QronikaPlus
რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს?

რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს?

2016-01-23 08:59:30

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით: „მე ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი _ ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს~. აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა `საარჩევნო კოდექსში~ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. შეგახსენებთ: კოდექსთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება _ ცალკეული ოლქები ერთიანდება, ხოლო ცალკეული ოლქები _ იყოფა. კერძოდ: თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება; ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ცვლილებებით ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს ერთად ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს. იცვლება ყველა სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვარი. თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი მხოლოდ საგარეჯოში, გურჯაანში, ხაშურში, საჩხერში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იქნება; მეორე ცვლილება კი მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს. „ქრონიკა+“ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელს, ქრისტიან-დემოკრატ გოჩა ჯოჯუას ესაუბრება: _ ბატონო გოჩა, როგორ აფასებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და შემდგომ გაკეთებულ განმარტებას? _ რასაკვირველია, უფრო მეტის მოლოდინი იყო. ვთქვათ, თუკი პრეზიდენტი შეთავაზებულ ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამით, ფაქტობრივად, იმას ეცდებოდა, რომ კანონი ძალაში არ შესულიყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას ამის დაძლევა თავისუფლად შეეძლო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მოერიდა კიდევ ერთ კონფრონტაციას, თორემ საკუთარი პოზიცია მანამდეც გახმოვანებული ჰქონდა და ხელმოწერის შემდეგაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ასე რომ, ჩემთვის ეს გასაგებია. ვიმეორებ: შეიძლება მასთან მიმართებით უფრო მეტი მოლოდინი ყოფილიყო. კერძოდ, პრეზიდენტს ნამდვილად შეეძლო, რომ თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაეფიქსირებინა. არის კიდევ ერთი მომენტი _ იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა, ანუ საარჩევნო გარემოში შემავალი ერთ-ერთი ფუნდამენტური სფერო შეიცვალოს (რაზედაც მთლიანად ეს გარემო დგას), ამას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, რომლის დაძლევის პოლიტიკური სურვილიც უმრავლესობას არ გააჩნია. ეს ფაქტორიც, ალბათ, გათვალისწინებული იყო. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ცვლილებებიც, რასაკვირველია, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ამის შანსები ჯერ კიდევ არის. არჩევნებამდე საკმაო დროა და თუ ვინმეს სურს, რომ ცვლილება განახორციელოს, ეს სავსებით შესაძლებელია კიდეც. უკვე პრემიერ-მინისტრთან სურს შეხვედრა იმ ჯგუფს, რომელიც ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს. საუბარია 12 არასაპარლამენტო პარტიაზე, ამას კიდევ დამატებული 2 საპარლამენტო პარტია და პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები. ვეცდებით, პრემიერს დღეს არსებული რეალური სურათი დავუდოთ. და თუკი გვინდა, არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, მაშინ ეს ცვლილებები ნამდვილად გასაკეთებელია. თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, რადგან ეს საკითხი უკვე საკონსტიტუციო უმავლესობასთან არის დაკავშირებული. _ მაინც, რას ელოდებით პრემიერთან შეხვედრისგან და რა რესურსი არსებობს, რომ მომავალ არჩევნებამდე საარჩევნო თამაშის წესები მაქსიმალურად შეიცვალოს? _ სწორედ ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი მოტივიც, რომ მან აღნიშნულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საარჩევნო სისტემის ცვლილება 2 თებერვლამდე უნდა მოესწროს. ეს ციფრი თეორიულად შეგვიძლია ავიღოთ, რადგან შემდგომში საკონსტიტუციო ცვლილება აღარ ესწრება. თებერვლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად, ამოწურულია მთლიანად სისტემის ცვლილების ყველანაირი კონსტიტუციური ვადები. ანუ შემდგომში თუკი შეიცვლება, ეს იქნება კანონდარღვევა თვითონ პარლამენტის მხრიდან, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება ორი სესია და ეს ამბავი შემდეგ უკვე დაგვიანებულია. აქედან გამომდინარე (რადგან სისტემა არ იცვლება), იმის შანსი მაინც არსებობს, რომ რაღაცები შევცვალოთ. მაგალითად, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, თვითონ ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების საკითხი. ამ შემთხვევაში კანონმა ისე დაარეგულირა, რომ ბლოკის შექმნის დროს პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. სავსებით შეიძლება ეს საკითხი თვითონ ბლოკში შემავალ სუბიექტებს დავუტოვოთ, თუ როგორ უნდა დარეგულირდნენ, _  ამაზე კანონში ცვლილება შევიდეს და ა. შ. ასევე არის მთელი რიგი კანონები, მედიასაშუალებებში რეკლამის გამოყენება როგორ შეიძლება. თუ არ გავათანაბრებთ, ყოველ შემთხვევაში, თანაბართან ახლოს მაინც რომ მივიყვანოთ არსებული მდგომარეობა. უზრამაზარი სხვაობა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მინიმუმამდე დავიყვანოთ. მთელი რიგი საკითხებია, რომელიც შეალამაზებს და საარჩევნო გარემოს შედარებით თანაბარს გახდის, _ ეს გარემო პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ეს აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. პრემიერ კვირიკაშვილთან, აქამდე სადაც მუშაობდა, პარლამენტიდან დაწყებული აგერ საგარეო მინისტრობით დამთავრებული, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და ვფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრის რანგშიც ის უფრო კომუნიკაბელური და ადეკვატური ადამიანია. ალბათ, გარკვეულ ცვლილებებზე შეიძლება წამოვიდეს და ეს რესურსი ბოლომდე გამოყენებული იყოს. ვფიქრობ, რომ აქეთკენ მიდის ყველაფერი. თებერვლის პირველ რიცხვებში შეიძლება ამ საკითხზე შემაჯამებელი კონფერენცია გაკეთდეს. ჩვენ მოსახლეობას იმ რეალურ სურათს დავუდებთ, თუ რა ვეცადეთ, რა ვაკეთეთ, თავისი ხელმოწერებით და ყველაფრიანად, _ ეს შეჯამდება. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მეორე რაუნდი, ოღონდ ეს თავისი ფასით იმხელა არ იქნება, რაზედაც აქამდე იყო საუბარი, რადგან კონკრეტული მუშაობა უკვე იმაზე წავა, თუ რა შეიძლება გამოვადნოთ და რა შეიძლება შევცვალოთ ამ მახინჯი საარჩევნო სისტემიდან... _ თუ ხელისუფლება შესაბამის მზაობას არ გამოიჩენს და დღევანდელი სისტემით მივალთ არჩევნებზე, ეს ხელისუფლებას და ქვეყანას რას მოუტანს? _ ვხედავთ, რომ ევროპაში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. საქმე ეხება იმ ფასეულობებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებზედაც დასავლურ-ევროპული ღირებულებები დგას. ამ მხრივ დიდი საფრთხეებია, _ ეს არის მიგრანტებთან ურთიერთობა, აქედან იწყება შეზღუდვები და ა. შ. უკიდურესი ნეოლიბერალიზმის დასასრული არის ხოლმე ასევე უკიდურესი ტოტალიტარიზმი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ჩვენ უკვე ვნახეთ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, არ მგონია, ევროპამ ჩვენთან მიმდინარე ასეთი პროცესები დადებითად შეაფასოს. გარდა ამისა, არასტაბილურ გარემოში თვითონ ეკონომიკა და ბიზნესი ფრთხილია და ცდილობს, რომ თანხები რაც შეიძლება ნაკლები რისკით ჩადოს. ეს ყველაფერი კი თითოეულ ჩვენგანზე, მოქალაქეებზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ვერ შევძელით და არჩევნები ისეთ გარემოში ვერ ჩავატარეთ, სადაც სიმშვიდე, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა იქნება, რასაკვირველია, ეს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე უარყოფითად აისახება. ამიტომ იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, გულზე ხელს ვერ დავიკრეფთ და რაღაც მაინც უნდა გავაკეთოთ: იქნებ, გარკვეულ ნაწილში მაინც შევიტანოთ ცვლილებები, რომ პოლიტიკურად რაც შეიძლება მეტი სუბიექტი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში; პარლამენტში შესულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ ისეთი სტაბილური ანტიკრიზისული პროგრამის შექმნა, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს.  

                                                                                                                         გელა მამულაშვილი

 

გაზიარება