რუბრიკაში `მხილების გვერდი” ადვოკატი მამუკა ნოზაძე `ქრონიკა+~-თან ამჯერად მოსამართლეთა ეთიკურ სტანდარტებს შეეხო და ის ფაქტები დაგვისახელა, როცა მოსამართლეები სასამართლო სხდომებზე ბრალდებულებს აგინებენ. რა შემთხვევებს ითვლის არასრული სტატისტიკა და ვინ არიან `დურუ-მოსამართლეები”, რა სანქციები უნდა დაწესდეს მათთვის და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა – ეს ის კითხვებია, რომელიც ამ დრომდე ისმის და რეაგირებას არავინ ჩქარობს.
,,ქრონიკა+”-ს ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე:
_ სასამართლოში დიდ პობლემას წარმოადგენს მოსამართლეთა მხრიდან ეთიკური სტანდარტების დაცვა. ხშირად მოსამართლეები ვერ ფლობენ სამოსამართლეო უნარ-ჩვევებს და არ იციან, სასამართლო სხდომა როგორ უნდა წაიყვანონ.
_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
_ ჰგონიათ, რაც უფრო შუბლშეკრულნი ისხდებიან სასამართლო პროცესებზე და დაიბღვირებიან, ანტაგონისტური განწყობით შეხედავენ მხარეებსა თუ დარბაზში მყოფ ადამიანებს, მით უფრო მოემატებათ პრესტიჟი, ან ვინმეს მიანიშნებენ მათ სამოსამართლეო წარმატებაზე, რაც, ცხადია, მცდარი მოსაზრებაა. რა თქმა უნდა, დარბაზში წესრიგი ყველამ უნდა დაიცვას, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო უპატივცემულობის გამოხატვა. მცხეთის რაიონის მოსამართლე, ნაფტალინწაყრილი კადრი, მორის ფუხაშვილი, პროცესებზე საკმაოდ თავხედურად იქცევა. ერთ-ერთ მრავალბრალდებულიან პროცესზე სასწაული მოხდა, მოსამართლემ ამ ბრალდებულებს გინება დაუწყო.
_ რატომ იგინებოდა მოსამართლე?
_ დაიკითხა ბრალდებული მოწმე, რომელიც მთვრალი იყო. ამ დროს სასამართლოს შენობაში, არათუ დარბაზში, არ შეიძლება ნასვამი ადამიანის დაშვება. სასამართლოში ნასვამ მდგომარეობაში მანდატურები არავის უშვებენ და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი პიროვნება იქ არ დაუშვან, მაგრამ ნასვამი კაცი სასამართლო დაბრაზში აღმოჩნდა და არაადეკვატურად იქცეოდა. მოსამართლემ ყურად არ იღო ბრალდებულებისა და ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა, ამიტომ მათ იმ ხერხს მიმართეს, რომ აცილების საკითხი დაუყენეს მოსამართლეს. ამ პროტესტს მოყვა ის, რომ მოსამართლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ყველაფერი მინახავს და გამიგია, მაგრამ ბრალდებულებთან მოსამართლის კონფრონტაციაში შესვლა _ არა. მას აქვს თმენის ვალდებულება და არ შეიძლება, მხარის მიმართ ასეთი უპატივცემულობა და გინება. ამ მოსამართლის პროცესებზე ფსიქოლოგებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ მონიტორინგი, რადგან ის არაადეკვატურია: მიმიკებით და ჟესტიკულაციებით საუბრობს. ხელების მითითებით გასცემს ბრძანებებს _ ფეხზე ადექი, დაჯექი და ა. შ. ეს არის შეუფერებელი და ცუდად მოქმედებს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს პრესტიჟზე. ასეთი მოსამართლეები საქართველოში სამართლიან სასამართლოს ვერ დაამკვიდრებენ. სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ამახვილებენ ყურადრებას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით და აცხადებენ რომ ბევრი პრობლემაა, რაშიც, ცხადია, მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, კანონიერი და ა. შ. იგულისხმება ისიც, თუ როგორ წარმართავს სასამართლო სხდომას და როგორი კომუნიკაცია აქვს დარბაზთან თითოეულ მოსამართლეს. ეს არის ხელოვნება და ამას ქართველი მოსამართლეები ვერ ფლობენ. ჰგონიათ, რადგან მანტია აცვიათ, ყველაფერის უფლება აქვთ. ელემენტარულს ვერ ხვდებიან, რომ მანტია მათ ვერც მეფეებად აქცევს და ვერც ღმერთებად. იმედი მაქვს, რომ რეფორმების „მესამე ტალღაში“, რომელიც ამჟამად უკვე შესულია პარლამენტში, მოსამართლეთა დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით სპეციალური ნორმები ჩაიდება. თუ მოსამართლე არღვევს სასამართლო სხდომის წაყვანის წესებს და ვერ იცავს საზოგადოებისადმი პატივისცემას, ასეთი მოსამართლე მკაცრად უნდა დაისაჯოს და საკითხი უნდა დადგეს სამსახურიდან მისი განთავისუფლების თაობაზეც. მოსამართლეობის მსურველებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვან.
_ ზემოთ აღნიშნული ფაქტის გარდა, სხვა მაგალითებიც გაქვთ, როცა მოსამართლეები განსასჯელებს უხეშად ექცევიან, ან დარბაზს შეურაცხყოფენ?
_ იანვარში ორჯერ მომიწია ოფიციალურად მომემართა ფუხაშვილისთვის, სადაც მას მოვუწოდე, ეთიკის სტანდარტები დაეცვა და მხარეებთან კონფლიქტში აღარ შესულიყო, ვინაიდან შუბლის შეჭმუხვნა საზოგადოებაში ვერ წარმოშობს ვერც შიშს, როგორც მას ჰგონია და ვერც პატივისცემას სასამართლოს მიმართ. მისი საქციელი ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, როგორც მოსამართლეს, არამედ მთლიანად სისტემას.
ასეთი რამ მხოლოდ ფუხაშვილის პრობლემა რომ იყოს, სააშკარაოზე არც გამოვიტანდი. სამწუხაროდ, მისნაირი ბევრი მოსამართლეა და ეს უკვე სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა სენი გახლავთ.
გორის სასამართლოში მუშაობს ნინო გერგაული, რომელსაც აგვისტოში სამოსამართლეო უფლებამოსილება შეუწყდება და მწამს, რომ ის აღარ იქნება გამწესებული სასამართლო სისტემაში და ღირსეულ პიროვნებას შეარჩევენ. ადამიანის გუნება-განწყობა აისახება ადამიანის მდგომარეობაზე და როცა მას ცუდი ხასიათი აქვს, ან პრობლემები აწუხებს, ბუნებრივია, რომ მისგან სასამართლო სხდომის წაყვანა საშიშია. დასავლური სტანდარტის მიხედვით მოსამართლე პროცესზე უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური. საბედნიეროდ, საქართველოშიც არიან ისეთები, რომლებიც სასამართლოს წაყვანის ხელოვნებას ფლობენ, მაგრამ ამას გერგაულზე ვერ ვიტყვი, რადგან ის ქანდაკებასავით ზის პროცესზე და არავითარი რეაგირება არ აქვს. დარბაზში მჯდომს აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვერც ისმენს და ვერც ვერაფერს იგებს, სხვანაირად რაღაც რეაქციები მაინც ექნებოდა. მიუკარებელი და ცივი დამოკიდებულებით, ალბათ, უნდა, რომ ობიექტურობის იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ ასე არ არის. ის ასევე ერევა, მხარემ კითხვა როგორი ფორმით და რა დროს დასვას, ყველაფერზე რეპლიკებს აკეთებს, რაც დაუშვებელია, რადგან მოსამართლე არ უნდა შევიდეს პოლემიკაში ბრალდებისა თუ დაცვის მხარესთან და არ უნდა უცქერდეს ვინმეს ზემოდან. მოსამართლეები ელემენტარულ სამართლებრივ ნირმებშიც ვერ ერკვევიან და ვერ გისაბუთებენ საკუთარ ქმედებებს. ასეთია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მაია თეთრაული და სხვები. კატასტროფული მდგომარეობაა. რამდენიმე დღის წინათ ევროკომისარმა მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში არის მიკერძოებული სასამართლო, რომ კვლავ მიმდინარეობს შერჩევითი სამართალწარმოება და მოსამართლეების პრობლემა კვლავ დგას. მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის საკითხი არ არის გამჭვირვალე და დაუმსახურებლად ინიშნება პიროვნებება მოსამართლედ, რაზედაც ჩვენ სისტემატურად ვწერდით. უბედურება ის არის, რომ როცა მოსამართლეს არ მოსწონს ბრალდებულის ან დამცველის პოზიცია, გამოსვლა თუ ა. შ., ის შურისმაძიებელია და მისი განწყობა აისახება განაჩენში. როცა არჩევანის საშუალება აქვს, პატიმარს 2 ან 3 წელი მისცეს, ზოგჯერ ბოროტდება და მაქსიმალურ სასჯელს აძლევს, რაც არ შეიძლება. მოსამართლემ, მოსწონს თუ არა, ბრალდებული ან მხარე, საკუთარი თანამდებობა არ უნდა გამოიყენოს შურისძიებისთვის.
_ მოსამართლის მისია საქმეში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა და ეს სიმკაცრის გარეშე შეუძლებელია?
_ გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლე არ უნდა ექვემდებარებოდეს გარე ფაქტორებს. თუმცა ჩვენს სასამართლოებში, მოსამართლეთა 99% სუბიექტური პრინციპით მოქმედებს. თუ ამოიჩემეს კონკრეტული ადამიანი, მერე მას აღარ ახარებენ, ეს დანაშაულია! თითებზე ჩამოსათვლელია კარგი მოსამართლეები საქართველოში, მაგრამ „ვინც არ არის კახაბერი, მას ვერ ვიტყვი კახაბერად“. ქართველ მოსამართლეებს სანამ არ ეცოდინებათ, მანტია იმიტომ კი არ აცვიათ, რომ საკუთარი ინტერესების გამოიყენონ, არამედ სამართლიანობა, ობიექტურობა და კანონისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს მათთვის მთავარი, მანამდე არაფერი გვეშველება. კანონდამრღვევი მოსამართლეები კი არ ისჯებიან.
_ ამას, ალბათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა არეგულირებდეს. არადა, ის როგორც იქცევა, საზოგადოება კარგად ხედავს...
_ ეს საბჭო არის მიკერძოებული, ტენდენციური და მას შემიძლია ვუწოდო კლანური დაჯგუფება. ყველამ ვნახეთ, როგორც მოიქცნენ ბოლოს, მოსამართლეების დანიშვნის დროს. ის მოსამართლეები დანიშნეს, რომელ გუნდსაც რომელი აწყობდა. მოსამართლეების ქცევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი არა, კანონი უნდა არეგულირებდეს და იქ მკაცრად უნდა იყოს გაწერილი დასჯის ზომები. მძიმე დარღვევად უნდა მიიჩნეოდეს მოსამართლის კონფრონტაცია სასამართლო დარბაზთან. შეიძლება, ადამიანს დაავიწყდეს დარბაზში ტელეფონის გამორთვა, მაგრამ ამის გამო მოსამართლემ წივილ-კივილი კი არ უნდა ატეხოს და საზოგადოების წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენოს, სიტყვიერად, ღიმილით უნდა მიმართოს და გააფრთხილოს, რომ წესრიგის დარღვევის განმეორების შემთხვევაში კანონით დადგენილ სხვა ზომებს მიმართავს.
_ ანუ მოსამართლეებს უნდათ, საზოგადოებამ ისინი `ბუებად~ მიიჩნიოს? გაუგებარია ასეთი სურვილი...
_ დიახ, უნდათ! ვერც ხვდებიან, რომ მოსამართლეებად არც დაიბადნენ და არც მოკვდებიან. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და `ბუობაც~ არ არის საზოგადოებისგან პატივისცემის წარმომშობი ფაქტორი. საზოგადოებას დიქტატორული თვისებების ადამიანი არ მოსწონს და არ უყვარს. ასეთი მოსამართლეები კი ანტაგონისტურად განაწყობს ხალხს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ასე ექმნებათ იმიჯი და მერე რასაც ხალხი მათზე ამბობს, ეს სხვას კი არა, საკუთარ თავსა და ქმედებებს უნდა დააბრალონ.
მოსამართლის ნებისმიერი ქმედება გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელის ავადმყოფობის გამო უამრავჯერ გადაიდება ხოლმე პროცესი. მესმის, რომ ადამიანები ვართ და ყველა შეიძლება გახდეს ავად, მაგრამ ის ვალდებულია, წინასწარ მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია თანაშემწეს, რომ მან ეს მხარეს აცნობოს! სისტემატურად თუ ავადმყოფობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ახორციელებ სრულყოფილად უფლებამოსილებას. ზოგი მოსამართლე კი იგონებს, რომ ტრენინგზეა და პროცესებს აცდენს. საქმეებს აჭიანურებენ. მერე პრეტენზიები აქვთ, 500-700 საქმე გვაწერიაო. ეწერებათ ბევრი საქმე, აბა, რა იქნება, როცა მას დროულად არ განიხილავენ. უარესსაც გეტყვით: ზოგიერთი მოსამართლე საქმეებს საერთოდ არ იცნობს. პროცესზე ისე შედის, რომ არ იცის კონკრეტული დავის საგანი და იქ, პროცესზე დაიწყებს საქმის კითხვას პირველი ფურცლიდან. ასე იქცევა მოსამართლე ასმათ კოხრეიძე, რომელიც პროცესზე ფურცელ-ფურცელ ეცნობა საქმეს და ამაში ხარჯავს დროს. მოსამართლე სხდომათა დარბაზში რომ შედის, მან ზეპირად უნდა იცოდეს საქმის გარემოება. ის ვალდებულია, ერთგვაროვანი შუამდგომლობები ერთად განიხილოს, არადა, ცალ-ცალკე იხილავს და პროცესებს დაუსრულებლად დებს.
ჩვენს სასამართლოს არაფერი ეშველება, თუ მსგავსი ფაქტები არ აღიკვეთა.
ნელი ვარდიაშვილი