QronikaPlus
რატომ არის მთის კანონი დისკრიმინაციული?

რატომ არის მთის კანონი დისკრიმინაციული?

2016-02-12 08:10:30

„მემარცხენე ალიანსის“ განცხადებით, მთის კანონი დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, რადგან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით მიენიჭა, რაც ცვლილებას საჭიროებს. „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისკენ მოუწოდა. „ქრონიკა+“ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურ მდივანს, პაატა ჯიბლაძეს ესაუბრება:  _ პირველი იანვრიდან ქვეყანაში „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რომელიც მთელ რიგ საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს, რაც, იმედია, იმის საწინდარი გახდება, რომ ამ რეგიონებში ინვესტიციები ჩაიდება, სოციალური შეღავათები გავრცელდება, რითაც მთის დაცლის პროცესი შეჩერდება; ამავე დროს, იგი სტიმული იქნება ბარში ჩამოსული მოსახლეობისთვის მშობლიურ, მიტოვებულ სახლებში დასაბრუნებლად. კანონის შესაბამისად გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ მაღალმთიანი სოფლებისა, სადაც ეს კანონი ამუშავდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩინოვნიკების უყურადღებობის, არაკომპეტენტურობის თუ გამიზნული ქმედების შედეგად ამ სიის მიღმა დარჩნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები არღუნი, ზემო არანისი, გრემისხევი, საკრამული, ციხედავი, ჭილურტი, ზოტიკაანთკარი, ველთაურთკარი, მლაშე, ახატანი, რამაც იქ მცხოვრები ადამიანების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ დასახელებული სოფლების ნაწილს 1999 წლიდან მინიჭებული ჰქონდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაბამისი შეღავათებით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას, რათა ზემოთ დასახელებულ სოფლებზე უახლოეს პერიოდში გავრცელდეს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონის სოფლებს ეს სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლის მიხედვით, რაც ცვლილებას საჭიროებს. _ კანონის მიღებისას არსებული რეალობა რატომ არ გაითვალისწინეს? _ ვიმეორებ: ჩინოვნიკთა ან უყურადღებობის, არაკომპეტენტურობის, ან გამიზნული ქმედების შედეგად ზემოაღნიშნული სოფლები სიის მიღმა აღმოჩნდნენ. კონკრეტულად დუშეთს რაც შეეხება, კანონიდან გამომდინარე, შეღავათები ათას და ათასი მეტრის ზემოთ მდებარე სოფლებს შეეხო, მაგრამ ვსვამ კითხვას, _ მაგალითად, სოფელი ზემო არანისი, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, იქ მთის კანონი რატომ არ მოქმედებს?! ამ დროს დუშეთის რაიონის სოფელია შალიკიანთკარი, რომელიც ათას მეტრზე დაბლაა და მასზე სრულად ვრცელდება აღნიშნული მთის კანონმდებლობა. იგივე სოფელი საკრამული ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ მთის კანონის ფარგლებში ისიც ვერ ხვდება. ამიტომ მოვუწოდებ დუშეთის დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, რომ გამგეობის თანამშრომლებს დაავალოს, რათა ზემოაღნიშნული სოფლების ზღვის დონიდან მდებარეობის სიმაღლე გადამოწმდეს და სამართლიანობა აღდგეს, მათზეც გავრცელდეს მთის კანონის მოქმედება. ველოდებით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. ვიმედოვნებთ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ეს პრობლემა მოგვარდება. თუ არადა, სხვა ზომებს მივმართავთ. ამას გავაკეთებთ ამ სოფლების მოსახლეობასთან ერთად. ისინი აქ ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას პირდაპირ მიმართეს, რომ ეს კანონი მათზეც გავრცელებულიყო. დუშეთი თბილისთან ახლოს მებარე რაიონია და ამ ადამიანებმა ჩვენამდე მოაღწიეს, მაგრამ რა ხდება, მაგალითად, წალენჯიხაში, აჭარის მაღალმთიანეთში, კახეთის მთიანეთში, ან მესხეთ-ჯავახეთში?! რეალურად არ ვიცით, იქ ყველა სოფელი მოხვდა თუ არა აღნიშნულ სიაში? თქვენი გაზეთის მეშვეობით მსურს მოვუწოდო იმ რეგიონების მოსახლეობას, რომლებიც შესაბამის ადგილზე ცხოვობენ და არ ვრცელდება მთის კანონი, მოგვაკითხონ „მემარცხენე ალიანსს“ და მათთან ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. _ მაინც, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ, როცა სოფლებს შორის ამგვარი ცდომილებები დაუშვეს კანონში? _ ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ დასკვნების გამოსატანად კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ: დუშეთის რაიონში ათასი მეტრის ზემოთ მდებარე სოფლებზე ვრცელდება ეს კანონი, თუმცა რიგ, უფრო დაბლა მდებარე სოფლებს მიენიჭათ სტატუსი და ათასზე ზემოთ მდებარეები სიას არ გააკარეს. ასევე შედარებისთვის, ბაღდათის რაიონის სოფლებში ზღვის დონიდან 800 მეტრს ზემოთ მიენიჭათ სტატუსი. სიტყვაზე, ვამბობ, ახალქალაქში ეს 1400 მეტრზე და ზემოთ მოხდა. გარკვეული დიფერენცირება გასაგებია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ გამოვიდნენ და ეს ყველაფერი ოფიციალურად მაინც დაადასტურონ, გაათანაბრონ სოფლების მდგომარეობა, ვთქვათ, ყველა ჩამოიყვანონ რვაას მეტრზე, საშუალოდ ათასი მეტრი აიღონ და ა. შ. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: დუშეთის რაიონში და, არა მარტო იქ, მთელი რიგი სოფლები არის, რომლებიც საერთოდ დაცლილია მოსახლეობისგან. ეს პროცესი სოფლებში მოსახლეობის დასაბრუნებლად, რასაკვირველია, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ რა დააშავეს იმ სოფლებმა, რომლებიც, ვთქვათ, 1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ? ადრე იქ 130 კომლი ცხოვრობდა და დღეს 40-50 ოჯახი დარჩა. ისევ დუშეთის რაიონის მაგალითზე მოგახსენებთ, სადაც ახალგაზრდები აღარ არიან, სადაც ერთ-ერთ სოფელში შარშან მხოლოდ ერთი ბავშვი დაიბადა, სადაც სკოლებში ორი-სამი პარალელური კლასი მოქმედებდა და დღეს იქ თითო კლასში 2-3 ბავშვი სწავლობს. ასეთ სოფლებს ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ იქიდან მიგრაციის პროცესი არ გაგრძელდეს; ჩვენი გადამრჩენელი მთა ბოლომდე არ დაიცალოს და ხატოვნად რომ ჩამოვაყალიბოთ, მთას დაუბრუნდეს მთიელი. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებისთვის. სწორედ ამისკენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და კანონის გასწორებას ვითხოვთ, რომ დარჩენილ სოფლებშიც სტიმული გაუჩნდეთ ადამიანებს. ვთქვათ, 900 მეტრზეა სოფელი და რეალურად იქ 5-10 ოჯახი დარჩა. ეს სოფელი ბოლომდე ხომ არ უნდა დაიცალოს? ხომ არ შეიძლება, მარტო მთის სიმაღლიდან მიუდგე ამა თუ იმ სოფლის პრობლემას? ირაკლი ტრიპოლსკი შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეა და თვითმმართველობის კუთხით თავად უნდა ეფიქრათ და გადაეწყვიტათ სამართლიანად ეს საკითხი. კომიტეტისთვის შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინათ და მის საფუძველზე აღნიშნული სოფლები შეღავათიან სიაში უნდა შეეყვანათ. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციურად ყველა თანაბარი იქნებოდა. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ, შესაბამისმა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა იმოქმედოს. _ მოსახლეობამ უშუალოდ პარლამენტსაც თუ მიმართა და რამე რეაგირება თუ იყო? _ ჩვენ ერთობლივად ირაკლი ტრიპოლსკის მივმართეთ და დაინტერსება ვთხოვეთ, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბატონ ირაკლის, რომ დაინტერესდეს ამ პრობლემით. ჩვენ მზად ვართ მასთან შესახვედრად. თუნდაც კომიტეტის სხდომაზე განიხილონ, მოუსმინონ ამ ადამიანებს. ისინი დღესაც მთაში ცხოვრობენ, საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან, თავიანთ თავს ინახავენ, ამიტომ უკმაყოფილო არ უნდა დავტოვოთ, რათა შემდეგ თვითონვე გაუწიონ რეკომენდაცია ბარში ჩამოსულ თანამოძმეებს, რომ უკან დაბრუნდნენ; რაღაც მცირე ბიზნესი წამოიწყონ, განვითარდნენ და მათი საერთო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.  

                                                                                                        გელა მამულაშვილი

     

გაზიარება