობა, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება ამ გარემოებების გამოსარკვევად. ამათგან იმ განცხადებებსა და თანდართულ მასალებს, რომლებიც ეხება სამართალწარმოების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებას პატიმრობაში მყოფი პირებისა და იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა, გიგზავნით დაუყოვნებლივ, სამართლიანი და კანონიერი რეაგირებისათვის. ცალკეულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე კომიტეტს აცნობეთ პერიოდულად. 1. მინდია ქაშიბაძე 2. გულნარა ჯინჯოლავა 3. თემურ ბასილია 4. ბესიკ ღვამბერია 5. თამაზ ქანთარია 6. თორნიკე ცხადაია 7. ვასილ პატარქალიშვილი 8. ლაშა შანიძე 9. შალვა შანიძე 10. გოჩა ძასოხოვი 11. ბესიკ მარგიანი 12. თამილა ბენია 13. მალხაზ კაკაშვილი 14. ავთანდილ ძაძუა 15. მანუჩარ ძაძუა 16. გივი დუმბაძე 17. ზურაბ ლობჟანიძე 18. გელა შარაძე 19. გიორგი მგალობლიშვილი 20. ვაჟა მუსალბიშვილი 21. პაატა პატარიძე 22. ირაკლი დობორჯგინიძე 23. გოჩა ჯაველიძე 24 თამაზ ვაშაკიძე 25. მამუკა ბაკურაძე 26. ოთარ ზაქაიძე 27. ნანა გვენეტაძე 28. ვახტანგ ნანავა 29. ალექსანდრე სილაგაძე 30. მალხაზ ჩიხლაძე 31. ემზარ კვიციანი პატივისცემით, ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე.   ამ ეტაპზე, რამდენიმე ადამიანის გარდა, „ქრონიკა+“ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, თუ ვინ არიან ის პირები, რომლებიც ეკა ბესელიას სიაში მოხვდნენ? არ ვიცით, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი ბადაშვილის მხრიდან ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაგზავნილ წერილს. დაბეჯითებით და დოკუმენტურად შეგვიძლია მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, სიის  მეცხრამეტე ნომრის, გიორგი მგალობლიშვილის თაობაზე  დავადასტუროთ, რომ აღნიშნული პირი რამდენჯერმეა ნასამართლევი და მის პატიმრობას პოლიტიკასთან რაიმე კავშირი არ აქვს. 2014 წლის 23 დეკემბერს სს „სავანე ღვინის #1-ლმა ქარხანამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, რომ ცნობილი ყოფილიყო თბილისში პეტრიაშვილის ქ. #1-ლში მდებარე უძრავი ქონების (ღვინის ქარხნის ისტორიული შენობის მესაკუთრედ), რომელიც წარმოადგენს შპს „ღვინის ქარხანა #1-ლის საკუთრებას. სარჩელის განხილვის დასრულებამდე სს „სავანე ღვინის #1-ლმა ქარხანამ“ მოითხოვა სადავო ტერიტორიის სრულად დაყადაღება, რაც დაკმაყოფილდა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას გამოირკვა, რომ სარჩელი ინიცირებული იყო სს „სავანე ღვინის #1-ლი ქარხნის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერის, გიორგი მგალობლიშვილის მიერ, რომელიც აცხადებდა, რომ, თურმე, 2004-2006 წლებში პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორია სს „სავანე ღვინის #1-ლ ქარხანას“ დაათმობინეს იძულების წესით, თუმცა საქმის მასალებით გაირკვა, რომ რეალურად ეს ასე არ იყო. უფრო ზუსტად, გიორგი მგალობლიშვილი პასუხისგებაში მიეცა 2006 წლის 7 ივლისს ქარხანაში არსებული უკანონო ქმედებების გამო და მასზე გამოცხადდა ძებნა (2007 წლის 21 მაისის განაჩენი). ამასთან, გიორგი მგალობლიშვილისთვის ეს ბრალდება არ იყო პირველი, ის ადრეც იყო ნასამართლევი სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით (2006 წლის 9 ივნისის განჩინება). ღვინის ქარხნის უკანონო მითვისების ფაქტზე გიორგი მგალობლიშვილთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა ბრალდებით 9 პირს და თითქმის ყველა ამ პირის მიმართ წარმართულ ბრალდებაში თანამონაწილეობა ჰქონდა მიღებული სწორედ გიორგი მგალობლიშვილს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მგალობლიშვილის ადვოკატი გახლდათ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ კბილაშვილი სასამართლოზე საკუთარ გავლენებს გამოიყენებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა და პროცესი დასრულდა იმით, რომ სს „სავანე ღვინის #1-ლ ქარხანას“ სრულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს, რომელიც აღნიშნულ დავას იხილავდა, უდავოდ მადლობა ეკუთვნის ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. გიორგი მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლოში განაგრძნობს დავას და დავის დასრულებამდე ქარხნის ტერიტორია სრულად არის დაყადაღებული, რაც უდიდეს ზიანს აყენებს მის კანონიერ მესაკუთრეებს. ძალიან საინტერესოა აპოსტოლით დამოწმებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გიორგი მგალობლიშვილს ეხება: 2013 წელს, ახალი მთავრობის მიერ სამართლიანობის აღდგენის ღონისძიებათა ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ლაცაბიძის ინტერპოლით ძებნაში გადაცემისა და ლადო კვარაცხელიას მფარველის, გიგი უგულავას ციხეში შესახლების პალარელურად, საქართველოს უზანაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით შეწყვიტა გიორგი მგალობლიშვილის მიმართ წარმოებული უკანონო, მხოლოდ ლადო კვარაცხელიასა და ზაზა გრიგოლიას მიერ ქონების მითვისების ხელშეწყობისათვის გამიზნული ყოველგვარი სამართლებრივი დევნა. ამავდროულად, პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ გიორგი მგალობლიშვილი პოლიტიკურად დევნილთა სიაში შეიყვანა.   „ქრონიკა+“ წერილობით მიმართავს საქართველოს უზანაეს სასამართლოს, _ რის საფუძველზე შეწყვიტა გიორგი მგალობლიშვილის წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნა და ასევე, ოფიციალურად მოვითხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნია რამდენჯერმე ნასამართლევი გიორგი მგალობლიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილად?  

                                                                                                                       ელისო კილაძე

 

გაზიარება