QronikaPlus
თამაზ იმნაიშვილი: „მილიარდებიც რომ ჩადოს რუსეთმა საქართველოში, პრორუსულად განწყობილ საზოგადოებას ვერ მიიღებს!“

თამაზ იმნაიშვილი: „მილიარდებიც რომ ჩადოს რუსეთმა საქართველოში, პრორუსულად განწყობილ საზოგადოებას ვერ მიიღებს!“

2016-02-20 07:10:29

უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია მიუნხენში 12-14 თებერვალს ჩატარდა. კონფერენციის საკვანძო თემები იყო: სირიაში არსებული ვითარება, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ევროკავშირის მთლიანობის შენარჩუნება. „ვიმედოვნებ, რომ გზავნილი, რომელსაც მიუნხენიდან გადავცემთ, მსოფლიოში ვითარების შემდგომ დაძაბვას შეაჩერებს“, _ განაცხადა კონფერენციის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ იშინგერმა დასკვნით სიტყვაში. რა გზავნილები გაკეთდა და რომელი პრიორიტეტები გამოიკვეთა საქართველოს მიმართ კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გენერალთა კლუბის“ წარმომადგენელი, ექსპერტი თამაზ იმნაიშვილი: _ მიუნხენის კონფერენცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული _ 2000 წლის შემდგომ. ისტორიული იმ გაგებით, რომ ცივი ომის აჩრდილი ევროპას ასე მკაცრად, ღიად და აშკარად არ დასცემია, ისე როგორც დღეს. მიუნხენის კონფერენცია ისტორიულია იმის გამოც, რომ მის შედეგებზე სერიოზულად იქნება დამოკიდებული მსოფლიოს მომავალი. ეს არის უაღრესად სერიოზული კონფერენცია და სანამ მასალებსა და მის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, აღვნიშნოთ, რა ფონი გასდევდა მას. დავიწყოთ იქიდან, რომ მილიონ ნახევარმა მიგრანტმა სირიიდან და ერაყიდან, ძირითადად, არაბული ქვეყნებიდან, პრაქტიკულად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროპის ერთიანობა. დე ფაქტოდ შენგენის ზონა, პრაქტიკულად, გააუქმა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები; გამოიწვია ეკონომიკური,  სოციალური კრიზისი და მთელი ევროპა მილიონ ნახევარი მიგრანტის გამო კოლაფსის დონეზე მივიდა. ეს ერთი ფაქტორია, მეორეა ის, რომ რუსულმა პროპაგანდამ სერიოზულად იმუშავა. პოლიტიკური ფონი გვაქვს ასეთი: რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნელ-ნელა იწყებენ რუსებისკენ შემობრუნებას. პოლონეთში კაჩინსკიც კი პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსად ყალიბდება. ევროპის ლიდერი ამ შემთხვევაში არის გერმანია და მისი კანცლერი მერკელი, რომელიც ჯერ საბერძნეთის გაკოტრების ინიციატორი იყო, მერე რუსეთისთვის სანქციების დაწესების. ლიდერის ამ ფუნქციას ის საკუთარ თავზე იღებდა, შემდგომში კი ტოლერანტობა მოინდომა და მიგრანტების ევროპაში შეშვების მთავარი ინიციატორი გახლდათ. თვითონ მერკელმა გერმანიაში ძალიან ცუდი ფონი მიიღო. ერთ-ერთი გახმაურებული ინციდენტი ვიცით, როდესაც კიოლნში ათასზე მეტი მიგრანტი გამოვიდა ქუჩაში, „პაგრომები“ მოაწყო და „ალაჰ აკბარისა“ და „ინშალას“ შეძახილით ქალები გააუპატიურეს, შენობები, მაღაზიები და მანქანები დააზიანეს. ეს ცალსახად, ღიად, ანტიევროპული გამოსვლა იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ გერმანიაში, სოციოლოგიური გამოკვლევებით, 40%-ზე მეტი უკვე ითხოვს მერკელის გადადგომას. მერკელის წასვლა, რომელიც აღიარებული ლიდერია, ნიშნავს უმეფობის ხანის დაწყებას ევროპაში, რაც ძალიან ცუდი შედეგებით შეიძლება გაგრძელდეს. უმეფობის ხანა ევროპაში ნიშნავს ევროპის ერთიანობის დაშლისკენ მიმართულ ნაბიჯებს. ასეთი პოლიტიკური ფონი დახვდა მიუნხენის კონფერენციას. სამხედრო-პოლიტიკური ფონი ეს არის უკრაინა, სირია, სადაც ახლა ალეპოსთვის ბრძოლები მიმდინარეობს. მისი აღება რუსული და ასადის არმიის სამხედრო ნაწილების მოქმედების შედეგად გარდამტეხი რეალობა იქნება. როგორც ტუნისის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თუ ალეპო დაეცა, მაშინ მთელი არაბული სამყარო ჩაერთვება ამ ომში, ანუ სერიოზული გაფართოება მოხდება და მესამე მსოფლიო ომის პრელუდია იქნება, ოღონდ არაბულ და აფრიკულ მხარეში. ასეთი სამხედრო-პოლიტიკური ფონი დახვდა მიუნხენის კონფერენციას. _ რა მთავარი გზავნილები და საფრთხეები გამოიკვეთა? _ გამოიყო რამდენიმე მთავარი საფრთხე. პირველი: რუსეთი და რას გულისხმობენ _ უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პრეზიდენტის არაადეკვატურ ქმედებებს, მისი თერმობირთვულ შეიარაღებას ამ არაადეკვატური ქმედებებიდან გამომდინარე, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და როგორ მოიქცევა, არ ვიცით. წინა ინტერვიუში ვთქვით ასეთი რამე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, 1990 წლების შემდგომ დამყარებული პოლიტიკური წესრიგი და თამაშის წესები თავიდან ბოლომდე დაანგრია. დღეს ეს თამაშის წესები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, რუსეთის მომავალი ქმედებები არაპროგნოზირებადია. ამიტომ თერმობირთვული შეიარაღება და მისი კონტროლი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თავის ტკივილი; მეორე საფრთხე, რასაც რუსეთის არაადეკვატური ქმედებებიდან გამომდინარე ხედავენ, ეს არის უკრაინა, რომელიც ცალსახად დაფიქსირდა, ყირიმზე არ არის საუბარი. მიუნხენის კონფერენციაზე ასეთი აზრი გამოითქვა, რომ მოდი, კონფლიქტი გაიყინოს, ჯერ ყირიმზე არ ვსაუბრობთ, საუბარია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდება და მოგვარდება, მერე გადავერთოთ ყირიმზე. რუსეთი უკრაინაში, ჯერჯერობით, მომგებიან პოზიციაშია; მესამე საფრთხე, რომელიც რუსეთს უკავშირდება, ეს არის სირია, სადაც მან დაასწრო ევროპას და სახმელეთო ოპერაციები განახორციელა, ანუ მთავარი მოთამაშე სირიაში გახდა რუსეთი, რამაც, პრაქტიკულად, უკანა პლანზე გადასწია ნატოს როლი ამ კონფლიქტში და მის დარეგულირებაში. ცალსახად გამოიხატა აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრის რისკი, ამას ძალიან სერიოზულად აცნობიერებს მიუნხენის კონფერენცია, რამაც გაიჟღერა სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიშშიც და ასევე მიუნხენის კონფერენციის გახსნაზე, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა; მეოთხე საფრთხე _ ძალიან საინტერესო, ეს არის პირველი სატანკო გვარდიული არმიის აღდგენა, რომელიც რუსეთმა, ჯერ კიდევ, 2014 წელს დაიწყო, მაგრამ, პრაქტიკულად, ახლა ჩამოყალიბდა, როგორც სრული სატანკო არმია. მისი ისტორია რომ ვიცოდეთ, პირველი სატანკო გვარდიული არმია შეიქმნა 1944 წელს, რომლის ამოცანაც იყო გერმანიის აღება. ომის შემდგომ ის განთავსდა აღმოსავლეთ ევროპაში, მისი შტაბი იყო დრეზდენი. სსრ კავშირის დაშლის შემდგომ სატანკო არმია ცოტა ხნით სანკტ-პეტერბურგში იყო დისლოცირებული, 1991 წელს დაიშალა და პუტინმა აღადგინა. საქმე ის არის, რომ პირველი სატანკო არმიის ფუნქცია და ამოცანა, მხოლოდ და მხოლოდ, შეტევითი ხასიათის არის და ის არ ატარებს თავდაცვითი ხასიათის ვალდებულებებსა და ფუნქციებს. მისი შტაბი განთავსებულია სანკტ-პეტერბურგში, ხოლო პირველი სატანკო არმიის ძირითადი ნაწილები განთავსებულია ორი მიმართულებით: ეს არის აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარი და ლატვიის საზღვარი. _ რატომ ლატვია? _ ძალიან საინტერესოა, რატომ ლატვია? როდესაც სტოლტენბერგი 2015 წლის ნატოს ანგარიშს აჯამებდა, თქვა, რომ ბალტიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეჭრის საფრთხის რისკი მაღალია და ლატვია ამორჩეულია ერთი რაღაცის გამო: ლატვიაში 40%-ზე მეტია რუსული მოსახლეობა. იქ რუსები პრინციპულად არ საუბრობენ ლატვიურად, ანუ პოლიტიკურად არ არიან ლატვიელები. რუსეთს ყველაზე მეტი საყრდენი ლატვიაში აქვს. ეს საფრთხე ძალიან სერიოზულია. ამას აღიქვამენ ნატოში და მიუნხენის კონფერენციაზე ეს გაჟღერდა. მეხუთე საფრთხე, რომელიც გაჟღერდა: ეს არის სირია და ისლამური სახელმწიფო _ რუსეთთან, ასადის რეჟიმთან, ოპოზიციასთან და არაბულ ლიგასთან ერთად, თუმცა დღევანდელი სიტუაცია ჩიხში შესულს ჰგავს. მიუნხენის კონფერენციას და ნატოს ამაზე პასუხები არ გააჩნია. მათ არ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ეს საფრთხეები გაჟღერდა მიუნხენის კონფერენციაზე, მაგრამ საფრთხეების იქით განისაზღვრა ნატოს უახლოესი გეგმები და მიზნები. რა ითქვა? პირველი: აღმოსავლეთ ევროპაში შეჭრის მინიმალიზაციისთვის გაძლიერებული ბატალიონების განლაგება, თავდაპირველად თითო ბატალიონი, 750 კაცზეა ლაპარაკი, სადაც შემადგენლობაში იქნებიან ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები, განთავსდება აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებში, ეს იქნება ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში და შემდგომში ამ ბატალიონების რაოდენობის გაზრდა. ეს ერთი მიმართულებაა, რომ რისკის მინიმალიზაცია მოახდინონ; მეორე: შავ ზღვაზე უპირატესობის მოპოვება. ეს განსაკუთრებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსთვის და რატომ შავ ზღვაზე უპირატესობა? მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და საქართველო პარტნიორები არიან, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ნატოში შედიან, რუსეთის უპირატესობა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის თვალსაზრისით აშკარაა, გამომდინარე მონტრეს ტიპის კონვენციიდან. არსებობს ასეთი კონვენცია, რომელიც ამბობს, რომ შავი ზღვის არაწევრი ქვეყნის სამხდრო გემის ყოფნა შავ ზღვაში დასაშვებია 21 დღის განმავლობაში. თურქეთს შავ ზღვაში ჰყავს ნაკლები ფლოტი, რუმინეთსა და ბულგარეთს გასაგებია, რომ ძალიან ცოტა, უკრაინის საზღვაო ფლოტი, პრაქტიკულად, განადგურებულია და ჩვენ 2009 წელს საერთოდ გავაუქმეთ საზღვაო ფლოტი. რა ითქვა მიუნხენის კონფერენციაზე? _ რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ უპირატესობას შავ ზღვაზე და ამ უპირატესობის მისაღწევად გავაძლიეროთ ჩვენი წევრებისა და სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევა და ფლოტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვყავს საზღვაო ფლოტი, დღეს ბათუმში კონტრადმირალი ჯორჯო პიოლო რომ ჩამოვიდა, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ საზღვაო ფლოტი თავის დროზე გადაეცა შს სამინისტროს და საზღვაო პატრული ჰქვია. თუმცა პირდაპირ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შს სამინისტროსთვის გადაცემული ეს საზღვაო ფლოტი, თავისი ამოცანებით და დანიშნულებით, ვერანაირად ვერ უპასუხებს სამხედრო საფრთხეებს, რომელიც შეიძლება შავი ზღვიდან საქართველოს დაემუქროს. შესაძლებელია, გათამაშდეს ვარიანტი, რომ აღდგეს საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტი. რა ფორმით, რა ტექნიკით, ეს უკვე სხვა საკითხია. ეს მიზანი როცა გაცხადდა, სტოლტენბერგმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაც: საქართველო უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი და თანასწორი წევრი, ანუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მაისის კონფერენციაზე მაპს ვერ მივიღებთ და წევრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნატომ არ იცის, რა ჩაწეროს დოკუმენტში, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ეს პროექტი არის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი თქვან, რომ საქართველოს ჩვენ, როგორც პარტნიორს, ისე ვუყურებთო. _ ეს რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას? _ ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ვართ თანასწორუფლებიანი წევრი, როგორც ნატოს წევრი მხოლოდ ამ პროექტში. ეს ერთ-ერთი მიზანია; მესამე მიზანი რაც გაცხადდა: ეს არის ის, რომ 25 თებერვალს უნდა დაიწყოს კონფერენცია, სადაც აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული ლიგა დასხდებიან სირიის საკითხის გადასაწყვეტად. 25 თებერვლიდან პირველ მარტამდე მათ უნდა მოახერხონ, შეაწყვეტინონ სისხლისღვრა და ომი სირიაში, სამშვიდობო ჰუმანიტარული დერეფნები გააკეთონ და ა. შ. საინტერესოა, რაც ახლა ალეპოში მიდის. ალეპო, არის ოპოზიციის შტაბი და მთავარი საყრდენი, ეს არის სიმბოლო ასადის ოპოზიციისა, ალეპოს გარეუბნებში მიდის ხელჩართული ბრძოლები, სადაც მონაწილეობენ როგორც ასადის, ისე რუსეთის არმიის სამხედროები. ძალიან საინტერესოა ის, რომ მას შემდეგ, რაც თურქებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს და აჟიოტაჟი ატყდა, რამდენიმე დღის წინთ ე. წ. თურქმენების მთასთან, ეს არის ალეპოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სირიის არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი, თურქებმა მოახერხეს და იგი დაბომბეს, გარდაიცვალა 15 მაღალჩინოსანი ოფიცერი და მათგან 5 რუსი გენერალი, რაზედაც ლავროვმა განაცხადა, რომ თურქებს ჩვენ ამაზე პასუხს ვაგებინებთო. 25 თებერვლიდან პირველ მარტამდე ამ კონფერენციის, ასე ვთქვათ, მსვლელობის პერიოდში, ასადიც და პუტინიც ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოასწრონ ალეპოს აღება და ამ შემთხევვაში, თუ ალეპოს აიღებენ, მოლაპარაკების მაგიდაზე ისინი დასხდებიან, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, 2 ჯოკერით ხელში და იქნებიან პირობების მოკარნახეები. ეს სამი მიზანი გაცხადდა მიუნხენის კონფერენციაზე. ცალსახაა ის, რომ ევროკავშირის ერთიანობა, ნატოს სიძლიერე რუსეთთან მიმართებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ობამას პოლიტიკამ, პრაქტიკულად, საეჭვო გახადა აშშ-ს სუპერსახელმწიფოებრიობა, მისი საგარეო პოლიტიკის დომინანტობა. რუსეთი მუშაობს გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, მას აქვს გეგმა და არ უხვევს არანაირად, მაგრამ საინტერესოა ერთი რაღაც _ პარალელი მინდა გავავლო 1982 წელთან, როდესაც რეიგანი გახდა პრეზიდენტი, მაშინ ავღანეთის ომზე მან ასეთი რაღაც თქვა: სსრ კავშირი ავღანეთში შეიჭრა არა იმის გამო, რომ ის ძალიან ძლიერი იყო, არამედ მას ქვეყნის შიგნით უდიდესი პრობლემები ჰქონდაო. ეს იყო მისი შეჭრის მთავარი მიზანი. ვიცით, რა შედეგიც მიიღო სსრ კავშირმა ავღანეთში შეჭრით. დღეს რუსეთი, გარკვეული დოზით, წარმოდგენილია სირიაში და რამდენადაც ცნობილია, დღიურად იქ ყოფნა შეიძლება უჯდებოდეს 3-დან 5 მილიონ დოლარამდე. თუ ალეპო აიღეს და არაბთა ლიგა დიდ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო, რუსეთს მასშტაბის გაზრდა მოუწევს. რუსეთი არ მოქმედებს რაიმე განსაკუთრებული ჩანაფიქრით, ეს არის ძველი მეთოდები, რომლის დეტალები ძალიან დიდი ხანია, ცნობილია. უბრალოდ, როგორც ჩანს, დასავლეთს არ ჰყოფნის გამბედაობა და პოლიტიკური ნება. აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებაზე რუსულმა პროპაგანდამ ძალიან სერიოზულად იმუშავა, ეს არის დასავლეთის სისუსტე, მან დაიწყო ევროპის დაშლის მცდელობა და, მეტ-ნაკლებად, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი წარმატებულად გამოსდის. ეს არის ევროპელი პოლიტიკოსების უსუსურობა და უუნარობა. ამ კონტექსტში ძალიან აშკარად და ღიად გამოჩნდა იმ გეოგრაფიული ლანდშაფტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, სადაც განლაგებულია სახელმწიფო _ საქართველო. ეს ფრაზა, რაც ვთქვი, ზუსტად ამ ტერმინოლოგიით ვახსენე იმიტომ, რომ გლობალურ პოლიტიკაში ნომერ პირველი ინტერესი არის გეოგრაფიული ლანდშაფტი და შემდგომში _ სახელმწიფო. მიუნხენის კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მიწვევა ვახშამზე ცალსახად ისტორიული მოვლენაა და ნატოს ისტორიაში ასეთი რაღაც არ ყოფილა. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გეოგრაფიული ლანდშაფტის სახელმწიფოს _ საქართველოს _ მნიშვნელობა სერიოზულად გაიზარდა. თავის დროზე, უესლი კლარკი, რომელიც ამერიკელი გენერალი და კოსოვოს ომის მთავარსარდალია, ამბობდა, რომ ცივი ომის აჩრდილი ევროპაში არის ძალიან დიდი და თუ ასეთი კედელი იყო ბერლინთან, ახლა შეიძლება ახალი კედელი გაჩნდეს, რომელიც სავარაუდოდ იქნება ლატვიასთან, ან უკრაინასთან და დიდი რისკია, რომ თბილისთან გაიაროსო. ამან მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსებთან და პუტინთან არ შეიძლება ნახევრად თამაშები. მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერდა ძალიან საინტერესო რაღაც _ 2017 წელს აშშ რუსეთის აგრესიის შესასუსტებლად გამოყოფს 4,3 მილიარდ დოლარს და აქედან 900-ზე მეტი მილიონი ეს არის სამი ქვეყნისთვის _ მოლდოვასთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის დახმარება. ლომის წილი, რა თქმა უნდა, უკრაინამ წაიღო, მაგრამ დავაკვირდეთ, საუბარია 2017 წელზე და არა 2016-ზე. ეს არის მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელი _ ნატოს სამხედრო-პოლიტიკური შემადგენელი ხვდება იმას, რომ ობამა, როგორც აშშ-ს ლიდერი, ვერ უზრუნველყოფს და მას არ გააჩნია პოლიტიკური ნება. ისინი ელოდებიან 2017 წელს, როდესაც ახალი პოლიტიკური ძალა მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც, ალბათ, იქნება რესპუბლიკელი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გატარდება აგრესიული ტეხასური პოლიტიკა. როგორც ჩანს, ამას ელოდებიან, 2016 წელზე საერთოდ არ არის საუბარი. ეს ძალიან სერიოზული მანიშნებელი იყო მიუნხენის კონფერენციაზე. _ ამ კონფერენციას წინ უძღოდა აშშ-ს დაზვერვის შეფის, კლაპერის ანგარიში, სადაც საქართველოს გარკვეული სეგმენტი დაეთმო. ამას როგორ შეაფასებთ? _ დიახ, ასე იყო და ითქვა, რომ საქართველოში შესაძლოა, პრორუსული ორიენტაცია გაძლიერდეს. ახლა მიდის ბჭობა, ეს ვისთვის იყო განკუთვნილი, _ დასავლეთისთვის, საქართველოს მთავრობისთვის თუ ვისთვის? მეეჭვება, კლაპერმა და დასავლეთმა არ იცოდეს, რომ საქართველოში პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის ალბათობა ძალიან დაბალია. რაც არ უნდა აქტიური იყოს საზოგადოების პრორუსულად განწყობილი ნაწილი და რუსეთმა მილიარდები ჩადოს ამაში, პრორუსულად განწყობილ საზოგადოებას ვერ მიიღებს, გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს, ძირითადად, მიმართული იყო დასავლეთისთვის და ნატოსთვის. არ შეიძლება ასეთი თამაში, _ იცი, რა, კარი ღიაა, მაგრამ ვერ შემოგიშვებ, კი გახდები წევრი, მაგრამ დღეს ვერ მიგიღებ და როცა დადგება გეოპოლიტიკური დრო, შეიძლება მაშინ გადავწყვიტო, დამელოდე და გეტყვი, როცა მიიღებ. ასე არ ხდება. _ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას როგორ შეაფასებთ, რომელმაც თქვა, _ ჩვენ მაპი კი არა, ნატოს წევრობა გვინდაო?.. _ ეს ულტიმატუმია ნატოს მიმართ, რაღაც ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგათო. არც ხიდაშელს და არც საქართველოს ხელისუფლებას იმის ილუზია არ აქვს, რომ უცებ მაპს მოგვცემენ და ნატოში მიგვიღებენ. მეორეც: იცით, მაპი _ სამოქმედო გეგმა, რასაც ჰქვია, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა ნატომ. ნატოში ახალი წევრები ზოგი მაპის გარეშე მიიღეს, მაშინ არ არსებობდა. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის საშუალებითაც უნდა მიიღონ წევრები. ეს არ არის დოგმა, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს. ხომ შეიძლება, საკითხი ასეთნაირად დადგეს, რომ განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები? ხომ არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საქართველო გახდეს ნატოს პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი და გამოვრიცხოთ სამხედრო შემადგენელი? ასეთნაირად საფრანგეთი 10 წლის განმავლობაში იყო, 1975 წელს, როცა გავიდა ნატოს შემადგენლობიდან, ის დარჩა პოლიტიკურ შემადგენელში და არ იყო 10 წლის განმავლობაში სამხედრო შემადგენელში. ამის გამო ნატო არ დაშლილა და კატასტროფები არ მომხდარა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ცალსახად გამოჩნდა, საქართველოსთან მიმართებით ნატომ და ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. სხვათა შორის, სტოლტენბერგმა ისიც ახსენა, რომ ზაფხულში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. გასაგებია, რომ დასავლეთთან მიბმის ერთ-ერთი კარგი მექანიზმიც ეს არის, თან ახსენა, რომ მიუხედავად მიგრანტების მხრიდან შექმნილი პრობლემებისა და ა. შ., საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს. ეს უკვე ქმედითი ნაბიჯებია, ეს არის უკვე ის, რასაც აქამდე არ აკეთებდა ნატო, მხოლოდ ლაპარაკობდა და იმის იქით არაფერი მიდიოდა. ზაფხულში, როცა წვრთნები ჩატარდება, როგორც შარშან დაგვიტოვეს დაჯავშნული მანქანები, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ახლა „აბრამსები“ დატოვონ და ნელ-ნელა გააძლიერონ ქართული შეიარაღება. ნახეთ, რა დილემის წინაშე დგას დასავლეთი? _ ირანს მოუხსნეს სანქციები, მან მომენტალურად გამოიყენა ეს ყველაფერი და მასშტაბური პროექტებისა და კონტრაქტების გაფორმება დაიწყო. რუსეთთან, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა. 2017 წელს ირანში არის არჩევნები, თუ ირანსა და რუსეთს შორის ბაშარ ასადი გაიმარჯვებს, პოლიტიკური ვექტორი, _ მოსკოვი, თეირანი, დამასკო, _ გაძლიერდება, დომინანტი იქნება ამ რეგიონში. რუსეთის, ირანისა და სირიის ერთად ყოფნა ძალიან დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს როუხანის პოლიტიკიდან ჩამოცილებას და ახმედ ნიჯადისა და აითოლა ჰომეინის მომხრეების ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენ ირანს მივიღებთ ისეთივეს, როგორიც იყო ახმედ ნიჯადის დროს. დასავლეთს ეს უნდა და ამ გეოპოლიტიკურ ვექტორში საქართველო არის ერთ-ერთი ბარიერი. თუ ამ ბარიერს გააძლიერებ და დაუყენებ რუსეთს, მაშინ რუსეთსა და ირანს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო ქსელი არ იქნება. კლარკის ის განცხადება, რომ შეიძლება ბერლინის კედელი ახლა თბილისთან გადმოვიდესო, ამ კონტექსტში ითქვა. გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ავალდებულებს უკვე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, საქართველოს ინტერესები მეასეხარისხოვანია, თუმცა ჩვენ ამ ინტერესებს ვიყენებთ. ამ შემთხვევაში ასე ხდება, _ ხელი ხელს ჰბანს და ორივე _ პირსო. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისი უნდა გაძლიერდეს ყველა მიმართულებით. მიუნხენის კონფერენციის ფონი კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, ეს არის გეოეკონომიკური ასპექტი. თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ძალიან დიდია, ლამის ომში გადაიზარდოს და ალბათობა იმისა, რომ სირიაში რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს დაეტაკონ, საკმაოდ დიდია. გეოეკონომიკურ ასპექტში მსოფლიოში ასეთი რაღაც ხდება _ 3 მთავარი ფინანსური ცენტრია _ ლონდონი, ნიუ-ორკი და სინგაპური. ევროკავშირსა და აშშ-ში ეკონომიკურმა კრიზისებმა და მიგრანტებმა გამოიწვია ის, რომ ამ ორ ცენტრში ვინც დებდა ფულს, იმათ სინგაპურში გადაქაჩვა დაიწყეს და ის დღეს ყველაზე დიდი ფინანსური ცენტრია. გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, რომელთაც წარმოეშვათ მოთხოვნა, რომ თვითონაც იყვნენ ფინანსური ცენტრები. გამოიკვეთა მოსკოვი და ანკარა. მოსკოვთან მიმართებით გასაგებია, რომ ფინანსურ ცენტრად გადაქცევის შანსი არ გააჩნია, ლონდონმა ანკარასთან თანამშრომლობა დაიწყო ამ სფეროში, 18-19 თებერვალს სტამბულში ამ თემაზე კონფერენცია ჩატარდება და ლონდონისა და სტამბულის ტანდემი იმუშავებს, რომ ჯერ სინგაპურიდან წამოიღოს აქეთ ფინანსები და რუსული ფული ფინანსისტებმა სტამბულში ჩაიტანონ. ამ ასპექტის მიხედვით, სტამბულსა და მოსკოვს შორის უფრო მეტად იძაბება სიტუაცია. არათუ სამხედრო-პოლიტიკური შემადგენლის აქტივიზაცია ხდება, რუსეთს, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, სტამბული ამ პრობლემების უფრო გაღრმავებას დაიწყებს. აქეთ _ თურქეთი, იქით _ რუსეთი, შუაში ისევ საქართველოა გაჭედილი. ამ მონსტრების ომში ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ. უკრაინის, სირიის, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას თუ შევხედავთ, გამოჩნდება ასეთი რაღაც _ ეს არის რიმლენდის გეოპოლიტიკური ტერმინი _ დედამიწის სარტყლის კონტროლზე აყვანის მცდელობა. მაშინ კავკასია ამ კონტექსტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და საქართველოში უნდა შემოვიდეს რუსეთი, თუ რიმლენდის სრული კონტროლი უნდა. ამიტომ ეს საფრთხე და რისკი საფრთხისა, რომ შესაძლებელია ერთ დღეს უცბად დაარტყას თავში და საქართველოში შემოიჭრას, ამ კონტექსტიდან, საერთოდ არ არის ზღაპარი და შორიდან მოტანილი. რა თამაშის წესებითაც დღეს რუსეთი თამაშობს, მას ახალი არაფერი შეუქმნია, ძველია, რომელიც გამოცდილია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის.  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება