QronikaPlus
მაია რჩეულიშვილი ყოფილ ხელისუფლებას ამხელს?!

მაია რჩეულიშვილი ყოფილ ხელისუფლებას ამხელს?!

2015-12-27 08:59:10

,,ქრონიკა+“-ის წინა ნომერში შემოგთავაზეთ ცნობილი ტელეწამყვანის და მოდელის, გიორგი ნაზღაიძის ინტერვიუ (#45-130 გვ.28;29;30), სადაც ის სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ პოინტს“ თაღლითობაში ადანაშაულებდა. გიორგი ნაზღაიძის ბრალდებების საპასუხოდ, მეორე მხარის კომენტარებიც მოვიპოვეთ, თუმცა დაზარალებულების რაოდენობიდან და თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ერთ საგაზეთო სტატიაში ცნობილი სამშენებლო სკანდალების ირგვლივ არსებული ვითარების სრულად წარმოდგენას ვერ შევძლებდით. ამჯერად კი არაერთი რესპონდენტი გვყავს, მათ შორის, საზღვარგარეთიდან. თამაზ ბერაძე _ მშენებელი: _ მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ამავე სახელწოდების კორპუსში სამოთახიანი ბინა, კომერციული ფართი და ავტოფარეხი შევიძინე, ჯამში ას კვადრატულ ფართობზე მეტი, თუ ამას შეძენა ჰქვია. კორპუსი შვიდი წლის წინათ უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, ეს მშენებლობა შეჩერდა, ისევე როგორც სხვა მშენებლობები. დებ კერვალიშვილებს ომს ნამდვილად არ ვაბრალებ, თუმცა, როგორც ცნობილია, ომი იმავე წლის მეორე ნახევარში მოხდა. ჩვენ აგვისტომდე ვიცოდით, რომ კორპუსი დადგენილ ვადებში ვერ ესწრებოდა. _ როგორ განვითარდა მოვლენები 2008 წლის შემდეგ? _ კლიენტებისგან დაუკითხავად ,,ცენტრ პოინტმა“ მმართველობა ,,დექსუსს“ გადააბარა. ისინი კლიენტებს, ფაქტობრივად, ხელშეკრულების შეცვლას აიძულებდნენ, რაზედაც მე არ დავთანხმდი, ვინაიდან `დექსუსი~ პირველადი მოლაპარაკების შემდეგ თანხის დამატებას ითხოვდა. ეს თანხა გადახდილი თანხის 18%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ხელშეკრულებაში გარკვევით ეწერა: თუ კომპანია კლიენტებისთვის ბინების ჩაბარებას სამ თვეზე მეტი ვადით დააგვიანებდა, შეტანილი თანხის 10%-ით ჯარიმდებოდა. _ იმავე 2008 წლის შემდეგ არაერთი წელი გავიდა, გადაგიხადეს კომპენსაცია? _ კომპენსაციას ვინ ჩივის, რაც გადახდილი მაქვს, იმასაც ვერ მაბარებენ. ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ, რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობენ, 80 000 დოლარი გამოაგზავნეს ამ წლების განმავლობაში, მათ მიერ გამოგზავნილი თანხები ეტაპობრივად შემქონდა. თავადაც მშენებელმა კარგად ვიცი, რა რისკებს შეიცავს სამშენებლო ბიზნესი. მე გახლავართ შპს `აბსოლუტ პლუსის~ ტექნიკური დირექტორი, ჩვენ ავარიულ სახლებს ვამაგრებთ, ფასადების რესტავრირებაზე ვმუშაობთ, არაერთი ობიექტი აგვიღია; ამ რამდენიმე წლის წინათ კი ქუთაისის სკოლების შეკეთებას მოვკიდეთ ხელი, ტენდერი მოვიგეთ, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ქუთაისის სამი სკოლის შეკეთება ვადებში ვერ დავასრულეთ. ერთი თვის დაგვიანებით ჩაბარებული სამი ობიექტისთვის 15 000 ლარით დაგვაჯარიმეს. ბუნებრივია, ჯარიმა გადავიხადეთ. ალბათ, ხვდებით, რატომ მოგიყევით ეს ამბავი. _ ანუ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია? _ ჩემი დაჯარიმების შესახებ იმიტომ მოგიყევით, რომ მინდა, თქვენმა მკითხველებმა შესაბამისი პარალელი გაავლონ. `ცენტრ პოინტმა~ და მისმა სატელიტმა კომპანიებმა წლების განმავლობაში ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და რატომ არავინ არ სთხოვს მათ პასუხს?! შვიდ წელიწადზე მეტი იქნება, რაც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩემი შვილები საზღვარგარეთ არიან და ბინას ელოდებიან. მონატრებული ვარ შვილიშვილების ნახვას, ამხელა ფული აქვს სიძეს ჩადებული და ვერაფერს ვახვედრებ. ვერ გავიგეთ, ვის მხარეზეა კანონი და სახელმწიფო? _ თქვენი აზრით, ვის მხარეზეა კანონი და სახელმწიფო? _ ალბათ, ქრთამის! ვერც პროკურორები, ვერც სასამართლო, ვერავინ უზრუნველყოფს ჩვენი სიმართლის კანონიერად გაფორმებას. ამას წინათ ინტერნეტში ფოტო მანახეს, რომელიც ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზეა გადაღებული. სურათზე ღარიბაშვილი და რჩეულიშვილი ბედნიერი სახეებით უცინიან ერთმანეთს. როგორც ვატყობ, სახელმწიფო და კანონი უძლურია რჩეულიშვილების კლანთან. მე `ქართული ოცნების~ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, 2012 წლის არჩევნებში კოალიციისთვის ხმებს ვაგროვებდი, დღეისთვის კი ამ მთავრობამ იმდენი მოიმდურა, რომ ძნელია ივანიშვილის დაცვა.   მარიამ ჩიმაკაძე _ ბიზნესმენეჯერი: _ გიკავშირდებით ქართველი ქალი, მშობელი, რომელმაც თორმეტი წლის წინათ შვიდი წლის შვილი დედამთილთან დავტოვე და მეუღლესთან ერთად ემიგრაციის რთულ გზას დავადექი. რატომღაც, საქართველოში ბევრს ჰგონია, თუ ამერიკაში ცხოვრობ და სამსახური გაქვს, ბედნიერი ხარ და არაფერზე დარდობ. მე აქ მეორე შვილი შემეძინა, ავეწყვე კიდეც, თუმცა იმაზე ფიქრი არ მასვენებს, თუ როდის დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. მინდა, ახალ წელს, აღდგომას და ჩემთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს ჩემს მიწაზე, ჩემთვის ახლობელ ადამიანებთან ერთად შევხვდე. _ ვინ გიშლით ხელს? რა გარემოებების გამო ვერ ბრუნდებით ამერიკიდან საქართველოში? _ ჩემი ცხოვრება და სამომავლო გეგმები, დიდწილად, კომპანია `ცენტრ პოინტმა~ შეცვალა. თუ გახსოვთ, 2004 წლიდან წამყვანი არხები რჩეულიშვილების კომპანიის პიარით აქტიურად დაკავდნენ. სამწუხაროდ, მეც ბრმად დავუჯერე რეკლამას და დღეს მსხვერპლი ვარ. _ კონკრეტულად, რა ბრალდებას უყენებთ `ცენტრ პოინტს~? _ ეს არის ეროვნული დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, სხვა სახელს ვერ დავარქმევ რჩეულიშვილების კლანის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, არ გეგონოთ, რამეს ვამუქებდე! ჩვენ, ფაქტობრივად, იძულების წესით ვცხოვრობთ უცხო ქვეყანაში. ახლა რომ ჩამოვიდეთ, ქირით ვიცხოვროთ? ე. ი. რამდენიმე წელი დამატებით უნდა ვიშრომოთ და თავიდან უნდა შევაგროვოთ ბინის საყიდელი ფული. _ რამდენი წელია, რაც ბინას ელოდებით? _ 2005 წელს `ცენტრ პოინტთან~ ხელშეკრულება დავდე. `კრწანისის სამეფო უბანი~ 2009 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. ჩემ მიერ შეძენილი 100 კვ.მ. ფართი, შესაბამისად, მეც 2009 წელს უნდა ჩამბარებოდა. აღნიშნული კორპუსის საფუძველი დღემდე არ არის გათხრილი. როდესაც დავრწმუნდი, რომ `სამეფო უბანი~ მხოლოდ ჰაერი იყო, გადავწყვიტე, ბინა მარიჯანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გადმომეცვალა. ფაქტობრივად, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. დღემდე ველი ჩემს ბინას, ვინაიდან ჰაერიდან ისევ ჰაერის მეპატრონე გავხდი. მართალია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდგარი მარიჯანის კორპუსი, ერთი შეხედვით, დასრულებული ჩანს, თუმცა ის სართული, სადაც ჩვენი სახლი უნდა იყოს, ჯერ კიდევ დაუსრულებელია. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩემნაირ კლიენტებზე ქალბატონი მაია რჩეულიშვილი ამბობს, რომ სრულად დაგვაკმაყოფილა. აქვე დავამატებ: `ცენტრ პოინტის~ მიერ შემოთავაზებული გადახდის გრაფიკის მიხედვით თანხის 100% მაქვს დაფარული, ანუ ბინის საფასური _ 62 000 აშშ დოლარი _ სრულად გადავიხადე. _ როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი? _ წინა ხელისუფლების დროს ეს კომპანია პირდაპირ `იკრიშებოდა~. ჩვენ თანხას ვრიცხავდით და ვრიცხავდით, ეს თანხები კი რჩეულიშვილებისა და მაშინდელი ხელისუფლების ჯიბეში ჩადიოდა. ანუ წინა ხელისუფლება თავისი ქოლგის ქვეშ მყოფ `ცენტრ პოინტს~ კლიენტების დაყაჩაღების კანონიერ უფლებას აძლევდა. სამშენებლო პირამიდების ოსტატებმა 75 კომპანია შექმნეს, ვისთან რა ფანდებს აფორმებდნენ, კაცმა არ იცის. იურიდიული კაზუსებით შექმნილი ბიზნესიმპერია არამიზნობრივად ფლანგავდა ჩვენს ბიუჯეტს. მე ამ ხელისუფლების იმედი მქონდა, მეგონა, რამე შეიცვლებოდა, თუმცა მაქინაციებით ცნობილი რჩეულიშვილების სამშენებლო დინასტიის წინააღმდეგ ვერც `ქართული ოცნება~ იღებს ხმას და ვერც _ ოპოზიცია, შესაბამისად, თქვენს კითხვაზე მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა.   ეკატერინე გუგუჩია _ დიასახლისი: _ დიდი ხანია, რაც მოსკოვში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. მეუღლე აფხაზეთიდან დევნილია, მე თბილისელი ვარ. მართალია, ჩემებს დედაქალაქში ბინა აქვთ, თუმცა მე და ჩემმა მეუღლემ წლების წინათ საცხოვრებელი ფართის შეძენა გადავწყვიტეთ. დღეს კი ჩვენი ოჯახი `ცენტრ პოინტის~ მსხვერპლია. _ თავიდან მოგვიყევით ყველაფერი... _ 2006 წელს გადავწყვიტეთ, კრწანისში ბინა შეგვეძინა, იმ პერიოდში `ცენტრ პოინტის~ ბინებზე ბუმი იყო. მართალია, კორპუსი აგებული არ ჰქონდათ, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე გაგვაცურებდნენ. სამი-ოთხი წელი ველოდეთ და როცა დავრწმუნდით, რომ საძირკვლის ზემოთ მშენებლობა არ ამოდიოდა, გადავწყვიტეთ, კრწანისის ბინა საბურთალოზე, მარიჯანის ბინაზე გადაგვეცვალა. თავად ეს გაცვლა ხალხის ჩარევისა და დიდი ბრძოლის შემდეგ მოხდა. ამ გადაცვლას მოჰყვა ჩემი ოჯახისთვის სხვა, მეორე უბედურება. ფაქტობრივად, ორმაგი მსხვერპლი ვარ, ვინაიდან მარიჯანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დიდი ნაწილი დასრულებული იყო, მორიგ ჯერზე მოვტყუვდი. ვიფიქრე, ამ შენობას რაღა დარჩა, მალე გადახურავენ და მეორე ბინასაც ვიყიდი-მეთქი. საერთო ჯამში, 225 კვ.მ. ფართობის მეპატრონე ვარ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფურცლებზე. _ თანხა სრულად გადაიხადეთ? _ 100 000 $-ზე მეტი გადავიხადე, დამრჩა 10 000 $, რომელსაც მას შემდეგ გადავიხდი, რაც ბინის გასაღებს მომცემენ. წარმოგიდგენიათ, რამხელა ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ ვიმყოფები?! არ მინდა, ეს 10 000 $-იც დავკარგო, ისედაც ამხელა ზარალი მაქვს. _ რას აპირებთ? რისი ან ვისი იმედი გაქვთ? _ ასეთ შემთხვევაში, წესით, სასამართლოს იმედი აქვთ, ნორმალურ ქვეყნებში ასეა, მე პირადად კი ოპტიმიზმის საფუძველი არ გამაჩნია. ალბათ, 20%-ია იმის შანსი, რომ მარიჯანის ბინაში შესვლას ვეღირსოთ. მარიჯანის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი იურა აღაპიშვილი, ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქონება მივიღოთ, ის ხელმოწერებს აგროვებს და კოლექტიური სარჩელის მომზადებასაც აპირებს. მანდ განვითარებულ მოვლენებს რუსეთიდან ვადევნებ თვალს. როგორც ვიცი, ამ დღეებში შეხვედრაა `პროფკავშირების~ შენობაში.   *** 20 დეკემბერს `ქრონიკა+~ პროფკავშირების კულტურის ცენტრში დაგეგმილ შეკრებას დაესწრო. 12-ის ნახევრისთვის შენობის შესასვლელთან პატარ-პატარა ჯგუფებად შეკრებილი მოქალაქეები დარბაზში შესასვლელად ემზადებიან, თუმცა 12 საათზე დაგეგმილი ღონისძიება, ქართული პუნქტუალობისთვის დამახასიათებელი ტრადიციებით, ოცი წუთის დაგვიანებით დაიწყო.   ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე `ქრონიკა+~ იური აღაპიშვილს გაესაუბრა: _ მარიჯანის საინიციატივო ჯგუფი 2015 წლის ოქტომბერში დავაფუძნეთ, იმ მიზნით, რომ `ცენტრ პოინტის~ მიერ დაზარალებულმა კლიენტებმა ერთობლივი ძალებით ვიპოვოთ აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი. თავიდან ერთ-ერთი მეზობლის ბინაში ვიკრიბებოდით, ორ თვეზე მეტია, აქტიურად ვსახავთ სამოქმედო გეგმებს და დღემდე ჩვენი რესურსებით ვმოქმედებთ. ხალხის გაერთიანების შედეგად შექმნილი ჯგუფი არასამეწარმეო, არაკომერციულ პირად დავარეგისტრირეთ. ჩვენი მთავარი მიზანია მარიჯანის ობიექტის რეაბილიტაცია. _ თქვენ მიერ ნახსენები რეაბილიტაცია ხომ არ ნიშნავს `ცენტრ პოინტისთვის~ ამ და სხვა ობიექტების ჩამორთმევას? _ არანაირად. ეს ჩამორთმევა არ არის _ ყველანი კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. ახლავე მოგცემთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ამსახველ დოკუმენტს და თავად გაეცნობით ყველაფერს. _ თქვენ რომელ ობიექტზე შეიძინეთ ბინა და რამდენი წლის განმავლობაში ელოდებით? _ 2006 წელს `ცენტრ პოინტის~ შვილობილი კომპანიის, შპს `ჯიქიას~ მიერ აგებულ კორპუსში მე და ჩემმა მეუღლემ ბინის შეძენა გადავწყვიტეთ, შემდეგ მარიჯანში გადმოგვიყვანეს, ვინაიდან ის ბინა არ აშენდა. გადახდილი გვაქვს თახნის 100%. ჩვენს მსგავსად ბევრს აქვს სრულად თანხა დაფარული, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რჩეულიშვილების ბრალდებები, თანხები სრულად შემოიტანონ და ბინებს მიიღებენო. რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ პროფკავშირების კულტურის სახლის დარბაზის წინა რიგები ნელ-ნელა შეივსო, რის გამოც სცენიდან ჩამოვედი და ღონისძიების დაწყებას დაველოდე. `მარიჯანის საინიციატივო ჯგუფის~ თავმჯდომარემ, იური აღაპიშვილმა, მისალმებისთანავე ქვეყნის პირველ პირებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები `ცენტრ პოინტის~ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ბედით დაინტერესდებოდნენ. მომხსენებლების მოკლე შესავლის შემდეგ დარბაზიდან, სადაც 150-მდე ადამიანი შეკრებილიყო, კითხვები გაისმა; ზოგიერთი სხვა ობიექტებთან ავლებდნენ პარალელებს, პერიოდულად იყო რეპლიკები მიკროფონს მიღმა: არ მოტყუვდეთ, მეტი არ შეიტანოთ, რჩეულიშვილებს ნუ გავამდიდრებთ. აღნიშნულმა შეკრებამ 3 საათზე მეტ ხანს გასტანა. მარიჯანის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ეკატერინე შაფათავა, რომელიც ღონისძიების მსვლელობის დროს საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, კომენტარისთვის ვერ მოვიხელთეთ, რის გამოც მას ღონისძიების დასრულების შემდეგ დავუკავშირდით.   ეკატერინე შაფათავა: _ `მარიჯანის~ ობიექტზე 2005 წელს გაიცა ნებართვა, თუმცაღა ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით, რჩეულიშვილებს გაყიდვები 2003 წლიდან ჰქონდათ დაწყებული. როდესაც ფართების გაყიდვა დაიწყეს, პროექტი დამტკიცებული არ იყო. თავად ობიექტის მშენებლობას 2006 წლიდან შეუდგნენ. აგერ უკვე 9 წელია, მენაშენეები მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით. _ 2006 წლიდან დაწყებული მშენებლობის პროექტი, როგორც ვიცი, არაერთხელ გადაკეთდა. _ 2014 წელს მენაშენეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენს ობიექტზე კიდევ ერთხელ გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტი. _ მკითხველებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა? _ კოეფიციენტის გაზრდა გულისხმობს არსებულ პროექტზე სართულების დამატებას. პროექტი ერთხელ რომ უმნიშვნელოდ გადაკეთებულიყო, განგაშის საგანი არ იქნებოდა, თუმცა სამჯერაა შეცვლილი და თავიდან გათვალისწინებული გეგმის შემდეგ არაერთი სართული დაემატა. გაუძლებს კი საყრდენი ბოძები ამდენ დაწოლას? როგორც ვატყობ, რჩეულიშვილები არა მხოლოდ ქვეყნის კანონებს, ფიზიკის კანონებსაც იგნორირებენ, ჩვენი სიცოცხლის რისკის ფასად. _ რა შედეგს ელოდებით პროფკავშირების კულტურის სახლში გამართული შეკრების შემდეგ? _ დღევანდელი შეკრების მიზანია, პოტენციური მეზობლების გაერთიანება, რათა სასამართლოში შპს `მარიჯანის~ რეაბილიტაციის მოთხოვნით კოლექტიური სარჩელი შევიტანოთ, რაც მენაშენეებს საშუალებას მოგვცემს, თავად ვმართოთ მშენებლობის პროცესი, რათა ძველებურად მოლოდინის რეჟიმში არ ვიყოთ. `ცენტრ პოინტი~ პასიური მმართველის როლში უნდა გადავიდეს, მათ საშუალება ექნებათ, დაგვაკვირდნენ, თუ როგორ წარვმართავთ ობიექტის მშენებლობას, მაგრამ ერთპიროვნულად თანხებს ვეღარ განკარგავენ. ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვინაიდან წლების განმავლობაში _ 14 მილიონ 700 ათასი დოლარით, მათ ვერ მოახერხეს აქამდე ობიექტის მშენებლობის დასრულება. ჩემი ინფორმაციით, მარიჯანიდან აღებული ფული რჩეულიშვილებმა სხვა ობიექტებს მოახმარეს, ანუ არამიზნობრივად განკარგეს. _ წინა კვირას, როდესაც `ცენტრ პოინტის~ იურისტს, ქალბატონ მარინე ცუცქირიძეს ტელეფონით ვესაუბრე, მან თქვა, რომ რაც მარიჯანის საინიციატივო ჯგუფი გააქტიურდა, ამ ობიექტის მშენებლობა, ფაქტობრივად, შეჩერდაო. იმაზეც მიანიშნა, რომ გაუგებრობა აქვთ ფინანსებშიო. ისიც დაამატა, საბოტაჟს აქვს ადგილიო... ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? _ პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას `ქრონიკა+~-ს ჩვენი სატკივარის გულთან მიტანისთვის. მე არ ვიცი, თქვენ რა ტიპი სტატიას ამზადებთ, არც ის ვიცი, შეიძლება თუ არა, ჩემგან კითხვა რომ დაუსვათ ქალბატონ მარინეს, მაგრამ მაინც გთხოვდით. იქნებ, ქალბატონმა იურისტმა თქვენ გიპასუხოთ კითხვაზე: რატომ ვერ დასრულდა კორპუსი, რომელშიც, საერთო ჯამში, 14 მილიონ 700 000 ამერიკული დოლარი აიღეს? დაპირებისამებრ, `ქრონიკა+~ კვლავ დაუკავშირდა, `ცენტრ პოინტის~ იურისტს, ქალბატონ მარინე ცუცქირიძეს:   _ გუშინ პროფკავშირების კულტურის ცენტრში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ და რა კომენტარს გააკეთებთ? _ არ ვარ საქმის კურსში და არც მევალება, ამ თემაზე ინფორმირებული ვიყო, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. თავისი სურვილით, ვინ ვის, რა დროს და რა მიზნით ხვდება, ვერ გეტყვით. მე შემიძლია, როგორც იურისტმა გესაუბროთ. _ კარგით, როგორც იურისტმა, იქნებ, გაგვარკვიოთ, რატომ ვერ დასრულდა მარიჯანის ობიექტი 2016 წლამდე? _ აქ არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც გახლავთ ორი მხარე _ მშენებელი და მობინადრე, ანუ მყიდველი და გამყიდველი, შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს თავისი უფლებები და მოვალეობები. თუ მყიდველი შეასრულებს მოვალეობას, გამყიდველიც შეასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. _ მეტი კონკრეტიკისთვის, იქნებ, ხარჯთაღრიცხვაშიც ჩაგვახედოთ? _ სიამოვნებით, მე მაქვს ამონაწერი და ამ კონკრეტულ ობიექტზე ყველაფერს მოგახსენებთ: `მარიჯანზე~ 2010 წლის ოქტომბრიდან, 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით, შემოსულია 491 122 ლარი. მარტო სამშენებლო მასალებში 519 268 ლარი დავხარჯეთ, მუშების ხელფასებში 245 158 ლარი, იქ არის ადმინისტრაციისა და სხვა ხარჯები, ეს მონაცემები ჩემი მოგონილი არაა და ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეფუძნება. სულ ამ ყველაფრის ხარჯი 1.600.497 (მილიონ ექვსასი ათას ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარია. კლიენტების მიერ გადახდილი თანხა კი გაცილებით ნაკლებია. _ მარიჯანელები ამტკიცებენ, რომ ობიექტზე 14 მილიონ 700 ათასი დოლარია დახარჯული, რაც ამ კორპუსის დასრულებისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა. ისინი ბრალად გდებენ, რომ თანხები არამიზნობრივად დახარჯეთ. _ რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი? თანხა მთლიანად რომ იყოს შემოტანილი, კორპუსი, რომლის 80%-იც აშენებულია, აქამდე ჩაბარდებოდა. მე მარიჯანელებს ვურჩევ, აღაპიშვილის ანგარიშზე თანხების შეტანას თავი დაანებონ. თავმჯდომარის არჩევას და ასეთ გაუმართლებელ ქმედებებს სჯობია, თანხები შემოიტანონ. _ ქალბატონო მარინე, მე თქვენს კომენტარს, ბუნებრივია, უცვლელად დავურთავ ამ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, თუმცა თხოვნა მექნება, _ თუ შეგიძლიათ, ქალბატონ მაია რჩეულიშვილს დამაკავშიროთ. მკითხველებისთვის და თქვენი მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომლებიც თავიანთ თავებს დაზარალებულებად მიიჩნევენ, საინტერესო იქნება მისი კომენტარი. _ როგორც ვიცი, მაია რჩეულიშვილსაც სურდა კომენტარის გაკეთება, მე მას თქვენს ნომერს გადავცემ და დაგიკავშირდებათ!   მარინე ცუცქირიძესთან საუბრის შემდეგ ჩემს მობილურ ტელეფონზე მალევე ქალბატონმა მაია რჩეულიშვილმა დარეკა: _ გამარჯობა, ჩემო საყვარელო. `ქრონიკა+~-ის წინა ნომერში ჩვენი კომპანიის შესახებ გამოქვეყნებული სტატია წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ გიორგი ნაზღაიძის ბრალდებები ძალიან სუბიექტურია, მაგრამ მე გაცილებით მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბროთ. _ პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით. საინტერესოა თქვენი შეფასება არსებული ვითარების ირგვლივ, _ რატომ არიან უკმაყოფილო თქვენი კლიენტები? სად არის პრობლემის სათავე?  _ აქ მარტო მე ხომ არ ვარ? მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო და არის დღესაც, ეს კრიზისი, ბუნებრივია, დეველოპერულ კომპანიებზეც აისახა. ამის მიუხედავად ჩვენ არც ერთი ბანკის ვალი არ გვაქვს, ვართ ერთადერთი კომპანია, რომელმაც ბანკის ვალი არ გარისკა. _ იქნებ, შევეცადოთ და პრობლემის სათავეებთან ჩავიდეთ, _ რატომ ვერ მიიღეს ბინები თქვენმა კლიენტებმა დროულად? _ უმარტივესი მიზეზის გამო: მაშინ, როცა ჩვენ ჩვენი ბიზნესის არეალი გავზარდეთ, 2004-2005 წლებში ფართებს იაფად ვყიდდით _ კვადრატულ მეტრს 300-400 $-ად, გარეუბნებში 150 $-ადაც. იმ პერიოდში სამშენებლო მასალებიც იაფი იყო. უფრო დავკონკრეტდები და დეტალურად აგიხსნით: მაგალითად, 2004 წლისთვის ერთი ტონა არმატურა 300 $ ღირდა, ერთი კუბი ბეტონი _ 80 ლარი; 2006 წელს ფასებმა მკვეთრად იმატა: ერთი ტონა არმატურის ფასმა შეადგინა 1500 $, ერთი კუბი ბეტონი კი 300 ლარზე მეტი გვიჯდებოდა. ანუ, ფაქტობრივად, სამჯერ გაგვიძვირდა ფასები. შესაბამისად, გაგვიძვირდა მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე პანიკა იყო, ჩვენი პირადი რესურსებით არაერთი კორპუსი მივიყვანეთ ბოლომდე. _ კრიზისი, ბუნებრივია, ყველას შეგვეხო, თუმცა საქართველოში ცნობილ სამშენებლო სკანდალებთან მაინც `ცენტრ პოინტი~ ასოცირდება. _ იმ პერიოდში სამშენებლო ბაზარზე პანიკა იყო, ამ პანიკის დათესვას ძალიან შეუწყვეს ხელი ტელევიზიებმა, არ დავასახელებ მედიასაშუალებას, თუმცა დავთვალე: ერთ-ერთი ტელევიზიაში 180 უარყოფითი სიუჟეტი გავიდა ერთი წლის განმავლობაში, ეს იყო ჩვენ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი, მიზანმიმართული კამპანია. დეველოპერობა ეს მსხვილი ბიზნესია, მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, დეველოპერული ბაზარი ხელში ჩაეგდო. სურდათ, თავისი კონტროლის ქვეშ მოექციათ `ცენტრ პოინტი~. _ ეს თქვენი მხრიდან გაკეთებული საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაა. შეგიძლიათ გვითხრათ, ვის სურდა წინა ხელისუფლების დროს `ცენტრ პოინტზე~ კონტროლის დამყარება? _ საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ არაფერი იმალება, მე მათ ოჯახებს ვიცნობ, ზოგჯერ საერთო წრეშიც ვხვდებით ერთმანეთს. ამ შემთხვევაში პერსონიფიკაციისგან თავს შევიკავებ. _ დაკონკრეტებისგან თუ თავს იკავებთ, ის მაინც გვითხარით ან მიგვანიშნეთ, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ჰქონდა ადგილი ასეთ მცდელობებს, თუ რომელიმე უწყებების მხრიდან? თან თქვენი და მთავრობას წარმოადგენდა იმ წლებში. ვერ მიიტანა ეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილამდე? _ ადამიანები, რომლებმაც `ცენტრ პოინტს~ თვალი დაადგეს, ჩემს დაზე მაღალ პოზიციებს იკავებდნენ მთავრობაში, მათ დიდი გავლენა ჰქონდათ და პრეზიდენტთანაც ახლოს იყვნენ. იმ წლებში ყველას ყველაფერი საჩუქრად უნდოდა, თბილისის მერია და მერიის განვითარების ფონდი ბევრი რამის გაკეთებას ითხოვდა ჩვენგან: თელავის ინტურისტი, ნინოშვილის ბაზარი, პუშკინის 17 ნომერი, ნინოშვილის 38 ნომერი, რომელი ერთი გავიხსენო? ბიზნესი არაა ვალდებული, ყველას ყველაფერი უფასოდ უკეთოს, ასევე არ გვაქვს ვალდებულება, ბინები მასობრივად დავაჩუქოთ. მე ვფიქრობ, რომ ხალხი მიხვდება, რაზეა ლაპარაკი, მე ჩემი კლიენტები ძალიან მიყვარს. იმაზე იოლი პირობები, რასაც მე ვთავაზობ, ბუნებაში არ არსებობს.

                                                                                                                          ზაზა სვანაძე

     

გაზიარება