QronikaPlus
ოთარ გამყრელიძე: „საქართველოში სამართალი სტალინის ეპოქაში დაბრუნდა!“

ოთარ გამყრელიძე: „საქართველოში სამართალი სტალინის ეპოქაში დაბრუნდა!“

2016-02-13 10:49:29

„დღევანდელ სასამართლო სისტემაში ძაღლი პატრონს ვერ სცნობს. ძალიან დიდი არეულობაა და, ძირითადად, ის მოსამართლეები ხმაურობენ, რომელთაც ზურგი სუფთა არ აქვთ. რაც უფრო მეტი არეულობა იქნება, ისევ ისინი ისარგებლებენ. უდიდესი დანაშაულის ტოლფასია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ეს ჩვენს ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს, ისედაც საქართველოში სამართალი სტალინის ეპოქაში დაბრუნდა!“ ამ და სხვა საკითხებზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა. ოთარ გამყრელიძე: _ ჩვენი საუბრის დასაწყისში ორიოდე სიტყვით მინდა აღვნიშნო იმ დადებით მხარეზე, რომელიც ამ ხელისუფლების მოსვლამ განაპირობა. საქმე ის არის, რომ სააკაშვილის რეჟიმი წმინდა წყლის ნეობოლშევიკური იყო. ისტორიულ მოვლენებს ხანდახან გამეორება ახასიათებს, აქაც ასეთი რამ მოხდა. ადრე თქვენს გაზეთთან ინტერვიუში მოგიყევით კონდრატიევშჩინას შესახებ, რომლის არსი ის გახლავთ, რომ ბოლშევიკების პოლიტიკური ჯგუფი განათლებულ საზოგადოებას ებრძვის. უნდათ, ყველა განათლებული ადამიანი მოიცილონ და დანარჩენი ისე მართონ, როგორც საბალახოდ გარეკილი ცხვრები. სააკაშვილი ამ რეჟიმის გამოსახულება იყო. მაგალითად, ჩარეცხილები, მეცნიერები რომ გამოდევნეს, აკადემიები, ინსტიტუტები გააუქმეს და რაც მთავარია, სასამართლოს მიადგნენ. დღეს რომ მურუსიძის წინააღმდეგ იბრძვიან, ტელევიზიით და პრესით ერთხელ არავინ ახსენებს, რა მოხდა საქართველოში 2005 წელს, როდესაც სასამართლოდან კანონმორჩილი მოსამართლეები გამოდევნეს და სააკაშვილის მორჩილები მოიყვანეს. ახლანდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც მათ რიცხვში იყო. აქედან პირდაპირ ჩანს, რომ ბოლშევიკი განსაკუთრებით ვერ იტანს სამართალს. დღესაც ეს ბრძოლა მიდის, სააკაშვილის დროინდელი კადრებია სასამართლოებში ჩამსხდარი და სწორედ ისინი იბრძვიან ადგილების შესანარჩუნებლად. დადებითი იყო ის, რომ 2012 წლის არჩევნებით თითქოს საზოგადოებამ ამოისუნთქა, მაგრამ დანაშაულები, რაც მაშინ ხდებოდა, უნდა გამოძიებულიყო! საზოგადოებას კითხვები აქვს, რომელზედაც ამ ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს! _ ეს როგორ უნდა მომხდარიყო? _ ნიურნბერგის პროცესის მსგავსი უნდა ჩატარებულიყო! ასეთი პროცესი, თავის დროზე, სსრ კავშირშიც უნდა გამართულიყო, მაგრამ არ გაიმართა. ახლაც არ მოხდა, მიზეზი კი ძალიან საინტერესოა! გარედან ზეწოლის შედეგი ხომ არ არის? ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და, როგორც ჩანს, სხვები გვკარნახობენ! ასე თუ არ არის, ჩემთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება სამართლის მხრიდან დევნილი კაცი ოდესის გუბერნატორი იყოს?! რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, აშკარად ჩანს და რამდენი ქართველია იქ კიდევ დაწინაურებული, რომელთაც აქ ხალხი გაგიჟებული ჰყავდათ?! ამან მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზემოქმედებაა სხვა მხრიდან. მართალია, რამდენიმე კაცი დასაჯეს, მაგრამ უგულავაზე დღესაც გაჰკივიან, _ პოლიტიკური პატიმარიაო. სააკაშვილის დროს რომ იყვნენ პატიმრები, ამას რატომ იმათზე არ ამბობდნენ?! როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც დღესაც აგინებენ, ამ გინებაში გარედან თავსმოხვეული ამბები შევნიშნე. ვხუმრობდი, _ შევარდნაძე მოლას პრინციპით მოქმედებს-მეთქი. ისიც მართალია და შენც მართალი ხარო, _ რუსეთსაც ეთამაშებოდა და დასავლეთსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთს ეს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ დააფინანსეს და მოიყვანეს სააკაშვილის ჯგუფი. 