QronikaPlus
ულტიმატუმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ,,21 იანვრიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციებს!”

ულტიმატუმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ,,21 იანვრიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციებს!”

2016-01-21 07:43:46

დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი ახალი წლის დღეებში რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციასა და პროკურატურაში. როგორც თავად აცხადებდა, ის იქ დასაკითხად მიიყვანეს. მისი დაბარებები საეჭვოდ დაემთხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მოწყობილ საპროტესტო აქციას, რომელიც ლევან მურუსიძის მოსამართლედ მეორეჯერ არჩევის წინააღმდეგ გაიმართა. როგორც ცნობილია, ამ აქციაზე დააკავეს ორი მონაწილე: ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა, რის შემდგომაც უპრეცედენტო ფაქტი მოხდა _ ადვოკატთა ასოციაციაში შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლის მოთხოვნის ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამ შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ლაშა ჩხარტიშვილიც. ლაშა ჩხარტიშვილი: _ ცნობილი გამოთქმაა: თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება ქვეყანა და არც სახელმწიფო იქნება. სამწუხაროდ, სამართლოანობის აღდგენის დაპირება, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ ხალხს მისცა, არ შესრულდა. არ არის აღდგენილი პოლიტიკური პატიმრების უფლებები, მოკლულთა ოჯახებმა ვერ იპოვეს სამართალი, ქონებაწართმეულების მდგომარეობას სასაცილოც კი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მხოლოდ რამდენიმე მანქანა დააბრუნეს და ამით ამოიწურა წართმეული ქონებების დაბრუნების საკითხი. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ რეჟიმის ჯალათები არიან თავისუფლები: ზოგი იგივე თანამდებობაზე მუშაობს, ზოგიც დაწინაურებულია. იგივეს ვიტყვი მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, პროკურორებზე. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეებში არ ერევა და ამით იმართლებს თავს, თუმცა დამოუკიდებელი სასამართლო არც სააკაშვილის პერიოდში ყოფილა და ახლაც თუ გამოჩნდა დამოუკიდებლობის ჩანასახოვანი ელემენტები, სისასტიკითა და უკანონობებით გამორჩეული ჯალათი მოსამართელეების დანიშვნა და კვლავ დაბრუნება სასამართლო სისტემაში ამ ფაქტის გაცამტვერებაა. ცნობილ ჯალათ მოსამართლეებზე მე და თქვენ ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში ვწერდით და ღიად ვამხელდით მათ, დეტალურად ვსწავლობდით და საზოგადოებას ვაცნობდით მათ მიერ გამოტანილ უკანონო განაჩენებს. თითოეულის 5-6 განაჩენს ვარჩევდით და მათ ფსიქოლოგიურ თუ საქმიან პორტრეტებს ვქმნიდით, რაც ახალი ხელისუფლებისთვის ე. წ. სახელმძღვანელოც უნდა გამხდარიყო. ეს ყველაფერი თუ ჩვენთვის იყო ცნობილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან მათ ხელშია საქმეთა მასალები. თუმცა, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს იმ ვაიმოსამართლეების შესახებ, რომელთაც ასეულობით ადამიანისთვის უკანონო განაჩენები გამოჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, პოლიტპატიმრად არის აღიარებული 200 ადამიანი და ამის გამომცხადებელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმეთა მოსამართლეები სისტემაში არ დატოვოს. _ თქვენ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის გამო ხართ ასე გაბრაზებული? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ საპროტესტო ქციაზე ბანერით იყავით მოსული, სადაც მოსამართლეებზე თქვენი ძველი ინტერვიუების ამონარიდები გქონდათ მიკრული... _ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასეულობით მოქალაქის უსამართლოდ ციხეში მოხვედრის გარდა, მკვლელებს სასჯელებს უმცირებდნენ, დაუსჯელებს ტოვებდნენ. ამ ადამიანების ადგილი სასამართლოში ნამდვილად არ უნდა იყოს. დამოუკიდებლობის მიღწევა სასამართლოში არ შეიძლება, ჯალათების ხელით მოხდეს. ამჯერად მურუსიძე არის ყველა ამ უსამართლობის სიმბოლო. თუ გაიხსენებთ, სოციალურ ქსელში ამ აქციაში მონაწილეობის მიღების მოწოდებასთან ერთად, მურუსიძის გარდა, სააკაშვილის სისტემის სხვა კანონდამრღვევ მოსამართლეებზე მქონდა საუბარი. ბანერზე კი გავაკეთე ამონარიდები ჩემი და თქვენი ერთობლივი საგაზეთო სტატიებიდან. ეს სტატიები ეძღვნებოდა იმ მოსამართლეებს, რომელებიც დღეს კიდევ ერთხელ არიან თემიდას სამსახურში. 40 ძველი მოსამართლე კვლავ დანიშნულია მოსამართლედ. ახალ წლამდე მურუსიძეც უნდოდათ დაენიშნათ სააპელაციო სასამართლოში. აპრობირებული მეთოდია, როცა საზოგადოება საახალწლო მზადებაზეა გადართული, მაშინ უნდა იხელთონ დრო და გააკეთონ ის, რაც ხალხისთვის მიუღებელი და ბინძურია. დღევანდელ ხელისუფლებაშიც ამ ტრადიციების გამგრძელებლები ბევრი აღმოჩნდნენ. საქმე ის არის, რომ სასამართლო სისტემის ჭაობში დატოვებას ძველმა და ახალმა ხელისუფლებებმა ერთად მოუარეს. ეს იყო კოჰაბიტაციის ყველაზე მახინჯი მაგალითი, როცა ორგანოში, რომელზედაც ხშირად არის დამოკიდებული რიგითი მოქალაქის, პრემიერის თუ პარლამენტის თავმჯდომარის ბედი, დატოვონ დამნაშავე, მონა-ჯალათები. ასეთი მონა-ჯალათი კი თავისუფალი მოსამართლე ვერასდროს გახდება. ცხადია, მხოლოდ მურუსიძე არ არის პრობლემა, საუბარია ყველა იმ მოსამართლეზე, რომელთაც უკანონო გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ და სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იგივე მოსამართლეების ხელში რჩება სასამართლო სისტემა. ასეთი მოსამართლეების ხელმეორედ დანიშვნის ფაქტი არის სხვა მოსამართლეებისთვისაც ცუდი მაგალითი, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ფასდება არა კანონის მორჩილება, არამედ უკანონო ბრძანებების შესრულება და ხელისუფლებების მორჩილება. თუ ეს ყველაფერი ასე დარჩა, ჩვენ სამართლიანი სასამართლო კი არ გვექნება, არამედ უსამართლობის ზეიმი, ოცნების დავიწყება და მსგავსი დანაშაულებების განმეორება, რადგან დაუსჯელობა კვლავ იწვევს დანაშაულს. _ ოდიოზურ მოსამართლეთა ხელმეორედ არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაბრალდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ამ ყველაფერში მურუსიძე ან სხვა მოსამართლეები კი არა, სააკაშვილი იყო დამნაშავე და ისინი სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. ფაქტობრივად, მან გაამართლა მურუსიძეობა. ასე არ არის? _ ოფიციალური ორგანო, ვინც ეს უსამართლო მოსამართლეები ხელმეორედ აირჩია, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, რომ აირჩიოს მოსამართლეები და ასევე, მათზე შესული საჩივრების განხილვის შემდეგ ისინი გაათავისუფლოს ამ თანამდებობებიდან. ივანიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და მათ ვერავინ ვერაფერს ურჩევსო. ცხადია, მას ვერ დავეთანხმები, რადგან მურუსიძეს და მის მსგავს მოსამართლეებს მხარი დაუჭირა ,,ქართული ოცნების“ მიერ საბჭოში შეყვანილმა სამმა არამოსამართლე წევრმა, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ვერ აირჩევდნენ ვერც მურუსიძეს და ვერც სხვებს. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ხელმეორედ არჩეულია როგორც `ნაცმოძრაობის~, ასევე `ქართული ოცნების~ მხრიდან. სხვათა შორის, პარლამენტში `ქართული ოცნების~ წევრებმაც დაიწყს საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის სწორი. ისინი თუ სიმართლეს ამბობენ და არ თამაშობენ, მაშინ მოუწევთ გაიტანონ პარლამენტში კანონპროექტი, რომელსაც ან თავად მოამზადებენ, ანდაც ჩვენ შევთავაზებთ _ არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. დიახ, ვაპირებთ, რომ უახლოეს პერიოდში გავაუქმოთ, დავითხოვოთ მახინჯი, დამნაშავე წევრებისგან შემდგარი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ახალი წევრებით დავაკომპლექტოთ. სასამართლო სისტემის განთავისუფლება უნდა დავიწყოთ სწორედ აქედან. ვნახოთ, პარლამენტში ვინ დადგება გირგვლიანის მკვლელების უკან და ვინ არ დადგება. იმ კანონის მხარდაჭერაზე უარის თქმა, რომელსაც ერთობლივად ვამზადებთ, უკვე ნიშნავს მკვლელების გვერდით დგომას. ერთადერთი გამოსავალი ამ საქმიდან არის ის, რომ ,,ოცნება“ დავაყენოთ დილემის წინაშე და ვაიძულოთ, რომ პარლამენტმა, თითოეულმა დეპუტატმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მფარველობენ მკვლელებს, ანდაც კეთილი ინებონ და დაშალონ იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა, მათ ნაცვლად აირჩიონ პრინციპული ადამიანები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე იზრუნებენ და არა ჯალათების მფარველობაზე. _ ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  შემადგენლობის შეცვლა გაქვს გადაწყვეტილი? _ მსგავსი ორგანოს არსებობა აუცილებელია, მაგრამ მთავარია, რა პრინციპებზე დაყრდნობით არის ის დაკომპლექტებული. ის ადეკვატური კრიტერიუმების გამოყენებით უნდა დაკომპლექტდეს. მან უნდა იმუშაოს კანონის უზენაესობაზე და არა ხელისუფლების მორჩილებაზე. კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში იქნება მინიშნებული, რომ კანონის ამოქმედებისთანავე საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა დაითხოვონ და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. თუ საპარლამენტო უმრავლესობა უარს იტყვის ამ კანონპროექტზე, სხვა გზაც გვაქვს. შევაგროვებთ 30 ათას ხელმოწერას. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა, როცა მოქალაქეებს შეუძლიათ, პარლამენტი აიძულონ, კენჭი უყაროს კანონპროექტს. ალბათ, დამერწმუნებით, რომ ამდენი ხელმოწერის შეგროვება ზემოთ აღნიშნული, ჯალათი მოსამართლეების წინააღმდეგ არ გაგვიჭირდება. ჯერ ეს კანონპროექტი გავა კენჭისყრაზე და დეტალურად გამოჩნდება პარლამენტის დეპუტატებიდან, ვინ რას წარმოადგენს. არის სხვა გზაც _ რეფერენდუ მი, რომელსაც 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. ეს უფრო შრომატევადი გზაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუ საჭირო გახდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყოფათ ძალა და ერთობა, რომ ეს საქმე რეფერენდუმამდე მიიყვანონ. ამ სამი ვარიანტიდან შედეგი ერთი და იგივე იქნება. გამომრჩა მეოთხე, ყველაზე მარტივი გზა: თავად იუსტიციის საბჭოს წევრები გადადგნენ თანამდებობიდან, ეს უფრო მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. სანამ კანონპროექტზე აქტიურობას დავიწყებთ, ამაზე ვაპირებთ ყურადღების გამახვილებას და მოქმედებას. _ მოქმედებაში რას გულისხმობთ? _ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ამ საქმეში დემოკრატიის ინსტიტუტი იქნება ინიციატორი. გარკვეული ულტიმატუმები უკვე წავუყენეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ ნებით გადადგნენ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, 21 იანვარს 1,30 საათზე ვგეგმავთ მოვაწყოთ აქცია. პირველ აქციას ჩავატარებთ ლევან მურუსიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრისა და კვლავ დამტკიცებული მოსამართლის სახლთან და უკვე იქ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ. ეს გაგრძელდება იუსტიციის საბჭოს იმ 10-ვე წევრის სახლთან, რომელმაც მურუსიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. აქ შედიან როგორც `ქართული ოცნების~ მიერ შერჩეული პარლამენტის წევრები, ასევე `ნაცმოძრაობის~ მიერ შერჩეული მოსამართლეები. ეს იქნება სერიოზული მორალური წნეხი, რადგან მათი მეზობლები და ოჯახის წევრები შეიტყობენ, როგორ უჭერენ ისინი მხარს და მფარველობენ დამნაშავე მოსამართლეებს. _ ვთქვათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობა გადადგა, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები, რომელთაც საზოგადოება დამნაშავეებად აცხადებს, უკვე არჩეული არიან და ამას რაღა ეშველება? _ ამ პრობლემას, ცხადია, ეშველება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, არა მხოლოდ აირჩიოს მოსამართლეები, არამედ გაათავისუფლოს მათ მიერ ჩადენილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო. ასეთი საქმეები კი მურუსიძესაც და სხვა პირებსაც აქვთ ათეულობით. აქედან გამომდინარე, თუ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ადამიანური ხალხისგან დაკომპლექტდება, საბჭო კეთილს