QronikaPlus
ვინ ადანაშაულებს ბეჟან გუნავას თანხის მითვისებაში?!

ვინ ადანაშაულებს ბეჟან გუნავას თანხის მითვისებაში?!

2016-02-06 07:06:23

„ქრონიკა+“-ს შორენა ქარდავა დაუკავშირდა, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ წევრს, ბეჟან გუნავას კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ისტორია 2002 წლიდან იწყება. რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არ სურს დღეს ამ თემაზე საუბარი ბატონ გუნავას, იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც ამ ნომერში ვბეჭდავთ:   ,,ქრონიკა+”-ს ესაუბრება შორენა ქარდავა:   _ 2002 წლის სექტემბერში ზუგდიდის რაიონში, სოფელ რუხში ბაბუაჩემის სახლი დაგვეწვა. ფინანსების არქონის გამო ზურაბ ჟვანიას თხოვნით მივმართე, რომელიც 2002 წლის ნოემბერში ზუგდიდის კულტურის სახლში შეხვედრას მართავდა. არ ვიცი, პროგრამის ფარგლებში იყო დახმარება, თუ თავისი ინიციატივა გამოიჩინა ჟვანიამ, მაგრამ დამპირდა, რომ დამეხმარებოდა. უბრალოდ, შუამავალი ადამიანი სჭირდებოდა, ვინც ამ საქმეს მოაგვარებდა. ეს ადამიანი იყო ბეჟან გუნავა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ზუგდიდის საოლქო-საგადასახადო ინსპექციის უფროსი იყო. _ ბეჟან გუნავამ თავად გამოიჩინა ინიციატივა დახმარებაზე? _ დიახ, ზურაბ ჟვანიას დაჰპირდა, რომ პრობლემების მოგვარებაში დამეხმარებოდა. ჟვანიას გადმორიცხული თანხით უნდა ეყიდათ სახლის აღდგენისთვის საჭირო მასალები: აგური, ცემენტი თუ სხვ. 6-7 თვის მანძილზე გუნავასთან ერთად დავდიოდი ამ საქმეზე, ვანგარიშობდით, რამდენი დაჯდებოდა სარემონტო სამუშაოები, ლაპარაკია, დაახლოებით, 2000 ლარზე. ერთ დღესაც დამიბარეს და მითხრეს, რომ თანხა გადმორიცხული იყო და ხელშეკრულებაზე ხელი მქონდა მოსაწერი. მას შემდეგ ველოდები სახლის აღდგენისთვის საჭირო მასალებს. სამწუხაროდ, ის ხელშეკრულებები არ გამაჩნია, რომელზედაც ხელი მომაწერინეს, რადგან არ მეგონა, ასე თუ გართულდებოდა ეს საქმე და ბაბუის სახლის აღდგენისთვის საჭირო მასალებს ვერ მივიღებდი. _ ამდენი ხნის მანძილზე რატომ არაფერი მოიმოქმედეთ? _ მოქალაქეთა ოფისში, ვაშლიჯვარში ვიყავი, სადაც ჩემი განცხადება მოვიკითხე და მითხრეს, რომ ყველაფერი გადმოგზავნილი იყო ჩემს სახელზე, თუმცა ამის შემდეგ ვერაფერი გავარკვიე ჩემი ჯანმრთელობისა და უსახსრობის გამო.                                                                                                     ამჟამად ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში მიწევს ცხოვრება მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. _ თავად ბეჟან გუნავას თუ მიმართეთ? _ დიახ, სოციალური ქსელის საშუალებით მოვახერხე მასთან დაკავშირება, მაგრამ მიპასუხა, რომ თავად გამერკვია ყველაფერი და მას აღარ დავკავშირებოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში მიჩივლებდა. შორენა ქარდავამ მოგვაწოდა მისი და გუნავას მინაწერები სოციალურ ქსელში, სადაც გუნავა გარკვევით წერდა, რომ მას რაღაც ეშლებოდა, რა მასალებზე იყო საუბარი, არ იცოდა. ასევე სწერდა, რომ პროკურატურისთვის მიემართა და გარკვეულიყო თავის პრობლემებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მიმართავდა სასამართლოს და ცილისწამებისთვის ქარდავას უჩივლებდა. დეტალებში გასარკვევად „ქრონიკა+“-მა ბეჟან გუნავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. პასუხი ძალიან მოკლე იყო: განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს აღნიშნულ პიროვნებას. ასევე კომენტარზე უარით გვიპასუხა, სოფელ რუხის ყოფილმა გამგებელმა ბესო თოდუამ იმ მიზეზით, რომ ქარდავა-გუნავას საქმე, უბრალოდ ვერ გაიხსენა. სამაგიეროდ, ,,ქრონიკა+” დაუკავშირდა სოფელ რუხის ამჟამინდელ გამგებელს ლიკა ქვარცხავას: _ ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, საცხოვრებელი ადგილის დაზიანების შემთხვევაში, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, იქნება ეს ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვ., გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც დაზარალებულებს ვეხმარებით მომხდარიდან ერთი წლის შემდეგაც კი, მაგრამ 2002 წლის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული. შორენა ქარდავას თავის დროზე უნდა მიემართა სოფლის გამგეობისთვის, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, რის შემდეგაც დახმარებას აღმოუჩენდნენ, თუმცა ქარდავას პირადად ჩემთვის არ მოუმართავს. ამ კუთხით მე მას ვერ დავეხმარები, მაგრამ თუ აღნიშნულ პიროვნებას საცხოვრებელი ადგილი და საჭირო პირობები არ გააჩნია, ვეცდებით, რომ დავეხმაროთ, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე სადმე ხომ შეაფარებდა თავს?!  

                                                                                                         ანა ცალუღელაშვილი

 

გაზიარება