QronikaPlus
თამაზ იმნაიშვილი: ,,შესაძლებელია, ისლამურ სახელმწიფოსთან დაპირისპირების ინსტრუმენტი გავხდეთ!“

თამაზ იმნაიშვილი: ,,შესაძლებელია, ისლამურ სახელმწიფოსთან დაპირისპირების ინსტრუმენტი გავხდეთ!“

2016-02-07 10:55:05

გასულ კვირას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 2015 წლის ანგარიში წარადგინა. სტოლტენბერგმა საქართველოზეც ისაუბრა: „აღმოსავლეთში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ გარე ზეწოლასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. ჩვენ მათ უკვე ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით“, _ განაცხადა მან. რა გზავნილები გაკეთდა და რომელი პრიორიტეტები გამოიკვეთა  საქართველოს მიმართ ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში? რატომ დაუშვა ნატომ უპრეცედენტო შემთხვევა და რატომ მიიწვია საქართველო უელსის სამიტის მინისტერიალის ვახშამზე? რა საფრთხეები არსებობს რუსეთ-საქართვლოს კონფლიქტის გააქტიურებისთვის? შეცვლის თუ არა ნატო სტრატეგიას, ტაქტიკას, სტრუქტურას და დამოკიდებულებასაც სტრატეგიული პარტნიორებისადმი? ამ და სხვა საკითხებზექრონიკა+“- ესაუბრებაგენერალთა კლუბისწარმომადგენელი, ექსპერტი თამაზ იმნაიშვილი: _ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოხსენება საკმაოდ ვრცელი იყო. ვისაუბროთ იმაზე, რა მთავარი გზავნილები გაკეთდა და რომელი პრიორიტეტები იყო გამოყოფილი. სანამ მოხსენების შეფასებაზე გადავალთ, მანამდე აღვნიშნავ, ჯერ კიდევ შარშან, თებერვალში, ოსლოში, ნატოს ეგიდით ჩატარდა ძალიან დიდი კონფერენცია, სადაც განხილული იყო მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ხედვები, საფრთხეები, რისკები, გამოწვევები, შესაძლებლობები და ა. შ. იქ, როგორც ექსმინისტრი, მიწვეული იყო დავით თევზაძე. მოხსენებითაც გამოვიდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებისა და შავი ზღვის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. გამოირკვა ასეთი რაღაც: ნატო დაყოფილია სამ ნაწილად _ საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების აღქმის თვალსაზრისით, ანუ დასავლეთ ევროპა მთავარ საფრთხედ აღიქვამდა ისლამურ სახელმწიფოს და მისგან გამომდინარე შედეგებს; აღმოსავლეთ ევროპისთვის მთავარი საფრთხე იყო უკრაინის კონფლიქტი, მათ უჩნდებოდათ შიში, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და არსებობს დიდი საფრთხე რუსეთის მხრიდან არაადეკვატური ქმედებისა, რომ არ შეიჭრას აღმოსავლეთ ევროპაში. რაც შეეხება სკანდინავიას, იქ განსაკუთრებული ის იყო, რომ შეიცვალა ნორვეგიის უსაფრთხოების სტრატეგია. პეტრე პირველიდან მოყოლებული, ნორვეგიასა და რუსეთს შორის ომი არასდროს ყოფილა, მაგრამ 2014 წელს ნორვეგიამ შეიმუშავა 10-წლიანი პროგრამა რუსეთის შესაძლო აგრესიის მინიმიზაციისა და თავიდან აცილების მიმართულებით. ეს თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ სკანდინავიისთვის და განსაკუთრებით, ნორვეგიისთვის რუსეთი უკვე საფრთხეს წარმოადგენს. აშშ-ს მთავარი პრობლემას, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ისლამური სახელმწიფო და არაბული გაზაფხულის არასწორი განვითარება. მეორე მხრივ, აშშ-ს ევროპაში დომინანტის როლის პრობლემა სერიოზულად შეექმნა, რომელმაც ობამას მმართველობის სისუსტეები აჩვენა. ეს იყო შარშან, ახლა კი სტოლტენბერგის მოხსენაბაში ეს სამი მიმართულება, პრაქტიკულად, გაერთანდა. _ რა იყო სტოლტენბერგის მთავარი მესიჯები? _ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი არის ოსპოლიტიკის გადახედვა. ეს არის აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის შეცვლის მცდელობა და გადახედვა. ოსპოლიტიკა გამომდინარეობს 1977 წლის ვენის დოკუმენტიდან. ამაზე ილაპარაკა სტოლტენბერგმა და თქვა, რომ ვენის დოკუმენტი მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს და უნდა შეიცვალოსო. ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა მესიჯი, რაზედაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შარშან თებერვალში საუბრობდნენ, საფრთხე იმისა, რომ რუსეთი მოიქცევა არაადეკვატურად, შეიძლება დიდი აგრესია გამოჩინოს და სერიოზული პრობლემები შეუქმნას აღმოსავლეთ ევროპასო. ამას გულისხმობს ოსპოლიტიკის გადახედვა და მისი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება. ვენის დოკუმენტს 33 ქვეყანამ, რომელთა შორისაა აშშ და კანადა, პირველად 1977 წელს მოაწერეს ხელი, ეს განვითარებას ჰპოვებდა განსაკუთრებით 1992 წელს, როდესაც პარიზში ამ დოკუმენტში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა და 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ყოველ წელს იცვლებოდა. დღეს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ვენის დოკუმენტი ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, გამოწვევებს, საფრთხეებს და უნდა შეიცვალოს. ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მოადილე ამბობს, ევროკავშირი და ნატო, ამ შემთხვევაში, ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ევროკავშირი ვეღარ პასუხობს თანამედოვე მოთხოვნებს და მისი სტრატეგია აუცილებლად უნდა შეიცვალოსო. სტოლტენბერგი ოსპოლიტიკის ცვლილებასთან და გადახედვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცივი ომის პოლიტიკური წესრიგი, პრაქტიკულად, დანგრეულია. ჩემი აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, ცივი ომის პოლიტიკური წესრიგის თამაშის წესები გაანადგურა და ეს სტრატეგია უნდა შეიცვალოს. არგუმენტებზე, რატომ უნდა შეიცვალოს, სტოლტენბერგი ასე წერს: ვთქვით, რომ ძველი პოლიტიკური წესრიგი აღარ არსებობს, უკრაინის კონფლიქტი ძალიან მზარდი და დიდი საფრთხის მატარებელია, რუსეთის 2015 წლის სამხედრო დოქტრინაში ნატოს და აღმოსავლეთ ევროპის გაძლიერება და აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთმა მთავარ საფრთხედ მიიჩნია, არა რისკად და გამოწვევად, არამედ, საფრთხედ. ამავდროულად, რუსეთს უსაფრთხოების სტრატეგიაში უწერია, თუ მის სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება, იტოვებს ვალდებულებას, საკუთარ თავზე აიღოს, რომ სხვის ტერიტორიაზე იომოს. ეს ყველაფერი სტოლტენბერგს აძლევს საშუალებას თქვას, რომ პოლიტიკა შესაცვლელია. რუსეთ-თურქეთის კონფლიქტია ერთ-ერთი გზავნილი და შეხედეთ, რა უწერია _ ეს არის უკვე დიდი რისკი ნატოს და რუსეთის კონფლიქტის აქტიური ფაზისთვისო. თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი რომ ჩამოაგდო, ეს ნელ-ნელა ძალიან სერიოზულ ფაზაში იზრდება, ამან  ბევრი რამ გამოიწვია. თურქეთმა ავანტიურა გააკეთა და ამ კონფლიქტში დასავლეთი ჩართო. ნატოს მე-5 ქარტიაზე 28 ქვეყნიდან 12-ს აქვს ხელი მოწერილი. თურქეთს ხელი მოწერილი აქვს და ამ ნაბიჯით, პრაქტიკულად, დანარჩენი 11 ქვეყანა აიძულა, გვერდზე დადგომოდა. ყირიმის პრეტენზიები, ყირიმელი თათრების, ალავიტური სირიის, ქურთისტანის პრობლემები და რუსეთი აქ ძალინ დიდ როლს თამაშობს, პრაქტიკულად, დასავლეთი ამ კონფლიქტში ჩართო. სტოლტენბერგისთვის არა საფრთხე, არამედ დიდი რისკია ნატო-რუსეთის კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადასვლა. როგორ ხედავს ამ საფრთხეებს, რისკებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს რუსეთთან ურთიერთობაში? ამბობს, რომ OBჩE, ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მთავარი ინსტრუმენტი და გერმანია, როგორც სახელმწიფო, ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტია რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზირებაში. მან მერკელი პირდაპირ მოიხსენია, როგორც, ასე ვთქვათ, შუამავალი, რომელსაც ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს პუტინთან. სტოლტენბერგმა კიდევ  ერთი სერიოზული გზავნილი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2015 წელი  ნატოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, ანუ 2015 წელს ნატოს ქვეყნებმა აღარ დაიწყეს ბიუჯეტების შემცირება. ეს იყო 2004 წლის ვენის დოკუმენტის ერთ-ერთი პროგრამა, რომ ბიუჯეტები შეემცირებინათ. თქვეს, რომ აღარ გვჭირდება, მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2% იქნება ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, ამ 2%-ის 20% უნდა წავიდეს მაღალი ტექნოლოგიების კვლევებშიო. 2015 წელს 28 ქვეყნიდან 19-მა ქვეყანამ აღარ შეამცირა ბიუჯეტი და ზოგმა გაზრდა დაიწყო. მაგალითად, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა. ეს თავისთავად მაჩვენებელია იმისა, რომ ნატო უახლოეს მომავალში ძალიან დიდ რისკებს გრძნობს, საუბარია 5-დან 10 წლამდე პერიოდზე. ეს ძალიან სერიოზული გზავნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს პოლიტიკა იცვლება. როგორც აღმოჩნდა, ნატოს მთლიანი ბიუჯეტის 72,3% მოდის აშშ-ზე, 6,6% დიდ ბრიტანეთზე, 4,9% საფრანგეთზე, 4,4% გერმანიაზე და დანარჩენი სხვადასხვა ქვეყანაზე ნაწილდება. ოსლოში ჩატარებულ კონფერენციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა ისიც თქვა, ნატოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი უპასუხისმგებლოდ იქცევა, ნატოსგან ყველა სიკეთეს იღებს, მაგრამ გაცემა და ვალდებულების აღება არაფერზე არ უნდაო. აქ საუბარია ბელგიაზე, ჰოლანდიაზე, სხვათა შორის, საფრანგეთზეც და ამიტომ ნატოს სტრატეგია უნდა შეიცვალოს. სტოლტენბერგის მოხსენებაში ამ მიმართულებითაც იყო ლაპარაკი, რომ არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ ამერიკამ აკეთოს, 3-4 ქვეყნის კისერზე გადავიდეს, დანარჩენი კი ფეხი ფეხზე გადადებულები იყვნენ. ამ ანგარიშში ნატოს შიდა სტრუქტურის და შიდა ტაქტიკის ცვლილების გზავნილიც გაკეთდა. _ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოც ახსენა... _ დიახ, მან საქართველოც ახსენა და თქვა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო, ეს ნამდვილად ასეა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 8-22 ივლისის წვრთნები, სადაც 800-ზე მეტი უცხოელი ნატოს წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, უმაღეს დონეზე ჩატარდა და ეს იყო უპრეცედენტო წვრთნები. სხვათა შორის, წელს ამაზე დიდი წვრთნები უნდა ჩატარდეს, სადაც უკვე ამერიკული ტანკები „აბრამსები“ შემოვა, ისინი ამ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას და დიდი ალბათობაა, რომ ეს „აბრამსები“ საქართველოში დარჩეს. თებერვალში უელსის სამიტის მინისტერიალზე საქართველო  ვახშამზეა მიწვეული, რომელიც ნატოს სტრატეგიისა და ტაქტიკის განხილვის არაოფიციალური ნაწილია. ნატოს ისტორიაში არაწევრი ქვეყანა ჯერ ვახშამზე არ მიუწვევიათ, ეს არის პირველი პრეცედენტი, რაც ძალიან საინტერესოა. რაც სტოლტენბერგმა საქართელოზე ილაპარაკა, ეს თინა ხიდაშელმაც აღნიშნა, მაგრამ ქვეტექსტები უნდა დავინახოთ. ჩვენი ხელისუფლების ამბიციები _ ნატოში მიგვიღბენო, არარეალურია. ნატოში ჩვენ ვერ მიგვიღებენ, ამის ძალიან ბევრი პრინციპია, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს დემარკაცია გაკეთებული მეზობელ სახელმწიფოებთან. ერთადერთი თურქეთთან გვაქვს, რომელთანაც საბჭოთა მემკვიდრეობა დარჩა, რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან არ გვაქვს. რუსეთი და სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრები არიან, ნატომ არ იცის, სად არის მისი სივრცის საზღვარი. აქედან გამომდინარე, თუ შენ ნატოში გიღებს, ის თავად იჭრება ევრაზიული კავშირის სივრცეში, რომელთანაც საზღვარი არ არსებობს. ეს ცალსახად ასეა და იმაზე ლაპარაკი, რომ ნატოში მიგვიღებენ, ტყუილია! ჩემი აზრით, არც უნდა მიგვიღონ, არ გვჭირდება ჩვენ ნატოში მიღება იმ დივიდენდების მისაღებად, რასაც ჩვენ ნატოსგან ველით. საქართველო მოწყვეტილია ნატოს სივრცეს, თუ თურქეთს არ ჩავთვლით, რომელიც ნატოში ერთ-ერთ ყველაზე არასაიმედო პარტნიორად და ანტიამერიკულ ძალად ყალიბდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საქართველო ახლო აღმოსავლეთში არის ჩრდილო აღმოსავლეთის ციტადელი, რომელიც დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულება, ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ ამ გზით წავალთ და ამას ამერიკასთან გავაღრმავებთ, პოლონეთთან ასეთივე ტიპის ჩარჩო-ხელშკრულებას დავდებთ, ბალტიის ქვეყნებთან, შეიძლება დასავლეთ-ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანასთანაც დავდოთ, ისრაელთან აუცილებლად დავდებთ, ის არის დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი. თუ ცალმხრივ ურთიერთობებს გავაძლიერებთ, მაშინ ჩვენ გაცილებით მეტი დივიდენდის მიღება შეგვიძლია, გაცილებით მეტი უსაფრთხოების ქოლგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე ჩვენი ნატოში შესვლაა, რომელიც არაპერსპექტიულია. _ რა მოტივით შეიძლება იყოს საქართველოს ასე წინ წამოწევა ნატოსთან სტოლტენბერგის მოხსენაბაში? _ ავღანური კონტინგენტი გასაგებია, ჩვენ უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ამ სამშვიდობო ოპერაციაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ერთი რაღაც მაფიქრებს _ ის, რასაც შარშან თებერვალში ისლამური სახელმწიფოს და მისი შედეგების საფრთხეს ვერ აუვიდა დასავლეთი. ის, რისაც აღმოსავლეთ ევროპას ეშინოდა, პრაქტიკულად, ვერ ახორციელებს და ეს შიში უფრო და უფრო ძლიერდება უკრაინის კონფლიქტის გამო და ა.შ. რაშიც ნორვეგია რისკს ხედავს, ესეც საკმაოდ მაღალი ფაქტორია და წელს რომ უნდა საქართველოში წვრთნები ჩატარდეს, „აბრამსები“ დატოვონ, ვეჭვობ, ჩვენ შეიძლება დასავლეთის მხრიდან ისლამურ სახელმწიფოსთან დაპირისპირების ინსტრუმენტი გავხდეთ. ისლამური სახელმწიფო წმინდა სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, საკმაოდ სუსტია. პირველი _ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქვთ ძალიან სუსტი, ასევე ლოჯისტიკა, ძირითადი ფულადი შემოსავლები ნავთობის ტემპინგური ფასებით გაყიდვიდან ჰქონდათ, ახლა ამას აზრი აღარ აქვს, ლოკალურ გარემოში არიან და იქ 100 000 სამხედროზე მეტი არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, აღარ არსებობს ბუში, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, შვარცკოფი, რომელთაც 1990 წელს ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ განახორციელეს. არ არსებობს პოლიტიკური ნება და სახმელეთო ოპერაციის სტრატეგიის გეგმა. ერაყის ომში 250 000 ჯარისკაცი ჰყავდათ და 5-ჯერ უფრო ძლიერი იყო მათი არმია, ვიდრე დღეს არის. 72 საათში დაუმთავრეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბუში, შვარცკოფი და შალიკაშვილი იყო, იმიტომ, რომ არსებობდა პოლიტიკური ნება, დღეს ეს არ არსებობს. ამერიკამ ნატო რომ გამოიყენოს და თვითონ ჩაერთოს სახმელეთო ოპერაციაში, შიში აქვს. პირველი ის, რომ არაბული გაზაფხული არასწორი მიმართულებით წავიდა, ანტიამერიკული განწყობა მთელ არაბულ სამყაროშია და კიდევ ერთხელ რომ გადადგას ნაბიჯი და სახმელეთო ოპერაციით შევიდეს, ეს ანტიარაბული განწყობა გაერთიანდეს, ერთ დიდ კოალიციად ჩამოყალიბდეს და საბოლოოდ დაკარგოს ახლო აღმოსავლეთი აშშ-მ. იმიტომ ეხვეწება არაბთა ლიგას, საუდის არაბეთს, თქვენ თვითონ მიხედეთო, თუმცა მათ არ ძალუძთ ამის გაკეთება. ამას თან ერთვის ობამას პერსონა, როდესაც უმცროსი ბუში მოვიდა სათავეში, მაშინ ამას აგრესიული ტეხასური პოლიტიკა ერქვა, კლინტონის პოლიტიკას დემოკარტების დამყაყებული პოლიტიკა ეწოდებოდა. აგრესიული პოლიტიკა ობამას არ აქვს, მისმა 8-წლიანმა მმართველობამ ამერიკას ძალიან ბევრი რაღაც დააკარგვინა. პრაქტიკულად, ამერიკას მსოფლიო ბატონობა აღარ აქვს. მან დაკარგა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, ჩინეთთან მიმართებით და ძალიან ბევრ სხვა ადგილას. სანამ ობამა არ შეიცვლება, რაიმე რადიკალურ ცვლილებებთან საქმე არ გვექნება. 2016 წელი იქნება პოზიციური ბრძოლები და თამაშები, 2017 წელს ვინ მოვა ამერიკის სათავეში, იქიდან განისაზღვრება. მე ასე ვხედავ _ საქართველო ნატოსთვის არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. იქ 7000-მდე კავკასიისა და რუსეთის მოქალაქე იბრძვის, ეს გახლავთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დასკვნები, 10-12000 კიდევ ადგილზეა, პრაქტიკულად, არის ისლამური სახელმწიფოს წევრი, მაგრამ იქ წასვლას არ საჭიროებს. ძალიან დიდი საფრთხეა და საქართველო ეს არის ბარიერი. სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, იქიდან ჩვენს საზღვრამდე პირდაპირი ხაზით 560 კმ-ია. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. როგორც ჩანს, იმიტომ წამოგვწიეს წინ და იმიტომ გვეფერებიან, რომ ამაში უნდათ ჩვენი გამოყენება. _ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი არ იქნება? _ რა თქმა უნდა. ეს ჩვენთვის, ერთი მხრივ, უდიდესი რისკია, მაგრამ შესაძლებლობაც არის. თუ გადავლახეთ ეს პრობლემა, მაშინ გაცილებით მეტი დივიდენდის მიღება შეგვიძლია, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე _ რამდენად მოითხოვს ის ამ დივიდენდებს. საქართველოს, ამავდროულად, სხვა რისკები, გამოწვევები და შესაძლებლობებიც აქვს. ნავთობზე ფასების ვარდნამ, ერთი მხრივ, შესაძლებლობა გაგვიჩინა, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს, მეორე მხრივ, გაგვიჩინა უდიდესი რისკი _ ფასების ვარდნამ დოლარის გამყარება გამოიწვია და ეს ხელოვნული პროცესია, დოლარის გაძლიერებამ გამოიწვია ლარის დევალვაცია, ფასების აწევა და სხვ. მესამე მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ეს ჩვენთვის უდიდესი შესაძლებლობაა, აბრეშუმის გზა, „ქუალინგ ჯგუფების“ შემოსვლა, რომლებიც უახლოესი 10 წლის მანძილზე 25-30 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებენ საქართველოში, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის რისკი, რომ არ ჩავერთოთ ჩინეთიზაციის პროცესში, რაც, პრაქტიკულად, ჩინეთმა აფრიკაში  მოახერხა. ეს შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ძალინ დიდი რისკები. საქართველოს ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა. ჩემთვის, მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია დღეს არსებულ ხელისუფლებაში. მთავარია, მას თუ ექნება მოქმედების თავისუფლება. ამას წინათ, პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის, ფრენსის ფუკუიამას ძალიან საინტერესო მასალა წავიკითხე, სადაც ის ამ რისკებზე და გამოწვევებზე საუბრობს. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ყველაზე რეალურად აღიქვამს მსოფლიოს განვითრებას. ფუკუიამას აზრით, პუტინი და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივე პრინციპებით მოქმედებენ, რომლებიც თვითმკვლელობის სტრატეგიის განსახიერებაა, ამიტომ ორივენი განწირულები არიან დამარცხებისთვის. პუტინის პოლიტიკა თუ ასე გაგრძლდა, 10 წლის თავზე რუსეთის პერსპექტივა ნულს მიუახლოვდება. ნავთობის ფასების ჩამოგდება ხელოვნური პროცესია და, ძირითადად, ეს რუსეთისკენაა მიმართული, ოღონდ არა რუსეთის დაშლისკენ, არამედ პუტინის მოსაცილებლად. რუსეთის დაშლა არავის აწყობს, ერთადერთი, ვისაც აწყობს, ეს არის ჩინეთი. ამდენი წელიწადია, დასავლეთი რუსეთს ეომება, ერთად ვიყოთ, რომ ჩინეთია დედამიწისთვის მთავარი საფრთხეო. არა იმიტომ, რომ აგრესიულია, არამედ ის საფრთხის მატარებელია. ჩინეთის დემოგრაფიული პრობლემა მისი გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გადაიქცა. იცით, რომ ერთი შვილის პროგრამა ჰქონდათ, რომელიც შარშანწინ კანონით გააუქმეს და ჩინეთმა შეიმუშავა სტრატეგია, დემოგრაფიული პრობლემა გადააქციოს მსოფლიო ბატონობის საკუთარ ინსტრუმენტად. ამას პუტინი კატეგორიულად უარყოფს და სხვა გამოსავალი დასავლეთს არ აქვს, რომ პუტინი შეცვალოს ლიბერალური ხელისუფლებით. ეს ყველაფერი მიმართულია პუტინის პიროვნებისკენ და არა რუსეთის დასაშლელად. რუსეთის დაშლა მსოფლიო კატასტროფა იქნება. ამ პოლიტიკას დასჭირდება, მინიმუმ, 6-დან 12 თვემდე საშუალოდ, რომ ძალიან ღიად გამოჩნდეს პუტინის უპერსპექტივობა. მის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა ბოლომდე ინგრევა, 10%-ით შეამცირა საბიუჯეტო ხარჯები, კიდევ 10%-ით აპირებს, პენსიები არ გაიზარდა, სოციალური დახმარებები გაჩერდა, სახელმწიფო დაზღვევები ნულზე დავიდა, ხელფასების გაცემის პრობლემაა და ა. შ. როდესაც აქამდე დავა, მერე უკვე პუტინი იძულებული გახდებამ წავიდეს და დასავლეთი გაცილებით უფრო რადიკალური იქნება მის მიმართ, ვიდრე დღეს არის. ამას წინათ ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტის ფსკერი ჩვენ უკვე გავიარეთ და ახლა აღმავლობისკენ მივდივართო. ძალიან მეეჭვება. გასაგებია, რომ დიპლომატიური ენაა და ქვეტექსტებით არის ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ფსკერს ჯერ მიღწეული არ არის და ფსკერი ჯერ კიდევ შორსაა. 2016 წლის ბოლოს იქნება კონფლიქტის ფსკერი. როგორი იქნება, აქტიური თუ პასიური ფაზით, კაციშვილმა არ იცის! ამ დროს საქართველოს გვიჩნდება შესაძლებლობა. ერთი მხრივ, რუსეთ-თურქეთის კონფლიქტმა შესაძლებლობა მოგვცა, მცირე დროით საქართველოში ტურისტები მოგვეზიდა, რუსი ტურისტი ყველაზე მეტს ხარჯავს; მეორე _ მოგვეცა რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის შესაძლებლობა და მოგვიხსნა ყველანაირი ბარიერი. გრძელვადიან სტრატეგიას აზრი არ აქვს, მაგრამ, უცბად, რაღაცები მივიღეთ, თუმცა, ამავდროულად, ამ შესაძლებლობების გარდა, თუ ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, საქართველო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამავდროულად ასადისა და ალავიტური სამყაროს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ძალიან დიდი რისკი გვაქვს იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტი ისევ წარმოიშვას. ამას წინათ „ვაშინგტონ პოსტში“ წავიკითხე მასალა, რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი სერბუნი, 3 იანვარს გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა:  პუტინმა სერბუნი დამასკოში გაუშვა, დაელაპარაკნენ ასადს, რომ დროა, გადადგეს, ალავიტურ ხელისუფლებას შევინარჩუნებთ, ოღონდ არა ასადისასო. როგორც ჩანს, სერბუნის მიერ გაცემული ინფორმაცია იყო, ასადი ძალიან გაბრაზებულა, ძლივს აკავებდნენო და სერბუნს უთხრა, _ გადაეცით თქვენს შეფს, პუტინს, არსად წასვლას არ ვაპირებო. წერილში აღწერილი იყო: როგორც ჩანს, პუტინმა ვერ განსაზღვრა იმ კონფლიქტის სიღრმე, რაც სირიაშიაო. მიუხედავად ამდენი დაბომბვისა, ამდენი მხარდაჭერისა, დღეში 5 მილიონი დოლარი უჯდება რუსეთს სირიის კონფლიქტი. დამასკომ ტერიტორიის მხოლოდ 1,3% დაიბრუნა, რუსეთი უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ამაში. დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების მთავარი ღერძი არის ასადი, რომელიც წასვლას არსად აპირებს. რუსეთმა სირიის დაშლის ვარიანტიც კი წარმოადგინა, შეიქმნას სახელმწიფო ლატაკია, ეს არის დამასკო, ტარტუსი, ლატაკია, ანუ ხმელთაშუა ზღვისპირეთი და იქ ცალკე სახელმწიფო შექმნან ასადის პრეზიდენტობით, დანარჩენი ვინ რას და როგორ წაიღებს, კაციშვილმა არ იცის. როგორც ჩანს, ეს ვარიანტი არ ამართლებს რუსეთის სტრატეგიაში და ძალიან სერიოზული პრობლემა უდგას. სტოლტენბერგის ეს ანგარიში თავისი გზავნილებითა და ქვეტექსტებით, პრაქტიკულად, ყველა იმ ნიუანსს ასახავს, რომელიც ვახსენე და შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, მომავალში რა შეიძლება მოხდეს. საქართელოზე რატომ მოხდა, რომ ასე იყო გამახვილებული ყურადღება, რატომ მოხდა, რომ ჩვენ მიგვიწვიეს მინისტერიალის ვახშამზე? ჩვენი ვახშამზე მიწვევა არის ავანსი, სადაც დაგვავალებენ ძალიან ბევრ რაღაცას. ვფიქრობ, ეს არის ნატოს მხრიდან ისლამური სახელმწიფოსადმი მიმართული რადიკალური სტრატეგია იმიტომ, რომ ევროპა ვეღარ აუდის ამდენ მიგრანტს. გარდა იმისა, რომ მიგრანტები არიან, მილიონ 700 000-ს მიაღწია ამ რიცხვმა და ევროპას უკვე აღარ შეუძლია მათი მიღება.  შემოჰყვათ ტერორისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც საკუთარი პროპაგანდისთვის ძალიან სერიოზულად იყენებენ თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებს. ინტერნეტმოლა ევროპაში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ხალხის `დასავერბოვკებლად~. წარმოიდგინეთ, 70 გერმანელი ახალგაზრდა გოგონა იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, რომელთაც არასდროს, არანაირი შეხება არ ჰქონიათ არათუ ისლამთან, არამედ რელიგიასთან. ისინი ინტერნეტმოლის მეშვეობით `დაავერბოვკეს~. ახლა გამოჩნდა, რომ ლიბიაც უდიდესი პრობლემის წინაშე დგას და იქაც ისლამური სახელმწიფო იგივეს გაკეთებას აპირებს, რასაც სირიაში. სანამ ბოლომდე ფესვები გაუდგამს, რადიკალური ქმედებები უნდა მოხდეს. ლოკალურ გარემოში კი არის ცენტრი, მაგრამ მისი მეტასტაზები იმდენადაა მსოფლიოში ფესვგადგმული, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა. ერთი რაღაცაც არის _ ისლამური რელიგიის დამახასიათებელი თვისებაა, თუ უფროსს კლავ, დანარჩენი იშლება და სუსტდება. თუ ლოკალურ გარემოში ისლამური სახელმწიფოს ცენტრს გაანადგურებ, ის მეტასტაზები რაც არის წასული, მათი აქტიურობა დაეცემა, საბოლოოდ კი დარჩებიან, მაგრამ ვეღარ იქნებიან დიდი რისკის მატარებლები. გამოსავალი ისლამის რელიგიაში უნდა ვეძებოთ. ისლამი აგებულია სრულ ფანატიკურ მორჩილებაზე არა მარტო მუჰამედისადმი, არამედ ვიღაცისადმი. ის ვიღაცები სხედან ისლამურ სახელმწიფოში, ქალაქ მოსულში, მათი ცენტრალური შტაბი იქ არის. მათ თუ გაანადგურებ, ვის უნდა დაემორჩილონ?! მათი რისკი და აქტივობა შემცირდება. ჩემი მოსაზრებით, ამ მიმართულებით ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიური სტრატეგია უნდა გატარდეს. თუ ეს ასე არ მოხდა და კიდევ 2-3 წელიწადი გაგრძელდა ისლამური სახელმწიფოს ეს მარგინალიზაცია, მერე იმდენად მოედება მთელ მსოფლიოს, ამის ჩაქრობა გაცილებით ძვირი დაჯდება. თავის დროზე, 2011 წლიდან მოყოლებული, როცა ისლამურმა სახელმწიფომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, მაშინ ყველას ინტერესი იყო. რუსეთს თავისი ინტერესები ჰქონდა, საუდის არაბეთს _ თავისი, თურქეთს, ამერიკას _ თავისი. ცალსახად რომ ვთქვათ, ისლამური სახელმწიფო რუსეთმა, ამერიკამ ან ვინმემ შექმნაო, ეს ტყუილია, ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი. ერთადერთი იყო ირანი, რომელსაც ეს ინტერესი არ გააჩნდა. ისლამური სახელმწიფო ირანისთვის თავიდანვე საფრთხე იყო. საკუთარი ინტერესების კონფორმიზმმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკვე შენგენის მოქმედების პრინციპები შეიცვალა. საზღვრები აღადგინეს და შეიძლება შენგენის მოქმედების სივრცეც დაირღვეს. ათჯერ მეტი დაუჯდათ და კიდევ უფრო მეტი დაუჯდებათ, რომ თუნდაც 2011-2012 წლებში ყოფილიყვნენ რადიკალურები ამ გადაწყვეტილებაში და პოლიტიკური თამაშებისა და კონფორმიზმისთვის თავი დაენებებინათ. მთელ მსოფლიოს ეს უჯდება ფანტასტიკურად ძვირი, ახლა გამოიფხიკეს ყურები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპამ და საოცრება ხდება: გერმანიაში რაც მოხდა წინასაახალწლო დღეებში, ათასზე მეტი მუსლიმანი გამოვიდა ქუჩაში, გაუპატიურება, დარბევა, ქონების განადგურება, „ალაჰ აკბარ“, „ინშალა“ და ისლამური სახელმწიფოს კივილი, როდესაც ამას შუა ევროპაში, ასე ღიად აკეთებენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მიგრანტები არის, შენ უკვე აღარ ხარ ნორმალური სახელმწიფო. ის გერმანია და ის ნატო აღარ ხარ, როგორც აქამდე იყავი. სტოლტენბერგის ეს მოხსენება და გზავნილები, ვფიქრობ, არის ის, რაც 2016 წლიდან რადიკალურად შეცვლის ნატოს. სტრატეგიას, ტაქტიკას, სტრუქტურას და დამოკიდებულებასაც სტრატეგიული პარტნიორებისადმი, ოპონენტებისადმი, რომელთაც მიიჩნევს, რომ მათთვის საფრთხეს წარმოადგენენ.  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება