QronikaPlus
ნანა წერედიანი: ,,ქმარი პოლიციამ და პროკურატურამ მომიკლა!“

ნანა წერედიანი: ,,ქმარი პოლიციამ და პროკურატურამ მომიკლა!“

2016-01-30 11:03:31

„წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს ოჯახს თავს რაც გადახდა, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ქმარი პოლიციამ მომიკლა _ მათმა უყურადღებობამ და საქმისადმი გულგრილობამ გამოიწვია ჩვენი ტრაგედია. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება მათგან კვლავ გრძელდება და უკვე არ ვიცით, ვის მივმართოთ დასახმარებლად. თქვენი იმედიღა დაგვრჩა...“ _ გვითხრა 2015 წლის 8 თებერვალს ვაზისუბანში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ მოკლული კობა აღლემაშვილის მეუღლემ, ნანა წერედიანმა. კობა 31 წლის იყო, როცა მას გამოძიებისთვის დღემდე უცნობმა პირებმა ბლაგვი საგნით 11 ჭრილობა მიაყენეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. მანამდე, 8 თვით ადრე, მასზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, როდესაც მას სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, თუმცა ამ დანაშაულის ჩამდენი არც მაშინ დასჯილა. ოჯახი ფიქრობს, ჯერ კიდევ მაშინ გამოძიებას ეფექტურად და გულისხმიერად რომ ემუშავა, დამნაშავე თავს დაცულად ვერ იგრძნობდა და მეორედ დანაშაულის ჩადენას ვერ მოახერხებდა. სამართალდამცველების უუნარობამ თუ დამნაშავის ხელის დაფარების პოლიტიკამ კი მას მეორედ უბიძგა დანაშაულისკენ, რომელიც ფატალურად დასრულდა და მძიმე ტრავმების შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნანა წერედიანი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ აღლემაშვილების ოჯახი დღესაც არ არის დაცული, რადგან ორივე თავდასხმის ჩამდენი პირი კვლავ დაუსჯელია, გარეთ დასეირნობს და თავისუფლად შეუძლია, მათ ოჯახს კიდევ ავნოს.   ნანა წერედიანი: _ ჩემი ქმარი წამებით მოკლეს ზუსტად ერთი წლისა და ერთი თვის წინათ. იმედიც გადაგვეწურა, ამ საქმეს ვინმე რომ გამოიძიებს და სიმართლეს დაადგენს. ვისთან არ მივიდა ჩემი მამამთილი, ზურაბ აღლემაშვილი... მეც, მაგრამ, ეტყობა, რომ დამნაშავეს ვიღაც მფარველობს. სადაც წავედით, ყველგან უიმედოდ დაგვტოვეს. ორი ადვოკატი გვყავს, მაგრამ საქმეზე ხელი არ მიუწვდებათ, არ ვიცი ეს როგორი კანონებია... პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ ირაკლი ცაგურიას როცა ვეუბნებით, საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გვაქვს და უნდა გითხრათო, არ გვხვდება, არ აინტერესებს. არადა, გვეუბნებიან, ოპერატიულად დღე და ღამე ვმუშაობთო, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ვერ ვხვდებით. ფაქტია, გამოძიება წინ არ მიდის. პირველად რაც გაარკვიეს, იმის მერე წინ არ წასულან. _ გამოძიება ხშირად ყველა დეტალს იმის გამო არ ახმაურებს, რომ დანაშაულის კვალი არ დაიკარგოს, დამნაშავე არ დააფრთხონ... ათასი ნიუანსია და საიდან იცით, რომ გამოძიების საქმე წინ არ მიდის? _ ის მაინც ხომ უნდა თქვან, რომ ვინმე დაკითხეს, დაიბარეს? მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩემი ქმარი როცა მოკლეს, ამ დროს კორპუსის ეზოში გარე განათება ჩამქრალი იყო. გამომძიებელი გვიმტკიცებდა, ასე არ ყოფილაო. ისევ ჩვენ დავრეკეთ თელასში, სხვადასხვა გზით გადავამოწმეთ და ყველამ დაგვიდასტურა, რომ ამ დროს შუქი მართლაც ჩაქრა. რატომ ჩაქრა შუქი, არის თუ არა ეს დეტალი კობას მკვლელობასთან კავშირში, ხომ უნდა გაარკვიონ, მაგრამ როგორ გაარკვევს ეს ადამიანი, როცა თავად ამტკიცებს, შუქი არ ჩამქრალაო? კამერებმაც რომ აჩვენა, შუქი მართლაც ჩამქრალი იყო, მერე იძულებით დაიჯერა. მოკლედ, არაფერს არ აქცევს ყურადღებას და აქედან გამომდინარე ვამბობთ, ან არაკომპეტენტურია გამომძიებლობისთვის, ან სპეცილურად იქცევა ასე, რადგან დავალება აქვს, ამ საქმეში სიმართლე არ გამოიკვეთოს. ვაზისუბანში, მე-3 მკრ-ის 1-ლი კვარტლის მე-2 კორპუსში ვცხოვრობთ. ჩემს მეუღლეს სახლის წინ პატარა ბიზნესი ჰქონდა _ ავტოსამრეცხაოები, პროფილაქტიკა. ხშირად იქ იყო. კობას სამსახურიდან სახლამდე 200 მეტრია. როცა სამსახურის კამერები გაიშიფრა, ვნახეთ, სამსახურიდან რა დროსაც გამოვიდა და სახლისკენ აიღო გეზი, მაგრამ სახლამდე მოსვლას 45 წუთს მოუნდა. გამოდის, რომ ამ 200 მეტრში სადღაც გაჩერდა. რატომ გაჩერდა, ვინ გააჩერა, რა ხდებოდა სანამ ის თავის კორპუსთან მოვიდოდა და თავს დაესხმებოდნენ, ეს ყველაფრი არ გამოუკვლევიათ. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სიმართლე იციან, მაგრამ დამნაშავე რომ არ დაისაჯოს, განგებ მალავენ. ისიც კი ვერ დაგვიზუსტებია, მკვლელობის შემდგომ მის სამსახურში, დაკეტილ კაბინეტში ვინ იყო შესული. ნამდვილად რომ ვიღაც იყო, ეს დარაჯმაც დაადასტურა და კამერებმაც აჩვენეს. ერთ-ერთის პროფილიც კი გამოჩნდა, მაგრამ გვიმტკიცებენ, არავინ ყოფილაო. ამის მერე რა უნდა ვიფიქროთ?    ქრონიკა+“ ამ საშინელი მკვლელობის შესახებ უკვე წერდა (,,ქრონიკა+, 2015 წლის 11 აგვისტო, #30). მაშინ ნანა წერედიანმა და ზურაბ აღლემაშვილმა (კობას მამა) თავს დატეხილი უბედურების შესახებ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს: „8 იანვარს მე და კობას შეუღლებიდან 10 წლისთავი გვქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ რესტორანში, ახლობლების წრეში აღგვენიშნა. საღამოს 7 საათს 15 წუთი აკლდა, როცა დავურეკე. ცოტა ხანში ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე, რომ კობა დაბრუნდა, მაგრამ მეზობელი აღმოჩნდა, _ ჩქარა წამოდი, კობა ქვემოთ არისო, _ მივხვდი, ჩვენს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. ბოლო საფეხურს რომ მივაღწიე, ვიღაცამ დამიჭირა, კობას კი ქალები გადაეფარნენ და არ დამანახვეს. შემდეგ ძალით დამალევინეს წამლები და ჩემს ქმართან არ მიმიშვეს. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა. სადარბაზო სისხლით იყო მორწყული. მაინც მამშვიდებდნენ, ცოცხალია, გადარჩებაო, მაგრამ ჩემი ქმარი სასწრაფოში გარდაიცვალა. სხეული საშინლად ჰქონდა დაზიანებული _ თვალი გადმოვარდნილი, ცხვირი ჩამტვრეული... ექსპერტმა დაწერა, რომ 14-ჯერ ჰქონდა თავში ბლაგვი საგანი ჩარტყმული...“ „...ამ საშინელებამდე რამდენიმე თვის წინათაც დაესხნენ ჩემს ქმარს სადარბაზოში. ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა კობამ დამირეკა და მითხრა, მაღაზიაში ვარ და სახლში მოვდივარო. 5 წუთში სადარბაზოდან ჩოჩქოლი მომესმა. კობას დავურეკე და არ მიპასუხა. მეზობელმა დამიძახა, _ ჩქარა ჩამოდი, აქ კობა გდიაო! შუბლი ჰქონდა გახეთქილი, სახიდან სისხლი სდიოდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ჩემს ქმარს გონება დაუბრუნდა და არაადეკვატური ღრიალი დაიწყო, _ გამიშვით, მიშველეთო! უფრო მეტად რომ დაუბრუნდა ცნობიერება, მე და ბავშვი გვიკითხა, _ სად არიანო? ჰგონებია, რომ ავარიაში მოყვა და ჩვენ რაღაც დაგვემართა. შოკურ მდგომარეობაში იყო და სანამ მე და ბავშვი არ მიგვიყვანეს, ახლოს არავის იკარებდა. ამ თავდასხმის დროს კორპუსის ეზოში გარეგანათება იყო, მაგრამ შუქი სადარბაზოში არ ენთო. მეორე თავდასხმის დროს, როცა ქმარი მომიკლეს, გარეგანათება არ ენთო და ეზო მთლიანად დაბნელებული იყო...“ ,,...პირველი თავდასხმის შემდეგ კობა 6 თვე მკურნალობდა, თავის ქალა ჰქონდა გატეხილი და ტვინი დაზიანებული, კისერსა და ზურგზე არმატურის ზოლები ემჩნეოდა. ეტყობა, ბეტონის არმატურას ურტყამდნენ და ეს იყო მათი ბლაგვი იარაღიც. ძლიერი ტრავმის გამო კისერს ვერ ამოძრავებდა, ფეხი და ხელი უბუჟდებოდა, გაორებით ხედავდა... მოკლედ, ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა და გართულება შეექმნა. საქმე აღიძრა და ვაზისუბნის მეორე განყოფილება იძიებდა. გამომძიებელი ვინმე ნოდარ გაბელაია იყო. ექსპერტიზაც ჩაატარეს... სანამ კობა საავადმყოფოში იწვა, მეც დამკითხეს, მაგრამ მერე აღარავინ მოსულა. ასეთი უგულისყურობის გამო ოთხჯერ თავად ჩავედი პოლიციაში. გამომძიებელმა მითხრა, _ ჩემგან რა გინდა, დამნახველი არ არის და ვერ ვიძიებ, უფროსობას შეგახვედრებო. უფროსის მოადგილე დავით ნარსავიძესთან შევედი. ვთხოვე, იქნებ, ვინმე მტერია და მეშინია, რომ ადგება და ქუჩაში გავა, კიდევ არაფერი დაუშავოს-მეთქი... მაგრამ დამამშვიდა, _ არ უნდა შეგეშინდეთ, არაფერი აღარ მოხდება, მთელ ამ პერიმეტრს ვაკონტროლებთ და დაცულები ხართო... პირველი თავდასხმიდან ზუსტად 5 თვეში კიდევ დაესხნენ თავს და კიდეც  მოკლეს...“ ზურა აღლემაშვილი, გარდაცვლილის მამა: _ ჩემს შვილს კარგა ხანს ურტყამდა სადარბაზოში რამდენიმე ადამიანი, მერე ერთი ჯიბიდან ტელეფონი ამოუღეს, მეორიდან _ ფული და მშვიდად წავიდნენ. ეტყობა, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათთან ახლოს გამკარებელი არავინ იყო. მოგვიანებით, ტელეფონი სხვა სადარბაზოს ლიფტში იპოვეს. მკვლელობის ღამეს ცხელ კვალზე დააკავეს სამი პიროვნება _ ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. დაკავებიდან 5 წუთში პოლიციის შენობის გარეთ, სადაც ჩვენ ვიდექით, პოლიციელები გამოვიდნენ და გვითხრეს, _ მკვლელმა დანაშაული აღიარაო. პოლიციის დაბარებული მოწმეები ყველა გაათავისუფლეს. დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ჩვენი ახლობელია და ისიც ამ დროს პოლიციასთან იყო მოსული. მან მადლობაც კი გადაუხადა პოლიციას ოპერატიული მუშაობისთვის და ხელი ჩამოართვა. ეს მილოცვა პოლიციელებმაც მიიღეს. მეორე დღეს ჩემი შვილი ახალციხეში გადავასვენეთ და პოლიციისთვის აღარ გვეცალა. როცა ჩამოვედით, გავიგეთ, რომ კობას მკვლელობაზე დაკავებული პირები გაეთავისუფლებინათ. როგორც გვითხრეს, განყოფილებაში, სადაც ეს პოლიციელები ჰყავდათ, თავად ჭიკაიძე მივიდა, შიგნით კარგა ხანს არავის უშვებდნენ და ამის შემდეგ გამოუშვეს პატიმრებიც. ფაქტობრივად, მკვლელი ჭიკაიძემ გაიყვანა პოლიციის განყოფილებიდანო“.   მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები მკვლელობის შესახებ არსებულ ვერსიებზეც საუბრობენ: ერთ-ერთ ბიზნესში კობას ურთიერთობა ჰქონდა სხვა ბიზნესმენთან (რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გვარს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, _ ნ. ვ.). ამ კაცის მეგობარსაც ჰქონდა ბიზნესი. ის ორნი ღამღამობით ერთად დადიოდნენ რესტორანში, უყვარდათ `გაგულავება~ და ქალებში სიარული. რომელიღაც ქალს ქმარი შსს-ს თანამშრომელი ჰყავდა, რომელიც ამ ბიჭს დამუქრებია, _ იცოდე, მოგკლავო! ქალის ქმარი თავიდან რომ მოეცილებინა, ჩემი შვილისთვის უთხოვია, _ დამეხმარე და ისე გავაკეთოთ, ვითომ ამ ქალთან შენც ახლოს ხარო. ჯერ მესიჯები გააგზავნინეს, მერე კი მის ქმარს აჩვენეს. კობა რომ მოკლეს, სწორედ ეს პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული, თუმცა პირველი თავდასხმის შემდეგ კობამ სახლში თქვა, რომ ასეთი რამ ბიზნესპარტნიორმა და მისმა მეგობარმა მოუწყვეს და ამით ისინი ორ კურდღელს იჭერდნენ _ ამ ქალის ქმარსაც იცილებდნენ თავიდან და ბიზნესიდანაც აგდებდნენ კობას. საერთო ბიზნესთან დაკავშირებით კობას და მის პარტნიორს უკვე ჰქონდათ გარკვეული უსიამოვნებები და გარჩევები. პოლიცია სამ ვერსიას ამუშავებდა, ერთ-ერთი იყო ესეც, მაგრამ ახლა არაფერზე მუშაობენ.   ნანა წერედიანი: _ ფაქტობრივად, ჩემი მეუღლე ორჯერ მოკლეს, მაგრამ დღემდე არაფერია გაკეთებული. იცით, როგორ გველაპარაკებიან? _ `როცა რამე დაგვჭირდება, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით“, „რაც გასაკეთებელი იყო გავაკეთეთ“, „ახლა რასაც ვაკეთებთ ოპერატიულად, ამას თქვენ ვერ გეტყვით“. ერთხელაც არ გაუჩნდათ კითხვა ოჯახთან. 4 ტომად უდევთ საქმე და ესეც იმიტომ, ვინმე რომ მოედავოს, დაანახვონ, აი, რამდენი ვიშრომეთო. ექსპერტიზაც ისე ჩატარდა, მისი გაკეთებული დასკვნები არაფრის მომცემია. ტელეფონზე ანაბეჭდებიც კი ვერ აიღეს წესიერად. _ ვინ ჩაატარა ექსპერტიზა? _ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა. საქმეში ექსპერტის დასკვნა უდევთ, სადაც წერია, კვალი არ არის, დნმ არ ემთხვევა, ძალადობის კვალი შეინიშნებაო და ა. შ. არაფერზე წერია ისეთი პასუხი, რომელსაც ჩაეჭიდები. ტელეფონზე ანაბეჭდები როგორ ვერ აიღეს? 20 წუთი ისხდა კობას მანქანაში რამდენიმე ადამიანი, რაც კამერის ჩანაწერშიც ჩანს და იქ კვალი როგორ შეიძლებოდა, არ აღმოჩენილიყო? 9 ანაბეჭდი აიღეს მანქანიდან, მაგრამ გვითხრეს, რომ არც ერთი არ დაემთხვა ბაზაში არსებულ ანაბეჭდებს. ასეთი პასუხი სასაცილო არ არის? უცხო პლანეტიდან მოფრინდნენ და მათ მოკლეს ჩემი ქმარი? იმ ღამით ვიღაცამ მიცვალებულს მანქანის გასაღები მოხსნა, მივიდნენ მის სამსახურში, გაჩხრიკეს, მანქანა გახსნეს, დაათვალიერეს, მერე დაკეტეს და გასაღები ისევ მიცვალებულთან მიიტანეს. ეს ხომ არ არის უბრალო რამ? კამერამ ისიც დააფიქსირა, რომ ზოგი პოლიციის ფორმით იყო, მაგრამ პოლიცია აცხადებს, ჩვენ ამ ობიექტზე არ შევსულვართ და არც მანქანა გაგვიხსნიაო. სანამ ამას გააკეთებდნენ, ობიექტზე შესულებმა ჯერ კამერა შეფუთეს და ამიტომ არ ჩანს გარკვევით სახეები. თუ პოლიციამ ეს ყველაფერი არ გააკეთა, ის მაინც ხომ უნდა დაადგინონ, ვინ იყვნენ ფორმით მოსულები კობას სამსახურში და რა უნდოდათ? პოლიციის დაფარული ვიზიტები მოკლულის სამსახურში, დამეთანხმებით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. განა, რას ვითხოვთ ისეთს? დამნაშავის დასჯა გვინდა, რადგან დღემდე დაუცველები ვართ. _ რა არის ის ახალი დეტალები, რომელიც თავად გაარკვიეთ, გამოძიებამ უნდა იცოდეს, მაგრამ არ ინტერესდება? _ ისეთ ინფორმაციებს ვაწვდით, გაოცებულები რჩებიან, თუმცა საქმე წინ მაინც არ მიდის. გამომძიებლის შეცვლა გვინდა და მთავარ პროკურორთან ვაპირებთ შეხვედრას. უნდა ვუთხრათ, რომ შს სამინისტროს არ ვენდობით და საქმე პროკურატურაში გადაიტანონ, თუმცა მონდომება თუ არ გამოიჩინეს, ალბათ, იქიდანაც ვერაფერს მივაღწევთ. კობას პირველი თავდასხმის საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ისიც ასეა გაჩერებული. ამ ეპოქაში მოსმენა, სატელეფონო საუბრების შემოწმება და ამოღება ვის უკვირს, მაგრამ ამ საქმეში ესეც არ არის გაკეთებული. თავიდან 8 ვერსიაზე ჰქონდათ საუბარი, სამზე ჩამოვიდნენ და აქედანაც ვერც ერთს ვერ აზუსტებენ. ასე როგორ შეიძლება? შს მთავარ სამმართველოში ჩვენს პრეტენზიაზე გვპასუხობენ, _ რა იცით, რომ არ ვიძიებთო? და ეს რა გამოძიებაა? პირველი თავდასხმის საქმეზეც დაზარალებულად კობას გარდაცვალების შემდგომ გვცნეს. აქედანაც ჩანს, რომ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული. მაშინ რამე რომ გაეკეთებინათ, ეს ფაქტიც აღარ მოხდებოდა. ამიტომაც ვაცხადებ, ქმარი მომიკლა პოლიციამ და პროკურატურამ და ახლაც ამ საქმეებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და დამნაშავის დაფარვას რა მოჰყვება, არავინ უწყის. მკვლელობის გაუხსნელობის, დამნაშავის დაუსჯელობის გამო ჩვენი ოჯახი კვლავ საფრთხეშია და მშველელი არავინ გვყავს!  

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება