QronikaPlus
ვინ ერჩის დედოფლისწყაროელ მაყვალა ბეგიაშვილს და რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცველები?

ვინ ერჩის დედოფლისწყაროელ მაყვალა ბეგიაშვილს და რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცველები?

2015-12-27 08:47:58

  ჩვენი რესპონდენტი, დედოფლისწყაროელი მაყვალა ბეგიაშვილი, წლების განმავლობაში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, რასაც, მისივე შეფასებით, ადგილობრივი სამართალდამცველების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, 36 წლის მუშაობის სტაჟის მქონე ქალბატონი მუზეუმიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მისი დამსახურება მხედველობაში არ მიუღიათ. „ქრონიკა+“ დედოფლისწყაროს მკვიდრს, მაყვალა ბეგიაშვილს ესაუბრება: _ 1994 წელს მამა დამეღუპა და დედოფლისწყაროში, მშობლების ბინაში მარტო, 10 წლის ბავშვის ანაბარა დავრჩი. აქედან დაიწყო ჩემზე შემოტევა. თავიდან მეზობლად მცხოვრები ბუნტურები შემომიცვივდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ამის შემდეგ მათ სხვებიც დამასიეს. ქურდული სამყარო შემომესია და მთელი სახლ-კარი ნელ-ნელა გამიძარცვეს, გამინადგურეს. ადგილობრივი პოლიცია ამაზე არ რეაგირებდა. _ ჯერ ბუნტურები რატომ მოვიდნენ თქვენთან, დაპირისპირების მიზეზი რა იყო? _ თითქოს, ჩემი 10 წლის შვილმა მათ შვილიშვილს თავში მიწა ჩააყარა, _ ეს იყო მიზეზი. ამის შემდეგ შემომიცვივდნენ ბუნტური ვარდო, ბუნტური ნათელა და მათი შვილი, ლელა ქოქიაშვილი. ლელას ქმარი, მათი სიძე, მაშინ პოლიციაში მუშაობდა და, ალბათ, ამიტომ რეაგირება არ მოუხდენიათ. არადა, მცემეს, მარჯვენა ხელის შუა თითი მომტეხეს, ყურებზე საყურეები მომხსნეს. მერე პრობლემები რომ შეექმნათ, უკან გადმომიგდეს. ჩემი დეიდაშვილი, თამაზ კიკილაშვილიც იმ პერიოდში პოლიციაში მუშობდა და მისი ჩართვის მერე ერთ კვირაში საყურე დამიბრუნეს. მეორე ცალი იქვე ეგდო. ამის შემდეგ უკვე გზად, გავლა-გამოვლისას მხვდებოდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შვილის საქციელი მხოლოდ საბაბი იყო და მიზეზი სულ სხვაა. ვიღაცამ დაუკვეთა, რადგან ამ ყველაფერმა რეზონანსი შეიძინა და დროში გაიწელა. _ დამკვეთის მიზანი რა იყო? _ არ ვიცი, რეალურად რაც ხდება, მხოლოდ იმას ვამბობ. მერე უკვე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ჯალიაშვილი მევაჭრებოდა ბინის გაყიდვაზე... _ ჯერ იმაზე მითხარით, ბუნტურებმა შეურაცხყოფა რომ მოგაყენეს, საჩივარი შეიტანეთ? _ დიახ, პოლიციაში ვიჩივლე, რადგან მოწმეც არსებობდა, რომელიც შემოგვესწრო და სიკვდილს გადამარჩინა, მაგრამ ამ საჩივარზე რეაგირება არ ყოფილა. ვიმეორებ: მათი სიძე იქ მუშაობდა და, ალბათ, ეს ფაქტორი გაითვალისწინეს. სიძე მაშინ „გაის“ (ძველი სახავტოინსპექცია) თანამშრომელი იყო. _ ეს ამბავი მერე როგორ გაგრძელდა? _ ამავე სიძის სამსახურებრივი მეწყვილე, გივი ბენაშვილი მომიგზავნეს მეუღლესთან ერთად, _ გავიგეთ, ბინას ყიდი და ჩვენ გვინდაო. ვუთხარი, _ მე ბინას არ ვყიდი-მეთქი და მთელი 15 წუთი დამჭირდა დამემტიკცებინა, რომ სახლს ნამდვილად არ ვყიდდი. ამის შემდეგ, რამდენჯერაც სამსახურში წავიდოდი, ბინაში მიდიოდნენ და ბავშვს რომ მარტოს ხედავდნენ, მუდმივად ბინის გაყიდვაზე ეკითხებოდნენ. რამდენი უარითაც მიდიოდნენ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, იმდენჯერ გაქურდული ან დაზიანებული მხვდებოდა. იმ პერიოდში ფარდები რომ გენახათ, ჩამოჭრილი, ჩამოფხრეწილი იყო, შპალერი ახეული და ა. შ. ბოლოს ასე მეუბნებოდნენ, რომ აქ უცხოპლანეტელები შემოდიან და ისინი აკეთებენო. _ ბავშვის სახლში ყოფნისას შემოდიოდნენ? _ იყო შემთხვევები, როცა მეც სახლში ვიყავი. ათი წუთით სადმე რომ გავიდოდი, დაბრუნებისას რაღაც უკვე მომხდარი იყო. რომ ვამბობდი, ჩემი დაკეტილი სახლი იღება და იკეტება-მეთქი, ბოლოს ყოფილმა პროკურორმა ჯანყარაშვილმა მითხრა, _ შენ მაქციები შემოგსევია და ჩვენ ვერაფერს ვუზამთო. დღესაც ეს ყველაფერი თვალნათელია, ჰაერზე კი არ ვსაუბრობ. ვინც უნდა შეამოწმოს, ნახავს, იქ რა საშინელი სიტუაციაა. _ ვინ აკეთებდა ამას? _ მე ისინი ნანახი მყავს. რომ ვეტყოდი, აი, ეს იყო-მეთქი, რეაგირებას არ აკეთებდნენ. _ ერთი, კაცო, შენ მოგცლია, მოგჩვენებია და ა. შ., _ ასე მპასუხობდნენ. _ მაინც, ვისზე ეუბნებოდით? _ მეზობლები იყვნენ: გივი პოპიაშვილი, ერთს სლავიკა ჰქვია, ერთს სკუპა, ასევე პოპიაშვილი გურამი, ძალიან ბევრნი იყვნენ. ასევე უცხო ხალხი, ვისაც საერთოდ ვერ ვიცნობდი. იყო თევდორაშვილი, რომელიც შემდეგ ცოლმა მოკლა. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! თვითონ ბუნტურების შვილიშვილი მინახავს ჩემს სახლში, ასევე მათი სიძე, რომელიც ბოლოს ქურდობისთვის იყო ნაციხარი. _ მოტივზე მაინც ვერაფერს ამბობთ? _ მეც ეს მაინტერესებს. თავის დროზე, მეზობლებს თვალში რომ ჩავვარდნოდი, ხელს არ ამოისვამდნენ. არ ვარ ჭორიკანა, აბეზარი, უწესრიგო, ისეთი პიროვნება, ვისთვისაც ასეთი რამ შეიძლება გაეკეთებინათ. ამიტომ მგონია, რომ მთელი ეს ამბავი ვიღაცის მიერ იყო დაკვეთილი. შეიძლება ვიღაცას ეს ბინა თვალში ჩავარდნილი ჰქონდა და ცდილობდნენ იძულებული გავეხადე, რომ ბინა დამეტოვებინა. ერთ განცხადებაში საკრებულოს თავმჯდომარე გელა იაკობიშვილზე მიწერია, რომ შეიძლება სათავე ის იყოს, რადგან ბუნტურებთან ურთიერთობა მას ჰქონდა. მათ სიძესთან მეგობრობდა და ასევე ჩვენი ქვემოთა, სოფლის ბინა უნდოდა. მან, თავის დროზე, სოფლის ბინა ცაში გამომიკიდა, ნაკვეთი გამისხვისა, მაგრამ ეს ვარაუდია, რასაც ვერ ვადასტურებ. შეიძლება აქ სულაც ჩემი ქმრადყოფილი იყოს ჩარეული, მაგრამ ამასაც ვერ დავამტკიცებ. მეზობელი, ტატუნაშვილის ბიჭი იარაღით შემომივარდა. მათაც ბინა უნდოდათ, იძულებულს მხდიდნენ, წავსულიყავი. შემოვარდნის მიზეზად ის მოიყვანა, რომ დამწყევლაო. ასევე, შარშან ზამთარში, თბილისში ვიყავი, როცა დავბრუნდი, მაღლა „შიფერები“ ჩაემტვრიათ, ქვევით სახლის კედელი მთლად ჩამომპალი დამხვდა. შვილიც თბილისშია, მუშაობს და მასთან ვიყავი. მას საქმეში არ ვრევ, რადგან მეშინია, საფრთხე დაემუქრება. პოლიცია გამოვიძახე, _ ზემოთ ადით და ნახეთ-მეთქი. _ არა, სად უნდა ავიდეთო? არაფერი გაუკეთებიათ. პოლიციის უფროსს ვკითხე, _ რატომ არ იძიებთ ამ საქმეს, არავის არ სჯით, ასეთ შემთხვევაში სხვა იგივეს ხომ არ ჩაიდენდა-მეთქი? თანამშრომლები მაინც დასაჯეთ, რომ სხვამ საქმე აკეთოს, პროცესი გაჩერდეს-მეთქი. _ მე თანამშრომლების დასჯის უფლება არ მაქვსო, _ მიპასუხა. ასევე, 2013 წლის 8 ნოემბერს სახლიდან ოქროულობით სავსე ჩანთა გაიტანეს. როდესაც პოლიციამ ყურადღება არ მომაქცია, იძულებული გავხდი და გენერალურ ინსპექციაში დავრეკე. მაშინ უფროსი ჯანყარაშვილი იყო. იქიდანაც არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამის შემდეგ გავმწარდი და პრემიერის ნათესავს, თამაზ თამაზაშვილს დავურეკე, _ ბატონო თამაზ, ასეთი სიტუაციაა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ, მივარდებიან, ხანძარს მიჩენენ, სახლ-კარს მინგრევენ, ცხოვრების საშუალებას არ მაძლევენ, რაიონის პოლიცია და ქურდული სამყარო ერთობლივად მებრძვის-მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ გამგებელისთვის მიმემართა. _ გამგებელი რა შუაშია-მეთქი? _ მაშინ პოლიციის უფროსს მიმართეო. _ უფროს ბუბუნაურთან წელიწადნახევარია, დღეში ორჯერ შევდივარ, არ მიღებს, რანაირად ავუხსნა, როცა ახლოს არ მიკარებს-მეთქი? _ ეგ აღარ არის, დავაწინაურეთო. _ ეს კაცი ქურდულ სამყაროსთან შეკრულია და მას როგორ აწინაურებთ-მეთქი? _ ახლა იქ სხვა იქნება, ჩემი სახელით მიდი და მიგიღებსო. ეს უკვე ახლა, გაზაფხულზე იყო. ამის შემდეგაც ყურადღება არ მოუქცევიათ. ეს ამბავი შს მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმაც იცოდა, პასუხი არ მიმიღია. ამასთან, განცხადებას ვწერდი ყოფილ პრეზიდენტზე, გენპროკურატურაზე, შსს-ზე, შესწავლა არ ყოფილა. როდესაც პროკურატურაში განცხადება დავწერე, სიღნაღის პროკურორს პირველად ეს ამბები მოვუყევი, ბიჭს თვალები შუბლზე აუვიდა. _ ამ ეტაპზე რას ითხოვთ? _ პოლიციამ განაცხადოს, თუ ვის აფარებს ხელს. თუ არ არსებობს კონკრეტული პიროვნება, ისე ეს ამბები არ მოხდებოდა. ვინ მუშაობს ჩემს სახლ-კარზე? ეს ხალხი განცხადებებში დასახელებული მყავს, რატომ არ იკვლევენ დანაშაულს? ზარალის ანაზღაურებასაც მოვითხოვ. ახლა ბოლოს, შემოდგომაზე დამპირდნენ, რომ ახალი წლიდან თქვენი პრობლემები მოგვარდებაო. _ რაც შეეხება თქვენს სამსახურებრივ პრობლემას? _ დედოფლისწყაროს რაიონის, ფიროსმანის მუზეუმის ბავშვთა ნახატების განყოფილების თანამშრომლები 1984 წელს, ყოფილი ავტოსადგურის შენობაში შევედით. ეს იყო გაპარტახებული, მღრღნელების ბუდედ ქცეული შენობა. თვითონ ავტოსადგურის თანამშრომლები რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად აშენებულ ბინაში გადავიდნენ. გადავედით თუ არა, ეს შენობა კარგად გავარემონტეთ. იქ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, სკვერი მოვაწყვეთ და ა. შ. 1989 წლის ტრაგედიის შემდეგ ბავშვთა ნახატების განყოფილება 9 აპრილის მემორიალურ მუზეუმად გადავაკეთეთ. მოვიძიეთ ექსპონატები და სახელიც გადავარქვით. მოეწყო სკვერი და დაჩოქილი მტირალი ქალის შესანიშნავი ქანდაკება დაიდგა. შენობა თავიდან გარემონტდა და ყველასთვის თვალში საცემი გახდა. იმ პერიოდში განყოფილების გამგე ვიყავი, სულ 5 თანამშრომელი ვმუშაობდით. გვავიწროებდნენ, კარი იღებოდა, სკამებს იპარავდნენ და ჩვენ წინააღმდეგ მთელ ცირკებს დგამდნენ. 2005 წელს ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია - უსამსახუროდ დავრჩი. ახლა სარჩელი საქალაქო სასამართლოში მაქვს შეტანილი. არ ვიცი, რა იქნება. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ჩემი საქმე. 36 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს და სამსახურიდან გამიშვეს. ერთადერთი მუზეუმის მმართველის შვილს წლინახევრის მუშაობის სტაჟი აქვს, საშუალოდამთავრებულია. დანარჩენი ორი მეთვალყურეც საშუალო განათლებითაა და მე გამიშვეს სამსახურიდან. არადა, უმაღლესგანათლებულს ფონდების მცველობაზე მქონდა პრეტენზია.  

                                                                                                                   გიორგი მეფარიძე

   

გაზიარება