პოლიტპატიმართა სიების ირგვლივ სკანდალი გრძელდება.
ჯერჯერობით, ყველა კითხვა პასუხგაუცემელია, მათ შორის, ისიც, როგორ მოხვდნენ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიებში ის პირები, რომლებსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ?!
პოლიტდევნილთა სიაში მეშვიდე ნომრად შეყვანილია ლევან ფხაკაძე, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებაში ედებოდა ბრალი.
„ქრონიკა+“-მა ლევან ფხაკაძის სისხლის სამართლის საქმე მოიპოვა. თანმიმდევრულად გამოვაქვეყნებთ ამ საქმეში არსებულ სხვადასხვა მხარის მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს. დასკვნები მკითხველმა თავად გააკეთოს, არის თუ არა ლევან ფხაკაძის საქმე პოლიტიკური და კანონიერად მოხვდა თუ არა ის პოლიტდევნილთა სიაში.
თბილისი, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილება
საქმე #07074478
ლევან ნიაზის ძე ფხაკაძის მიმართ, მიხეილ ზირაქაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების თაობაზე 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დანაშაულის გარემოებანი: 2007 წლის 24 სექტემბერს ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ. #1-ლი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლევან ფხაკაძემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მიხეილ ზირაქაძეს, განზრახ მკვლელობის მიზნით, სხეულის დაზიანება მიაყენა. მიხეილ ზირაქაძე მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლევან ფხაკაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2007 წლის 24 სექტემბერს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებლის, ბ. ნოზაძის მიერ, რამდენადაც არსებობდა საქმეზე მნიშვნელოვან ნივთიერ მტკიცებულებათა დამალვის, დაზიანებისა და განადგურების საფრთხე, გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა ამოღება, რა დროსაც ქ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექთან ნაზი ნაზარაშვილისგან ამოღებულ იქნა მიხეილ ზირაქაძის ტანსაცმელი, ყვითელი ფერის მაისური, რომელსაც წინა და უკანა მხარეს აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აგრეთვე, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები; ყავისფერი ტყავის ქამარი, რომელსაც უკანა მხარეს აღენიშნება დაზიანება.
საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა.
გთავაზობთ მოწმე თამარ ზირაქაძის ჩვენებას:
,,ვცხოვრობ ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩემს მშობლებთან ერთად, ასევე ამავე სადარბაზოში თავის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ჩემი ძმა, მიხეილ ზირაქაძე. დაახლოებით 7 თვის წინათ გავიცანი ლევან ფხაკაძე, რომელთანაც ჩამომიყალიბდა კარგი ურთიერთობა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. იმის გამო, რომ ლევანს ცოლ-შვილი ჰყავდა, ჩემი მშობლები წინააღმდეგი წავიდნენ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ მას დავცილებულიყავი, რაც დაახლოებით სამი თვის წინათ პირადად ვუთხარი მას. ამის შემდეგ ჩვენ შორის უსიამოვნებები დაიწყო, კერძოდ, იგი რეკავდა როგორც ჩემს მობილურ ტელეფონზე, ისე სახლის ტელეფონზე და როგორც მე, ისე ჩემი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა. მე იმიტომ, რომ თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, ხოლო ჩემი ოჯახის წევრებს იმიტომ, რომ მან იცოდა ჩემი მშობლების პოზიცია, რომ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩვენი ურთიერთობისა. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია თვითონვე როგორმე მშვიდად მომეგვარებინა, დამერწმუნებინა იგი, თუმცა ამაოდ, იგი კვლავ განაგრძობდა ჩემსა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას. იგი ხშირად თავისი კუთვნილი ავტომანქანა “ტოიოტა ლენდკრუიზერით“, რომლის სახელმწიფო ნომერია IBJ 115 იდგა ხოლმე ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ და მოძრაობდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2007 წლის 23 სექტემბერს მე ჩემს მეგობრებთან: ირაკლი ვახანიასთან, ანა კუნელაურთან, დათოსთან და ნიკოსთან ერთად, რომელთა გვარები არ მახსოვს, საქეიფოდ ვიყავი რესტორანში “ძველი სახლი“, სადაც დაახლოებით 3 საათი დავყავით, თუმცა სასმელი არც ერთს არ დაგვილევია, რადგან გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ქეიფის შემდგომ სათითაოდ საჭე უნდა გვემართა. დაახლოებით ღამის 23 საათზე რესტორნიდან ირაკლი ვახანიას კუთვნილი ავტომანქანით წამოვედით, თუმცა საჭე აღარ გვიმართავს, ვინაიდან გვიან იყო და პირდაპირ სახლში წამოვედი, ანი კუნელაური თავისით წავიდა, ხოლო დანარჩენებმა სახლში წამომიყვანეს. როდესაც ვაჟა-ფშაველას ძეგლს მივუახლოვდით, მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქვე სუპერმარკეტში მეყიდა მონობარათი, რაც ვუთხარი კიდეც ჩემს მეგობრებს, თუმცა როდესაც მაღაზიამდე მივედით, უფრო სწორად, მივუახლოვდით ვაჟა-ფშაველას ძეგლს, იქვე ძეგლის ძირას დავინახე, რომ ლევანის ავტომანქანა არასწორად იდგა, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ. მე მოვერიდე მასთან შეხვედრას და ჩემს მეგობრებს ვთხოვე, პირდაპირ მივეყვანე სახლში, თუმცა ჩემმა მეგობრებმა დამამშვიდეს, რომ პრობლემა არ იქნებოდა და მეყიდა მონო. როდესაც სუპერმარკეტთან მივედით, მე თავი შევიკავე მანქანიდან გადასვლისგან, რადგან არ მინდოდა, მას დავენახე, ამიტომ ჩემი მეგობარი, საჭესთან მჯდომი ირაკლი ვახანია გადავიდა, იგი ჯერ მარკეტში არ იყო შესული, როდესაც ლევანმა იცნო ირაკლის ავტომანქანა, ვინაიდან მან ასევე იცოდა, რომ ირაკლი ჩემი მეგობარი იყო და ასევე იცოდა, რა მანქანა ჰყავდა. მან თავისი მანქანა ჩვენს მანქანასთან მიაყენა. შემნიშნა, რომ იქ ვიჯექი და მანქანიდან დამიძახა, რომ გადავსულიყავი, თუმცა მე ამაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ იგი ავტომანქანიდან გადმოვიდა, ჩვენს ავტომანქანასთან მოვიდა, იმ მხარეს, სადაც მე ვიჯექი და დაჟინებით მომთხოვა, რომ გადავსულიყავი. მეუბნებოდა, ვინ არიან ესენი, რატომ ხარ ამათთანო?! მე კარი მქონდა ჩაკეტილი და მანქანიდან ვპასუხობდი, თავი დაენებებინა ჩემთვის. ეს ყველაფერი დაინახა ირაკლიმ, მივიდა მასთან და უთხრა, რა გინდა ჩემს მანქანასთანო და ჩემზე უთხრა, რომ ჩემი და არის, ჩაბარებული მყავს ოჯახის წევრებისგან და მე თვითონ მივიყვან სახლშიო. იგი ამაზე გაბრაზდა და ირაკლის სახეში ხელი გაარტყა. ამაზე მათ უთანხმოება მოუვიდათ და ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს მათთან ლევანის მეგობარი რომანი მივიდა, რომლის გვარი არ ვიცი და ვიცნობ ლევანის მხრიდან. იგი აწყნარებდა მათ, რის შემდეგაც ლევანი თავისი მანქანით გაიქცა, ასევე მისი მეგობარიც. ამის შემდეგ ჩემმა მეგობრებმა სახლში მიმიყვანეს და თვითონაც წავიდნენ. როდესაც სახლში მივედი, მამას ეძინა და მე ეს ყველაფერი დედაჩემს, რუსუდან ხურცილავას მოვუყევი. ამის შემდეგ, ვინაიდან ძალიან განერვიულებული ვიყავი, გადავწყვიტე ავსულიყავი ჩემს ძმასთან, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს და ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ-მეთქი, თუმცა ჩემი ძმისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი. როდესაც სახლში ავედი, იქ იყვნენ როგორც ჩემი ძმა, ისე მისი მეუღლე ეკა ჩხიკვაშვილი. ჩემმა ძმამ შემატყო, რომ ვიყავი ნამტირალევი, ანერვიულებული და ჩამეძია, რომ მისთვის მეთქვა, თუ რა მოხდა და მეც მოვუყევი ყველაფერი. ამ დროს ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერიცაა 899100098, დარეკა უცხო ნომერმა, რომელიც არ დამიმახსოვრებია და ტელეფონში წაიშალა. იქნებოდა ღამის 12 საათს გადაცდენილი. როდესაც ვუპასუხე, აღმოჩნდა, რომ რეკავდა ლევან ფხაკაძე. მან რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა როცა მისი ხმა გავიგე, ტელეფონი ეგრევე გავუთიშე. ჩემი ძმა მიხვდა და მკითხა, ლევანი რეკავდა თუ არაო? რაზედაც ვუთხარი, რომ ლევანი იყო, რის შემდეგაც ტელეფონი გამომართვა. ცოტა ხანში ლევანმა ისევ დარეკა და უპასუხა ჩემმა ძმამ მიშიკომ, რომელმაც უთხრა, _ ლევან, დაწყნარდი, მოდი, მშვიდად ვილაპარაკოთ, აღარ დაურეკო თამუნასო. ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობდა მის დამშვიდებას, თუმცა, როგორც ეტყობა, ლევანმა ჩემს ძმას შეაგინა, რადგანაც ჩემმა ძმამ მისი მისამართით გინება დაიწყო და მას უთხრა, რომ სადარბაზოსთან მოდი და ვილაპარაკოთო. როდესაც ტელეფონი გათიშა, ჩემმა ძმამ გვითხრა, რომ ლევანს მასთან შეხვედრა უნდა და რომ ახლავე მოდიოდა ჩვენთან ჩემს ძმასთან შესახვედრად. ჩემმა ძმამ მაშინვე ჩაიცვა ტანსაცმელი და დაბლა ჩავიდა. ამ დროს მამაჩემი გავაღვიძეთ, სიტუაცია ავუხსენით და ისიც მაშინვე ჩაჰყვა ჩემს ძმას დაბლა. ჩემი რძალი, მე და დედაჩემი დავრჩით სახლში. მე გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე, რომ ლევანის მანქანა ჩვენი კორპუსის წინ იყო გაჩერებული და ასევე დავინახე, როგორ გადმოვიდა ლევანი ავტომანქანიდან და პირდაპირ ჩემი ძმისაკენ გაემართა, რომელიც ჩვენი სადარბაზოდან ლევანის მიმართულებით იყო გასული, თუმცა მათი ზუსტი შეხვედრის ადგილი ვერ დავინახე, ვინაიდან ხეები მეფარებოდა. უცებ გავიგონე დაახლოებით 5-6 გასროლის ხმა და მაშინვე ჩავირბინე სადარბაზოში. როცა ეზოში გავედი, დავინახე, ჩემი ძმა ძირს ეგდო, დაჭრილი იყო მუცლის არეში და შველას ითხოვდა. იქვე იმყოფებოდა მამაჩემი, რომელმაც მითხრა, რომ მიშიკო ლევანმა დაჭრაო. ამის შემდეგ სასწრაფო დახმარებას დავურეკეთ, თუმცა მათ მოსვლამდე ჩემი ძმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტაქსით წავიყვანეთ.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ, როდესაც ლევანი ჩვენს სახლთან მოვიდა, როგორც შევამჩნიე, მას ახლდა ვიღაც ქერათმიანი გოგო, თუმცა კონკრეტულად თუ ვინ იყო, არ ვიცი.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ლევან ფხაკაძე დაბადებულია 1982 წლის 4 ივნისს, მისი მამის სახელია ნიაზი, მისი მობილური ტელეფონის ნომერია 899 580708, იგი ცხოვრობს წყენთში, ქუჩის სახელი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ცხოვრობს დათო ოქიტაშვილის საცხოვრებელი სახლის გვერდით. მას ასევე სახლი აქვს დიდუბეში, წერეთლის ქუჩა #5-ში, ბინა 4, სადაც არის რეგისტრირებული. მას ჰყავს ერთი და ეკა, რომელიც ასევე ცხოვრობს წყნეთში.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ, როგორც გითხარით, როცა ლევანი ძეგლთან შეგვხვდა, მაღაზიასთან მას ახლდა მისი მეგობარი რომანი, რომლის გვარი არ ვიცი, თუმცა ზედმეტსახელად ეძახიან „ღოროს“ და იგი ცხოვრობს ქავთარაძეზე, მეექვსე კორპუსში და მისი სახლის ჩვენება შემიძლია.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ლევან ფხაკაძის მიერ ჩემი ძმის დაჭრის ფაქტს ასევე შეესწრო ჩემი ძმისცოლი, ეკა ჩხიკვიშვილი.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა ჩემმა ძმამ ჩემი და ლევანის ურთიერთობის შესახებ, მოგახსენებთ, რომ იცოდა ზოგადად, მათ შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ლევანს აქვს იარაღი, ატარებდა იარაღს, თანაც ორ ცალს, რომელიც მე პირადად მაქვს ნანახი მის ავტომანქანაში, თუმცა გაფორმებული აქვს თუ არა, ვერ მოგახსენებთ.
ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ხელს ვაწერ
თ. ზირაქაძე”.
გაგრძელება იქნება
ელისო კილაძე