საქმე, რომელიც ახმეტის სასაფლაოზე ნაპოვნ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ჯარჯი კახიაშვილს ეხება, დღემდე გამოუძიებელია. ბევრ კითხვა პასუხგაუცემელია, _ რატომ არ გამოიძია პროკურატურამ აღნიშნული საქმის დეტალები? იკვეთება თუ არა კონკრეტული პირის, ან პირთა ჯგუფის ინტერესები და აქვს თუ არა ოჯახს რაიმე ვერსია, თუ ვის ინტერესში შედიოდა როგორც მკვლელობა, ისე ამ საქმის არ თუ ვერ გამოძიება?
„ქრონიკა+“ გარდაცვლილის დედას, მაია სისაურს დამასკოში დაუკავშირდა:
_ ქალბატონო მაია, როდის მოხდა მკვლელობა?
_ ჯარჯი 2015 წლის 3 აპრილს გავიდა სახლიდან, ახლობელთან მიდიოდა ყვარელში. ღამის 12 საათზე დარეკილი იყო მამამისთან, რომელიც ასევე ყვარელში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ტელეფონი გამოირთო და მისი ამბავი ვეღარ გავიგეთ. 4 აპრილს დაიღუპა, თურმე და პოლიციამ 5 აპრილის დილას შეგვატყობინა.
_ რა მდგომარეობაში იპოვეს გარდაცვლილი?
_ საფეთქელთან და ცხვირთან ჰქონდა დარტყმული, ტუჩი _ დალურჯებული, პირი სისხლით ჰქონდა სავსე, ორივე მკლავი დალურჯებული, ეტყობა, ცემის დროს ვიღაცები აკავებდნენ. მარცხენა ხელის მტევანი დალურჯებული ჰქონდა, ალბათ, თვითონაც დაარტყა ვინმეს. მის ცემას ერთი და ორი ადამიანი ვერ შეძლებდა, რადგან ჯარჯი ვარჯიშობდა და ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. რაც შეეხება მის ტანსაცმელს: შიდა მაისური გადმობრუნებული ეცვა, ჯინსის შარვალი ჩაწეული ჰქონდა მუხლამდე, ხოლო ღილი და ელვა შეკრული იყო. ნახევრად მარჯვენა მხარეს იწვა.
_ თქვენ თუ ნახეთ გარდაცვლილი?
_ არა, არც ჯარჯი და არც პირველადი დათვალიერების ფოტოები ჩვენ არ გვანახეს. მისი პირადი ნივთებიც, დაახლოებით, 40 დღეში ჩაგვაბარეს. ესენი იყო: ფსალმუნები, მობილური, რომელიც შარვლის უკანა მხარეს, ჯიბეში ედო, არადა, ყოველთვის შარვლის წინა, მარჯვენა მხარეს იდებდა. აქვე დავძენ, რომ ეს მობილური ტალახიანი იყო, ჯარჯის კი ხელები სუფთა ჰქონდა. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. როცა ამბავს მოვიკითხავდით, გვეუბნებოდნენ, რომ სამედიცინო დასკვნას ელოდებოდნენ და გვაფრთხილებდნენ, არავისთვის გვეთქვა რამე, რომ საქმის გამოძიებაში არ შეშლოდათ ხელი.
სამედიცინო დასკვნაც 28 დღის შემდეგ მოვიდა, სადაც ეწერა, რომ ჯარჯი გულის იშემიით იყო გარდაცვლილი. ასევე ეწერა, რომ დაზიანებები აღენიშნებოდა მარჯვენა წვივზე, მარჯვენა მხარეს ნეკნთან. 0.1%-იც კი არ იყო მის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა აღმოჩენილი, ზოგადად, ჯარჯი არ სვამდა. ვიკითხე რამდენიმე კარდიოლოგთან და მითხრეს, რომ ვინც გულის იშემიითაა დაავადებული, მუცლის ღრუში სითხის ჩაგუბება და ქოშინი აწუხებს, ჯარჯის კი მსგავსი არაფერი აწუხებდა.
_ ბოლოს სად იყო გარდაცვლილი?
_ მამიდაშვითან იყო, ქვემო ალვანში, 11 საათზე. ამის შესახებ პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს. მათ ამოუყვანიათ ჯარჯი ზემო ალვანამდე. შემდეგ კი ჯარჯი ცოცხალი აღარავის უნახავს.
_ მის მეგობარ გოგონაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ეს გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო, მაგრამ მე ვიცი, რომ ალავერდში გაიცნო, სადაც ჯარჯი მრევლი იყო და ეს გოგონა იქ ნახა. ის ახმეტაში იყო გათხოვილი და შემდეგ ქმარს გაცილებული.
_ თქვენ საიდან გაიგეთ ეს ყველაფერი?
_ ჯარჯის და ამ გოგონას მინაწერები გავხსენით სოციულურ ქსელში, სადაც ჯარჯი წერდა, რომ აღარ სურდა მასთან ურთიერთობა. გოგონა კი გინებით პასუხობდა მას, რომ ვერსად წავიდოდა, რომ მამამისი გროზნოში მიდიოდა, რის შემდეგაც მასთან შეხვედრას აპირებდა.
_ ჯარჯიმ რატომ მოისურვა ამ გოგონასთან ურთიერთობის შეწყვეტა?
_ მან ამ გოგონას სოციალური ქსელი გატეხა, სადაც ნახა, რომ სხვა ადამიანებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მხოლოდ ჯარჯის არ სწერდა, ამის გამო გადაწყვიტა ურთიერთობის შეწყვეტა. ბოლო მინაწერიც 30 მარტით თარიღდება.
_ ჯარჯი მივიდა თუ არა მასთან შესახვედრად?
_ მას შემდეგ მათ შორის სატელეფონო საუბრები იყო, ჯარჯი უნდა შეხვედროდა ამ გოგონას ზემო ალვანში, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციაც ადასტურებს. დაკითხეს კიდეც და თქვა, რომ დღისით შეხვდა ჯარჯის, რის შემდეგაც აღარ უნახავს. განმეორებით დაკითხეს თუ არა ეს გოგონა, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ჯარჯი იმ ღამით ამ გოგონას მეგობრებს შეხვდა, რის შემდეგაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ჯარჯი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
_ პოლიცია რას ამბობს ამის შესახებ?
_ ამბობენ, რომ არ იციან, ვინ სცემა ჯარჯი და რას აკეთებდა ნასვამ მდგომარეობაში ის სასაფლაოზე, მაგრამ ჯარჯი ნასვამი არ ყოფილა, ექსპერტიზამაც დაადასტურა. თან კიდევ ჯარჯის ეშინოდა სასაფლაოზე ასვლა, ღამით რატომ ავიდოდა? სადაც ჯარჯი იპოვეს გარდაცვლილი, იქვე ახლოს იყო მანქანის ნაკვალევი, რომელიც მინდვრის მხარეს მიდიოდა. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი ამბობდნენ, რომ შაბათს ხალხი სასაფლაოებს ასუფთავებდა, რადგან კვირას ბზობა იყო, გვამი კი არავის უპოვია იქ. პარასკევის შემდეგ ჯარჯი იქ რომ ყოფილიყო, შეუძლებელია, ვინმეს არ ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს წვიმდა, რატომღაც, ჯარჯის ფეხსაცმელები სრულიად სუფთა ჰქონდა. ეჭვს ბადებს ასევე მისი მაისური, რომელიც გადმობრუნებული ეცვა. თუმცა გამოძიებას თავისი ახსნა _ გვითხრეს, რომ შესაძლებელია, წვიმას ჩამოერეცხა ჯარჯის ფეხსაცმელებისთვის ტალახი, რასაც არ ვეთანხმებით. ხოლო მაისურს რაც შეეხება, გვითხრეს, რომ ჯარჯიმ შავი მაისური, რომელიც არასწორად ეცვა, სასაფლაოზე გაიხდა და გაწურა, რადგანაც წვიმდა, რაც აბსურდია. ვამბობ, რომ ჯარჯი სასაფლაოზე უკვე გარდაცვლილი მიიტანეს, მაგრამ არავინ მიჯერებს. სამაგიეროდ, საკმარისი აღმოჩნდა ჯარჯის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასკვნა ახმეტის პროკურორ ნათია მუხიაშვილს ჩაბარებოდა, რომ საქმე დაიხურა!
_ საქმის დახურვის შემდეგ არაფერი გაგირკვევიათ?
_ ორი დღის შემდეგ ჩავედით თელავის პროკურატურაში, სადაც გავიგეთ, რომ ნათია მუხიაშვილი გადასული იყო თბილისში სამუშაოდ, ხოლო ახალ პროკურორს, დავით გველესიანს, ეს საქმე განხილული არ ჰქონდა, _ ასე გვითხრა, გავეცნობი და შემდეგ მობრძანდითო, მაგრამ დახურულ საქმეს ვინ გახსნიდა ახლიდან?!
_ თუ სცადეთ მაინც განცხადების განმეორებით შეტანა?
_ რამდენჯერმე შევიტანეთ, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მივიღეთ. ამიტომ თავად ჩავატარეთ ექსპერტიზა ჯარჯის მობილურზე, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზაზე მივიტანეთ. დადგინდა, რომ მობილურ ტელეფონს დაზიანებული ჰქონდა მეხსიერება. იქიდან ამოღებულია უცხო ნომრები, რომლებიც ბოლო დღეებში იყო შემოსული ჯარჯისთან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიგოთ, ვის ეკუთვნის ეს ნომრები, რადგანაც სასამართლოს განჩინებაა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვერ ვიღებთ. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე დახურულიყო. არც ის ვიცი, ვის ინტერესში შედის ყველაფერი. ფაქტია, რომ ახმეტის პროკურატურამ ჩემი შვილის გარდაცვალება არ გამოიძია, ახალ პროკურორს, დავით გველესიანს ისე მიაწოდეს უკვე გამზადებული მასალა, რომ სასწრაფოდ დახურა ჯარჯის საქმე. ისიც ჩვენი ადვოკატისგან, თამარ მეტრეველისგან შევიტყვეთ, რომ საქმე არა ცემის ფაქტზე, არამედ თვითმკვლელობის მუხლით იყო აღძრული. ამით დამთავრდა ყველაფერი.
მინდა, რომ ახლიდან დაიწყოს გამოძიება, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. დარწმუნებული ვარ, ამ გოგონამ ყველაფერი იცის, ამ საქმის უკანაც ეს გოგონა და მისი ახლობლები იქნებიან, მაგრამ სასამართლო არ გვაძლევს განჩინებას, რომ ჯარჯის ტელეფონში არსებული უცხო ნომრების პატრონების ვინაობები გავიგოთ, ვინ ურეკავდა მას ბოლო პერიოდში და რა მოხდა იმ ღამით, როცა ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
„ქრონიკა+“ ჯარჯი კახიაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების დეტალების დასაზუსტებლად ოჯახის ადვოკატს, თამარ მეტრეველს დაუკავშირდა:
_ მე ძალიან გვიან ჩავერთე საქმის წარმოებაში, პრაქტიკულად, საქმის გამოძიება შეწყვეტილი იყო. გამოვითხოვე დოკუმენტაცია, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ ამ შემთხვევაში არათუ მოწმე, არამედ დაზარალებულიც არ არის პროცესის მონაწილე მხარე და თელავის რაიონულმა პროკურატურამ თავისი მომართვით უარი მითხრა საქმის მასალების გადმოცემაზე. ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მე მქონდა განცხადება დაწერილი, არამედ გარდაცვლილის მამას, კახა კახიაშვილსაც. ერთადერთი მომართვა, რომელიც მე მაქვს, ეს არის თელავის პროკურატურის 2015 წლის 16 ივნისის და 3 ივნისის მიმართვა, სადაც წერია, რომ ჩატარებულია სამედიცინო ექსპერტიზა და სიკვდილის უშუალო მიზეზი არის სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ გარდაცვლილს ნამდვილად აღენიშნებოდა სახეზეც და სხეულზეც მრავლობითი დაზიანება. ეს არის თუ არა ექსეპრტიზის დასკვნაში ასახული, ვერ გეტყვით. პრეტენზიები იყო, რომ გამოძიებას არ გაურკვევია, რატომ ეცვა გარდაცვლილს მაისური უკუღმა? რატომ ჰქონდა შარვალი ჩაწეული მუხლამდე და შეკრული? ანუ ჩვეულებრივ, ადამიანურ და სტანდარტულ მდგომარეობაში არ იყო ის და პარალელურ რეჟიმში, მისი ტელეფონი იყო ტალახიანი, მათ შორის იმ მომენტში, როდესაც პირადად მე მივიტანე ექსპერტიზის ბიუროში. გარდაცვლილის მამა მხარედ არ ცნეს, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რა ექსპერტიზა ჩაუტარდა მას, გაგვცეს მხოლოდ ხუთხაზიანი მიმართვით პასუხი, რომ ჯარჯი კახიაშვილი გარდაცვლილი იყო სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
საინტერესო გარემოება არის ის, რომ თვითონ ტელეფონზე არ იყო ექსპერტიზა დანიშნული. როდესაც ექსპერტიზის ბიუროში მივიტანე, არ ვიცი ეს ექპერტიზამ შეგნებულად გააკეთა თუ შეუგნებლად, რაღაცები წაშლილია, ბილაინის ოფისსაც მივმართე იმ მესიჯებთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა უცნაური რამ: ძალიან მცირე ინტერვალებით გარდაცვლილი დაფიქსირებულია ხან რუსთავში, ხან ახმეტის რაიონში. როგორ შეიძლებოდა ადამიანი ერთდროულად ორ ასეთ პუნქტში ყოფილიყო, ვერ გეტყვით.
თითქმის სამი თვის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან გარდაცვლილის ნათესავები და გვიან ჩავერთვე პროცესში, თუმცა მჯერა, რომ ნამდვილად არ არის ჯარჯი კახიაშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი, თუნდაც იმ გარემოებათა მითითებით, რაც ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებშია აღწერილი. უბრალოდ, სამართლებლივად არ მიმიწვდება ხელი დანარჩენ ინფორმაციაზე.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებს პროკურატურა ამ საქმეს? იკვეთება თუ არა კონკრეტული პირის, ან პირთა ჯგუფის ინტერესები?
_ ნუ მაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში, მე ვერ გეტყვით ამას. სამი თვის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან გარდაცვლილის ახლობლები და მე არ ვიცი, ვინ უნდა ყოფილიყო ის პირი, ვისაც შეიძლებოდა ინტერესი ჰქონოდა. მე ვარ იურისტი, ძალიან კარგად ვიცი, რა არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. როცა არ ვიცი, ვინ იყო გამომძიებელი და ვიცი მხოლოდ ზედამხედველი პროკურორი, როგორ დავადო ვიღაცას ხელი და ვთქვა, რომ კი, ეს გამოძიების ინტერესი იყო-მეთქი? ალბათ, იყო, როცა ბევრი რამ არ გააკეთეს. მე შემიძლია გაგცეთ მხოლოდ ერთი პასუხი, _ ეს არის ან არაპროფესიონალიზმი, ან ეს არის ვიღაცის ინტერესი.
ანა ცალუღელაშვილი