QronikaPlus
ვაჰაბიზმი გვახაბიზმის წინააღმდეგ

ვაჰაბიზმი გვახაბიზმის წინააღმდეგ

2016-01-24 11:23:09

პოსტმოდერნულმა ცხოვრებამ უკვე ბოლო 40-50 წელია, რაც სრული შედარებითობის _ რელატივიზმის განცდა მოიტანა. ყველაფერი ყველაფერთან შედარებითია და არ არსებობს უნივერსალური სიმართლე. ყველას თავისი სიმართლე აქვს. ჯონ როლსტონ სოული თავის წიგნში ,,გლობალიზმის კოლაფსი“ ამბობს, რომ პოსტმოდერნულ ხანაში გაჩნდა ორი განსაკუთრებით ძლიერი მიზიდულობის ცენტრი _ ღმერთი და NGO-ები. და ის სრულებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ ეს არ არის შუა საკუნეებთან მიბრუნება _ ეს თანამედროვე გლობალიზმის მოტანილი ორი მოთამაშეა, რომელიც ერთმანეთს ავსებს მარცხნიდან და მარჯვნიდან. კონსერვატორი ფუნდამენტალისტი ვაჰაბიტები (ეს, ცხადია, პირობითი სახელია) მარჯვენა ფლანგს იცავენ და ლიბერალურად ფუნდამენტალისტი გვახაბიტები (ეს სახელიც, რა თქმა უნდა, პირობითია და, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქართულ რეალობას აღწერს) მარცხენა ფლანგზე იკავებენ ადგილს. ორივე ამ მეტა-ნარატივის მთავარი და უმთავრესი პუნქტი არის სწორედაც რომ იდენტობის პოლიტიკა. ვის რა სისხლი აქვს, ვინ რა რელიგიის წარმომადგენელია, ვინ რა რასას ეკუთვნის, ვის რა სექსუალობა აქვს და ასე შემდეგ. სწორედ ეს საკითხები დომინირებს დღევანდელ მეინსტრიმ მედიასა და საზოგადოებრივ წარმოდგენებში. სწორედ ეს ორი მეტა-ნარატივია ჩვენს ეპოქაში წამყვანი _ ვაჰაბიტებისა და გვახაბიტების _ კონსერვატიული და ლიბერალური ფუნდამენტალიზმი. ისინი მთელ მედია სივრცეს ყლაპავენ. ისინი არც ერთ სხვა ნარატივს ახლოსაც არ უშვებენ იდენტობის პოლიტიკის ტაძართან. და ეს დიდი და მძლავრად ფორტიფიცირებული ციხესიმაგრეა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც იბნ ვაჰაბი და არც მისი თანამოაზრეები, ბატონი ქუთბი ეგვიპტიდან და ალი შარიათი ირანიდან არ არიან საფუძველს მოკლებულნი. ბატონი ქუთბი ამერიკელებმა წაიყვანეს `თავისუფლების ქანდაკებისა~ და რელიგიური ტოლერანტობის სანახავად. მაგრამ ამ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, შეცდნენ. ქუთბი მათვე მოუტრიალდა. მან დაწერა, რომ ამერიკა არანაკლებ მატერიალისტური ადგილია, ვიდრე ათეისტური საბჭოთა კავშირი და რომ ადამიანის სულიერებას მომხმარებლობა და ჰედონიზმი კლავს ამერიკაში. ქუთბია `მუსლიმი ძმების~ ერთ-ერთი დამაარსებელი; ისევე როგორც ალი შარიათია ირანის ისლამური რევოლუციის პრეკურსორი. ეს ადამიანები გულწრფელად წერდნენ მათი თანამედროვეების სულიერ შეჭირვებაზე და სიღატაკეზე. ისინი ხალხიდან გამოსული სიბრძნის მატარებლები იყვნენ. გვახაბისტური ლიბერალური მოძრაობის სულიერი მამა, და როგორც მას ხუმრობით ვუწოდებ, გვახაბიტი მთავარეპისკოპოსი, გოგი გვახარიაც, უზომოდ მშრომელი და ძლიერ ერუდირებული ადამიანია. თავისი კუთხიდან ისიც ხედავს უამრავ უსამართლობას, რომელთა შესახებაც საკმაოდ არგუმენტირებულად წერს და ლაპარაკობს კიდეც. ეს პოსტ-დელიოზური დროა, სადაც ადამიანები მუდამ გადარბიან და მომთაბარეები ხდებიან. გოგი გვახარია ერთ-ერთი ყველაზე კვინტესენციური პოსტმოდერნული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და რაც მთავარია, ის წარმოადგენს საერთაშორისო ტრენდენციის ძალიან ლოგიკურ განსახიერებას. მემარცხენე იდენტისტი _ პოსტმოდერნი პროგრესისტი, რომელსაც სოციალური სამართლიანობა მეორეხარისხოვნად მიაჩნია, რადგან პირველ ადგილას, ისევ და ისევ, იდენტობა დგას. ვაჰაბიტებისა და გვახაბიტების ამოსავალი წერტილი იდენტობაა _ და სწორედ ეს არის მთელი სირთულე დღევანდელი მდგომარეობისა. იდენტობას დღეს ვერავინ ვერსად გაურბის _ არადა, ეს ტრივიალური დეფინიცია ძალიანაც შორს არის იდენტობის მოძრავ ფორმულასთან. მაგრამ ამის დასაბუთება ვერაფრით ხერხდება. ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში დასავლური კაპიტალი უხვად აფინანსებდა როგორც კულტურულ ულტრა-კონსერვატორებს, ასევე კულტურულ ულტრა-ლიბერალებს. საუდის სამეფო ოჯახში და მათ იდეოლოგიაში უდიდესი სახსრები ჩაიდო _ ეს კი ვაჰაბიზმის სამშობლოა. დღეს საუდის არაბეთი, სადაც ქალთა და უმცირესობების უფლებებზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება, ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა და ისინი ვაჰაბიზმის გავრცელების თანხებსაც იხდიან მთელ მსოფლიოში. მეტიც, 1980-იან წლებში ოსამა ბინ ლადენს და სხვა ვაჰაბიტ ულტრარადიკალებს თვითონ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოც აფინანსებდა იმისთვის, რომ მათ უკეთ აეფეთქებინათ შედარებით სეკულარული რეჟიმების სტრონგჰოლდები. ამ უდიდესი დაფინანსებით შექმნა და იქმნება უამრავი მედრესე, რომელშიც ახალგაზრდებს ულტრა-კონსერვატიული და ხშირად ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების იდეოლოგიაში ინდოქტრინაციას უკეთებენ. რატომღაც ამაზე მეინსტრიმული პრესა დუმს. ამ საკითხებს თითქმის საერთოდ არ ახსენებს. შეიძლება ერთ-ერთი საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ გაიხსენონ ესა თუ ის ვაჰაბიტი ლიდერი, მაგრამ ამის შემდეგ ლაპარაკი მალევე მთავრდება. გუანტანამოს ტყვეები და მათ შორის ყველაზე ცნობილი, ჰალიდ შეიხ მუჰამედი, ჩაკეტილობიდან არ გამოჰყავთ და არ უნდათ, მის ბიოგრაფიას ნათელი მოჰფინონ. ის ფაქტი, რომ ჰალიდ შეიხ მუჰამედი ამერიკაში სწავლობდა ინჟინერიას და მას ასეთი ეფექტური ტერორისტობა სწორედ თვით ამერიკაში ასწავლეს, 11 სექტემბრის შესახებ თვით შეერთებული შტატების კონგრესის რეპორტში წერია. ანუ ეს ადამიანები მოამზადეს საბჭოთა ან ჩინური რეჟიმების წინააღმდეგ და მათ კი საბოლოოდ იარაღი თვით ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენეს. და არა მარტო ამერიკის _ ახლა ისლამური სახელმწიფო უკვე მთლიანად დასავლურ ცივილიზაციას უპირისპირდება. და რას წარმოადგენს დასავლური ცივილიზაცია დღეს _ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში? როცა მაჰათმა განდის ჰკითხეს, როგორ მოგწონთ დასავლური ცივილიზაციაო, მან არაჩვეულებრივი იუმორი გამოიყენა პასუხისას: ,,ეს არაჩვეულებრივი იდეა იქნებოდა“. დასავლური კოლონიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი XX საუკუნეში კარგად გამოჩნდა და მან ტრანსფორმაციაც განიცადა. ,,მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს თქვენი ქრისტიანები“, _ ამბობდა განდი, როდესაც თეთრკანიანთა ექსპანსიონიზმზე და ჰოლოკოსტებზე საუბრობდა. მართლაც, XVIII-XX საუკუნეებში ევროპამ ვითომდა განმანათლებლობის გავრცელების მიზნით მსოფლიოს დიდი ნაწილი ან უხეში ძალით, ანაც კომერციული ხრიკებით დაიპყრო და დაიმონა. პირდაპირ დამპყრობლურ ომებს ცვლიდა ე. წ. ლიბერალური იმპერიალიზმი. ვუდრო უილსონის ,,რბილი ძალის“ პოლიტიკა ენაცვლებოდა რეიგანის ,,ძლიერ ხელს“ ახალ ჯვაროსანთა კრუზეიდებში. ჩომსკისა და ჰერმანს საფუძვლიანი გამოკვლევა აქვთ ლიბერალური იმპერიალიზმის თემაზე და კერძოდ რა როლს თამაშობს პროპაგანდა ამ სახის იმპერიალიზმში. დიახ, ვალტერ ლიპმანის და მის თანამოაზრეთა მიერ მოგონილი ,,რბილი იმპერიალიზმი“ ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე უხეში ძალოვანი მიდგომა. უილიამ უოკერისა არ იყოს (ეს ჯილო პონტეკორვის ფილმის ,,კეიმადას“ მთავარი გმირია, რომელსაც 1969 წელს მარლონ ბრანდო ასახიერებს), ლიბერალურ იმპერიაში ,,ხელფასის მონ“ უბრალოდ დამშეულია, მას არ აძლევენ რესურსებს და ის თვითონ დაჟინებით მოითხოვს, რომ მონად (მოსამსახურე პერსონალად) ამუშაონ. ჯარი საქმეში მხოლოდ მაშინ ერევა, როდესაც დიდი სახალხო აჯანყებები იწყება. ტერორიზმი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ხერხია _ ლიბერალური იმპერიის წარმომადგენლებს ყოველთვის შეუძლიათ, სიცოცხლე მოუსწრაფონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც საბანკო და ფინანსური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ქმედით ძალას წარმოადგენენ. ანუ, როგორც წესი, ლიბერალური სისტემა პირდაპირი ძალადობის საშუალებით ბევრ ხალხს არ ხოცავს, ის მხოლოდ ლიდერებს კლავს (შემთხვევით დაიღუპა ავტოკასტასტროფაში, ან მოიწამლა, ან გულის შეტევით გარდაიცვალა) და თუ ამ ლიდერებმა მაინც მოახერხეს სახალხო აჯანყების ინსპირირება, მაშინ, ცხადია, დიდი არმიაც იქნება გამოყენებული, ისევე როგორც ეს ,,კეიმადაში“ ჩანს. როდესაც შავკანიანთა ერთ-ერთი ლიდერი, ჰოსე დოლორესი თავის ხალხს ბრძოლაში გაუძღვება, დიდი ბრიტანეთი მაშინვე გაუშვებს დამსჯელ ექსპედიციას ,,მდგომარეობის დასასტაბილურებლად“. თანამედროვე გლობალურ პროპაგანდისტულ მოდელში არანაირად არ ფიგურირებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი _ 7 მილიარდიდან 6 მაინც _ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და ელემენტარულად არსებობისთვის იბრძვის. ეს ხდება არა იმიტომ, რომ მისი ,,ბუნება ბოროტია“, როგორც ამას ნეოკონსერვატორი და მაკიაველისტი ავტორები ამტკიცებენ, არამედ იმიტომ, რომ აუცილებელია რესურსების ძალიან მწვავე უკმარისობის შენარჩუნება. ასეთი უკმარისობის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი თანხმდება მონურ სამუშაოზე და სხვაობა მდიდრებსა და ღატაკებს შორის ავტომატურად იზრდება. ცხადია, მე აქ პირობითად ვიყენებ ტერმინებს _ ვაჰაბიტები და გვახაბიტები _ იბნ ვაჰაბისა და გოგი გვახარიას მიმდევრების გარდა, ბევრი ამდაგვარი იდეოლოგიაა, რომელიც მათგან დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი პოსტმოდერნული მსოფლიო რეალობის დიდ ნაწილს და მეინსტრიმული მედიის პროპაგანდისტულ ნაწილს ვაჰაბიტური და გვახაბიტური ელემენტები განსაზღვრავენ. ისინი დიდი ოსტატობით აკეთებენ მედიის პოზიცირებას ისე, რომ იდენტობის საკითხები არის მთავარი განსახილველი თემა და არა ტრანსფორმაციის საკითხი. თუკი ჩვენ ვირწმუნებთ, რომ ადამიანი ტრანსფორმაციული არსებაა, ისევე როგორც მთელი სამყაროა მუდმივი ტრანსფორმაციისა და ევოლუციის პროცესში, მაშინ ძალიან უხეშად რიგიდული იდენტობის კატეგორია გვეკარგება _ გვეკარგება როგოც ნაციონალიზმი, რასიზმი, ასევე გენდერული კატეგორიები. იდენტობის პოლიტიკის გადალახვა ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ ის მუდმივად გაიზარდოს და ეთიკური არსება გახდეს. თუკი ადრე _ ჟან ჟენეს დროს _ კლოზეტიდან გამოსული ჰომოსექსუალები აჯანყებულები იყვნენ ჰეტერონორმატიული დოგმებისა და ბურჟუა ცხოვრების სტილის წინააღმდეგ _ დღეს ხდება ჰომოსექსუალობის დამკვიდრება მეინსტრიმში. ერთი მხრივ, რატომ უნდა დაიჩაგროს განსხვავებული ორიენტაციის ან თვისებების ადამიანი? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნებისმიერი აჯანყების მიენსტრიმის ნაცრისფერ ფარგლებში მოქცევა აჯანყების საშუალებას ნელ-ნელა სპობს _ და ნაცრისფერ ბურჟუა ყოფიერებას უალტერნატივოდ წარმოგვიჩენს. აი, სწორედ ამ უალტერნატივობის პრობლემაა დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა _ თუ ჟან ჟენე, ან სერგო ფარაჯანოვი აჯანყებულები იყვნენ გამეფებული ბიურგერული მეინსტრიმის წინააღმდეგ, დღეს გვახაბიტები ყველაზე ბურჟუაზიულ მეინსტრიმს წარმოადგენენ ვაჰაბიტებთან ერთად. დღეს ელტონ ჯონის მაგვარი ჰომოსექსუალები საუდის არაბეთის პრინცებთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ძალას წარმოადგენენ ახალი ნეოლიბერალური იმპერიის ფარგლებში. ახალი ნეოლიბერალური იმპერიის დიქოტომია ასეა _ ან ჰედონისტი უნდა იყო, ან კი მოძალადე ტერორისტი. ადგილი აღარ არის არც ჟან ჟენესთვის, არც ბერნარდ შოუსთვის, არც, მით უმეტეს, ბერტოლდ ბრეხტისთვის; ადგილი აღარ არის ბავშვისთვის. დღევანდელ ცივილიზაციას ბავშვები მთლიანად დაავიწყდა. ყველაზე მეტად კი სწორედ ბავშვების უფლებები ილახება. მათ მიუგდეს აიპედები, აიპოდები და სხვა სამომხმარებლო საგნები და მათგან რობოტებს ქმნიან. როგორც ჟან ფრანსუა ლიოტარი ამბობს, ასეთ მანქანებს მუდმივად ეშინიათ უკმარისობის და ამ უკმარისობის შიშით მუდმივად ერთმანეთისაც ეშინიათ. სწორედ შიშზე დგას ეს ნეოლიბერალური იმპერია _ და ის არ არის ერთი ქვეყანა. ეს იმპერია ტრანსნაციონალური კორპორატიული ბორდებია, ეს იმპერია არის ადამიანების გარიყვის, მარგინალიზაციის, გაგიჟების და შემდგე უკვე შიმშილით მოკვლის საუკეთესოდ გაზეთილი რაციონალური მანქანა. დღევანდელ იმპერიაში ვინც ცოცხალი გადარჩება, ის აუცილებლად უნდა იყოს ბურჟუა მომხმარებელი. მას შეუძლია ისაუბროს ადრე აკძალულ თემებზე _ შეუძლია საკუთარი დედის გაუპატიურების მთელი ტრაქტატები შექმნას, ან თავის პერვერსია აწარმოოს აშკარად და ხალხის დასანახად, მაგრამ არის ერთი პერვერსია, რომელსაც მას არავინ აპატიებს _ ეს არის ,,ბაზრის უზენაესობის პრინციპი“, ბაზრის ქვეშ კი მოიაზრება დღევანდელი იერარქიის თავში მდგარი კორპორატ-პოლიტიკურ-კულტურული ელიტა. დღევანდელი ულტრა-კონსერვატიული ვაჰაბიტები მიიჩნევენ, რომ იდენტობა არის საფუძველი ადამიანის სისრულისა. მათ ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე გადააქვთ აქცენტი და ვინც ამ იდენტობას არ აკმაყოფილებს, ის უკვე ავტომატურად ,,მტერი-ფაკირი“ ხდება, რომელსაც შეიძლება, რომ ყელი გამოჭრა, ან ააფეთქო. ეს თავისთავად, ისევ და ისევ, ლიბერალური იმპერიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ვაჰაბიტების მიერ ჩადენილი ნებისმიერი ტერორისტული აქტის შემდეგ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი უდიდეს შეკვეთებს იღებს მსოფლიოს უღატაკესი მოსახლეობის ხარჯზე. ტერორისტები საბოლოოდ, ისევ და ისევ, მჩაგვრელებს ეხმარებიან. სწორედ ამიტომაა, რომ მათ ამხელა ადგილს უთმობს მეინსტრიმული მედიის პოლიტიკური ეკონომიკა. ასევე, გვახაბიტი ლიბერალების მოსაზრებით, იდენტობა არის განმსაზღვრელი _ ამ შემთხვევაში ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის სექსუალური იდენტობა უცვლელი და ურყევია. ვინც ჰომოსექსუალი ან ჰომოსექსუალობის მხარდამჭერი არ არის, ის ავტომატურად ცხადდება ,,ბნელად“ და იწყება მისი გარიყვა-მარგინალიზაცია. თუნდაც აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანიც კი ხდება ,,რბილი ტერორის“ მსხვერპლი. ლიოტარი ,,რბილ ტერორში“ გულისხმობს სწორედ გარიყვა-მარგინალიზაციას, შესაბამისად, უმუშევრად დარჩენას და ბოლოს უკვე შიმშილით სულის ამოხდომას. აქაც დიდი ცდომილებაა _ სექსუალობა მართალია ადამიანის ძირეული და გამრავლების ინსტინქტია, მაგრამ ის არ არის დეტერმინირებული საქციელი _ ადამიანს ყოველთვის აქვს ძალა, რომ უარი თქვას როგორც ჰეტეროსექსუალურ, ასევე ჰომოსექსუალურ ქმედებაზე. ინდიანის უნივერსიტეტის პროფესორის, ალფრედ ქინზის სკალის მიხედვით, პრაქტიკულად ყველა ადამიანში არის როგორც ჰეტერო, ისევე ჰომო და ბისექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ადამიანი აკეთებს არჩევანს. არჩევანის გაკეთება ადამიანს ყოველთვის შეუძლია. როდესაც ადამიანი ქუჩაში მშიერ ბავშვს დაინახავს და მას არ დაეხმარება, ეს არ აიხსნება იმით, რომ ადამიანი ბოროტი არსებაა ზოგადად. ეს აიხსნება იმით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს არ მოუნდა თავის შეწუხება. ალბერ კამიუს ,,უცხოს“ მთავარი გმირი, მერსო, ადამიანს კლავს მხოლოდ იმიტომ, რომ მას დისკომფორტი არ უნდა. აი, ეს არის დღევანდელი ადამიანის მთავარი პრობლემა. ეს არის ნეოლიბერალიზმის მთავარი ნიშანთვისება _ ეგოცენტრიზმი. როგორ არ უნდა გაგახსენდეს ინგლისური როკ-ჯგუფი  The Beatles-ის  I, me, mine. დიახ, დღეს ბავშვს დაბადებიდან ასწავლიან, რომ ის უნდა იყოს საკუთარ და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი პირუტყვი, რომელიც ყველა სხვა პირუტყვთან კონკურენციაშია და მას თავისუფალი არჩევანი არ გააჩნია, რომ უარი უთხრას საკუთარ ინსტინქტებს. რა თქმა უნდა, ეს ელიტაც არ შედგება მონსტრად დაბადებული ადამიანებისგან _ არა, ეს ადამიანებიც ცდომილებაში არიან. მათი ცდომილების მთავარი საგანი არის არასწორი პერსეფცია, ანუ შეგრძნება _ მუდმივი ცხოვრების უკმარისობის შეგრძნება. დიმიტრი უზნაძის მიხედვით, ეს პერსეფცია ხელს უწყობს შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბებას, რომელიც მუდმივად, ისევ და ისევ, შიშზე დაყრდნობით დგამს ნებისმიერ ნაბიჯს. ეგზისტენციური შიში _ სწორედ ეს სიცოცხლის უკმარისობის შიშია. ამ შიშის გადალახვას, რა თქმა უნდა, განათლებაც სჭირდება _ ბევრი რამის გაგება შეიძლება ბევრ საინტერესო წიგნში, მაგრამ ანრი ბერგსონისა არ იყოს, განათლება და ინფორმირებულობა არ არის საკმარისი, საჭიროა ინტუიციური გაბედულება. ინტუიცია არის ადამიანური ნიჭი მეტაფიზიკური სუბსტანციის ცნობისა. სიყვარული სწორედ ამ ნიჭს ემყარება. სიყვარული და შემოქმედება არის ის ღირებულებები, რომლებიც ამარცხებს უკმარისობის შიშს _ ისინია მრწამსის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ადამიანს მრწამსი, კოსმოსური სიყვარული გარანტიას აძლევს _ არა უპირობოს, მაგრამ მაინც გარანტიას. და ეს კოსმოსური სიყვარული შემოქმედებით აქტივობებზე დგას. რამდენადაც უფრო მეტად იხსნება ადამიანი ბუნებაში და კოსმოსში, მით უფრო მეტად უყვარს მას სამყარო და მით უფრო მეტად ხდება ის შემოქმედი. შემოქმედებითი ინსტინქტი ყველა ადამიანის საერთო თვისებაა _ ის არ არის უცხო არც ვაჰაბიტებისთვის და არც გვახაბიტებისთვის. თუკი ისინიც გაიაზრებენ, რომ სამყაროს არც სტრუქტურული, არც კულტურული და არც პირდაპირი ძალადობა არ სჭირდება _ ის, უბრალოდ, აუცილებელი არ არის, მაშინ ცხადია, მდგომარეობა სხვა იქნება.  

                                                                                                                        ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება