40 ათასი ევროს ღირებულების რა კონსულტაცია გაუწია გერმანულმა კომპანიამ თბილისის მერიას? ამ მიმართულებით ტენდერი რატომ არ გამოაცხადეს? ვის ხარჯზე ატარებს „სამეცნიერო ექსპერიმენტებს“ დედაქალაქის მთავრობა? რა ხდება პრემია-დანამატების ყბადაღებულ პრობლემასთან დაკავშირებით? რა დამსახურებისთვის გაიცა მხოლოდ დეკემბერში ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, შტატგარეშე მოსამსახურეებზე და ა.შ.? საშუალოდ, რა ოდენობის შუამდგომლობას უწევენ მაჟორიტარი დეპუტატები მოქალაქეებს? რა აუცილებლობას წარმოადგენს 450-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადება საკონცერტო ინვენტარის შესაძენად? რისთვის გახდა საჭირო 20-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადება თაიგულებისა და გვირგვინების საყიდლად? მიმიმდინარეობს თუ არა დედაქალაქის მერიის სრული „ქართუზაცია“?
ამ კითხვებზე „ქრონიკა+“-ს ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს:
_ „მედიატორმა“ ახალი წლის შემდეგ მერიის მუშაობაზე მონიტორინგი განაახლა. რამდენიმე საინტერესო ქეისზე მსურს გიამბოთ.
პირველი: დედაქალაქის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 40 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ასი ათას ლარზე მეტია. ეს შეთანხმება გერმანულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელსაც თბილისის მთავრობისთვის კონსულტაციის გაწევა დაევალა, იმისთვის, რომ საცობები განიტვირთოს გმირთა მოედანზე, შარტავას, პეკინის ქუჩაზე და ა.შ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ამ 40 ათასი ევროს გადახდის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ „კონსულტაცია“, რომელიც დედაქალაქში შუქნიშნების დამატებას გულისხმობს. ვფიქრობ, ცოტა ანეკდოტურ მდგომარეობაში ჩავვარდით ჩვენც და დედაქალაქის მთავრობაც. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ შუქნიშანი განტვირთავს საცობს გმირთა მოედანზე, პეკინზე ან შარტავაზე? ალბათ, ყველა ხვდება, რომ ეს გამორიცხული ამბავია;
მეორე: საერთოდ არ იყო იმის საჭიროება, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაეფორმებინათ 40 ათასი ევროს ხელშეკრულება. ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. სატრანსპორტო მიმართულებით მერიაში საქალაქო სამსახური გვაქვს და მილიონობით ლარს ვხარჯავთ კონკრეტული ადამიანების შრომის ანაზღაურებაში. ამიტომ მიუღებელია უცხოური კომპანიის დაქირავება იმისთვის, რომ ქალაქში საცობები განვტვირთოთ.
თუ მაინცდამაინც აუცილებელი იყო გარეშე ექსპერტების ჩართვა, საქართველოშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით პროფესიულ კონსულტაციებს გაწევენ. და თუ არა, დედაქალაქის მერიამ გვითხრას მაინც, რომ არ გვყავს სატრანსპორტო კვალიფიკაციის ადამიანები. ბევრი პროფესიონალი გვყავს, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობა შეუძლია;
მესამე: შუქნიშნების დადგმა საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს. როცა მანქანების რაოდენობა იზრდება, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ შუქნიშნები დაამატო და ა. შ. უნდა იზრუნო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ძველის მოვლასა და ახლის გაკეთებაზე. ვგულისხმობ ახალ ესტაკადებს, ხიდებს, გვირაბებს და ა. შ. დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს ამის გარდა; იწვევს გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიას, რომლის სახელი არაფერს ამბობს. მის დოკუმენტაციასაც გადმოგიგზავნით.
_ მაინცდამაინც ამ კომპანიასთან რატომ გაფორმდა ხელშეკრულება? ან ტენდერი რატომ არ გამოაცხადეს?
_ ლეგიტიმური კითხვებია. მეტსაც გეტყვით: 2015 წელს საცობები რომ იყო, ამას ვერ ხედავდნენ და ამის დაგეგმვა არ შეიძლებოდა?
