QronikaPlus
 ნათია კორკოტაძე: ,,ფირცხალავამ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სხვა განცხადებების კეთებას თავი დაანებოს!“

ნათია კორკოტაძე: ,,ფირცხალავამ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სხვა განცხადებების კეთებას თავი დაანებოს!“

2016-01-30 11:22:17

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობასა და ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის გარშემო ატეხილი აურზაური გრძელდება. შს სამინისტროს მაღალჩინოსნების თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი ქირია კუჭავამ მოკლა მის მიერ დაქირავებულ სახლში, გვამი აბაზანაში ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა, მერე აიღო ელიავაზე ნაყიდი ელექტროხელსაწყო გვამის დანაწევრების მიზნით, რა დროსაც მან ფეხი დაიზიანა და ა. შ. მოკლედ, ამ საუბრების მოსმენის დროს გეგონებათ, რომ ჰიჩკოკის ფილმს უყურებთ, ან, უბრალოდ, ცუდ სიზმარში ხართ. გამოძიება ასევე აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავა პოპოვის ავტომანქანით გადაადგილდებოდა აეროპორტისკენ, როცა მან თავი მოიკლა. ამ დროს საჭესთან იჯდა დავით პოპოვი, გვერდით ეჯდა მეუღლე, უკან კი კუჭავა. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან მათ პატრულმა დაუძახა, რათა მანქანა გადაეყენებინათ, მაგრამ სანამ მანქანა გაჩერდა, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლაო. ექსპერტიზის დასკვნა მართალია, ჯერ არ არსებობს, მაგრამ სამართალდამცველები, რატომღაც, ისე საუბრობენ, თითქოს მათ ნათქვამს წყალი არ გაუვა. სწორედ ამის გამო, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევისთვის, ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე და კუჭავას ოჯახი შს მინისტრის მოადგილეს სასამართლოში უჩივლებს. კორკოტაძე-პოპოვის ინციდენტიც არ არის ყურადრების მიღმა დასატოვებელი. როგორც ადვოკატმა გვითხრა, პოპოვს საკმაოდ ბუნდოვანი წარსული აქვს, წინათ მას 17 წელი ჰქონია მისჯილი, მერე კი 5 წელი რუსეთში გაუტარებია. გამოძიება მიიჩნევს, რომ მას ბიძინა კუჭავას დახმარება ამჯერად მისმა ბიძაშვილმა, გოჩა კუჭავამ სთხოვა და ისიც ეხმარებოდა. პოპოვი ჯერ აცხადებდა, რომ კუჭავა იცნობდა, შემდგომ კი თქვა, სულ ორჯერ მყავდა ნანახი და რა გამოდის? _ ორჯერ ნანახ ადამიანთან ერთად იპარებოდა კუჭავა მოსკოვში ისე, როცა მას არც ვიზა ჰქონდა, არც დაჯავშნული ბილეთი, ჯიბეში ედო ქირიას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სისხლიანი ხელთათმანი? ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, ამ ტრაგედიის შემდეგ პოპოვი კუჭავას ოჯახს არც კი დაკონტაქტებიაო, _ აცხადებს ნათია კორკოტაძე.   კუჭავას ადვოკატისა პოპოვის შეხვედრის სკანდალად ქცეულ ფაქტს ნათია კორკოტაძე ასე ყვება:  „დამიკავშირდა კუჭავას ქალიშვილი, რომელმაც მითხრა, ჩვენი ახლობელი პოპოვს იცნობს, მან გვითხრა, რომ სურვილი აქვს, ჩვენს ადვოკატს შეხვდეს და იქნებ, დაურეკოო. პოპოვის ტელეფონიც მან მომცა. ტელეფონით დავუკავშირდი და 5.30 სთ-ზე შეხვედრა დავთქვით. შემდგომ ის დაკავებული იყო, მითხრა, ბავშვი უნდა მოვნათლოო. ასეთი საშინელება მოხდა მის ავტომანქანაში და მეორე დღეს კაცი ნათლობაში წავიდა, რაც ძალიან უცნაურია. მას რომ ვესაუბრებოდი, ჟურნალისტები მედგნენ გვერდით და მათაც გაიგეს შეხვედრის დრო და ადგილი. ცხადია, მერე იქ მოვიდნენ. მას დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან შევხვდით ორი ადვოკატი. სიარულის დროს ყურსასმენების შნური გამოუჩნდა. პოპოვმა ჩვენი დასასმელი კითხვა აქეთ დაგვისვა: რა გნებავთ ჩემგანო? ჩვენ შევახსენეთ, რომ მისი ინიციატივით ვიყავით მოსულები, მაგრამ მაინც გვეუბნებოდა, თქვენ დამიბარეთო. პოპოვს ღილებიანი პერანგი ეცვა. ღილებს ოთხი ნახვრეტი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთს, რომელიც შუაში იყო დამაგრებული, ნახვრეტი არ ჰქონდა. საერთოდ არ ეტყობოდა, პერანგზე როგორ იყო მიკერებული. ამის შემდეგ მოვთხოვეთ, მოეხსნა ჩამწერი კამერა. პოპოვს შეხვედრა ჩვენს დასაშანტაჟებლად უნდოდა, ამიტომ გვეუბნებოდა დაჟინებით, თქვენ დამიბარეთო. მე რომ გამოუცდელი ადვოკატი ვყოფილიყავი და მისი ნათქვამისთვის, ფარულად დამაგრებული ჩამწერისთვის ყურადღება არ მიმექცია, ჩანაწერს პროკურატურაში მიიტანდა, სადაც იტყოდნენ, რომ მოწმეზე ზეწოლას ვახდენდით. აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს და ადვოკატებს დაკითხვაზე დაგვიბარებდნენ. სხვანაირად კანონით არავის აქვს უფლება, იმ საქმეზე დაკითხოს ადვოკატი, რომელიც მას წარმოებაში აქვს. რადგან მკვეთრ განცხადებებს ვაკეთებდი, კუჭავას მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია-მეთქი, გადაწყვიტეს, საქმიდან პოპოვის გამოყენებით ჩამოვეცილებინეთ, მაგრამ არ გამოუვიდათ“. როგორც ნათია კორკოტაძე აცხადებს, დავით პოპოვი არის პროკურატურის „ოქროს მოწმე“ და ის ყველაფრის საქმის კურსშია. მართალია, გამოძიება დეტალებზე საუბრობს და ამბობს, პროკურორი ქირია სასტიკად აწამესო, მაგრამ იმასაც აცხადებს, მკვლელობის მოტივი უცნობია. ადვოკატიც ადასტურებს, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი და საფუძველი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, არადა, პირველ რიგში, მოტივი და საფუძველი უნდა იცოდე, მკვლელობა რომ გახსნა. მოკლედ, საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია, რომელიც ძიებამ უნდა გაარკვიოს, თუმცა ესენი უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევენ და ადამიანს აბრალებენ იმას, რაზედაც არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათო. რამდენიმე დღის წინათ, მოულოდნელად, თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ, სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავაზე დაიწყო საუბარი და სენსაციური განცხადება გააკეთა. მან აწ გარდაცვლილი კუჭავა დაადანაშაულა და თქვა, _ გენერალი ნინუა და მისი მეუღლე, ასევე ბიზნესმენი გოჩა მაღალთაძე ერთი და იგივე იარაღის გასროლით, თავში მოხვედრილი ტყვიით არიან მოკლულნი. დანაშაულის კვალის პრევენციაც ერთ და იგივე მეთოდით მოხდა და იმის გამო, რომ ძაღლებს კვალი არ აეღოთ, მკვლელობის ადგილზე წიწაკა იყო დაყრილიო. საქმე ის არის, რომ გენერალ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელი 7 წელია, უკვე სასჯელს იხდის და მას ამ მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც ითქვა, ამ  საქმეებზე გამოძიება თავიდან დაიწყება, თუმცა ზოგიერთი კუჭავას სახელს კიდევ ორ ფაქტთან აკავშირებს _ საკუთარი დის საეჭვო გაქრობასთან და პირველი ცოლის შვილის მკვლელობასთან.   ნათია კორკოტაძე: _ ფირცხალავას განცხადებებმა ამ საქმესთან დაკავშირებით მანამდე არსებული სურათი მთლიანად შეცვალა. მან თქვა, რომ იარაღი, რომლითაც მოკლეს მაღალთაძე და ნინუები, საქართველოში სულ არის 34-35 ცალი და სოდ-ის ყოფილი უფროსის მოადგილისგან კუჭავამ 5 ათას დოლარად შეიძინაო. _ ე. ი. ფირცხალავამ ამ მკვლელობების შესახებ სიმართლე იცოდა, მაგრამ მალავდა და ესეც ხომ დანაშაულია? _ მან სააპელაციო სასამართლოში თქვა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთანო, მაგრამ მას გამოძიება ახლა კი არ უნდა დაეწყო, სანამ დააკავებდნენ, მანამდე უნდა გაეკეთებინა ეს. ახლა კი, იმის გამო, რასაც ლაპარაკობს, დანაშაული კი არ უნდა შეუმსუბუქდეს, უნდა დაემატოს დანაშაულის დაფარვისთვის. თან ვარაუდით კი არა, დადასტურებით ამბობს ყველაფერს. 2009 წელს მოკლეს ნინუა და მისი მეუღლე, 2007 წელს კი მაღალთაძე. ნინუების მკვლელობაზე გოგია უკვე 7 წელია, სასჯელს იხდის. ეს იმ დროს, როცა ამ წლებში ირაკლი ფირცხალავას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. მისი განცხადებით ერთხელ კიდევ დასტურდება ის, რომ `ნაციონალებს~ ვისი პირადი ინტერესიც ჰქონდათ, უკანონოდ სვამდნენ ციხეში და სამუდამო სასჯელებს უსჯიდნენ. ისინი დღესაც ციხეში არიან და ასეთი ადამიანები კი სიმართლეს კვლავაც მალავენ. ჟურნალისტებს ვუთხარი, ფირცხალავას განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ-მეთქი და იცით, რატომ? ყოფილი `ნაციონალები~ ძალიან ბევრნი არიან დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგრამ არიან სახეშეცვლილები. ესეც მათი პიარის ერთ-ერთი მეთოდია და არც ის არის გამორიცხული, რომელიმე თანამდებობის პირმა, რომელიც `ნაციონალი~ იყო და დღეს `ქართულ ოცნებაში~ გვევლინება, ეს ვერსია მიაწოდა ფირცხალავას ადვოკატების მეშვეობით და ურჩია, ასე გაეკეთებინა და რა კომენტარი უნდა გავაკეთო? _ მართლა ბრუნდება ნინუებისა და მაღალთაძის მკვლელობების საქმეები ხელახალი ძიებისთვის?       _ მთავარმა პროკურორმა შოთაძემ განაცხადა, რომ ამ ორ საქმეზე გამოძიება განმეორებით დაიწყებაო. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება ფირცხალავას ამ განცხადებას. ქალაქის პროკურორმა მიშა შაყულაშვილმაც გააკეთა განცხადება. როგორც იცით, ჩვენ შს მინისტრის მოადგილეს ღირსების შელახვისთვის ვუჩივით. მან განაცხადა, მე ბრალდების მხარე ვარ და ამის უფლება მაქვსო, მაგრამ ბრალდების მხარე არის პროკურატურა, თუმცა მასაც არ აქვს უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთოს იმ დროს, როცა საკმარისი მტკიცებულებები არ არის, ადამიანი დამნაშავედ რომ ცნო, მანამდე კი ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პროფესიონალი იურისტია, მან უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაარღვია და კაბელების საქმეზე, პატიმრობაში მყოფ 4 პირს, რომლებსაც პატიმრობა გირაოთი დროებით შეუცვალეს და განთავისუფლდნენ, ისინი სამსახურებში დააბრუნა. სანამ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და შენ დამნაშავედ აცხადებ, ეს არ არის კანონიერი. ანალოგიური განცხადება გააკეთა შოთაძემაც, _ ჩვენთვის ცნობილია, რომ ორივე გასროლა ერთი და იგივე იარაღით მოხდაო. კუჭავების ოჯახის მიერ საქმეში არის ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მასთან რამდენჯერმე ვისაუბრე და არ არსებობს საფუძველი იმისა, რასაც შს მინისტრის მოადგილე და მთავარი პროკურორი აცხადებენ. იარაღზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და რა იცის ირაკლი შოთაძემ, რომ ორივე პირზე ერთი და იგივე იარაღია გამოყენებული? _ შოთაძემ ისიც თქვა, რომ ეს საქმეები გახსნილი არ არის სხვადასხვა მიზეზის გამო და ეტყობა, პროკურორს დაავიწყდა, გოგიას ერთ-ერთ ამ საქმეზე აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა და თუ საქმე არ გახსნილა, დამნაშავე როგორ არსებობს? _ მე არ ვიცი, რატომ, როგორ ლაპარაკობენ ასე, თუნდაც, ქირიას მკვლელობასთან დაკავშირებით? გარდაცლილია ქირიაც და კუჭავაც და საიდან იციან, რომ ქირიამ ის მარტო მოკლა, მერე ჩამოკიდა, გადახერხვა უნდოდა და ა. შ.? ყველამ იცის, რომ  გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალზე მძიმეა, მაგრამ მთავარი პროკურორის მოადგილემ ზუსტად ასე თქვა, _ ქირია აბანოში იყო ჩამოკიდებულიო და ეს მხოლოდ კუჭავამ გააკეთა? „ბალგარკამ“ დააზიანა ქირიას სხეულიო და ესეც საიდან იციან, როცა ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის? ასეთი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება დაუშვებელია. _ ქალბატონო ნათია, კუჭავა იმ საქმეებში დაზარალებულებთან, რომელთა მკვლელობასაც პირდაპირ თუ ირიბად აბრალებენ, ახლო ურთიერთობაში მართლაც იყო. ამას თავად რით ხსნით? _ ოთხ ფაქტზე დაიწყეს ლაპარაკი _ გერის მკვლელობაზე, დის გაუჩინარებაზე, ნინუების მკვლელობაზე და მაღალთაძის მკვლელობაზე. მის მეუღლეს ნინუებზე ვკითხე. ისინი გვერდი-გვერდ კორპუსებში ცხოვრობდნენ. მითხრა, რომ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. _ მე მინდოდა იმ მანქანის ყიდვა, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ ვერ მოვრიგდითო. იცით, რაზე მეცინება? რომ ამბობენ, ნინუა მკვდარი როცა იპოვეს, მას ხელში ფურცელი ეჭირა, სადაც ეწერა „ჰამერი, 40 600“. მკვლელები შევიდნენ მის სახლში, ნინუა საკუთარ კაბინეტში მოკლეს, ცოლი კი საწოლში ნახეს მკვდარი. ძვირადღირებული ნივთები ხელუხლებელი იყო, მხოლოდ დოკუმენტები გამოიტანეს. ცნობილია, რომ ნინუა ძალოვან უწყებაში მუშაობდა. რისთვის სჭირდებოდა ის დოკუმენტები, რომელიც, დავუშვათ, კუჭავამ სახლიდან გამოიტანა? მოტივი ხომ უნდა არსებობდეს, რატომ შევიდა და დახოცა ეს ხალხი? მაღალთაძესთან დაკავშირებითაც ამბობენ, რომ თითქოს კაზინოში თამაშობდნენ და ერთმანეთის ვალი ჰქონდათ. დღეს ყველას აქვს ვალი და ამის გამო ერთმანეთს რომ ხოცავდნენ, ცოცხლები არავინ უნდა ვიყოთ. ახლა გეტყვით, ვინ არის გოჩა კუჭავა: როცა კანონში ქურდული სამყაროს წევრების დასჯის მუხლი შეიტანეს, როგორც იცით, ხალხს იჭერდნენ და ეუბნებოდნენ, აღიარე, რომ ქურდი არ ხარ, ან შეაგინეო, მაგრამ კუჭავამ არ აღიარა და მოსკოვში წავიდა. მას ქურდულ სამყაროსთან რაღაც კავშირი აქვს და დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის გოჩა კუჭავა. პოპოვი თუ მართლაც იყო გოჩა კუჭავას ახლობელი და მან აღუთქვა ბიძინა კუჭავას დახმარება, პოპოვი მაინც არის შემოგდებული პიროვნება, რადგან გოჩა კუჭავასნაირი ადამიანი ვერ იქნება პოპოვის მეკავშირე, ეს გამორიცხულია. _ თუ კუჭავასთან დაკავშირებული ვერსიებიდან ყველა ტყუილია, ვის სჭირდებოდა ამის აგორება, ან ვის წისქვილს ასხამს წყალს ეს ყველაფერი? ესეც მოგონილია, რომ მაღალთაძეც და ნინუებიც ერთი და იგივე იარაღიდან გასოლით არიან გარდაცვლილები? _ ქირიას მკვლელობის დროს არანაირი წიწაკა არ ჩანს და იქ რა იყო, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მაია ნიკოლეიშვილმა ზედაპირულად ყველა დეტალი კარგად შეისწავლა და ქალაქის პროკურორიც შეგვპირდა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღებთ მონაწილეობას. მსგავსი რამ, რომ ქირიას მკვლელობის დროს კვალის არევის მიზნით ოთახში რაიმე იყო, ნიკოლეიშვილს არ უთქვამს. ასეთ განცხადებებს საიდან აკეთებენ, ვერ გეტყვით. საქმეც კი არ გადმოუციათ და წინასწარ ასეთ საკითხებზე ვერც ვილაპარაკებ. ნაპოვნია ქირიას ავტომანქანა ნუცუბიძეზე, რომელსაც საბურავი დაშვებული ჰქონდა. ირგვლივ აფთიაქები და სუპერმარკეტებია, ამიტომ უამრავი ვიდეოკამერაა. იმედია, პროკურატურა კამერების ჩანაწერებს ამოიღებდა და გაარკვევდა, ვინ აიყვანა ეს ავტომანქანა იქ და როგორ დაუშვა საბურავი. რა თქმა უნდა, იქ ვიღაცამ აიყვანა და საბურავიც განგებ დაუშვა, ამიტომ ამ დეტალითაც ბევრი რამ გამოიკვეთება. ჯერ ამბობდნენ, რომ კუჭავას ჯიბეში ქირიას სისხლიანი ხელთათმანი და პირადობა ედოო, ქირიას ავტომანქანა რომ იპოვეს, პროკურატურამ თქვა, ჯიბეში ქირიას ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი ედოო. მე მტკიცებულებით ფორმაში ვსაუბრობ და ვალდებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები დავიცვა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ასეთი განცხადებების გაკეთება თუნდაც იმიტომ არ შეიძლება, რომ მას 12 წლის შვილი ჰყავს და მამის ამგვარ ფორმაში წარმოჩენამ, შეიძლება, ოჯახს სხვა უბედურებაც დამართოს. ყველა განცხადება უნდა იყოს კორექტული და არავინ არ უნდა ილაპარაკოს ისე, რომელიც საქმეს გააფუჭებს. მანიაკი გამოიყვანეს კუჭავა. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ არც ერთი დანაშაული არ არსებობს მოტივის გარეშე და ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოტივი არ არსებობს, რატომ უნდა გაეკეთებინა მას ეს ყველაფერი. რაც შეეხება მის გერს, რომელიც ასევე მოკლული იპოვეს დოლიძის ქუჩაზე, უკნიდან ჰქონდა თავში ნასროლი. მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. კუჭავასა და მისი პირველი ცოლის საერთო შვილთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, ჩემს ძმას ისე უყვარდა მამაჩემი, მე ვეგოისტობდი კიდევაც. ჩემი ძმა როცა 25 წლის გახდა, მამაჩემს უთხრა, იმდენად მიყვარხარ, შენი გვარი მომეციო და იმ ბიჭის გვარი მერე კუჭავა იყო. კუჭავას პირველი მეუღლის განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა, _ მე შეძრწუნებული ვარ ბიძინა კუჭავას სიკვდილით და იმ ბინძური ჭორებით, რომელიც მის მიმართ აგორდა. ჩემი შვილის მკვლელობის დროს არ ვყოფილვარ ასეთ დღეში, როგორშიც ახლა ვარ. ვინც ბიძინა კუჭავას იცნობდა, ამას არავინ დაიჯერებსო. ამას აცხადებს ქალი, რომელსაც კუჭავა გასცილდა და დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს და აბრალებენ კუჭავას. ცხადია, ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხის გაცემა აუცილებლად სჭირდება. მეც და მისი მეუღლეც ვერიდებით იმ ეჭვებისა და საფუძვლების გახმაურებას, კუჭავას წინააღმდეგ ამ მასობრივ კამპანიასთან დაკავშირებით რაც გაგვიჩნდა. ველოდებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ამის მერე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. გამოძიებას ჩვენც დავეხმარებით რაღაც-რაღაცებში, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც დუმილს ვამჯობინებთ. ვნახოთ, კიდევ რა მოხდება. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მოვუწოდო ირაკლი ფირცხალავას: 17 თებერვალს არის ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესი. იქ არის მსჯავრდადებული სხვა საქმეში და რადგან რობაქიძის საქმეშიც არის ბრალდებული, იქ უნდა მოიყვანონ. იქნებ, მოვიდეს გონზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით და სხვა განცხადებების კეთებას თავი დაანებოს.  

                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება