QronikaPlus
რატომ აღარ ოცნებობენ ზუგდიდში ,,ნაცმოძრაობის“ დაბრუნებაზე და სად გაქრა კოალიციური ძალა?!

რატომ აღარ ოცნებობენ ზუგდიდში ,,ნაცმოძრაობის“ დაბრუნებაზე და სად გაქრა კოალიციური ძალა?!

2016-02-20 06:46:05

როგორც ჩვენს თაობას სკოლაში ასწავლიდნენ, „წინარევოლუციური სიტუაცია“ არის, როცა ზედა ფენებს აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ქვედა ფენებს კი ძველებურად ცხოვრება აღარ სურთ. ეს ზუგდიდში ყველაზე მეტად იგრძნობა: გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია, გაუარესებული კრიმინალური გარემო და ამის ფონზე, მუდამ კმაყოფილი სახით მოსეირნე გუბერნატორი, პოლიციელები და მერია-საკრებულოს წარმომადგენლები ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევს და ბევრი მოუთმენლად ელოდება შემოდგომას. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამ ფონზე ზუგდიდში ,,ნაციონალების“ დაბრუნებაზე ოცნებობენ და ღამით მათი მონატრებით ბალიშებს ასველებენ _ კი ბატონო, იქ მათ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ვერავინ შეეცილება, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობაა, როცა ზუგდიდში ,,მეოცნებეებს“ დედა აღარ ჰყავთ, ხოლო ,,ნაცებს“ _ მამა, რადგან ადგილობრივები იმაზე არიან გაბრაზებული, როგორ მიეცით ხალხს იმის საბაბი, რომ ეს ოცნებით გაზულუქებული ადამიანები ხელისუფლებაში მოეყვანაო?.. გასულ კვირას სამეგრელოში ენმ-ს მთავარი ადგილობრივი სახის _ თენგიზ გუნავას დისკრედიტაცია სცადეს: ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის მთვრალი მართავდა მანქანას და ღამით ქალაქის ერთ ქუჩაზე ღობეს შეეჯახა, რის მერეც მიიმალა. როგორც ასეთ დროს ხდება, ინფორმაცია რამდენიმე წონად ონლაინგამოცემაშიც გავრცელდა და ქვეყანას მოედო, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ავარია მართლაც მოხდა, მაგრამ მანქანას არათუ გუნავა არ მართავდა, საერთოდაც არ მჯდარა შიგ: მან მანქანა ბიძაშვილს ათხოვა, რომელმაც ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. ზარალი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. არც გუნავას ბიძაშვილი გაქცეულა და არც ნასვამი ყოფილა (შეამოწმეს), მაგრამ ეს ყველაფერი თუ აღნიშნე, რაღა სენსაციაა? მთელი საქართველო შეძრა გასულ კვირას ზუგდიდში მომხდარმა სამმაგმა მკვლელობამ და შემდეგ ამ საქმის გახსნის შესახებ ცნობას ბევრი შეხვდა კმაყოფილებით. ეს გასაგებიცაა. მოკლული სამი ბიზნესმენის ახლობლები პოლიციის წინ ჯერ კიდევ მანამ აწყობდნენ აქციებს, სანამ ბიზნესმენებს მოკლულებსა და დამარხულებს იპოვიდნენ, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, თავდაპირველი აღიარების შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება სასამართლოზე შეცვალა და აღიარა, რომ მკვლელობა „აფექტის პირობებში, ემოციურ ნიადაგზე“ ჩაიდინა. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. სასამართლოზე მან თქვა, რომ ცნობები მისი დაკავების დეტალების შესახებ არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან იგი დააკავეს ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, ხოლო შსს-ს მასალაში აღნიშნულია, რომ დააკავეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით მაინც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. იმ დანაშაულის პრეისტორია, რომელსაც ბეჭვაიას ედავებიან, ამგვარია: 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი დაიკარგა. ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ და ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი _ ზესტაფონიდან იყვნენ. 12 თებერვალს შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებისას მან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა. ამასთან, საქმეზე მომდევნო წინასასამართლო მოსმენა 25 მარტს ჩაინიშნა. სასამართლო პროცესს არ დასწრებიან ბრალდებულის ოჯახის წევრები. საეჭვო დეტალებზე საუბრობს დაკავებულის მეუღლეც. შორენა სონგულიას განცხადებით, დაკავებამდე მათი სახლის ეზოში მდგარ ავტომანქანაზე ხელყუმბარა იყო დამონტაჟებული. დაკავებულის მეუღლის განცხადებით, საქმეში არსებული მკვლელობის იარაღი მისმა მეუღლემ, დავით ბეჭვაიამ, 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა. ბრალდებულის მეუღლის განცხადებით, დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღი გამოძიებამ 10 თებერვალს შემთხვევის ადგილზე მდინარიდან ამოიღო. ბრალდების თანახმად, დაკავებულმა, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბეჭვაიას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასევე გასული კვირის კრიმინალურ შემთხვევებში აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ის ფაქტიც, რაც ქალაქის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის, იგივე გუბერნატორის რეზიდენციის უკან მოხდა _ მანქანას საქარე მინები ჩაუმსხვრიეს და გაძარცვეს. შემთხვევა ღამით მოხდა. იმის მიუხედავად, რომ მიმდებარედ სათვალთვალო კამერებია, დანაშაული ამ დრომდე გაუხსნელია... ზემოთ ვახსენე, გაზულუქებული მერია-საკრებულოს შეფები ადგილობრივებს აღიზიანებს-მეთქი. ხალხის გასაღიზიანებლად არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. მაგალითად, ეს მშვენივრად მოახერხა საკრებულოს რიგითმა წევრმაც. „ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციის“ წევრმა თენგიზ ხარჩილავამ, რომელიც ადრე გოჩა ფიფიას, ხოლო უფრო ადრე „აღორძინებას“ უჭერდა მხარს, საკრებულოს წევრ ქალებს, არც მეტი, არც ნაკლები, საჩუქრად სუნამო „კრასსნაია მოსკვა“ მიართვა. საქმე ის გახლავთ, რომ ხარჩილავა დაგომისში იმყოფებოდა და, როგორც ამბობს, დიდხანს უფიქრია, რა ეყიდა კოლეგა ქალებისთვის. ბოლოს არჩევანი ამ სუნამოზე შეუჩერებია. ახლა კი არ იტეხს იხტიბარს და ამბობს, ვიხუმრეო, მაგრამ აშკარად არაა უკმაყოფილო, რომ კოლეგების უმრავლესობამ საპირისპირო სქესიდან მისი საჩუქარი პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენა და ახლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომებზე „კრასსნაია მოსკვას“ იაფფასიანი სურნელი ტრიალებს... საკრებულოს ეს და ზოგი სხვა წევრი გარეთ, ქუჩაში რომ აატრებდეს უფრო მეტ დროს, ვიდრე რეზიდენციებში, პარტიის ოფისებსა და მანქანებში, მიხვდებოდნენ, რომ იქ სუნამოს კი არა, დენთის სუნი ტრიალებს...  

                                                                                                                  ლაშა ბერულავა

 

გაზიარება