ინებებს და იმ საჩივრების განხილვას დაიწყებს, რომლებიც საზოგადოებისგან არის შესული, მაგრამ არავის არ განუხილავს. ამ სტრუქტურაში ათასობით ასეთი მამხილებელი წერილია დაგროვილი და მას ხელოვნურად ბლოკავენ. აღნიშნულ საკითხზე ახლად არჩეულ საბჭოს მოუწევს მუშაობა, რასაც, ცხადია, მოსამართლეთა განთავისუფლებებიც მოყვება. როგორც გითხარით, 21 იანვრიდან გადავდივართ მოქმედებებზე, თუმცა პარალელურად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა გაიწმინდოს. ამ ფაქტმა ის პარტიებიც კი გააერთიანა, რომლებიც გვერდიგვერდ არასდროს მდგარან. ეს იყო უპრეცედენტო ერთიანობა აღნიშნულ საკითხზე. ეს  არის ის საკითხი, რომელზედაც ყველა ნორმალურ ადამიანს ექნება მსგავსი რეაქცია და არა ისეთი, როგორც მოიქცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პოლიტიკური პარტიები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც წარედგინება პარლამენტს და იმ ადამიანების გადაყენებას მოითხოვენ, ვინც ხმა მისცა დამნაშავე-მოსამართლეებს. ჩვენს აქციებში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. _ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მოწყობის შემდგომ თქვენ პროკურატურაში დაგიბარეს. რასთან დაკავშირებით დაგკითხეს, დღემდე უცნობია და იქნებ, ჩვენ გაგვიმხილოთ? _ ახალი წლის შეხვედრის მსგავსი ტრადიცია უკვე კარგა ხანია, დმებედა და სამართალდამცველებმა წელსაც არ დამირღვიეს ეს წესი. ხშირად მქონია ორიგინალური ახალი წელი. ერთხელ დევნილების აქციის პარალელურად მოვაწყვეთ ღონისძიება და სამინისტროს წინ მათ კარვებში აღვნიშნეთ ახალი წელი. 2008 წლის დადგომის დღეს ჩავატარეთ აქცია კომპენსაციის მოთხოვნით, მაგრამ აქცია ბასიშვილიმა და სხვა მსგავსმა ზონდერებმა დაარბიეს, რაც დღემდე გამოუძიებელია. ნაძვის ხის ქვეშ დაგვარბიეს და მახრჩობდნენ კიდევაც, ახალ წელს კი პოლიციის განყოფილებაში შევხვდი. 2016 წლის  დადგომისთანავე მოვინახულეთ ადამიანი, რომელიც დანგრეული სახლის საძირკველში ცხოვრობს, ასევე პროკურატურასა და პოლიციაში მქონდა დაკითხვები. პოლიციამ დამკითხა იუსტიციის საბჭოსთან ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით, როცა ირაკლი კაკაბაძეს ტრავმა მიაყენეს და ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მას დაკავების დროს თავის ტრავმა მიაყენეს. გამოძიება დაიწყო, თუმცა რამდენად შედეგინია იქნება, ვნახავთ. ამ ახალ წელს გაახსენდათ, რატომღაც, 8 წლის წინანდელი დარბევა, რომელიც კარგი იქნებოდა, აქამდეც გამოეძიებინათ. ეს იყო ერთ-ერთი სასტიკი, დემონსტრაციული დარბევა, რომელიც სააკაშვილმა 2007 წლის 28 ოქტომბერს განახორციელა. ჩვენ ზუგდიდში აქციას ვმართავდით სააკაშვილის ძალაუფლების უზურპაციის წინააღმდეგ. ამ აქციის ორგანიზატორები ვიყავით მე, სოსო რობაქიძე, ბიძინა გუჯაბიძე და სხვები, მაგრამ ღია ეთერში გაგვისწორდნენ. მეგის ქარდავას დავალებით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ზონდერებმა დაგვაკავეს, რომლებსაც არ ერიდებოდათ კამერების წინ ამის კეთება. ამას მოყვა 2 ნოემბერი, რაც იმაზე იყო გათვლილი, რომ გარეთ არავინ გამოსულიყო. 8 წელია, ეს ფაქტი არავის გახსენებია და, რატომღაც, ახლა გაახსენდათ. აქ არის ორი ფაქტორი: დეკემბრის დასაწყისში საჩივარი შევიტანე, რადგან დარბევის ერთ-ერთი მონაწილე სხვა საკითხზე დააკავეს, თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებას საკუთარ მოქმედებებზე კომპენსირება მოუნდა და რაღაც საკითხებზე ადეკვატური ქმედებები დაიწყო. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ვნახოთ, რეალურად წაეყენებათ თუ არა ბრალი იგივე მეგის ქარდავას და ამ ოპერაციის განმახორციელებელ და დამგეგმავ პირებს _ სააკაშვილს, მერაბიშვილსა და სხვებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას სურს, უფრო მწვავე თემები, ამ უკვე, ნაკლებად მნიშვნელოვანი თემებით გადაფაროს. სამჯერ დამკითხეს საახალწლოდ და იმედია, კიდევ დამიბარებენ, რადგან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უამრავი ფაქტი მაქვს.  

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება