QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,დეპოში ჩარჩენილმა მოსამართლეებმა, იგივე „გრიშა ბიძიებმა“ მიიყვანეს ქვეყანა დაღუპვამდე!”

მამუკა ნოზაძე: ,,დეპოში ჩარჩენილმა მოსამართლეებმა, იგივე „გრიშა ბიძიებმა“ მიიყვანეს ქვეყანა დაღუპვამდე!”

2016-02-14 07:08:08

მოსამართლე ომარ ჯორბენაძე ინტერვიუში, რომელიც „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა, ადვოკატ მამუკა ნოზაძის მიმართ გულისწყრომას გამოთქვამდა. იყო კონკეტული ფაქტები თუ მოსაზრებები გაჟღერებული, რაც პირდაპირ კავშირშია ადვოკატთან. ამიტომ რედაქცია სადავო თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება, ამჯერად მოსამართლის ბრალდებებს მამუკა ნოზაძე გამოეხმაურება და თემაც აქვე დაიხურება. შეუძლებელია პასუხების რეჟიმში, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ,,ქრონიკა+“-მა უსასრულოდ გააგრძელოს ამ მიმართულებით მასალების გამოქვეყნება.   მამუკა ნოზაძე: _ როცა მოსამართლე რედაქციაში იმის გამო მიდის, რომ ოპონენტს პასუხი გასცეს, მან უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა იმოქმედოს და ორღობის დედაკაცივით არ უნდა ისაუბროს. ცხადია, თქვენ არაფერ შუაში ხართ, მაგრამ მასთან ინტერვიუ ბუნდოვანი რებუსივით არის, სადაც ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს. ცხადია, ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა არ არის დასაცინი, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მოსამართლეზე, რომელმაც არაერთი ადამიანის ბედი უნდა გადაწყვიტოს და ამიტომაც განვაცხადე, არ შეიძლება, ის კვლავ ამ სამსახურში იყოს-მეთქი. ის ამბობს, რომ ბევრ საქმეს იხილავს და სხვა მოსამართლეებისგან არაფრით განსხვავდება. ეს არის სიცრუე. ჯორბენაძე ასევე აცხადებს, _ მამუკა ნოზაძემ, ალბათ, არ იცის, რომ საგამოძიებო კოლეგიაში ზეპირი მოსმენის გარეშე ვიხილავთ საქმეებსო. მინდა გითხრათ, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში საჩივრების განხილვა ზეპირი მოსმენების გარეშე კი ხდება, მაგრამ კანონი გამონაკლისსაც უშვებს და ზეპირი მოსმენითაც იხილება იქ საქმეები. ასეთი პრეცედენტები ხშირად ყოფილა. ამჟამინდელი ხელისუფლების უნიათობა და სასამართლოს ლოიალობა ომარ ჯორბენაძისადმი ის გახლავთ, რომ იგი სხვა მოსამართლეების ზურგსაა ამოფარებული და ისე გამოჰყავთ, თითქოს საქმეებს ისიც იხილავს. სინამდვილეში კი არანაირ საქმეებს არ იხილავს და თანაშემწეები უწერენ ზოგადი ხასიათის განჩინებებს, რომელშიც, მხოლოდ და მხოლოდ, სახელი და გვარია შეცვლილი. ამ განჩინებებში ის ყველა საჩივარს დაუშვებლად ცნობს. მის მიერ არც ერთი საჩივარი არ ყოფილა ზეპირ მოსმენაზე დასაშვებად ცნობილი მაშინაც კი, როცა სხვა მოსამართლეებს ის დასაშვებად მიუჩნევიათ, განუხილავთ და გადაწყვეტილება მიუღიათ. _ თუ ასეა საქმე, მართლა ვერ გავიგე, რატომ ინახავენ სასამართლო სისტემაში ჯორბენაძეს? _ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება მისგან დავალებულია. თავადაც ამბობს, რომ იქ ბევრი მისი გაზრდილია. მათ შორის ასახელებს მურუსიძესაც. ასევე მისი გამოზრდილია მაია თეთრაული, რომელიც სწორედ მისი რეკომენდაციით და პროტექციით გამწესდა სასამართლო ხელისუფლებაში და ბევრი სხვა. ცხადია, ისინი ცდილობენ, ყოფილი მფარველი კვლავ დატოვონ სისტემაში. ჯორბენაძის თქმით, ის კი არ არის ადეიშვილის კურსელი, ყოფილი გენპროკურორი იყო მისი კურსელი. თუმცა ამ ფორმით ის ცდილობს, მათ შორის ახლობლობა და კავშირები დამალოს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით ჰყავთ მოსამართლე, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. მას ღირსებაც კი არ გააჩნია იმისთვის, რომ თავად დაწეროს განცხადება და წავიდეს. ცხადია, მოსწონს, როცა არაფერში იღებს