ზემოაღნიშნული კვლევის გარდა, საინტერესოა, რომ ბიუჯეტში 300 ათასი ლარი უკვე გათვალისწინებულია იმისთვის, რათა მერიამ კიდევ სხვადასხვა კვლევა ჩაატაროს. შეიძლება კიდევ გამოვარდეს ვინმე და რაღაც კვლევის მიმართულებით მორიგი ხელშეკრულება გააფორმონ. თბილისელები ამ კვლევებში ძალიან დიდ თანხას ვიხდით.
გავიგეთ, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც გვითხრა, რომ დავით ნარმანია მკვლევარი მეცნიერიაო. მაგრამ, უკაცრავად, ჩვენზე ხომ არ ატარებს სამეცნიერო ექსპერიმენტებს? თბილისელების ბიუჯეტით ხომ არ უნდა, რაღაც სამეცნიერო ნაშრომები დაიცვას?
ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ნახევარი მილიონის გადახდა რაღაც კვლევებში თბილისის მერიის მხრიდან არანორმალური ნაბიჯია. მით უმეტეს, როცა სხვა ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით.
_ რა ხდება პრემია-დანამატების ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით?
_ ახლა რაც შეეხება პრემიებს: ჩვენ საკრებულოს, მერიისა და გამგეობების ინფორმაციები გამოვითხოვეთ. საკრებულოზე შემიძლია დეტალურად გესაუბროთ. გამგეობებთან დაკავშირებით თქვენი გაზეთით დავაანონსებ, რომ საზოგადოება დეტალურ ინფომაციას ძალიან მალე მიიღებს.
ე. ი. მხოლოდ დეკემბერში საკრებულოში გაიცა 567 ათასი ლარის პრემია და დანამატი, საიდანაც 400 ათას ლარზე მეტი მხოლოდ პრემია იყო. დანამატები, შესაბამისად, 167 ათას ლარს შეადგენდა. ანუ თბილისის ბიუჯეტიდან მხოლოდ დეკემბერში ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი გაიცა. ეს მიიღეს საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, შტატგარეშე მოსამსახურეებმა და ა. შ.
რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ პრემია ნამდვილად არ მიუღიათ, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა, რომლებიც კომისიების ხემძღვანელები არიან, იგივე ჯაბა სამუშიამ, ნუგზარ მალაღურაძემ, გულიკო ზუმბაძემ, მაგალითად, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თარაშ შურღაიამ პრემია არ მიიღეს. თუმცა, ჯამში, 24-მა ადამიანმა 37 ათასი ლარის დანამატი მიიღო. საშუალოდ თუ გავყოფთ, 1600 ლარით მეტი ანაზღაურების მიღებას ნიშნავს დეკემბერში.
რაც შეეხება აპარატის უფროსს, მის მოადგილეებს, პიარის სამსახურის ხელმძღვანელს და ა. შ. მათი პრემია, უბრალოდ, კოლოსალური იყო. მათ, სარგოს გარდა, დეკემბერში, დამატებით ხელფასის 200 პროცენტი მიიღეს, რამაც ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტი შეადგინა.
ახლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს თბილისელებისთვის ხარკი არ არის და გაწეული სამუშაოსთვის გაცემული პრემია-დანამატია, მას ადეკვატურად ვერ მივიჩნევ. მგონი, ყველამ იცის, რომ ნახევარი მილიონის საქმეს ნამდვილად არ აკეთებენ დედაქალაქის საკრებულოსა და აპარატის თანამშრომლები.
შტატები აშკარად გაბერილია. 240 შტატის მოსამსახურეა დედაქალაქის საკრებულოში. აქ დეპუტატებს არ ვგულისხმობ. რის გამკეთებლები არიან, საერთოდ რა გაუკეთებიათ, რა ინიციატივები შემოიტანეს ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქისთვის, რომ ნახევარი მილიონი მხოლოდ დეკემბერში მიიღეს?
მით უმეტეს, ლარის ამ პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ორი ადამიანი გაიყინა ახალ წელს გარეთ ქუჩაში, შიმშილის პირობებში. ასევე საინტერესოა, რომ პრემია-დანამატები მიიღეს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლებმა. ჯამურად ეს პრემია 48 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
ახლა აგიხსნით, თუ ვინ არიან ეს ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლები. თუ გახსოვთ, `მედიატორმა~ კვლევა რომ გამოაქვეყნა, ერთი წლის განმავლობაში მაჟორიტარ დეპუტატებსა და მათ ბიუროებს რამდენი შუამდგომლობა ჰქონდათ გაწეული, რამდენი მოქალაქე მიიღეს და თხოვნა დაუკმაყოფილეს.
რამდენიმე დეპუტატს 3-5-10, მაქსიმუმ 15 შუამდგომლობა ჰქონდა დაწერილი. ზოგიერთი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამ ადამიანს მოემსახურა, ასეთი ბიუროებიც იყო. იყვნენ მაჟორიტარები, რობლებმაც მხოლოდ ხუთ ადამიანს გაუწიეს შუამდგომლობა. მაგალითად, დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან მხოლოდ 15 ადამიანს გაუწია ასეთი დახმარება. ე. ი. 15 ადამიანის მომსახურება იმად ღირს, რომ მხოლოდ დეკემბერში 48 ათასის პრემია გაიცეს? ეს საკრებულოს პრემია-დანამატები და ახლა რაც შეეხება მერიას, აქ სრულყოფილი მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბერში ორჯერ გაიცა პრემია დედაქალაქის მერიასა და გამგეობებში. ამას ვამბობ იმ საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც ამ წუთში ჩვენს ხელთ არსებობს. გამგეობების უმრავლესობაში დეკემბერში პრემია ორჯერ გაიცა _ ერთხელ რიგითი პრემია და მეორეჯერ უკვე საახალწლო პრემიის სახით. დანარჩენს საზოგადოებას კონკრეტული შედეგების სახით წარვუდგენთ თქვენი გამოცემის საშუალებით.
_ რაც შეეხება ტენდერებს?
_ მერიის ტენდერებთან დაკავშირებით, ასევე, ორი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრათ: პირველი ეხება 450 ათასი ლარის ტენდერს, რომელიც გულისხმობს ქალაქში კონცერტის ჩატარებისთვის საჭირო ინვენტარს: მიკროფონებს, გამაძლიერებლებს და ა. შ. არადა, ამ მიმართულებით მერიას უკვე დეკემბერში სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც ასევე ნახევარ მილიონზე მეტი ლარის იყო. იქიდან ორი ჩაიშალა და ერთი სამასიათასლარიანი ტენდერი დაკონტრაქტების ეტაპზეა. ახლა რომ შეხვიდეთ, საჯარო ინფორმაციაა და შესყიდვების საიტზე ნახავთ, რომ ამ ტენდერთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.
ანუ ეს მომსახურება ერთხელ უკვე ნაყიდი აქვთ გასული წლის დეკემბერში და ახლა კიდევ სამი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც ჯამში ერთად ნახევარ მილიონამდე ლარისაა. ამის დოკუმენტაციასაც გადმოგიგზავნით.
თქვე კაი ადამიანებო, ყველა ექსპერტი, ქართველი და უცხოელი, ვისაც კი საქართველოზე გული შესტკივა, მოგიწოდებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას მოერიდეთ. მით უმეტეს, როცა ამის აუცილებლობა და გადაუდებელი საჭიროება არ არის, რადგან ეს ურტყამს ეკონომიკას და ლარს. და რა არის ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა _ კონცერტისთვის `ბაზბოჩკისა~ და მიკროფონის ტენდერის გამოცხადება?! ეს ნორმალურია?! ან რა ეცეკვებათ, ან რა ემღერებათ, რა ეკონცერტებათ და ამაში დედაქალაქის მერიამ ნახევარი მილიონი ლარი რატომ უნდა დახარჯოს?!
ეს იმ ფონზე, როცა გაუბედურებულია თბილისის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფამდე არის მისული და ა. შ. ჯერ რა გზა დააგეს გაგარინის მოედანზე, კი ნახეთ. ახლიდან არის დასაგები. არადა, ასი ათასობით ლარი გადაყარეს. სანამ გზას დააგებდნენ, არც ლაბორატორიული სამუშაო ჩაუტარებიათ, არც ექსპერტიზა და ა. შ. „არ იცოდნენ“, რომ შიგნით წყალკანალიზაცია გამოსაცვლელი იყო და ახლა წყლის კომპანია და მერია ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. ამ პირობებში ნახევარი მილიონი ლარი ასეთ სისულელეებში დავხარჯეთ.
ახლა აპარატის უფროსიც შეუცვლიათ, რომელიც მანამდე სატრანსპორტო სამსახურში მუშაობდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დატოვებს თანამდებობას და მის ადგილზე ვინ მოვა.
ბატონმა ივანიშვილმა `სუსის~ მეშვეობით გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის მერიის სრული `ქართუზაცია~ მოხდეს. შესაბამისად, მისი კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობა მერიაში გამოუშვა, მგონი, კომპანიის ლიკვიდაციას აპირებს.
იგივე სამსახურის უფროსი, მერის მოადგილე, სხვადასხვა მიმართულებაზე ივანიშვილის კადრები დაინიშნენ. ამ პაატა ჯაჭვლიანსაც დიდი ალბათობით მისი კანდიდატი ჩაანაცვლებს.
ამ ტენდერის გარდა დედაქალაქის მერიას გამოცხადებული აქვს 20-ათასლარიანი ტენდერი, რომელიც თაიგულებისა და გვირგვინების შესყიდვას გულისხმობს. ალბათ, გახსოვთ, 1700 კუბოს ისტორია, მერია მას წინასწარ რომ ყიდულობდა და ამით ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე ზრუნავდა. ცოტა იუმორნარევად უნდა გითხრათ, რომ, ალბათ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ რაკი კუბოები აქვთ ნაყიდი, მერე იქ გვირგვინებითა და თაიგულებით უნდა მივიდნენ...
რა მარაზმია, რა გვირგვინი, რის თაიგული?! დედაქალაქის მერიაში მეტი გასაკეთებელი ვერაფერი ნახეს, რომ ასეთი სისულელეებით იყვნენ დაკავებულები?
რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, ტენდერები ასევე გამაგრებით სამუშაოებზე იყო გამოცხადებული. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე, მე-3 კვარტალის მე-18 კორპუსზე გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. 800 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია „დავსს“, რომელიც ამ ტენდერის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე დაფუძნდა. სატენდერო დოკუმენტაციაში ბევრი მოთხოვნა იყო, რომ გამოცდილება უნდა ჰქონოდა და ა. შ. კომპანიამ წარმოადგინა, რომ 2013 წელს დაფუძნდა და ამ „დავსის“ შვილობილი კომპანია იყო. და აგერ, რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვსო. ეს დოკუმენტაცია მერიამ მიიღო და მიიჩნია, რომ ეს მართლაც გამოცდილი კომპანიაა.
ჩვენ ეს რუსული კომპანიაც მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას რუსეთში განა სამშენებლო მიმართულებით ჰქონდა რაიმე გამოცდილება, არა, საუბარია მის მიერ კვერცხის, ზეთის, რძის პროდუქტების წარმოებაზე. რა შუაში იყო საერთოდ რკინა, ბეტონი, გამაგრება, მოკლედ, წარმოუდგენელი აბავია!
მიუხედავად ამისა, მერიამ კომპანია „დავსთან“ ასეთი შინაარსის ხელშეკრულება გააფორმა. თანაც, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებული იყო, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის ქარხანა, ანდა ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებული. შპს „დავსი“ 2015 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა და ხელშეკრულება, რომელიც მერიაში წარადგინეს, 8 ოქტომბრით თარიღდება. ნუ მომკლავთ და ჭკუიდან ნუ შემშლით, ეს მარტო მე ხომ არ მეჩვენება? კომპანიის დაფუძნებამდე ერთი დღით ადრე ხელშეკრულება რანაირად იყო დადებული?!
ეს ყველაფერი მერიამ ცნობად მიიღო და აღნიშნულ კომპანის კონტრაქტი გაუფორმა. ამის გარდა იყო კიდევ 3 კომპანია, რომელსაც ასევე გამაგრებითი სამუშაოების ხელშეკრულება გაუფორმეს. და ყველა მათგანი რუსული კომპანიების შვილობილია. მათი ფუძე მოდის რუსეთიდან და ყველამ ასეთი დოკუმენტაცია წარმოადგინა. ჯამურად, რასაც მერია მათ ჩაურიცხავს, სამ მილიონ ლარს სცილდება. ასეთ ვითარებაში რომ საქმეს ისევ რუსულ კომპანიებს აძლევ, ისიც საეჭვოს, კითხვის ნიშნებს ბადებს. ყველას შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ნახოს, ამ კომპანიებს რა დოკუმენტაცია აქვთ წარმოდგენილი.
ესეც მიუთითებს, რომ მერიაში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს _ ან გარიგებულები არიან, ან კორუფციაში იმყოფებიან, ან თვალს ხუჭავენ, ანდა სულაც სულელები არიან. მე აქედან არაფერს გამოვრიცხავ.
მოკლედ, თუკი რამე სერვისია მერიაში, ყველა მიმართულებით პრობლემაა, _ დაწყებული ბაღებიდან, სატრანსპორტო სფეროთი დამთავრებული.
_ სატრანსპორტო სფეროში რას გულისხმობთ?
_ რაც შეეხება სატრანსპორტო სფეროს, რეალურად კატასტროფული მდგომარეობაა. თუ არსებული სატრანსპორტო პარკი არ განახლდა, სერიოზულ კოლაფსს მივიღებთ. ათ წელზე მეტი ხნის წინათ შემოყვანილ ავტობუსებს მილიონ კილომეტრზე მეტი აქვთ გავლილი. მწყობრიდან გამოსულია. რეალურად, ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ტრანსპორტია.
იმის მაგივრად, რომ ამაზე ზრუნავდნენ და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ცდილობდნენ, კიდევ ვამბობ, ათას სისულელში ხარჯავენ ფულს. პირდაპირ გეტყვით, კორუფცია, მაინცდამაინც, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს მოელაპარაკოს და გარიგებაში შევიდეს. კორუფციაა, როცა თბილისელებს ხარკს გვახდევინებენ პრემიებსა და დანამატებში! კორუფციაა, როცა ოციათასიან ტენდერს აცხადებენ თაიგულზე, გვირვინზე და ა.შ. კორუფციაა, როცა ნახევარი მილიონის ტენდერს აცხადებენ საკონცერტო მომსახურების მიმართულებით!
რახან კორუფციაზე ვსაუბრობთ, ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ. წინა წელსაც კორუფციაზე ბევრი ვისაუბრეთ: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მერიაში რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი ეხებოდა კახი კალაძის ძმას, გიორგი არეშიძეს, რომელმაც თავის მეგობარს 95-ათასლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ასევე შაორის ბანაკთან, კვებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები იყო და ამაზე ჩვენმა ორგანიზაციამ პროკურატურაში წერილიც შევიტანეთ.
_ მოყვა რეაგირება?
_ რეაგირება არის. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რამდენიმე დღის წინათ ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი `სუსში~ იყო და გამომძიებელმა დაკითხა. ჩვენი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 332-ე მუხლით, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს. ჯერჯერობით გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის და კვალიფიკაციაც სწორია.
უბრალოდ, მეორე საკითხია, _ ეს გამოძიება რამდენად მივა ლოგიკურ დასასრულამდე? ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რაც საგამოძიებო საქმიანობას შეიძლება სჭირდებოდეს. რახან დაიწყეს, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე შეიძლება ბოლომდე მივიდეს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი არეშიძე მალევე მიეცემა პასუხისგებაში. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო წელიწადია, კალაძე პოლიტიკურად გააქტიურებულია. ბიძინა ივინაშვილის ნაცადი ხერხია, რომ ხელქვეით მყოფ ადამიანებზე კომპრომატები ჰქონდეს, რის შემდეგაც მას კიდევ უფრო ღრმად ჩაავლებს ყურებში ხელს.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება, მიმართულების მიცემა, პირდაპირ რომ ვთქვათ, პოლიტიკური საკითხია. თორემ ბევრ საქმეზე გვინახავს, რომ არც დაინტერესებულან და არც გამოუძიებიათ.
იგივე გეგი ნიჟარაძეს არც დაუძახეს, როცა არათუ საბუთები და დოკუმენტები, აუდიო და ვიდეომასალა მივაწოდეთ გამოძიებას. ამიტომ ეს არის გამოძიება პოლიტიკური მიმართულებით. ამ საქმის გამოძიებას რაღაც დონემდე მიიყვანენ, შემდეგ თაროზე შემოდებენ. მერე დაიწყებენ კახი კალაძესთან ვაჭრობას და მისდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი უკვე ივანიშვილის მძევლად იქცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ცოლისძმას საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება.
დარწმუნებული ვარ, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდება. ეს გამოძიება ემსახურება იმას, რომ კალაძე ბოლომდე ჯიბეში ჰყავდეთ. ახლაც ჯიბეში ჰყავთ, მაგრამ უფრო მყარად იქნება იქ, რათა რაიმე ამბიცია, პრეტენზია არ გაუჩნდეს და უფროსს, სოლოლაკის სასახლეში დავანებულ ივანიშვილს, არ შეეპასუხოს. ამიტომ მისი ცოლისძმა ბოლომდე მძევლად ეყოლებათ აყვანილი.
აშკარა კორუფციაზე თუნდაც, ჩვენი კვლევების საფუძველზე, სხვებიც არიან დასაკავებლები.
ასევე პრემიებთან დაკავშირებით ხაზგასმა მსურს: „აიდიეფაიმ“ (ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი) გუბერნიებში გაცემულ პრემიებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, 2015 წელს, ჯამურად, გუბერნიებში მილიონ 114 ათასი ლარის პრემია და დანამატი გაიცა. რასაკვირველია, ეს კოლოსალური თანხაა. მით უმეტეს, როცა გუბერნატორებს აღარანაირი ფუნქცია აღარ გააჩნიათ. ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ვეღარ ერევიან. აბსოლუტურად უფუნქციოდ არიან დატოვებულები, არადა, პრემიერის წარმომადგენლები არიან.
ეს ხომ დიდი თანხაა. მათთან შედარებით თბილისში დედაქალაქის მთავრობასა და საკრებულოს უფრო მეტად აქვს აღვირები აშვებული. მთელი საქართველოს მასშტაბით გუბერნატორები, მათი მოადგილეები, აპარატის თანამშრომლები ჯამში ერთ მილიონს იღებენ და აგერ, საკრებულოში, ყავის დალევაში იღებენ ხელფასს და ზემოთ ორასპროცენტიან პრემია-დანამატს. მარტო ერთ თვეში ნახევარ მილიონზე მეტი ჩაიჯიბეს. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე.
პრემიებთან დაკავშირებით მსურს, კიდევ ერთი დეტალი გაგახსენოთ: ჩვენმა ორგანიზაციამ პირველ იანვარსვე გავაკეთეთ ხმამაღალი განცხადება, რადგან უფასო სასადილოები ჩამოვიარეთ და დაკეტილი დაგვხვდა. 32 ათასი მოშიმშილე ადამიანი გვყავს დღეს ოფიციალურად, რომელიც მერიის უფასო სასადილოში იკვებება. ეს ციფრი 14 ათასი იყო 2014 წელს და 2016 წლის დასაწყისში უკვე 32 ათასია. ეს 32 ათასი ადამიანი დედაქალაქის მერიამ პირველ, ორ და სამ იანვარს სადილის გარეშე დატოვა.
ამაზე საჯარო განცხადება, სიუჟეტიც გავაკეთეთ და მოვუწოდეთ, რომ პირველში თუ დახურული გაქვთ, ორში და სამში მაინც გახსენითო. _ არა, კაცო, ჩვენ მუშაობას ორშაბათიდან დავიწყებთო. _ გამოსავალი?
_ პირველი: დედაქალაქის მთავრობის შეცვლა; ნარმანიას მოშორება მის გუნდთან ერთად. ეს, ალბათ, არჩევნებამდე არ მოხდება; თუკი გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და გვაქვს ამბიცია, რომ განვითარებადი საზოგადოება მაინც ვიყოთ. გვინდა, არ გვინდა, არჩევნებამდე მოცდა მოგვიწევს, თუ მანამდე ივანიშვილმა სხვა რამ არ გადაწყვიტა და ნარმანიას პირდაპირ სახლისკენ არ მიუთითა.
გამოსავალი ასევე კანონმდებლობასა და პოლიტიკურ ნებაში მდგომარეობს. დღეს არის იმის საშუალება, რომ მილიონობით პრემია-დანამატი გასცე და აღრიცხვა არ აწარმოო, თუ რაში აიღეს ადამიანებმა ეს დამატებითი ანაზღაურება. სანამ ეს სისტემა იარსებებს, ნებისმიერ ხელისუფლებას ცდუნება ექნება, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ ჩვენ მათ ბერკეტები უნდა წავართვათ და ამისთვის საკანონმდებლო ინციატივები არის შემოსატანი.
პირდაპირ გეტყვით, რომ არც პრემიის წინააღმდეგი ვართ, არც დანამატის. როცა საჯარო მოხელე კეთილსინდისიერად მუშაობს, ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს, ორასი კი არა, 400 პროცენტი პრემია-დანამატი უნდა მისცე. მაგრამ რა პირობებში, იმ ფონზე, რაც დღეს გვაქვს? ვიღაც გამოვარდება და იტყვის, რომ `ნაციონალების~ დროს ამაზე მეტს იღებდნენო. თუ მეტს იღებდნენ, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა!
მეორე: თუ ისინი იღებდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ვინც მოვა, ყველამ უნდა დააშავოს. პრემია აიღე და დანამატიც, ოღონდ გვითხარი, რას აკეთებ. რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც დაგებულ გზას, ეკონომიკურ წინსვლას, არაფერი კარგი არ ხდება დედაქალაქში. ნაგვის ურნებიდან დაწყებული, მთელი ინფრასტრუქტურა გამოსაცვლელია. ურნას ვერ ნახავ, დანგრეული არ იყოს. ავტობუსს ვერ ნახავ, გაუბედურებული არ იყოს!
თბილისის მეტროში ვაგონებს აახლებდნენ. ვაგონმშენებელი კომპანია თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იყო და განაახლეს კიდეც რამდენიმე ვაგონი. ეს საქმე ეტაპობრივად ხორციელდებოდა, რადგან ყველაფერს თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ამათ უკვე წელიწადნახევარია, ვაგონების განახლება შეაჩერეს და მოძრაობის შუალედები ნელ-ნელა იზრდება. ადრე თუ მატარებლისთვის სადგურში ლოდინი 2 წუთით გიწევდა, ეს ინტერვალი მატულობს.
თუ ამ მიმართულებით ვაგონების განახლება არ გააგრძელეს, აქაც სერიოზულ კოლაფსში ამოვყოფთ თავს. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოვიდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ამაზე ღიად ჩივიან. 20-25 ადამიანია, ვისზედაც სახელმწიფოს ფული აქვს დახარჯული, სათანადოდ მომზადებულები, კვალიფიციური სპეციალისტები არიან. მათ განაახლეს ის ძველი ვაგონები, ჩამყაყებული და გაუბედურებული რომ იყო. კიდევ ძველების განახლების პროცესი მიმდინარეობდა. მერე დრო რომ გადის, უკვე ამ განახლებულსაც სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება, ყველაფერს თავისი ვადა აქვს.
გარდა საქართველოში გაკეთებული ვაგონებისა, ეს ადამიანები ბიუჯეტს კისერზე კი არ ასხდნენ; პირიქით, მაგალითად, აზერბაიჯანიდან 60 მილიონის ინვესტიცია იყო შემოსული, რითაც ბაქო მისი ვაგონების შეკეთებას სთხოვდა. აქედან გზავნიდნან ჩვენი სპეციალისტების მიერ გაკეთებულს.
მაგრამ ამ ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის პირობებში აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებულია. ის აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებაც გააჩერეს, გაყინეს. ამ 25 ადამიანის გარდა კიდევ 70-მდე თანამშრომელია კომპანიაში და მათი ოჯახები რეალურად ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. პროფესიონალები, რომლებიც განა ბიუჯეტის ხარჯზე იყვნენ, იქით ქვეყნისთვის დივიდენდების მოტანა შეეძლოთ.
რაც შეეხება გამოსავალს, როგორც აღვნიშნე, კანონმდებლობა შესაბამისი უნდა იყოს; საჭიროა მკაცრი კანონები და პოლიტიკოსების ლამაზ თვალებზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თორემ ისიც ვნახეთ, კანონმდებლობა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ გამოცდავერჩაბარებული ადამიანი რამდენიმე თვით, გინდაც წლით მოვალეობის შემსრულებლად იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე;
კანონმდებლობა ისე გასამკაცრებელია, რომ ნებისმიერ ბიუროკრატს, მერს თუ სხვა თანამდებობის პირს ამ კანონებისთვის გადაბიჯება არ შეეძლოს.
ესეც რომ არ ვილაპარაკოთ და მანკიერების შესახებ საზოგადოებას არ გავაგებინოთ, წარმოიდგინეთ, მათი თავაშვებულობა სადამდე შეიძლება მივიდეს.
გელა მამულაშვილი