QronikaPlus
რატომ დაატოვებინეს თანამდებობა ბაღების მონიტორინგის უფროსს, იგივე იმედა „ჭორვილსკის“?

რატომ დაატოვებინეს თანამდებობა ბაღების მონიტორინგის უფროსს, იგივე იმედა „ჭორვილსკის“?

2016-02-16 10:03:12

ა/ო „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, „ორჯერ ნასამართლები იმედა ბერიძე ჭორვილიდან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს“. მონიტორინგის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, იმედა ბერაძე, აცხადებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლასა და ოჯახურ პრობლემებს ასახელებს. „ქრონიკა+“ „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება: _ იმედა „ჭორვილსკი“ (ბერიძე) სამსახურიდან შემთხვევით არ გაუშვიათ. ჩვენი ინფორმაციით, ბერიძე ორჯერ არის ნასამართლები და მიუხედავად ამისა, მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა ბაღების სააგენტოში. კარგად ასრულებდა „სუსის“ დავალებას და ყველა თანამშრომელი, ფაქტობრივად, მისი მოხსენებითი ბარათების საფუძველზეა განთავისუფლებული. იმედას ცოდვებმა და ,,მედიატორმა” უწია და თავადაც მიაბრძანეს სახლში. სხვათაშორის, პირველი ამ თემაზე თქვენი გაზეთი წერდა და იმედას `ცოდვებიც” `ქრონიკა+”-მა გამოაქვეყნა. ბერიძის გარდა, ჩვენი ინფორმაციით, თორდინავას მოადგილეც განთავისუფლებულია. მოკლედ, დიდი პრობლემები და ქაოსია ამ მიმართულებით, ისევე როგორც, ზოგადად, ქალაქში. აქ მთავარი ბაღების სააგენტოში ჯაბა სამუშიას მეუღლე და თორდინავაა. სამუშიას მეუღლე, ფაქტობრივად, რუხი კარდინალია, რომელიც საკადრო გადაწყვეტილებების ავტორია, ხოლო ამ დირექტივებს ის პარტიიდან და „სუსისგან“ იღებს. შემსრულებელი იმედა გაუგდეს, ახლა კი მისი და თორდინავას ჯერია. იმდენი ადამიანი გაათავისუფლეს უკანონოდ, რომ მხოლოდ თანამდებობის დატოვებით შემოფარგვლა მათთვის ნამდვილად მისალოცი იქნება. _ ორგანიზაციის ახალ კვლევებსა და ინიციატივებზე რას გვეტყვით? _ „მედიატორის“ ახალ ინიციატივაზე გეტყვით, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში წარვადგენთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურიდან უკანონო დათხოვნას ეხება. კერძოდ, თანამდებობის პირი, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლებს საჯარო მოხელეს და ამას სასამართლოც დაადასტურებს (ორ ან მეტ შემთხვევას), თავად იქნეს დათხოვილი და გარკვეული დროით საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალოს. ეს ინიციატივა პასუხობს იმ გამოწვევას, რაც რეალურად დგას საჯარო სამსახურებში. ასობით საჯარო მოხელეა უკანონოდ განთავისუფლებული. მიუხედავად სასამართლოს გამამართლებელი განაჩენებისა, „მოძალადე“ და კანონდამრღვევი ჩინოვნიკები კვლავ თანამდებობებზე არიან და რეალურად ამ პროცესის შემაკავებელი კანონი არ არსებობს. _ რა შედეგები მიიღეთ ელმავალშემკეთებელ ქარხანაში ვითარების შესწავლისას? _ უკიდურესად რთული ვითარებაა ელმავალშემკეთებელ ქარხანაში, რომელმაც 2005 წლის შემდეგ 130 ვაგონს ჩაუტარა მოდერნიზაცია და ამ დროისთვის კიდევ 26 ვაგონია განსაახლებელი. ვაგონების ექსპლუატაციის ვადა 25-35 წელია და მუდმივად განახლებაა საჭირო. ამისთვის სახელმწიფოს და დედაქალაქის მერიის დახმარებით შეიქმნა ეს ქარხანა, სადაც 105 თანამშრომელია დასაქმებული. ადამიანები გადაამზადეს, განათლება მისცეს, რაც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს თბილისში ვაგონების მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს: მექანიკური მართვიდან ვაგონები გადავიდა სენსორულ მართვაზე; ვაგონებში შეიცვალა ინტერიერ-ექსტერიერი; გაიზარდა ექსპლუატაციის ვადა 20 წლით, რის გამოც სახელმწიფომ უდიდესი თანხების დაზოგვა მოახერხა. ეს ქარხანა ამიერკავკასიაში, ფაქტობრივად, ერთადერთია. კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე, ამ ქარხნით დაინტერესდა ბაქო და ერევანი. ამ დროის მანძილზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო მოზიდული და ასევე გრძელდებოდა მოლაპარაკებები. დავით ნარმანიას პირობებში, 2015 წლის მაისში, ქარხანაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და მალევე საერთოდ გაჩერდა. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლებმა უამრავი წერილი დაწერეს, სადაც სიტუაციაში გარკვევას ითხოვენ. ასევე ირკვევა, რომ 26 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ბანკის კრედიტები ჰქონდა, თავი ჩამოიხრჩო და ობლად დატოვა მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. ბოლო წუთამდე თანამშრომლები ცდილობენ, მოლაპარაკებით გაერკვნენ სიტუაციაში, თუმცა მათთან საუბრით თავს არავინ იწუხებს. 105 ოჯახი ბედის ანაბარაა დატოვებული, მაშინ როდესაც ამ ადამიანების ცოდნის გამოყენებაა საჭირო. რაც დრო გადის, ვაგონები ძველდება, თავიდან იქნება განსაახლებელი და მოვა დრო, იტყვიან, ამ მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავსო. ამ რამდენიმე დღის წინათ ნაძალადევში მდებარე მეტროს სავაგონე დეპო ჩამოინგრა და 9 ვაგონი „ტყვეობაში“ მოექცა. მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოყო მერიამ კომისია, რომ გაეგოთ, შეიძლებოდა თუ არა მისი გამაგრება. ნაძალადევის თანამშრომლები გლდანის ელდეპოში გააერთიანეს და იქ გადაიყვანეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. თუმცა ფაქტია, ინფრასტრუქტურა მოუვლელობით ნადგურდება. მოკლედ, ამ მიმართულებითაც სრული კრახი განიცადა დედაქალაქის მთავრობამ. არ არსებობს დედაქალაქში გამოწვევა, რომელზედაც მერი ადეკვატურად რეაგირებს. _ იქნებ, ისიც გვითხრათ, რა ხდება მთავარ ბიბლიოთეკაში? _ მთავარი ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს სსიპია. თუმცა დედაქალაქის მერიისგან ფინანსდება და, შესაბამისად, კულტურის საქალაქო სამსახურიც „ზემოქმედებს“ მასზე. 2015 წლის შემდეგ ბიბლიოთეკაში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა. მართალია, თავად დირექტორი „ძველი ნაცნობია“, ანუ ლენა ასკურავა სანამ დირექტორი გახდებოდა, მანამდე წლები ამავე ბიბლიოთეკაში მოადგილედ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორობამდეც ეკავა მაღალი თანამდებობა, თანამშრომლებმა ასკურავა რეალურად მხოლოდ მას შემდეგ იხილეს, რაც ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა. ამის მერე იწყება ბიბლიოთეკაში ტერორი, შანტაჟი, მუქარა და ასე შემდეგ. 2015 წლის ზაფხულიდან დღემდე 50-ზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა ბიბლიოთეკა და, მათ შორის, ერთი, ნერვიულობის შედეგად დაიღუპა. არიან ისეთები, რომლებსაც განცხადებების დაწერა აიძულეს. ბევრი თავად გაათავისუფლეს, ისინი კი სასამართლოში განაგრძობენ ბრძოლას, მათ შორის ნანული ყიფიანი და სხვები. განთავისუფლებულების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს და ბრძანების სისულელიდან გამომდინარე, აუცილებლად აღადგენენ თანამშრომლებს... მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ლენა ასკურავა და მისი მოადგილე ჯანელიძე თანამშრომლებზე ზეწოლას აგრძელებენ და მათ აიძულებენ, რომ სამსახურიდან წავიდნენ. მაგალითად, ასეთია ქალბატონი მანანა ხორავა, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციას მომართა და უფლებების დაცვას ითხოვს. 30 წელზე მეტია, ეს ქალბატონი ბიბლიოთეკაში მუშაობს; და ასე „უპრაგონოდ“ იმის გამო, რომ თურმე მისი „ჰაბიტუსი“ არ მოსწონთ, არ უნდა ათავისუფლებდნენ _ თურმე, ზუსტად ასე ცინიკურად და აგდებულად ეუბნებიან. ქალბატონი მანანას გარდა, ასევე ზეწოლის ქვეშაა ჭავჭავაძის 24 ნომერში მდებარე ბიბლიოთეკის ფილიალის ხელმძღვანელიც, რომელიც 20 წელზე მეტია, ამ ფილიალს ხელმძღვანელობს. ასევე მიმდინარეობს თანამშრომლების დაბარება და ერთმანეთის დაბეზღების სანაცვლოდ ჰპირდებიან, რომ მათ არ გაათავისუფლებენ. დედაქალაქის მერს უამრავჯერ მიმართა თავად ფილიალის ხელმძღვანელმაც, მაგრამ ამაოდ. იმის მაგივრად, რომ რეალური ფაქტებით დაინტერესდნენ, ზეწოლას აძლიერებენ. ეს ყველაფერი კარგად არ დაუმთავრდება არც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას და არც დედაქალაქის უყურადღებო მერს... საინტერესოა ისიც, რომ დათხოვილი თანამშრომლების მაგივრად 50 პროცენტი უკვე შევსებულია, ძირითადად, პარტიული აქტივით და ნათესავებით. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ არავის არანაირი კონკურსი და გამოცდა არ ჩაუბარებია. საინტერესოა ისიც, რომ ქალბატონმა ლენამ მისი დისშვილი, 22 წლის ყმაწვილი, მრჩევლად დაინიშნა. ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს და ასევე არ გამოვრიცხავთ თანამშრომლებთან ერთად აქციის გამართვას.  

                                                                                                                  გიორგი მეფარიძე

 

გაზიარება