მაღალ ხელფასს და განცხრომით ცხოვრობს. ის აცხადებს, ნოზაძისგან ის მეწყინა, ჩემზე რომ თქვა, _ კუმ ფეხი გამოყოო. თუ კუ ვიყავი, სასამართლო ხელისუფლებას როგორღა ვაკონტროლებდი, ეს ხომ შეუსაბამობააო? როგორც ჩანს, მისი გონება ვერ სწვდება იმას, რომ მე მას ვედავები 9-წლიანი რეჟიმის გამო, როცა ის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა იყო. თავადაც არ მალავს ამას და ამბობს, _ ამ პერიოდში პროკურორებსა და მოსამართლეებს ვხვდებოდი და კონსულტაციებს ვაძლევდიო. ვაი, იმ ქვეყანას, სადაც მოსამართლეები და პროკურორები ჯორბენაძისნაირი ადამიანებისგან მიიღებენ კონსულტაციებს. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ იმ დროს გამოდიოდა უსამართლო გადაწყვეტილებები. „კუმ ფეხი გამოყო“ ამ გადასახედიდან ვუთხარი, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც, ჯორბენაძისნაირები ხმას ვერ უნდა იღებდნენ. ბევრს ეგონა კიდეც, რომ ის, სასამართლოს სისტემიდან უკვე წასული იქნებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, „გამოყო ფეხი“ და სამართლიანობაზე, სამართალზე დაიწყო ლაპარაკი და წარსულ, დამყაყებულ სისტემას იცავს. დაუსაბუთებელი მოტივაციით, ჰაერზე წამოსროლილი მოსაზრებებით მედავება რაღაცას, რადგან ის წარსულში ჩარჩა. ცხადია, გახსოვთ წლების წინათ „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე წამოწყებული პოლემიკა ერთ-ერთ მწერალსა და კრიტიკოს თამაზ წივწივაძეს შორის ასეთი სათაურით: „გაიღვიძე, გრიშა ბიძია, დეპოში ვართ“. მინდა, ამ ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი გავაკეთო და ჯორბენაძეს ვუთხრა: გაიღვიძე, ომარ ჯორბენაძე, უკვე დეპოში ხარ! თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ გაღვიძებაც ვერ უშველის. ის ამბობს, ჩემზე ზეგავლენა ვის უნდა მოეხდინა, საგამოძიებო კოლეგიაში ვიყავი და ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყოო. გრიშა ბიძია, კარგად ვიცით, სად იყავით და რას აკეთებდით წლების განმავლობაში და ამიტომაც გვაქვს პრეტენზიები თქვენ მიმართ. საბოლოო რომ იყო მისი გადაწყვეტილება, ამით სარგებლობდა. უამრავი ადამიანი დატოვა პატიმრობაში, თუმცა არსებითი განხილვის დროს ბევრ მათგანზე გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. ეს არის მისი სამართლიანობა და სამართალი. ცნობილიც არის, რომ ის ობიექტურად არ უდგებოდა საქმეებს და ჭეშმარიტების აღქმის უნარიც არ გააჩნია. ასეთი ადამიანი მედავება, სასამართლომ ჭეშმარიტება კი არა, ობიექტურობა უნდა დაადგინოსო. ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში გამოვიყენე მეტაფორად და ის ამას ვერ მიხვდა. ომარ ჯორბენაძეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, რაც მასთან ინტერვიუდანაც კარგად ჩანს. ტრაბახობს კიდეც, თუმცა, რეალურად, იურისტებს შორის, არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია. _ მას მართლა ჰქონდა კავშირები ზურაბ ადეიშვილთან? _ რა თქმა უნდა! ის ამბობს, ყოფილ მთავარ პროკურორს სულ 4-ჯერ შევხვდი და ერთხელ სერიოზულად ვიკამათეთ კიდეცო. ეს არის აბსურდი. როგორ შეიძლებოდა, ჯორბენაძისნაირი კაცი ადეიშვილს შედავებოდა? ვინც ამ პიროვნებებს იცნობს, ამას არავინ დაიჯერებს, რადგან ჯორბენაძე ყოველთვის მონა-შემსრულებელი იყო მისი ზემდგომისა თუ არსებული ხელისუფლების. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის რაღაც რეკომენდაციებს წერდა, მაგრამ მას იყენებდნენ მისნაირი, დეპოში ჩარჩენილი მოსამართლეები. ასეთმა „გრიშა ბიძიებმა“ მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა დაღუპვის კარამდე და ამას ადასტურებს ევროსასამართლოზე წასულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები, განცხადებები _ ევროსაბჭოში, ნატოში, ეუთოსა და ა. შ. თუ ჯორბენაძე ასეთ ჭკვიანურ რეკომენდაციებს იძლეოდა, რატომ არის კითხვის ნიშნები დღემდე სასამართლო ხელისუფლების მიმართ და რატომ მოხდა ისე, რომ მისი სათაყვანებელი სააკაშვილ-ადეიშვილის ხელისუფლება დაემხო? სწორედ იმიტომ, რომ ქართულ სასამართლოში გამეფებული იყო უსამართლობა, რაც დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და ამ უნიათო ხელისუფლებამაც ასეთი ადამიანები დატოვა მოსამართლეებად. ისინი დღეს ურცხვად გამოდიან და ბედავენ, რომ კვლავ უღირსად მოიქცნენ. ჯამში, სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდა მაფიოზურ კასტად, დანაშაულებრივ სინდიკატად, რომელთაც საზოგადოების მიმართ, თურმე, პრეტენზიები აქვთ. იმის ნაცვლად, რომ ჯორბენაძე საკუთარ ცოდვებს ინანიებდეს და წარსულის მიმართ განცდა ჰქონდეს, აქეთ დასცინის ყველას. სხვათა შორის, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას ისიც ესწრებოდა და იქაც გამოავლინა თავისი სიურცხვე: შენობის აივანზე გამოვიდა და საპროტესტო აქციაზე მისულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს ზემოდან ზიზღით, ცინიზმით და დამცინავი ღიმილით დააცქერდა. არადა, მისნაირი ადამიანები საზოგადოებაში ხმას ვერ უნდა იღებდნენ. სოციალური სივრცე აჭრელებულია მისი ძმის პრესკონფერენციებით, სადაც ის აღიარებს, რომ აგენტი იყო. იგი ხელს ადებს ძმასაც _ ომარ ჯორბენაძეს და აცხადებს, ბევრ სიბინძურეს აკეთებდაო. ამ ადამიანმა თქვენთან იმით იმართლა თავი, ადეიშვილთან კარგად რომ ვყოფილიყავი, ჩემს ძმას ხომ დავეხმარებოდიო? მაგრამ დაეხმარა და ეს ყველამ იცის. მის ძმას, ყოფილ ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძეს, არაერთ დანაშაულში ედებოდა ბრალი. მას ჩადენილი აქვს თაღლითობები, ბევრი ადამიანი მოუტყუებია, რის შემდგომაც მათ ქონებებს ეუფლებოდა. ის თავის ძმას რომ არ დახმარებოდა, ზურაბ ჯორბენაძე ციხიდან ვერ განთავისუფლდებოდა. მაშინ, როცა ადამიანები კარაქისა თუ ფუნთუშის ქურდობისთვის ხანგრძლივად იყვნენ გამოკეტილნი ციხეში, სასამართლო თავისუფლების აღკვეთას გირაოთიც არ უცვლიდა. როგორ მოხდა, რომ მისი ძმა პატიმრობიდან ისეთი მძიმე ბრალდებების შემდგომ განთავისუფლდა, როგორიც წაუყენეს? მის მიმართ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უამრავი საჩივარია შემოსული, იმიტომ, რომ მისი ძმა პროფესიის დისკრედიტაციას ეწეოდა და ადვოკატისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა. მას თავად რომ არ დაეწერა განცხადება ადვოკატობის შეწყვეტის თაობაზე, ეთიკის კომისია საკმაოდ მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებდა მის მიმართ და პროფესიულ საქმიანობას შეუწყვეტდა. ინტერვიუში ომარ ჯორბენაძე ისე ლაპარაკობს, თითქოს დისტანცირებას ახდენს ძმასთან. რაც უნდა იძახოს, არ დავეხმარეო, არავინ დაიჯერებს, რადგან ფაქტი ერთია, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი დღეს გარეთ დადის, წვრილმანი დანაშაულობების გამო კი ადამიანები ციხეებიდან ვერ გამოდიან. „გრიშა ბიძია“, იგივე ომარ ჯორბენაძე, ყოველთვის ტყუილს ამბობდა და ახლაც ამ გზას მიჰყვება. ის იხსენებს, თითქოს იყო დრო, როცა მოსამართლეებს 28 ლარი ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ ასეთი დრო ნამდვილად არ ახსოვს ისტორიას. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მკურნალობისთვის დახმარება მოითხოვა და გამოუყვეს კიდეც. აი, ასეთი ხელშეწყობილია კაცი, რომელზედაც ძმაც აცხადებს და თავადაც ამბობს, რომ 9-წლიანი რეჟიმის დროს ის სასამართლო სისტემას აშენებდა. ეს ადამიანი საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს და პასუხი უნდა აგოს წარსულისთვის, მაგრამ ქვეყანაში განმკითხავი არავინ არის და ბუნებრივია, რომ ომარ ჯორბენაძეს პრეტენზია ექნება ჩემ მიმართ, სხვის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ და კიდევ იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის. სხვათა შორის, ომარ ჯორბენაძე, რომელიც წარმოშობით ხულოდან არის, ვარკეთილის დასახლებაში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ ამჟამად მის სახელზე არაერთი საცხოვრებელია, მათ შორის, კერძო ბინაც. თუ ასეთი პატიოსანია და როგორც ამბობს, 28 ლარიც კი ჰქონდა ერთ დროს ხელფასი, როგორ შეიძინა ამხელა ქონება? უამრავი მოსამართლე ვიცი, რომლებმაც 10-წლიანი სამოსამართლეო უფლებამოსილება ისე დაამთავრეს, დღესაც ვალები აქვთ. _ მან თქვენზეც ისაუბრა. _ ის ამბობს, რომ თითქოს მე რაღაც გადაცდომა მქონდა. ეს არის მისი ჭორიკნული, მორიგი ხრიკი. მე გადაცდომა არასდროს მქონია და არც მექნება, მისგან განსხვავებით. ის თქვენ გეკითხებოდათ, _ ნოზაძემ, მგონი, სტრასბურგში გაასაჩივრა და ხომ არ იცით, რა შედეგი დადგაო? ისიც კი არ იცის „გრიშა ბიძიამ“, რომ ჟურნალისტთან მოსამართლეც რესპონდენტია და კითხვებს აქეთ არ უნდა სვამდეს. მან ჩემზე ბოლომდე იმიტომ ვერ ისაუბრა, რომ კარგად იცოდა, სულ მალე, სწორედ ამ საქმის გამო, მის შესახებაც გააკეთებს შესაბამის განცხადებას ევროსასამართლო. დღე-დღეზე ველოდები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ევროპულ სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს ჩემი საქმის განხილვა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და 34-ე მუხლებით. ეს არის არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა, უკანონო დაკავება, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა საქართველოს მთავრობის მხრიდან და მას შეუძლია, ეს ყველაფერი მათ ვებგვერდზე მოიძიოს. ჩემს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოსთვის იქნება უმნიშვნელოვანესი, არამედ მთელი ევროპული სამართლებრივი სივრცისთვის იქნება მნიშვნელოვანი და პრეცედენტული იმ კუთხით, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ქვეყანა და სასამართლო წარმატებული ადვოკატის მიმართ. სწორედ იმის გამო, რომ კოლექტიურმა ჯორბენაძეებმა და დამნაშავე, კრიმინალმა მოსამართლეებმა უკანონოდ გამომკეტეს 2 წელი და 7 თვე ციხეში, ევროსასამართლო აუცილებლად გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად ომარ ჯორბენაძე ჩემს საქმეში ერთ-ერთი დამნაშავე ჭანჭიკია, რადგან მან ჩემ მიერ გასაჩივრებული უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ის ძალიან უღირსად მოიქცა და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე არ დააკმაყოფილა ეს საჩივარი. ცხადია, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც ევროსასამართლოშია გაგზავნილი. ორი ადვოკატი, მე და მარინა მაზანაშვილი, რომლის შვილიც უკანონო პატიმრობაში იყო, ამ დღეში ჩაგვაყენა. სხვათა შორის, მარინა მაზანაშვილის შვილის საქმეზეც ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობამ მაზანაშვილის შვილის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვია. მეც ასევე უდანაშაულო ვიყავი და ეს ძალიან მალე კიდევ ერთხელ დამტკიცდება. სხვათა შორის, ჩემს უდანაშაულობაზე ასევე არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა. ომარ ჯორბენაძემ პატიმრობაში დაგვტოვა ორივე ადვოკატი და უსამართლოდ, დაუსაბუთებლად გაგვიმეტა ციხისთვის, რათა მას სკამი შეენარჩუნებინა. ეს არის იდიოტიზმი და ბუნებრივია, როცა ევროპული სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს, საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, _ რომელი მოსამართლეები მოიქცნენ ასე? აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი არის სწორედ ჯორბენაძე და ეს აწუხებს მას.  

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება