ეკა ბესელიას კომიტეტში შექმნილი კომისიის ირგვლივ აგორებული სკანდალების შემდეგ რედაქციაში უამრავი ადამიანი მოდის. ისინი საკუთარ თავზე გადახდენილ ისტორიებს ყვებიან. ერთ-ერთი მათგანი თეთრი წყაროელი რომან ალთუნაშვილი გახლავთ, რომელიც, თავის დროზე, პოლიტპატიმრის სტატუსს ითხოვდა და კომისიის სხდომებს უშუალოდ ესწრებოდა.
„ქრონიკა+“-ს რომან ალთუნაშვილი ესაუბრება:
_ ჩემი ისტორია 2007 წლის 27 ნოემბერს დაიწყო, როცა თეთრი წყაროს საჯარო რეესტრში უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი. მოულოდნელად სამსახურიდან გამათავისუფლეს. საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა იყო, მაგრამ ბრძანებაში სხვა მუხლი მიუთითეს. თან ამ ბრძანებას არაუფლებამოსილმა პირმა მოაწერა ხელი. ამ მოტივებით გავასაჩივრე ეს ბრძანება და სამსახურში თავი აღვიდგინე, მაგრამ შემდეგ საჯარო რეესტრმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. პირველად დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს, _ ვინაიდან მეორე მხარე არ გამოცხადდა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს, შემდეგ ხელმეორედ გაასაჩივრეს და გააუქმეს როგორც დაუსწრებელი, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილება გამოიტანეს და ის კანონი გამოიყენეს, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ. ეს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე, რომელმაც გადაწყვეტილება გააუქმა და სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვა ხელმეორედ დაავალა. განხილვის დროს დავინახე, რომ საშველი აღარ იყო და ისევ უკანონო გადაწყვეტილება უნდა გამოეტანათ. მოსამართლეები ცდილობდნენ, რომ საქმე მორიგებით დამთავრებულიყო, რაღაც დათმობებზე მეც წავედი, მაგრამ საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, მოსამართლე სულ მოწინააღმდეგე მხარეს უკმაყოფილებდა შუამდგომლობებს, მე კი უარს მეუბნებოდა. მოსამართლეს ვუთხარი, _ ეს არის სასაფლაო, სადაც სამართალს ასაფლავებთ-მეთქი.
_ რას უკავშირებთ სამსახურიდან თქვენ განთავისუფლებას?
_ ჩემი განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აშკარა იყო. არ ვმალავდი, რაც 7 ნოემბერს გააკეთეს, რაც ქვეყანაში ხდებოდა. სხვა მიზეზი არ არსებობდა. 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, მეორე ადგილზე გავედი. რა თქმა უნდა, ბეჟუაშვილი პირველი იყო და მას არჩევნებზე ვერ მოვუგებდით. ეს ყველაფერი აიკინძა და 2010 წლის თებერვალში დამიჭირეს, ბრალი წამიყენეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების დაუფლებაზე და სახელმწიფოსთვის 3000 ლარის ოდენობით ზარალის მიყენებაზე. არადა, ის მიწები, რაზედაც მედავებოდნენ, სინამდვილეში ნაყიდი მქონდა, _ 38 ჰა იყო სათიბი და 22 ჰა _ საძოვარი. ამ ბრალდებას მტკიცებულებად დაუდეს მიწების შეძენის ოქმი და თანხის გადახდის საბანკო ქვითრები. საჯარო რეესტრში ვმუშაობდი, როცა ეს მიწები ვიყიდე, მანამდე იჯარა გავაფორმე და პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენის უფლება გვქონდა. ბრალად ეს წამიყენეს, მაგრამ საქმეში დევს მიწის შეძენის ქვითრები, ოქმი და წერილი ქონების მართვის სამსახურიდან, _ თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თანხა გადაიხადეთ, რომ საკუთრებაში დაგიმტკიცოთო. საპროცესო გარიგებას მთხოვდნენ. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, ვამბობდი, დანაშაული დამიმტკიცონ-მეთქი, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, დავას აზრი არ ჰქონდა. ბრალზე შეთანხმება გადავწყვიტე, აღიარებითი ჩვენება არ მიმიცია, იმას ვერ ვაღიარებდი, რაც არ არსებობდა. გამომძიებელს ესეც ვუთხარი და, უბრალოდ, ბრალდებას მოვაწერე ხელი. ბრალდებას იმიტომ დავთანხმდი, რომ კანონში პირდაპირაა მითითებული, _ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში აღიარებითი ჩვენება არაფერს ნიშნავს. სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ 2007 წლის 22 ივნისს გამოსული იყო კანონი ქონების ლეგალიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, ამ კანონის გამოსვლამდე შეძენილი ქონება, თუნდაც კანონდარღვევით ყოფილიყო, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს, ლეგალიზებულად მიიჩნეოდა. პირდაპირ მის მე-5 მუხლში მითითებულია, რომ გამოძიების უფლებაც არ გააჩნიათ, მათ მხოლოდ შეუძლიათ, განკარგვის მართლზომიერებაზე აწარმოონ გამოძიება ისე, რომ შემძენის უფლებები არ დაირღვეს. არც ეს გაითვალისწინეს. ვიცოდი, რომ პოლიტიკური მიზნით ვიყავი დაკავებული. 3 თვე გლდანის ციხეში ვიჯექი, როცა გამოვედი, 2012 წლის არჩევნებში მეც ვმონაწილეობდი, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მქონდა. მერე გამოვიდა კანონი ამნისტიის შესახებ, ეს შემეხო და დარჩენილი პირობითი სასჯელიც მომეხსნა. ამავე დროს მოვითხვე პოლიტპატიმრის სტატუსის მონიჭება და მთელი ჩემი საქმე წარვადგინე თანდართული მტკიცებულებებით, უკანონოდ რომ ვიყავი დაკავებული, არჩევნებში რომ ვმონაწილეობდი; შემაჯამებელი ოქმი, მაჟორიტარობის კანდიდატის მოწმობაც კი გავაგზავნე. გადის დრო, ნოემბერია, ღამის 11 საათი, ქუთაისიდან მირეკავენ და მეუბნებიან, _ ხვალ უნდა ჩამოხვიდე, თქვენი საქმე იხილებაო. ჩავედი ქუთაისში, კომისიის სხდომაზე 3 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი, სწორედ ეს არის ჩემი თქვენთან მოსვლის მიზანი, რომ გაზეთში დაიწეროს, რა ხდებოდა იმ კომისიის სხდომაზე.
_ რას გულისხმობთ?
_ მე იქ სამუშაო ატმოსფერო ვერ ვნახე. რაღაც ახლობლური ჯგუფებივით იყო. ნანა კაკაბაძე ესწრებოდა, რომელიც იმ 3 საათის განმავლობაში კომისიის მუშაობაში არ ჩართულა, იჯდა თავისთვის განმარტოებით და ხმა არ ამოუღია. კიდევ იყვნენ: მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლალი აფციაური, ძირითადად, ეს ხალხი ვიცანი. მოწვეულები იყვნენ: ბურჯანაძის პარტიიდან თემურ ლომსაძე, ზურაბ ტყემალაძეც იყო, გია კრიალაშვილი რომ მოკლეს იმისი დედა, მეუღლე, ასევე _ და. კიდევ იყო ხალხი, მაგრამ ყველა ვერ ვიცანი. ამ კომისიის სხდომაზე ყველაზე ძალიან ორი მომენტი დამამახსოვრდა და ეჭვი შემეპარა, რაც იქ ხდებოდა: ერთი პიროვნება ბრძანდებოდა, როგორც თვითონ თქვა, ხარაგაულიდან იყო, არ ვიცი, ვინ პროტექტორობდა, _ ჩემს ნათესავს სამშნებლო ფირმა ჰქონდა, კახა ლომაიასთან იყო დაახლოებული და ტენდერებს იგებდა განათლების სამინისტროშიო. ამის სანაცვლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანხას ურიცხავდა, კარგად აღარ მახსოვს რიცხვი, მაგრამ ბოლოს 60 000 მოსთხოვეს და 20 000 ჩაურიცხა, თუ უფრო ნაკლები. ამის გამო ფინანსური პოლიცია შეაგზავნეს. ამ ადამიანმა ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ გაიქცა. ფინანსური პოლიციის შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ ადამიანისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. არ ვიცი, მიანიჭეს თუ არა, მაგრამ მე იქ უარი არ მომისმენია, სავარაუდოდ, დააკმაყოფილეს. მეორე კურიოზული მომენტი იყო, როდესაც ერთი ადამიანი წამოდგა და ამბობს, _ ქუთაისში ვმუშაობდი, ოპერი ვიყავი და ნარკოტიკულ დანაშაულს ვებრძოდი, ნარკოტიკების გამსაღებლები „ნაციონალები“ იყვნენ და ყველა მოვსპე, ჩემზე რომ ვერანაირი გავლენა ვერ იქონიეს, სამსახურიდან გამათავისუფლეს და ჩემი ძმა დაიჭირესო. დაჭერის მიზეზი ჰკითხეს და ქურდობაო, _ რა მოიპარაო? და, _ 40-ლარიანი შარვალი ბაზრობაზეო. ამათ შეიცხადეს, _ 40-ლარიანი შარვლის გამო „ნაციონალებმა“ როგორ მისცეს 4 წელი ციხეო?! პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება უნდოდათ ამ ადამიანისთვის და ციხიდან გამოყვანა. განაჩენიც კი არ ჰქონდა წარმოდგენილი და დილის 10 საათამდე მისცეს ვადა, რომ მიეტანა. როდესაც ვუთხარი, _ პირობითი მსჯავრი მაქვს-მეთქი, მითხრეს, _ ჩვენ მხოლოდ პატიმრების საქმეს ვიხილავთ და ვინაიდან ციხიდან გამოსული ხარ, შენს საქმეს ვერ განვიხილავთო. _ დავაშვე, რომ მათი მარწუხებიდან თავი დავაღწიე და გამოვედი-მეთქი? რაც მთავარია, პოლიტიკური ნიშნით ხომ დამიჭირეს და ბრალიც უკანონოდ წამიყენეს-მეთქი. _ ჩვენ ამის დრო არ გვაქვს, ბევრი საქმე გვაყრიაო. სხდომა დამატოვებინეს. კი ვუთხარი, _ თუ პატიმარი გეგონეთ, დალოცვილებო, 2-ჯერ რომ დამირეკეთ სახლში, ქუთაისში ჩამოდი, სოზარ სუბარი მანქანას მომცემდა და ციხიდან გამომიშვებდა-მეთქი? როგორ გეგონეთ პატიმარი, განცხადება მანდ გაქვთ, საქმე წინ გიდევთ, არც წაგიკითხავთ-მეთქი. _ დროს ნუ გვაკარგვინებო! და გამომისტუმრეს. ჩემი აზრით, მე და ჩემნაირებს პოლიტპატიმრის სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს და ისეთ ხალხს მისცეს, ვისაც არ ეკუთვნოდა, რომ რაოდენობა გაეზარდათ, ჩვენს ხარჯზე მისცეს სხვას. მე ვინმეს წინააღმდეგი კი არ ვარ, გამოიყვანონ ციხიდან, მაგრამ რაც მეკუთვნის, რატომ დამიკარგეს?! ეკა ბესელია ვითომ ადამიანის უფლებების დამცველია, პირიქით, მან დაარღვია ჩვენი უფლებები. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მივმართე განცხადებით, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა, ბოლოს ტელეფონზე დავრეკე და ვუთხარი, _ თუ ჩემს განცხადებას რეაგირების გარეშე დატოვებთ, რაც კომისიის სხდომაზე მოვისმინე, ამას გავასაჯაროებ-მეთქი. ამას ის მოჰყვა, რომ ჩემი განცხადება სამართალწარმოების პროცესებში ჩადენილ დანაშაულთან გამოძიების დეპარტამენტში გადააგზავნეს, ასლი გამომიგზავნეს მე, ასევე რუსთავის პროკურატურას და ჩემი საქმის შესწავლა მოითხოვეს. 2-თვიანი ვადა მისცეს, რომ პასუხი ეცნობებინათ მათთვისაც და ჩემთვისაც. ერთი წელიწადი ხდება, არაფერი მიმიღია. ამას წინათ ბესელიამ ტელევიზიით თქვა, ჩემს საქმეებს მოვიკითხავ ხოლმეო. რატომ ჩემი საქმე არ მოიკითხა, ის წერლი ხომ მისი კომისიიდან გაიგზავნა?! რუსთავის პროკურატურამ საერთოდ იგნორირება გაუკეთა და არც განიხლა მისი განცხადება. მთავარ პროკურატურაში, დეპარტამენტში პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დამიბარა, დამკითხა, ამ კაცმა პირობა მომცა, რომ ჩემს საქმეს გამოიძიებს. იმედი მომცა, მაგრამ მაინც არ მჯერა. ეჭვი მაქვს არა ამ კაცის მიმართ, არამედ იმის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, ჩვენი საქმეები დაიძრას. ამნისტიის შესახებ კანონი შეგვეხო, სადაც 25-ე მუხლში წერია: ყველას, ვისაც ეს კანონი შეეხო, სამართლიანი სასამართლოს სარგებლობით უფლება აქვსო. რუსთავის სასამართლოდან მომწერეს, ამ კანონის გამოყენების თაობაზე განმარტება არ გვაქვსო. მივწერე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის მინისტრს და უზენაეს სასამართლოს, თან რუსთავის სასამართლოს ეს წერილი დავურთე და ვთხოვე, _ სასამართლოს განმარტება მიეცით, ეს კანონი როგორ გამოიყენოს-მეთქი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და სამინისტრომ მომწერა, _ ჩვენს ფუნქციაში კანონის განმარტება არ შედისო. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მომწერა, _ ეს მუხლი მხოლოდ სამართალწარმოების პროცესში დაუსრულებელ საქმეებს ეხება და არა თქვენო, რაც არასწორია. სასამართლოში დღესაც განუკითხაობაა, არ არსებობს საფუძველი, რომ ჩვენ, ვისაც ეს კანონი შეგვეხო, უარი გვითხრან სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე. მთავარი ის არის, რომ ჩემი საქმის გამომძიებელი, ნინო ლოლაძე, ისევ გამომძიებელია; პროკურორი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი ზურაბ ხატიაშვილი ახლა განყოფილების პროკურორია; არანაირი იმედი არ მაქვს, რომ პროკურატურა ჩემს საქმეს განიხილავს და გადაწყვეტს, რადგან ეს ხალხი ისევ იქ მუშაობს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მდგომარეობა?! იმის იმედად ვიყავით, რომ მოვიდოდა ეს ხელისუფლება და რაღაცით გვეშველებოდა. სამართლიანობის აღდგენა მართლა რთული პროცესია, მაგრამ მარტივი საქმეები რაც არის, სადაც ხელის გულზე ჩანს, აშკარად რომ დაგვიჭირეს და უკანონოდ წაგვართვეს ქონება, ამის დაბრუნებას ხელს რა უშლის?! არ ვამბობ, რომ ეს ხალხი დაიჭირონ, მაგრამ ხომ შეიძლება, ისეთი რამე მოიმოქმედონ, რომ ჩვენც დავმშვიდდეთ და შურისძიებაზე არ ვიფიქროთ?! სამართალს რომ ვერ ვპოულობთ, სხვა გზა აღარ დაგვრჩენია და ეს ლოგიკურიც არის! ეკა ბესელიასაც ეყოს, რაც გააკეთა და დღეს რა ამბავია ატეხილი მის საქმეებთან დაკავშირებით, თავი შეიკავოს ამ ქალბატონმა ასეთი განცხადებებისგან, დედა ტერეზა რომ გამოვიდა, საზღვარგარეთ ვიყავიო, საინტერესოა, ვისი ინტერესების დასაცველად იყო წასული?! ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით კი არ ვაკეთებ, ამის მიზანი ის არის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს ხალხი აღარ მოხვდეს და უკეთესები შეირჩნენ. გასაგებია, ფორს-მაჟორში დაკომპლექტდა ეს პარლამენტი, მაგრამ ახლა ხომ დაწყნარებულ-დალაგებულია?! ეს ხალხი უნდა მოიცილონ, ხომ რეალობაა, საიდან სადამდე მიიყვანეს ამათ თავიანთი ავტორიტეტი და ბიძინა ივანიშვილიც! მასაც კი არ გაუწიეს ანგარიში, ისე გათავხედდნენ!
თამარ ბატიაშვილი