საკადრო პოლიტიკა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლია. თუ ბიზნესში ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, ვინ სად გაეშვა, სახელმწიფოს მართვაში ასე არ აღმოჩნდა. არ გამოადგა ,,ქართუს“ მეთოდები საქართველოს მართვაში და ამიტომაცაა, რომ ივანიშვილის ლაზიერის სვლა ქართულ პოლიტიკაში წარუმატებელი გამოდგა. რამდენიც არ უნდა უარვყოთ სტალინური პოსტულატი, _ კადრები წყვეტენ ყველაფერს, _ ნებისმიერ ეპოქაში აქტუალური ხდება.
ქვეყანაში რეალური ცვლილებები შეუძლებელია რეალური საკადრო ცვლილებების გარეშე. ,,ნაციონალები“ რასაც აპირებდნენ, იმის შესაბამისი კადრები მოიყვანეს ყველგან, ,,ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ მათი მართვის სტილი კარდინალურად განსხვავებულია ,,ნაციონალებისაგან“. თუმცა ამის განხორციელება საკვანძო თანამდებობებზე სააკაშვილისდროინდელი კადრებით დააპირეს და რაც მივიღეთ, ყველა ვხედავთ _ სრული საკადრო კოლაფსი!
ყველაზე რთული სიტუაცია, ამ მხრივ, პოლიცია-პროკურატურა-უშიშროება-სასამართლოშია. ეს ის ორგანოებია, რომელზე დაყრდნობითაც წინა ხელისუფლებამ რეჟიმის შექმნა შეძლო. ამ ციტადელის დანგრევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟზე და სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი.
ეს საკითხი კვლავ წინ წამოსწია ამ ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა. იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ ამ მხრივ რამე მაინც შეიცვლებოდა, ფუჭი აღმოჩნდა.
,,ქართული ოცნების“ საკადრო ბაკქანალიის შესახებ ,,ქრონიკა+“ უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს ესაუბრა:
_ ბატონო თამაზ, როგორ შეაფასებთ ძალოვნებში განხორციელებულ ბოლო საკადრო ცვლილებებს?
_ ქვეყანაში საარჩევნო წელი დადგა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავ ღრმა სტაგნაციაშია და ეს ამ ბოლო საკადრო გადაადგილებებმაც დაადასტურა.
დღემდე ვერ ელევიან ძალოვნებში, პროკურატურაში, სასამართლოში იმ კადრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ძალადობდნენ და სააკაშვილის რეჟიმს ამყარებდნენ. არათუ ვერ ელევიან, აწინაურებენ კიდეც.
თუ დააკვირდებით, ამ ხალხის სამუშაო ბიოგრაფია იწყება 2006 წლიდან, ე. ი. მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი სასტიკი და დაუნდობელი ხდება.
ახლახან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ბესიკ ამირანაშვილი დააწინაურეს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. მე მის მიმართ პიროვნულად შეუთავსებელი არაფერი მაქვს, მაგრამ როცა რეგიონებს აბარებ კაცს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, ეს გასაკვირია.
ბესიკ ამირანაშვილის დაწინაურების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. ის ამირანაშვილის გუნდის წევრია. მას მოქალაქე კოტე აბაშიძე ბრალს სდებს, რომ დღისით, მზისით ნარკოტიკები ჩაუდო, მისი ვიდეომტკიცებულება კი (იქვე მდებარე ერთ-ერთი ორგანიზაციის სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული), პოლიციამ გააქრო. მოადგილედ დაინიშნა რესან კონცელიძე, აბაშიძისდროინდელი აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აჭარის პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძეების მომხრეებზე დევნა იყო გამოცხადებული, ის ,,ნაციონალების“ დროსაც კი ერთი დღითაც არ დარჩენილა უმუშევარი. მისი ძმა ამავე დეპარტამენტის კადრებს განაგებს.
როგორ შეიძლება, კაცი ყველა ხელისუფლებას მოერგოს?
და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ იცნობს სისტემას. ამ სისტემის სამართავად წესიერება და პატიოსნება აუცილებელი პირობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, არასაკმარისი.
მინისტრს ასეთ საკვანძო თანამდებობაზე მეტი ალღო, გამოცდილება, ფხა უნდა ჰქონდეს.
ამასთან, წარდგენისას მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ბესიკ ამირანაშვილს ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა. რაში ჰქონდა წარმატებები? მის პერიოდში კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა, გაუხსნელია ყაჩაღობის ფაქტები, იმატა პოლიციელთა მხრიდან არასასურველი პირებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებამ, დაკავებულებზე ძალადობამ და ამის დასტურად ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი გახმაურებული ფაქტიც კმარა. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია და მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე პოლიციელებზე სამხილი საკმარისზე მეტია, რეაგირებაზე არავის უფიქრია. ასეთ დროს ამ კაცის დაწინაურება საზოგადოების გამოწვევაა. საზოგადოებრივი აზრის ჯიბრზე რამის გაკეთება, როგორც წესი, უკუშედეგს იწვევს. წინა ხელისუფლება სხვას კი არაფერს აკეთებდა _ ისეთ ადამიანებს აწინაურებდა და მფარველობდა, რომლებიც საზოგადოებაში ანტიპათიით სარგებლობდნენ.
თუნდაც, აჭარის სუს-ის უფროსად ირაკლი ერისთავი დაინიშნა. რამდენადაც ვიცი, წესიერი კაცია, მაგრამ მოადგილეებად ვინ დაუტოვეს? _ გიორგი შაშიაშვილი და ბუბა ბოლქვაძე _ ორივეს საკმაოდ ბნელი ,,ნაციონალური“ წარსული აქვს.
გიორგი შაშიაშვილი აჭარის პროკურატურაში მუშაობდა. თავის დროზე ის გენერალ რომან დუმბაძისა და გოგი კუპრეიშვილის პროკურორი იყო. იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი მარტო ამ ორ საქმეში, ისიც კმაროდა, მინიმუმ, სისტემიდან გასაშვებად. ის რომან დუმბაძის სამშობლოს მოღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვდა, მაშინ როცა მისი ქმედება ამას არ ითვალისწინებდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მოთხოვნა იმდენად აბსურდული და უკანონო იყო, რომ სააკაშვილის სასამართლომაც მოუხსნა ეს მუხლი. მაშინ აჭარის მთავარი პროკურორი გიორგი პაპუაშვილი იყო და როცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აჭარის სუს-ის უფროსად გადმოიყვანეს, მოადგილედ თავისი ხელის ბიჭიც გამოაყოლა. თავად გიორგი პაპუაშვილი კი პროკურორობის დროს აჭარის მთავარი რეკეტიორიც იყო და, ბუნებრივია, არც გიორგი შაშიაშვილიც იქნებოდა უმწიკვლო ამ საქმეში.
რაც შეეხება ირაკლი ერისთავის მეორე მოადგილე ბუბა ბოლქვაძეს, ის ცნობილი ზონდერია, ყველა იმ დარბევის აქტიური მონაწილე, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა აჭარაში.
_ ქვეყანამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღიარა, რომ პოლიტდევნილები ჰყავდა და 200-ზე მეტი კაცი ამნისტიით გაათავისუფლა. ამის ფონზე პარადოქსია, რომ არც ერთ პროკურორს საქმის შეთითხნისთვის, ხოლო მოსამართლეს უკანონო გადაწყვეტილებისთვის პასუხი არ უგია.
_ გეთანხმებით, პასუხი უგია კი არა, მათ სასათბურე პირობები შეუქმნეს და ცივ ნიავს არ აკარებენ. ყველას რომ თავი დავანებოთ, აჭარის ერთ-ერთი პროკურორი, ავთანდილ კილაძეც კმარა. ის, თავის დროზე, ზურაბ ადეიშვილმა მოიყვანა და მანქანაც აჩუქა, ალბათ, ვინმეზე წართმეული. იმ პერიოდში იმდენად თავხედობდა, რომ ვანო მერაბიშვილი მის დაპატიმრებასაც აპირებდა და ადეიშვილმა სასწრაფოდ მოაშორა სისტემას, აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობის უფროსად გადაიყვანა და მანქანაც გაატანა.
შეიცვალა ხელისუფლება და ის კვლავ პროკურატურაში დააბრუნეს. მართლაც მარაზმია, სხვა თუ არაფერი! ზოგი მის მფარველობას ზაქარია ქუცნაშვილს უკავშირებს, ზოგი _ არჩილ კბილაშვილს. ეგ რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ უპატრონოდ ასეთი რამ რომ არ ხდება, ნათელია.
თუ გინდ მოსამართლეები, რომლებიც იმის მაგივრად, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულად იყვნენ მათი ნამოქმედარის გამო, აქეთ გვეგულდიდებიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამისეიშვილი ავიღოთ _ სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდშია მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილებების 90% და ახლაც რიხით აცხადებს, დღესაც იმავე გადაწყვეტილებებს მივიღებდიო.
_ რით ხსნით ამ ყველაფერს?
_ ამაზე პასუხი არა მგონია, ხელისუფლებასაც ჰქონდეს, რომელიც არაადეკვატურადაც იქცევა და საერთოდ ვერ გრძნობს ამომრჩევლის დაკვეთას. ძალიან ბევრს, რომელთა უფლებები წინა ხელისუფლების დროს შეილახა, უკანონო პატიმარი იყო, ან ქონება წაართვეს, სურვილიც არ გააჩნია, შელახული უფლებების აღდგენისთვის იბრძოლოს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რადგან ვის მიმართონ? ყველგან ისევ ის ხალხია, ვინც ამ დღეში ჩაყარა და იციან, არც სამართლიანობა აღდგება და დამატებით პრობლემებიც შეექმნებათ.
_ რას ელით?
_ არც არაფერს. პოლიტიკური ნებაა საჭირო. რამდენად აღმოაჩნდება ეს ნება გიორგი კვირიკაშვილს, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წამხედურობით თუ ვინმე იზარალებს, თავად ხელისუფლება.
მართლაც, სააკაშვილის დროს თუ შიში იყო გამეფებული, ახლა ქვეყანაში სრული ნიჰილიზმია. სახელმწიფო კი ვერც ერთით და ვერც მეორით ვერ გაძლიერდება.
ნატო ქათამაძე