QronikaPlus
გიორგი ნაზღაიძე: „რჩეულიშვილების კრიმინალურ დინასტიას თუ ვინმე არ პატრონობს, რატომ არ ტარდება მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები?“

გიორგი ნაზღაიძე: „რჩეულიშვილების კრიმინალურ დინასტიას თუ ვინმე არ პატრონობს, რატომ არ ტარდება მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები?“

2015-12-22 09:41:18

თემას, რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, ერთი ადამიანის პირადი პრობლემიდან ელიტარული სამშენებლო ბიზნესის სათავეებში არსებულ პრობლემებამდე ავყავართ. საქართველოში ყველაზე ცნობილ სამშენებლო სკანდალებთან ასოცირდება „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომელიც 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს და რომელიც ყოფილმა პარლამენტარებმა _ ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დააარსეს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული კლიენტები წლების განმავლობაში იბრძოდნენ და იბრძვიან დღემდე. ამჯერად ჩვენ ერთ-ერთ რესპონდენტზე დაყრდნობით გიამბობთ ისტორიას, რომლის მსგავსიც არაერთხელ მოგვისმენია. რესპონდენტს დედაქალაქის ცენტრში შევხვდი. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ინტერვიუს ჩაწერამდე მისთვის ფოტოების გადაღება გადავწყვიტე კონკრეტულ ობიექტთან. სკანდალურად ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი უხასიათოდ პოზირებს მარიჯანის ორ ნომერში მდებარე დაუსრულებელი კორპუსის წინ. გიორგი ნაზღაიძე „ცენტრ პოინტის“ მსხვერპლად მიიჩნევს თავს. ფოტოების გადაღების შემდეგ შენობას ვუახლოვდებით. ხის ფიცრებისგან შეჭედილ ღობეს თვალს ვაყოლებ, ბანერს ვეძებ, სადაც მითითებული მშენებლობის დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება, საკონტაქტო ნომრებთან ერთად. შენობას წრე შემოვარტყით, თუმცა ღობეზე არაფერია გამოკრული. დარაჯმა, რომელიც სახელდახელოდ აგებულ კოშკურაში განთავსებულიყო, გვიპასუხა, რომ ბანერი ქარმა მოგლიჯა და შენახული აქვს. მან არ დაიზარა და იქვე, შენობის პირველ სართულზე მიყუდებული მომცრო ზომის მატერია გვაჩვენა, სადაც მითითებულ ნომრებზე ქუჩიდან გადავრეკე. არქიტექტორები გიორგი გიორგაძე და მიხეილ ხომერიკი „ცენტრ პოინტისკენ“ აღმაშენებლის 150 ნომერში მამისამართებენ. გიორგი ნაზღაიძე მთავაზობს, _ მოდი, აღმაშენებლის 150 ნომერში ერთად წავიდეთ და შემდეგ ჩავწეროთ ინტერვიუ, არ გაინტერესებს, რას მეტყვიან? აჯობებს, შენი თვალით ნახო ყველაფერიო. მე ვთანხმდები, რადგანაც დაპირისპირებულების უშუალო დიალოგი ყოველთვის ნათლად წარმოაჩენს ორივე მხარეს და თავად სიმართლესაც. ინტერვიუ რამდენიმე საათით გადავდეთ და აღმაშენებლის 150 ნომერში გავემართეთ. მობილური ტელეფონი გადაღების რეჟიმზე ჩავრთე და შენობაში შევედით. ცენტრალური კარიდან, დაახლოებით, 3-4 მეტრში დავდექით, ისე რომ სარეგისტრაციო ზონა არ გადაგვიკვეთავს. გიორგი ნაზღაიძე დაცვის თანამშრომლის პირისპირ გაჩერდა: _ გამარჯობა, ეკას მინდა გავესაუბრო მარიჯანის ობიექტთან დაკავშირებით. _ ეკა აქ არის, მაგრამ ვერავის მიიღებს, სხვა ობიექტის მოსახლეობას ხვდება, _ იყო პასუხი. თუმცა დაცვის თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ ვაწარმოებდი მობილური ტელეფონით გადაღებას შენობაში, რაზედაც ვუპასუხე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და კონკრეტულ თემას ვაშუქებდი. ამ მშვიდი საუბრის დროს დერეფნის შუაგულიდან კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალბატონი გამოვიდა, რომელიც ასევე დაინტერესდა ჩვენი ვიზიტით. ის გიორგი ნაზღაიძეს მიუახლოვდა და დაცვის თანამშძრომლის მიერ დაწყებული საუბარი გააგრძელა, _ ხო, მაგრამ რატომ იღებთ ახლა? _ იმიტომ გიღებთ, რომ სამი წელი დავიღალე თქვენი ლოდინით, _ უპასუხა ნაზღაიძემ. რამდენიმე უმნიშვნელო რეპლიკის შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონი ჩვენგან 3-4 მეტრში, დერეფნის დასაწყისში მდებარე ოთახში შევიდა, სადაც შუა ხნის ქალბატონს უხმო. ქალბატონი ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა და მოახლოებამდე გვკითხა, _ თქვენ ვინ ბრძანდებით? შემდეგ კი კატეგორიული ტონით გვიბრძანა, _ გამოთიშეთ კამერა! _ მე ჟურნალისტი ვარ, ქალბატონო, _ ვუპასუხე. მან კი რამდენჯერმე გაიმეორა: _ არ გაქვთ ამის უფლება, არ გაქვთ ამის უფლება! ის იყო, კამერის გამორთვა და უკან გამოსვლა დავაპირე, რომ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, აღნიშნულმა ქალბატონმა ბრძანება გასცა, _ გადაკეტეთ კარი და დარეკეთ პატრულში! ბუნებრივია, ამის შემდეგ კამერის გათიშვა არც მიფიქრია, ვინაიდან ქალბატონი აშკარა აგრესიას გამოხატავდა არა ნაზღაიძის, არამედ ჩემი მისამართით. _ დაუძახეთ იურისტებს! ჩაკეტეთ კარი! გამოიძახეთ პატრული! _ გააგრძელა ქალბატონმა. ნაზღაიძე დუმს... მე გადაღებას ვაგრძელებ... _ თქვენ საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინეთ, რომ ჩვენს ოფისში მოდიოდით და გადაღებას აპირებდით. _ გასაგებია, გავალ, ქალბატონო, _ ვუპასუხე მე. _ თქვენ ვერსად ვეღარ გახვალთ! დაკეტე კარი! „ქრონიკა+“-ს, რომელიც, არაერთხელ, ძალიან არაკორექტულად მოიქცა, ჩემს დერეფანში ყოფნის უფლება არ აქვს. იმ მომენტში, როდესაც ქალბატონი ქეთევან ჟორდანია „ქრონიკა+“-ს სტანდარტებს უწუნებდა, მე, როგორც ჟურნალისტი, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებოდი დაზარალებულთან ერთად. ყველა ჩემს მცდელობას, უკონფლიქტოდ და მშვიდად დამეტოვებინა შენობა _ ქალბატონი ქეთი ჟორდანია უარით პასუხობდა. ერთ მომენტში კი მასსა და ნაზღაიძეს შორის შელაპარაკებაც მოხდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მე და ნაზღაიძემ ცენტრალური კარისკენ გავიწიეთ, მათ წინააღმდეგობა შეასუსტეს, თუმცა გარეთ გამოგვყვნენ. ქეთევან ჟორდანიამ ნაზღაიძეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა, გიორგი დასთანხმდა, მას მეც შევყევი. მასპინძელმა მთხოვა, რომ იქ, გამართული საუბარი არ გასაჯაროებულიყო, რაზედაც პირობა მივეცი და ამ პირობას, ბუნებრივია, შევასრულებ. ქეთევან ჟორდანიასა და ნაზღაიძეს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებული საუბარი 5-10 წუთის დაწყებული იქნებოდა, როდესაც ოთახის კართან პატრულის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ჟორდანიას ხელქვეითმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც იქამდე „კრიმპოლში“ დარეკვას აპირებდა, ხმამაღლა თქვა: _ აგერ, სამართალდამცველები მოვიდნენ, მაგრამ, მე მგონი, გავუშვებო. ამ პიროვნებას საუბარი თავად პატრულ-ინსპექტორმა შეაწყვეტინა: _ როგორც ვატყობ, ჩემი დახმარება აღარ გჭირდებათ! სამართალდამცველები დერეფანში ისე გავიდნენ, ოთახში, ფაქტობრივად, არც შემოსულან. მე მათ ჩართული კამერით გავყევი და ადგილი მივუთითე, სანამდეც ვიყავი შესული რესპონდენტთან ერთად. ამ ეტაპზე ჩემთვის დაუდგენელმა პიროვნებამ სამართალდამცველებს ჰკითხა, _ ჩემს კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში ამ ადამიანს გადაღების უფლება აქვსო? ერთ-ერთმა პოლიციელმა უპასუხა, _ თუ შემოუშვით, გადაიღებდნენო. მე შენობა სამართალდამცველების გასვლისთანავე დავტოვე და მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფ ნაზღაიძეს ინტერვიუსთვის დაველოდე. ნახევარი საათის შემდეგ ისიც გამოვიდა.   „ქრონიკა+“ გიორგი ნაზღაიძეს ესაუბრება: _ გიორგი, ამ დაძაბული სიტუაციის შემდეგ, პირველ რიგში, გკითხავ: კმაყოფილი ხარ თუ არა ქეთევან ჟორდანიასთან გამართული მოლაპარაკებით? მიიღე კითხვებზე კონკრეტული პასუხები? _ მე იქ სკანდალის მოსაწყობად ნამდვილად არ მივსულვარ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ხმაურიან ადამიანად მიცნობს, ჩემი პრობლემით შოუებს არ ვდგამ. მივედი იმიტომ, რომ მათგან კონკრეტული პასუხები მაინტერესებდა, მათ კი რა იკადრეს? _ პანიკები მოაწყვეს და პატრულში დარეკეს, გეგონება, ოფისი დავურბიეთ. მოლაპარაკების დასაწყისს შენც ესწრებოდი, თუმცა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. _ გასაგებია. თავიდან დავიწყოთ: როდის გადაიკვეთა გიორგი ნაზღაიძისა და „ცენტრ პოინტის“ გზები? _ სამ წელიწადზე ცოტა მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, ბინა სრულად დამთავრებული არ იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა ომები თუ მომიწევდა და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, 2016 წელს ჩემი ფულით ნაყიდ ბინაში რომ ვერ შევხვდებოდი. სანამ ასეთ მასშტაბურ შენაძენს დავაპირებდი, ჯერ უბანი და კორპუსი შევარჩიე საგულდაგულოდ. მოგეხსენებათ, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ პრესტიჟულ ადგილად მიიჩნევა ჩვენს დედაქალაქში. ერთი შეხედვით, შენობაც მომეწონა, მეორე ეტაპზე კი ჩემს მეგობარ ბანკირებში გავიკითხე, თუმცა მათ მითხრეს: არც ბანკშია ჩადებული ეგ კორპუსი და არც სხვა ტიპის პრობლემას გვიჩვენებს სისტემაშიო. ჰოდა, მეც პირველადი თანხა შევიტანე და მას შემდეგ, აგერ უკვე სამი წელია, ქირით ვარ. _ აღნიშნული კორპუსის მშენებლობა საერთოდ შეჩერებულია, თუ ნელ ტემპებში მიმდინარეობს? _ შუა დღის საათებში რამდენჯერმე სპეციალურად მივედი, თუმცა მანდ მუშები ვერ ვნახე. ამას წინათ, იქვე, გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს ვკითხე და მათაც დამიდასტურეს, _ იშვიათად, ორ-სამ კაცზე მეტი შევნიშნოთ და ისიც კვირაში ერთხელო. უზარმაზარი, მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც ასობით ოჯახი უნდა შესულიყო, ორი-სამი მუშა თუ კვირაში ერთხელ შეივლის, ეგ ობიექტი კიდევ კარგა ხანს ვერ დასრულდება. _ ძნელია მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ, იქნებ, მართლაც ჩაგაბარონ ახლო მომავალში? _ ამ „ახლო მომავლის“ მოლოდინში მე ვზარალდები, „ცენტრ პოინტს“ კი კანონის დარღვევისთვის პასუხს არავინ სთხოვს. ჩემი, როგორც კლიენტის უფლებები, უხეშად ირღვევა. _ უფრო კონკრეტულად რომ უამბოთ ჩვენს მკითხველს: თქვენი, როგორც კლიენტის, უფლებები როგორ დაირღვა? _ მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში გარკვევით უწერიათ, თუ ისინი კონტრაქტით გათვალისწინებულ დროში ბინებს ვერ ჩაგვაბარებდნენ, ყოველ გადაცილებულ თვეზე კომპენსაცია უნდა გადაეხადათ. ეს ყოველთვიური კომპენსაცია მიზერულია, თუმცა ერთი წლისა და წლინახევრის განმავლობაში არცთუ მცირე თანხა დაგროვდებოდა, მაგრამ მათ კომპენსაცია არ გადაუხდიათ. წლებია, ქირით ვარ. მართალია, დიდი ოჯახი მყავს, მაგრამ მე დამოუკიდებლად ცხოვრება მინდა, „ცენტრ პოინტ ჯგუფისა“ და მასთან არსებული კომპანიების გამო მე ვზარალდები. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველადი შენატანიდან 2 წლის თავზე ახალ ბინაში გადავიდოდი, თავადაც ამას მპირდებოდნენ, მაგრამ დღემდე ქირით ვცხოვრობ. ვინ ამინაზღაურებს ზარალს? _ ალბათ, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს ეხმიანებოდი, რას გპასუხობდნენ? _ მენეჯერები იცვლებიან, პრობლემა კი ადგილიდან არ იძვრის, უკვე სახელები ამერია: ჯერ ნათია იყო, მერე ეკა, მაკა, ვიკა. ყველა მათგანს რა გაიხსენებს? მათი პასუხები კი ყოველთვის სტანდარტულია. არ გამოვრიცხავ, სპეციალურად შემუშავებული სტრატეგიაც ჰქონდეთ, რომ პასუხის გამცემებს პერიოდულად სხვადასხვა პოზიციაზე ანაწილებდნენ, რათა სამართლიანად განრისხებულ კლიენტებში ერთმა და იგივე სახემ აგრესია არ გამოიწვიოს. შეიძლება, თავად ეს მენეჯერები ვერ უძლებენ ასეთ სტრესულ გარემოში მუშაობას და სხვა სამსახურებში მიდიან. ალბათ, ამ ახალგაზრდა ქალბატონებსაც უჭირთ უსახლკაროდ დარჩენილთათვის უტიფრად ტყუილების თქმა. _ უკან რომ მოითხოვო შენ მიერ გადახდილი თანხა, სრულად თუ არა, რაღაც ნაწილი მაინც? როგორ ფიქრობ, არის იმის შანსი, რამე დაგიბრუნონ? _ ამ თემაზეც უნდა მესაუბრა და კითხვის დასმა დამასწარით. სრულადაც რომ ავიღო ჩემ მიერ გადახდილი თანხა უკან, ფინანსურად მაინც დაზარალებული ვარ, ვინაიდან მეორე ეტაპზე შესატანი თანხა, ათი ათას დოლარზე მეტი, ფაქტობრივად, შემომეხარჯა, _ იქ ქირა, იქ გაუთვალისწინებელი ხარჯები. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: ისინი მეუბნებიან, თანხის ნაწილს იმ შემთხვევაში დაგიბრუნებთ, როცა თქვენი ბინა გაიყიდება და ახალი კლიენტი ბოლო თეთრამდე გადაიხდის ბინის საფასურსო. ალბათ, ერთმა ღმერთმა იცის, ჯერ დაუმთავრებელ კორპუსში, სადაც პოტენციური მობინადრეები ნაწილ-ნაწილ იხდიან თანხებს, როდის დაფარავს ბოლო თეთრებს ახალი მყიდველი?! ან კი ვის გაუჩნდება დაუსრულებელ და ასეთ საპრობლემო კორპუსში ბინის ყიდვის სურვილი? _ დაზარალებულმა კლიენტებმა თუ სცადეთ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა და რაიმე ფორმით ინიციატივების საკუთარ თავზე აღება? _ გუნდი, რომელიც მარიჯანელებმა თავიანთი უფლებების დასაცავად ჩამოყალიბეს, ძალიან აქტიურია. სამწუხაროდ, მე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მათთან ხშირ კონტაქტს ვერ ვახერხებ, თუმცა ვიცი, რომ ამ ჯგუფის დაარსების შემდეგ „ცენტრ პოინტი“ იძულებული გახდა, ბიუჯეტის ერთპიროვნულ განკარვაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მარიჯანის საინიციატივო ჯგუფი „ცენტრ პოინტს“ კატეგორიულად სთხოვს მემორანდუმით აღებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული კომპანია დაზარალებულთა მიერ შექმნილი ამ საინიციატივო ჯგუფის აქტიურობით უკმაყოფილოა. ეს ბუნებრივიცაა, ფეისბუქში ამავე სახელწოდების გვერდიდან (მარიჯანის საინიციატივო ჯფუფი, _ ავტ.) ინფორმაციები ვრცელდება მარიჯანის მობინადრეებთან შეხვედრებისა და სხვა ტიპის გეგმების შესახებ. ამავე გვერდზე დაზარალებული კლიენტების ვიდეომიმართვებსაც იხილავთ. მოკლედ, მარიჯანელებს საჯარო გვაქვს ჩვენი ფინანსები და იმავე სოციალური ქსელების საშუალებით ვამხელთ „ცენტრ პოინტს“. _ ამის შემდეგ მაინც თუ შეიცვალა „ცენტრ პოინტის“ სტრატეგია კლიენტებთან? ვთქვათ, პირადად შენთან დაკავშირებით თუ მოხდა კონტრაქტების გადახედვა შენთვისვე სასიკეთოდ? _ ერთი პერიოდი ახალი ხელშეკრულებები დაგვიდეს, პირადად ჩემთან დადებულ ახალ კონტრაქტში დარჩენილ 19 000 ამერიკულ დოლარს სამ ეტაპად მიყოფდნენ, ვიღაცებმა თანხის შეტანაც დაიწყეს, თუმცა ხარჯების გამჭვირვალე კონტროლის მიუხედავად, საქმე წინ არ მიდის. რადგან კომპანიას აქეთ აქვს პრეტენზიები, ალბათ, მათთვის კორპუსის დასრულებაზე ადვილი კლიენტებისთვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებაა. ისიც უნდა გითხრათ, პოტენციურ მობინადრეებს ინფორმაცია გვაქვს, რომ „ცენტრ პოინტმა“ თავიდან გათვალისწინებული პროექტი არაერთხელ შეცვალა, მარიჯანის კორპუსს გვერდიდან რამდენიმე სადარბაზო აქვს მოშენებული, ხოლო ზემოდან რამდენიმე სართული დააშენეს. ალბათ, აუცილებელი არ არის, მშენებელი იყო, რომ მიხვდე, რა რისკებს შეიცავს ასეთი ტიპის დაშენება თუ მოშენება, მაგრამ ისევე როგორც მშენებლობის ძირითადი ნაწილი, შემდგომში მიმატებული სადარბაზოების ამოშენებაც შეჩერდა. _ საკმაოდ ბევრ ადამიანს იცნობ, მათ შორის, პოლიტიკოსებს და გავლენიან პერსონებს. თუ გქონია მცდელობა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვინმესთვის ხმა მიგეწვდინა? _ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩუმად ვიყავი; ვფიქრობდი, ახალი მთავრობა, რომელიც სამართლიანობის აღდგენას გვპირდება, ალბათ, ამ თემითაც დაინტერესდება-მეთქი. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ეს მთავრობა, მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ „ცენტრ პოინტის“ უპასუხისმგებლო ქმედებებს ბოლო მოეღებოდა. მე არ ვიცი, სამომავლოდ რა იქნება, თუმცა ჩემი იმედები ამ დრომდე არ გამართლებულა. რაც შეეხება კითხვაზე კონკრეტულ პასუხს, გეტყვი, რომ პოლიტიკოსების შეწუხება არ მიფიქრია. ამ ეტაპზე აღნიშნული თემის მედიის საშუალებით გამომზეურება პირადად მე გადავწყვიტე. _ ინტერვიუს ჩაწერამდე ჩემთან საუბრისას აღნიშნე, რომ „ცენტრ პოინტის“ თემას ქართულ მედიაში ტაბუ ადევსო. ნუ დავაკონკრეტებთ მედიასაშუალებებს, მაგრამ მაინც გკითხავ, _ შენი აზრით, რატომ იბლოკება მედიით „ცენტრ პოინტის“ თემა? რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? _ მართალია, პოლიტიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით არ ვმოღვაწეობ, თუმცა წლებია, რაც ეკრანზე ვარ და არაერთ ჟურნალისტს ვიცნობ პირადად, მაგრამ ამის მიუხედავად „ცენტრ პოინტის“ სამშენებლო პირამიდების შესახებ ინფორმაციის ეკრანებამდე მიტანა ვერ შევძელი. ვერც ერთი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ვერ დავაინტერესე აღნიშნული თემით. კულუარებში მითხრეს, რომ „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ მედიით ბრძოლა გაგიჭირდება, ვინაიდან მათ საკმარისზე მეტი სარეკლამო დრო აქვთ ნაყიდი ტელევიზიებშიო. შესაბამისად, ამ კომპანიისგან ფინანსურად დავალებული მედიასაშუალებები ისეთი შინაარსის სიუჟეტებს არ მოამზადებენ, სადაც მათთვის მიუღებელ თემებზე უნდა ისაუბრონო. აქვე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის. გამიგია, რომ „ქრონიკა+“ გავლენიანი გაზეთია, ისიც გამიგია, რომ ამ გაზეთის მთავარი რედაქტორისთვის ხელშეუხებელი პოლიტიკოსები არ არსებობენ, შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ ზემოთ ყურებს შეიბერტყავენ. _ დიდი მადლობა „ქრონიკა+“-ის შეფასებისთვის. ყურების შებერტყვა ახსენე, შენი ინფორმაციით, „ცენტრ პოინტს“ ამ ხელისუფლებაში ვინმე მფარველობს? _ ტყუილს არ გეტყვით, ზემოთ არსებულ ფარულ თამაშებზე დეტალურ ინფორმაციებს ნამდვილად არ ვფლობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ცენტრ პოინტს“ მფარველობენ. ამის თქმა ცალსახად შემიძლია და იცით, რატომ? _ აღნიშნულ კომპანიას მხოლოდ გიორგი ნაზღაიძე არ დაუზარალებია. საუბარია ასობით გაუბედურებულ ოჯახზე და რას აკეთებს ხელისუფლება ამ დროს? სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც დალაგებული ჰქონდათ სიტუაცია. რჩეულიშვილების კლანს რაღაც სამუდამო იმუნიტეტი იცავს ყველა მთავრობაში. მათ დააფუძნეს კინოსტუდია „სანგუკო“, უშვებენ გლამურულ ჟურნალ-გაზეთებს, სხვადასხვა შოუში მღერიან და ცეკვავენ, პერიოდულად გასართობ გადაცემებშიც ახდენენ თავიანთი ქონების დემონსტრირებას, მაშინ როცა ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვეს! მიპასუხეთ: თუ რჩეულიშვილების კრიმინალურ დინასტიას ამ ხელისუფლების პირობებში ვინმე არ პატრონობს, რატომ არ ტარდება მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები? _ ამ კითხვაზე, ალბათ, ჩემზე კომპეტენტურად მთავარ პროკურატურაში, ან სხვა უწყებებში გიპასუხებენ. თავად თუ აპირებ კამათის სამართლებრივ სიბრტყეში გადატანას? _ რა თქმა უნდა, ვაპირებ, თუმცა სასამართლოს მე რომც არ მივმართო, იმ ხალხის აზვირთებულ პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს, „ცენტრ პოინტის“ თაღლითური საქმიანობის გამო, მათ ცხოვრებას დაღი რომ დაესვა. ზოგიერთმა მათგანმა წლების განმავლობაში ნაგროვები კაპიტალი გაიღო საოცნებო ბინის შესაძენად, ზოგიერთმა კი ერთადერთი საცხოვრებელი ბინა იმ იმედით გაყიდა, რომ ცოტას დავამატებთ და უფრო კომფორტულ ბინაში გადავალთო. ამ ადამიანების არცთუ მცირე ნაწილი, ჩემი ინფორმაციით, დღემდე ქირით ცხოვრობს, ნაწილი _ მეგობრებთან და ნათესავებთან. როგორც აღვნიშნე, მე სამი წლის განმავლობაში ველოდები ბინას, მაგრამ არიან ისეთები, ხუთი, შვიდი და ათი წლის მანძილზე რომ არიან ასეთ დღეში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ. თუ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს, ჩვენს საქმეებსაც უნდა გადახედონ! _ რას აპირებ იმ შემთხვევაში, თუ „ცენტრ პოინტი“ შენთვის მისაღებ არც ერთ ვარიანტზე არ წამოგყვა? რას მოიმოქმედებ, კვლავინდებურად მოლოდინის რეჟიმში რომ მოგიწიოს ყოფნა? _ შევეცდები, ამ კომპანიის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი, როგორც კლიენტისა და როგორც მოქალაქის უფლებებისთვის, შეიძლება მათთვის 13 000 დოლარი სასაცილო თანხაა, მაგრამ ჩემს ნაშრომს ვერავის შევარჩენ. წარმომიდგენია, რას განიცდიან ადამიანები, რომლებმაც ასი, ასორმოცდაათი და ორასი კვადრატული მეტრის ფართობის შავი კარკასები შეიძინეს და რომელთაც სოლიდური თანხა აქვთ გადახდილი, თუმცა ნაყიდ ბინებში ვერ შედიან. როგორც ვატყობ, ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული, ვინაიდან მარიჯანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მსგავად, სახურავის გარეშეა არაერთი ბეტონის კონსტრუქცია და, შესაბამისად, არაერთი ოჯახი.   მეტი სიცხადისთვის „ქრონიკა+“ მოპასუხედ „ცენტრ პოინტის“ ყოფილ თანადამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს დაუკავშირდა: _ ვიცით, რომ თქვენ „ცენტრ პოინტს“ ამჟამად არ განკარგავთ, თუმცა პრობლემების ძირეულად შესწავლაში და გაანალიზებაში თქვენი კომენტარიც დაეხმარება არა მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში მყოფ პოტენციურ მობინადრეებს, არამედ ჩვენს მკითხველებსაც. _ მე 2007 წლის 18 ნოემბრიდან აღარ ვარ ჩართული კომპანიის საქმიანობაში. თქვენს საქმიანობას პატივს ვცემ, თუმცა ვინაიდან სამართლებრივი შეზღუდვის ქვეშ ვიმყოფები, აღნიშნულ თემაზე დეტალურად ვერ გიპასუხებთ. _ ეჭვიც არ მეპარება, რომ ზაზა დარასელის მეუღლე ჟურნალისტებს პატივს სცემთ, მაგრამ, იქნებ, ორი სიტყვით მაინც გაგვცეთ პასუხი, ქალბატონო რუსუდან, თუ ადევნებთ თვალს „ცენტრ პოინტის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? არ დაინტერესებულხართ, რა ფაზაშია ესა თუ ის დაუსრულებელი მშენებლობა, რომელიც, თავის დროზე, სწორედაც რომ თქვენმა დაფუძნებულმა კომპანიამ დაიწყო? _ ზაზა, სიღრმისეულად და ცალ-ცალკე თითოეულ ობიექტს თავისი გამოსავალი აქვს და ეს გამოსავალი თანამშრომლობაა. ორი წელი და 6 თვეა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები ჩვენთან მიმართებით, შესაბამისად, ვიმყოფები მუდმივი სტრესის მდგომარეობაში. ჩემი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმ ტაიმში“ პრესკონფერეციაზე 2013 წლის ივლისში გავაჟღერე და კვლავ ამ განცხადების ერთგული ვრჩები. _ აღნიშნული პრესკონფერენციის ამსახველ ვიდეოს აუცილებლად მოვიძიებ, თუმცა 2013 წლის ივლისის შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენთვის მტკივნეულ თემას ვეხები, თუმცა არ შემიძლია არ შეგახსენოთ იმ ადამიანების სტრესის შესახებაც, რომლებიც წლების განმავლობაში ელიან ბინებს... _ ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა ობიექტთან დაკავშირებით მე ვფლობ, მწირია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი და თავგანწირვით მუშაობს და მხოლოდ ერთი მიზნით: ადამიანებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი ბინები მიიღონ. მე არ მიყვარს ტყუილი. სრული ჩაურევლობის პრინციპზე ვართ შეთანხმებული. ამიტომ კონკრეტულ ნომერს მოგცემთ და იქ გიპასუხებენ.   რუსუდან კერვალიშვილის მიერ მოცემულ ნომერზე შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ იურისტს, ქალბატონ მარინე ცუცქირიძეს დავუკავშირდით: _ მოგესალმებით, ქალბატონო მარინე, „ქრონიკა+“-დან გაწუხებთ, ქალბატონმა რუსუდან კერვალიშვილმა მომცა თქვენი ნომერი, მითხრა, რომ „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მომცემდით. _ კონკრეტულად, რასთან დაკავშირებით მირეკავთ? _ მარიჯანის 2 ნომერში მდებარე კორპუსის შესახებ მინდა გკითხოთ. _ კი ბატონო, არ არის პრობლემა, უბრალოდ, დღეს შაბათია, არ ვმუშაობ და იქნებ, ორშაბათს მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში, როცა მობრძანდებით, დოკუმენტებსაც წარმოგიდგენთ. _ სიამოვნებით, მაგრამ ორშაბათს ჩაწერილი მასალა ამ ნომრისთვის ვერ მოესწრება, ვინაიდან გაზეთი სამშაბათობით გამოდის, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ იქით კვირას ინტერვიუს ფარგლებში აუცილებლად გესტუმრებით და მომდევნო ნომერში უპირობოდ გამოვაქვეყნებთ თქვენს ვრცელ პასუხს. იქამდე, სანამ დოკუმენტებს წარმოგვიდგენთ, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ... _ იცით, რა არის? „ცენტრ პოინტის“ შესახებ ინფორმაციები საზოგადოებას ხშირად არასწორად მიეწოდება, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, ჩვენც ხომ უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება? _ სწორედ ამიტომ გირეკავთ, რომ თქვენი კომპანიის პოზიციაც დავაფიქსიროთ. ჩვენ მოვლენებს ცალმხრივად არ ვაშუქებთ. _ ხშირად ჩვენი კლიენტები ძალიან სუბიექტურად საუბრობენ. რეალური სურათის ჩვენება თუ გინდათ, მობრძანდით და გაგესაუბრებით. თქვენ ხომ ორივე მხარეს უნდა მოუსმინოთ? ჟურნალისტებმა ხომ ორივე მხარე უნდა ჩაწეროთ? _ თქვენ ჟურნალისტიკის სტანდარტებს მასწავლით? თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 დეკემბერს, დაახლოებით 4 საათისთვის, თქვენი კომპანიის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ქეთევან ჟორდანიამ, პატრული გამოიძახა იმის გამო, რომ დერეფანში მობილური ტელეფონის საშუალებით ვიღებდი? _ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. არ გამიგია ასეთი. _ კარგით მივუბრუნდეთ მთავარ თემას: როდის დასრულდება მარიჯანის ორ ნომერში მდებარე კორპუსის მშენებლობა? _ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიტანენ კლიენტები თანხებს. საქართველოში უცნაური მიდგომებია. სამწუხაროდ, ბინები უნდათ, თანხის გადახდა _ არა. _ მე თქვენი კომპანიის რამდენიმე კლიენტს ვესაუბრე, ისინი დაზარალებულად მიიჩნევენ თავს და ამბობენ, რომ სანამ კორპუსი არ დასრულდება, დარჩენილ თანხას არ შეიტანენ. ალბათ, თქვენც იცით, რომ მარიჯანის საინიციატივო ჯგუფი თქვენს კომპანიას არ ენდობა. _ მათ საინიციატოვო ჯგუფიც შექმნეს, თანხების შედინება ამ ჯგუფის კონტროლის ქვეშ იყო, გვინდოდა, პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა, როგორც ვატყობ, საბოტაჟი ხდება. რაც ეს საინიციატოვო ჯგუფი შეიქმნა, იმაზე ბევრად ნაკლები თანხა შემოვიდა, ვიდრე იქამდე. რაღაც გაუგებრობები აქვთ თანხებში. _ როგორ ვიცი, აღნიშნული კორპუსი 2016 წლის აპრილამდე უნდა ჩაბარდეს. _ მარიჯანის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, ფაქტობრივად, დასრულებულია, დარჩენილია სადარბაზოების მოპირკეთება და სხვა დეტალები. თუ კლიენტები დარჩენილ თანხებს სრულად შემოიტანენ, ძალიან რეალურია, რომ აპრილამდე ჩავაბაროთ. მარიჯანთან მიმართებით ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ, ვინაიდან გადახარჯვა გვაქვს. სხვა მშენებლობებიდან შემოსულ თანხებს ამ კორპუსის დასრულებას ვერ მოვახმართ. ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც მართლაც რომ დაზარალდნენ და მათთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენც დავზარალდით, ზოგან მხოლოდ საძირკველია, ზოგან კი მხოლოდ ორი-სამი სართულია აშენებული, მათ ფონზე მარიჯანის ხალხის პრეტენზიები ნაკლებად გასაგებია.   P. S. მომდევნო კვირას „ქრონიკა+“ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული კლიენტების ინტერვიუებს და ემიგრანტების წერილებს გამოაქვეყნებს.  

ზაზა სვანაძე

                         

გაზიარება