QronikaPlus
სოსო ცინცაძე: ,,საჯარო პირებიდან ვინ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მინისტრი ჯანელიძე რომ გამონაკლისი იყოს?!”

სოსო ცინცაძე: ,,საჯარო პირებიდან ვინ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მინისტრი ჯანელიძე რომ გამონაკლისი იყოს?!”

2016-02-07 11:27:11

მმართველ კოალიციაში ერთმანეთის პროფესიონალიზმი აეჭვებთ. პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნია.   „ვფიქრობ, რომ შეხვედრა აუცილებელია, თუმცა არ ვიცი, ერთი ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ გააჩნია, რომელიც ლავროვთან შეხვედრას სჭირდება. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის“, _ აცხადებს ქანთარია.   მისივე თქმით, თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი: „საკმაოდ კარგად უპასუხა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმეწონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან“.   ქანთარიას თქმით: „ჯაფარიძე არის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მას შეუძლია აღიჭურვოს გარკვეული უფლებებით და ასეთ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა“.   ნუკრი ქანთარიას შეფასებებს მმართველ კოალიციაში კრიტიკულად გამოეხმაურნენ. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თქმით: „საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ... საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს იმ პოლიტიკური გუნდიდან ჰყავს, რომელსაც ნუკრი ქანთარია ეკუთვნის. თუ მას რამე კითხვები აქვს მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში ჰქონდა, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ პარტიაში, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ აკეთებდნენ“.   „ქრონიკა+“ დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:   _ ჯერ ერთი, ნუკრი ქანთარია რომელი პროფესიონალი დიპლომატია, რომ მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გაკეთდეს? მეორე მხრივ, ლამის, არავინ აკმაყოფილებს წაყენებულ თანამდებობრივ მოთხოვნებს ამ ქვეყანაში და მინისტრი ჯანელიძე რაღა გამონაკლისი იქნება? სხვა საჯარო პირებიდან ვინ აკმაყოფილებს ამ თანამედროვე სტანდარტებს,   თუ მომზადების დონეს, განათლებას, ეშმაკობას დიპლომატიაში, ვაჭრობის უნარს და ა. შ.? რასაკვირველია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უფრო გამოცდილია, მაგრამ ასეთ შეხვედრაში (თუ საერთოდ შედგება) ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან მინისტრი ჯანელიძე აქედან კონკრეტული ინსტრუქციებით წავა. ასევე ლავროვი შეხვედრაზე კონკრეტული ინსტრუქციებით გამოცხადდება.   ერთსაც და მეორესაც ეცოდინება, თუ რაზე უნდა შეთანხმდნენ და რაზე _ არა. ამიტომ მსგავს შეხვედრებში ფიგურანტების კვალიფიკაციას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია.   გარდა ამისა, უშუალოდ მოლაპარაკების დროს ყოველთვის შეიძლება პაუზის, შესვენების აღება _ შევა სადღაც მოსაცდელ ოთახში, ტუალეტში, რა ვიცი, სადაც უნდა და ხელად დაურეკავს აქ, თბილისში საჭირო ინსტრუქციების მისაღებად. ამიტომ დღეს უკვე ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.   _ ამ მოლაპარაკებით რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა თუ იქნება შესაძლებელი?   _ ჯერ დღის წესრიგი არ გვაქვს, არც შეთანხმება მოლაპარაკებაზე და წინასწარ ვერ ვიტყვით, რა და როგორ იქნება. ისე, ყველაფერზე შეიძლება ისაუბრონ. მაგრამ უკვე მინიშნება იყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე სავიზო რეჟიმი ცოტა უცნაური იქნებაო. ეს თვითონ ლავროვმა ჩვეულ დიპლომატიურ ენაზე გააჟღერა. მაგრამ ეს ქართულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ სანამ დიპლომატიური ურთიერთობა არ იქნება, თბილისი-მოსკოვს შორის უვიზო მიმოსვლა არ დამყარდებაო, ეს არის და ეს.   _ დღევანდელ პირობებში რამდენად შესაძლებელია მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?   _ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე აღვადგენდი, რადგან მომხრე ვარ იაპონიის სახელმწიფო კურსის. იმ პოლიტიკის მომხრე ვარ, რომელსაც ოფიციალური ტოკიო მოსკოვთან მიმართებით ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას შეიძლება ჩვენზე მეტი პრეტენზიები ჰქონდეს რუსეთთან, იგივე ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით. ახლა ისტორიულ ფონზე არაფერს ვამბობ. ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთს მითვისებულ-წართმეული აქვს იაპონიის უფრო სტრატეგიული და წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები, ვიდრე გაფხეკილი ე. წ. სამხრეთ ოსეთი და ათეულმილიარდობით ინვესტიციების შემდეგ პერსპექტიული სოხუმია.   _ სადღეისოდ რუსეთში არსებული მდგომარეობა რამდენად მოქმედებს ლავროვის, სხვა ლიდერების ამ ტიპის განცხადებებზე?   _ ნამდვილად მოქმედებს და რუსეთში არსებული კრიზისული რეალობის პირდაპირი შედეგია. დღეს რუსეთს, მის ლიდერს უჭირს და ამიტომ ცდილობს პუტინი, რომ თავის ახლო გარემოცვაში სამეზობლოდ რაც შეიძლება მეტი, თუ გნებავთ, კეთილგანწყობილად ნეიტრალური სახელმწიფო ჰყავდეს.   ვიმეორებ, კეთილგანწყობილად ნეიტრალური _ არც, ვთქვათ, სომხებივით ბოლომდე ჩახუტებულები და არც ბალტიისპირელებივით დანასისხლად აფოფრილები.      

                                                                                                                            გელა მამულაშვილი

       

გაზიარება