2005 წელს კანონმორჩილი მოსამართლეები რომ გამოდევნეს, საოცრება იყო და მე თვითონ ვიყავი ამ პროცესის მონაწილე. ამ მოსამართლეებს ვიცავდი დახურულ, დისციპლინურ პროცესზე. სამაგიეროდ, ისეთი ხალხი მოიყვანეს, რასაც უკარნახებ, იმას გააკეთებს. სასამართლოდან მოსამართლეები დარღვევებით გამოუშვეს, რომლებიც, სხვათა შორის, კარგი კადრები იყვნენ და ასე რომ გაგრძელებულიყო, სამართლებრივად მაღალ დონეს მივაღწევდით. სამართალზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თუ არ იქნება სამართალი, ქვეყანაც არ იქნება! ეს სიტყვები ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძიდან მომდინარეობს. ჩვენში ბევრმა კიდევ არ იცის, რომ თუ არ იქნება სამართალი, არაფრის უფლება არ გექნება! მახსენდება, როგორ ვმუშაობდით სისხლის სამართლის კოდექსის პროექტზე, სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე ვიყავი. კომისიაზე არავითარი ზეგავლენა არ ხდებოდა, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. არაჩვეულებრივი კოდექსი იყო და, სხვათა შორის, სააკაშვილის მეშვეობით გავიტანეთ საკანონმდებლო ორგანოში, მაშინ ის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო. ჰოლანდიაში ამ ჩვენი კანონპროექტის საერთაშორისო განხილვა მოეწყო და მოიწონეს, მაგრამ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, კრიტიკა დაიწყო, კოდექსი დაიჩეხა და იქიდან რაც უკარნახეს, ის გაკეთა. ახლა ეს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა კოდექსები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია! მაშინ, როდესაც ქართული სამართლებრივი აზროვნება ძალიან განვითარებულია, მეცნიერული თვალსაზრისით ვლაპარაკობ, ჩვენ აქ სისხლის სამართლის სკოლა გვაქვს. ახლა ჩვენ სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტში ვიმყოფებით, რომელიც 1957 წლიდან მუშაობს, მაგრამ არავინ არაფერს გვეკითხება! მართალია, დადებითი მოვლენა მოხდა, რომ ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე გავუშვით ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ ვერც ამათგან მივიღეთ ის, რასაც ველოდით სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. რამდენიმე კაცის დასჯა ამინდს ვერ შექმნის და თვითონ სახელმწიფოებრივი განვითარების დონეც ძალიან ნელა მიდის! პარლამენტში მხოლოდ მეცნიერულ საფუძველზე უნდა კეთდებოდეს დასკვნა. მეცნიერი შეიძლება პარლამენტში არ იყოს, მაგრამ აზრს ეკითხებოდნენ. ადრე ამ ინსტიტუტში პროექტები მოდიოდა, მეცნიერულ დასკვნებს ვწერდით, სააკაშვილის მოსვლის დროს კი ეს წაიშალა, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას აღდგენაც არ უცდია. ასეთ მაგალითს გეტყვით: საბჭოთა პერიოდში 14 წლის განმავლობაში ვმუშაობდი უზენაეს სასამართლოში მრჩევლად. როცა მოსამართლე დაეჭვდებოდა, რჩევას მეკითხებოდა, ისიც იურისტი იყო, მაგრამ მაინც მეკითხებოდა, კონკრეტული საქმე როგორ გადაეწყვიტა. თუკი მე, იურისტი, იურისტს რჩევას ვაძლევდი, მით უმეტეს უნდა დამიძახონ პარლამენტში, სადაც შეუძლებელია, მარტო იურისტები იყვნენ. ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ არავინ არაფერს გეკითხება, ვზივართ აქ და ვმუშაობთ, რასაკვირველია, წერილებს ვაქვეყნებთ, მაგრამ კითხულობენ თუ არა, ეს არავინ იცის. რომ იტყვიან,  კანონმდებლობაში სრული დომხალია! დღევანდელი მთავრობის პერიოდში კომისია იყო შედგენილი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტზე ცვლილებების გამო, მიმიწვიეს, მაგრამ მერე მივხვდი, იმიტომ დამიძახეს, მერე არ მეთქვა, რატომ არ მიმიწვიეთ-მეთქი. ან მიწვევას რა აზრი ჰქონდა? არაფერს იჯერებენ, ერთ ყურში შედის, მეორეში გადის. ახლაც სააკაშვილი ხომ არ არის?! დამიძახე, ხელფასს ხომ არ გთხოვ, შენი არაფერი მინდა, ჩემს ქვეყანას მსურს, მივეხმარო და ვთქვა, რა არის სწორი და რა _ არა, მაგრამ არავის უნდიხარ, ვზივართ აქ იურისტები და ვმსჯელობთ ჩვენთვის. პრესაში კი გამოვდივართ და მხოლოდ ვიწრო წრეში არ რჩება, ოდესღაც, ალბათ, მიიღებენ მხედველობაში, მაგრამ თუ ქვეყანა დაიქცა, მერე რაღად გვინდა?! _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევით, საზოგადოება სასამართლოში გარკვეულ ცვლილებებს ელოდა. სასამართლოებში შექმნილი მდგომარეობის გამო პრეზიდენტი, რომელმაც გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა. რამდენად სწორედ შეირჩა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და რა შეუძლია შეცვალოს გვენეტაძემ დღეს სასამართლოში? _ რაც შეხება პრეზიდენტის მიერ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის შერჩევას, პირველი ვიყავი, რომელმაც პრეზიდენტთან მას რეკომენდაცია გავუწიე. როდესაც ნინოს მხარს ვუჭერდი, რა მქონდა მხედველობაში _ ჩემი ასპირანტი იყო, ჩემი რეკომენდაციით დაიცვა დისერტაცია, ახლოს ვიცნობდი და მოსამართლედ რომ აირჩიეს, ვიცოდი, რისი გამკეთებელი იყო. ის გახლდათ სანდო და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ამას ემატებოდა ის ამბავი, რომ, როგორც ზემოთ გითხარით, 2005 წელს ის სასამართლოდან გამოდევნეს, რადგან სააკაშვილს არ ემორჩილებოდა. კიდევ გეუბნებით, რატომღაც, ამ ამბავს ახლა არავინ იხსენებს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მათ წინააღმდეგ, ვინც ეს პროცესი მოაწყო და ვინც ამათ გამოდევნას თავკაცობდა. დიდი როლი ითამაშა ვალერი ცერცვაძემ. არსებობს მასალები, სადაც ყველაფერია მოცემული. რომ ნახოთ გაგიჟდებით, ისეთი განსაცვიფრებელი დარღვევებია. რამხელა დანაშაულია, მოსამართლემ რომ საქმე შეწყვიტოს და იმავე მოსამართლემ განაახლოს! ჯერ თქვას, არ არის დამნაშავეო, მერე ისევ განიხილოს საქმე და თქვას, დამნაშავეაო. ამაზე მეტი დანაშაული რაღა გინდა?! ამ საქმის შეწყვეტისა და განახლების აქტს ერთი და იგივე პიროვნება, ვალერი ცერცვაძე აწერს ხელს. წარმოუდგენელია, აქედან ხომ პირდაპირ ჩანს, რომ აიძულეს, ეს გაეკეთებინა?! ამაზე მეტი გამოსაძიებელი საქმე რაღა უნდა იყოს?! გვენეტაძე ამას ვერ შეძლებდა, ეს უნდა გადაწყვიტოს კანონმდებელმა. რაც შეეხება პრეზიდენტის ინციატივას, კარგი იდეაა. ვეთანხმები, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუ ეს არ მოხდა, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები პატიოსანი კადრით ვერ ჩანაცვლდება. _ რომელ ჩანაცვლებაზეა საუბარი, უვადოდ დანიშვნას ითხოვენ... _ ესენი არიან სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეები. იუსტიციის საბჭოშიც, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების, კადრები სხედან. ფაქტი ერთია, დღეს სასამართლოში ძალიან დიდი არეულობაა, რომელიც მიანიშნებს, რომ დიდი ნაწილი `ნაციონალების~ კადრია შემორჩენილი და ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან. ის ხალხი, ვინც ასე აქტიურობს, სუფთა ზურგი არ აქვს. ამიტომ, რაც უფრო არეულობა იქნება, მათთვის უფრო სასარგებლოა, ეს აშკარაა! შეუძლებელია, მართალი კაცი მურუსიძეს უჭერდეს მხარს! მინდა, ამ ადამიანზე ორიოდე სიტყვით გითხრათ და მოვიტანო ერთი ძალიან ძველი მაგალითი რომის ისტორიიდან: რომის კეისარი ცოლს გასცილდა ცოლქმრული ღალატის, ეჭვის გამო. ოჯახმა უთხრა, _ ხომ იცი, შენი ცოლი რისი გამკეთებელია, ეს რა ქენიო? ის პასუხობს, _ რომის კეისრის ცოლის მიმართ ეჭვიც არ უნდა იყოს, როგორ ვმართო ხალხი, როცა შეუძლიათ წამომაძახონ, შენს ცოლს ვერ უვლი და ჩვენ რას მოგვივლიო? აი, ეს არის! საზოგადოებაში მოსამართლე ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ფიგურაა, რომლის მიმართ რაიმეზე ეჭვიც არ უნდა იყოს! ყველამ იცის, რაც მოხდა გირგვლიანის საქმეზე, ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ დარღვევა იყო. ამაზე რომ კაცი თავს იმართლებს, იმას როგორ უნდა ვენდო?! მე იურისტი ვარ, ვიცი, რას ნიშნავს მოსამართლისადმი ნდობა, განსასჯელის სკამზე რომ დავჯდები, უნდა ვიგრძნო, რომ სიმართლე არ დამეკარგება შენი სახით! დიდი ხნის წინათ ერთმა მოსამართლემ თავისი ისტორია მომიყვა: ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, 8 წლის წინათ თქვენ გამასამართლეთ და მადლობის სათქმელად მოვედიო. ადამიანი, რაც არ უნდა არაკეთილსინდისიერი იყოს, მის სხეულში ჩამარხულია სამართლებრივი გრძნობა. თუ სამართლიანად გაასამართლებ, საბოლოოდ, მაინც მადლიერი დაგრჩება! ახლა, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, მურუსიძეს ვუყურო, როგორც მოსამართლეს?! ამდენი ხალხი, ასეთი წინააღმდეგობა, ასეთი ლანძღვა-გინება და როგორ შეიძლება, ეს მოსამართლე იყოს?! ასეთი მურუსიძეებით არის დღეს სავსე სასამართლო! 9 წელიწადმა ისე გაანადგურა სასამართლო, ერთმანეთშია ყველაფერი არეული და ძაღლი პატრონს ვერ სცნობს! ათწლეულობით უკან დასწია სასამართლო სისტემა, სტალინის დროინდელ სასამართლომდე დაგვიყვანა! მაშინდელ საქმეებში რომ იყოთ ჩახედული, გაგიჟდებით, ისეთი რაღაცები ხდებოდა. როგორ და რისთვის შეიძლებოდა დაეხვრიტათ ტიციან ტაბიძე?! წარმოიდგინეთ, იქ რა სამართალზე შეიძლება ლაპარაკი?! კიდევ კარგი, 1997 წელს დახვრეტა გაუქმდა, თორემ, ამ მოსამართლეების ხელში ბევრი ადამიანი შეეწირებოდა! ისე აირია მოსამართლეთა კორპუსი, რომ ვერ გაიგებ, ვინ არის მიუკერძოებელი მოსამართლე, თუ პირადად არ ხარ მასთან დაკავშირებული! დღეს საქართველოში ბევრი დამნაშავე თავისუფლად მიდი-მოდის, მარტო მურუსიძის საქმეებს რომ გადახედო, წარმომიდგენია რამდენი დანაშაული ექნება ჩადენილი. გირგვლიანის საქმეზე მურუსიძე კიდეც რომ მართალი იყოს და საზოგადოება სცდებოდეს, მას უნდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა იმიტომ, რომ მის განაჩენს ძალა არასოდეს ექნება! ძალიან დიდი შეცდომაა იმ კანონის მიღება, რომ მოსამართლეები უვადოდ აირჩიონ, ეს ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს! საქართველო სამართლებრივად ჩამორჩენილი ქვეყანაა და უვადოდ არჩევის შემთხვევაში, მოსამართლეს გარანტია აქვს. იცით, მოსამართლეობის პერიოდში მას ხელს ვერ ახლებენ, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს ბრალს როგორ წაუყენებენ, როცა უკვე საფლავში იქნება წასული?! მხედველობაში ისიც მისაღებია, რომ უვადოდ დანიშვნა მათ ისე გაათამამებს, რასაც უნდა, იმას გააკეთებენ! _ გამოსავალი? როგორი უნდა იყოს ხელისუფლების მიდგომა? _ გამოსავალი ერთადერთია: ამ მოსამართლეებს უნდა დაუსრულდეთ ვადა, ისე ხელს ვერ ახლებენ. სასამართლოში უნდა შევიდეს ახალი, ავტორიტეტის მქონე მოსამართლე, რომელსაც ხალხი ენდობა. პატიოსანი მოსამართლეებით უნდა ჩანაცვლდეს ეს ხალხი, ეს არის ძირითადი გამოსავალი. რაც შეეხება არამოსამართლეებს, რომლებიც გვერდით ტრიალებენ, იმათი საქმიანობაც უნდა გადაიხედოს და ამის მიხედვით უნდა დარჩნენ, ან დატოვონ სამსახურები. აქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ! _ ბატონო ოთარ, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ, ან არ შეძლო სამართლიანობის აღდგენა. ისიც ვთქვით, რომ სამართლიანობა ქვეყანაში უპირველესია და საზოგადოების განწყობაც აქედან გამომდინარეობს ხელისუფლების მიმართ. როგორ შედეგებს უნდა ელოდოს ეს ხელისუფლება ამ წლის ბოლოს არჩევნებზე? _ ძალიან რთული მდგომარეობაა! თუ ამ ხელისუფლებას ხმას არ მივცემთ, გასათვალისწინებელია ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ისევ იბრძვის დასაბრუნებლად. შეიძლება მის პარტიას ხალხის მხარდაჭერა ნაკლებად აქვს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ამ პარტიიდან წასულმა ხალხმა ათასნაირი ორგანიზაცია შექმნა. სახელი და გვარები ხომ არ შეცვლილა?! ისინი ყველანაირად შეეცდებიან, თავიანთი ხალხი შემოიყვანონ. ძალიან რთული ვითარებაა და როგორმე უნდა ვეცადოთ, აქცენტი გავაკეთოთ პატიოსან ადამიანებზე. ყველა სამშობლოს მოყვარული ადამიანი უნდა გააქტიურდეს, რომ სიმართლეს დაუჭიროს მხარი. ეს არის მთავარი, ამიტომ ვთქვი, სამართალი ისეთი რამ არის, ხელს უშლის ყოველგვარ საქმიანობას და ამიტომ არ კეთდება საქმე! ამიტომ სამართლის გარეშე არ არსებობს ქვეყანა! 1887 წელს ილია თავის გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილების სერიას სათაურით: „ცხოვრება და კანონი“. იქ წერს: შოტლანდია არის ბუნებრივად უღარიბესი ქვეყანა, მიწის ქვემოთ და ზემოთ არაფერია, კლდე და ღრე, მაგრამ შოტლანდიელი მთიელი კარგად ცხოვრობს და წელში გამართულიაო. მერე გადადის სპარსეთზე: სპარსეთი ბუნებრივად არის უმდიდრესი ქვეყანა, რა გინდა, იქ არ იყოს მიწის ქვემოთ თუ ზემოთო, მაგრამ სპარსელი წელში მოხრილია და დაჩაჩანაკებულიაო. რატომ არის ასეო? იმიტომ, რომ შოტლანდიაში ჩემი და შენი სწორად არის გაყოფილი და სამართალი მოქმედებსო. სპარსეთში არავინ იცის, ვისი რა არისო. მერე გადმოდის საქართველოზე: სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა სპარსეთის მდგომარეობაშიაო, რა გინდა, სულო და გულო, აქ არ იყოს, მაგრამ არ გვაქვს ერთი _ სამართალიო! მერე აკეთებს ზოგად ფორმულას, _ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი და შენი სწორად არ არის გაყოფილი, სამართალი არ მოქმედებს და ქვეყანა ვერ განვითარდებაო! ამიტომ ყველამ უნდა დივიცვათ სამართალი, ასე თუ ვიმოქმედებთ, მაშინ ქვეყანა წინ წავა და ასეთი მდგომარეობა აღარ გვექნება!  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება