რუსეთის საგარეო უწყებამ ისევ წამოსწია თავისი მარად ცხელი თემები, რომელსაც წლების განმავლობაში რუტინულად იმეორებდა. ესაა საქართველოს მიერ ოკუპირებულ ანკლავებთან სიტუაციის დალაგება, რაც გულისხმობს შემდეგს:
1. აფხაზეთთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება;
2. საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთის და ცხინვალის ჩართვა;
3. კონფლიქტის მხარედ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება.
ზემოთქმული გულისხმობს შემდეგს, რომ რუსეთს სურს, სამართლებრივად მოახდინოს მისი, როგორც ამ კონფლიქტის მონაწილე მხარის განეიტრალება, რის საშუალებასაც ქართული მხარე მას არ აძლევდა. ვფიქრობთ, ყოველგვარი კამათის მიღმაა, უნდა იყოს თუ არა კონფლიქტის მხარე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა არსებობს ისეთი პოზიციებიც, რომელიც არსებულ კონფლიქტში ამ ანკლავების მხარედ წარმოჩენას განიხილავს, რაც, ვფიქრობთ, ცალსახად რუსული პოზიციაა.
2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. აღნიშნული კანონით განისაზღვრა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი. საერთაშორისო ფორმატში შეიქმნა ჟენევის ფორმატი. აღნიშნულ ფორმატში ქართული მხარის პოზიცია არის ის, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარე არის არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არამედ რუსეთი.
საკითხის ასე დაყენებას აქვს მთელი რიგი საფუძველი. კონფლიქტის ისტორია არა 1991 წლიდან, არამედ საქართველოს გასაბჭოებიდან უნდა ავითვალოთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი წესრიგში ჩადგება.
1921 წლის 21 მაისს შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა; 1922 წლის მარტში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ორივე ეს რესპუბლიკა თავისი შინაარსით და მომავლის პერსპექტივით შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ მოცემულ დროსა და სივრცეში იქ სეპარატიზმი გაღვივებულიყო. უახლესი ისტორიული გამოცდილება სწორედ ამის დასტურია. სწორედ ამ ისტორიული წარსულისა და თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით მთელი ამ კონფლიქტის წახალისება და დაგეგმვა რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით განხორციელდა და არ მგონია, ეს სადავო თემა იყოს.
90-იან წლებში კონფლიქტების საერთაშორისო ფორმატში „დარეგულირების“ დროს 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში და 1994 წლის აგვისტოში მოსკოვში რუსეთი მოგვევლინა სამშვიდობო ძალად მისსავე ინიცირებულ კონფლიქტებში. შესაბამისად, აღნიშნული კონფლიქტების სამართლებრივ სტატუსად განისაზღვრა ეთნოკონფლიქტური ხასიათი. რუსეთისათვის ეს იდეალური მდგომარეობა იყო. აღნიშნულ ტერიტორიებზე ხორციელდებოდა ფაქტობრივი ოკუპაცია, სტატუსად ის სამშვიდობო მხარეს წარმოადგენდა, ხოლო საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი _ ეთნოკონფლიქტურ მხარეებს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით გახლდათ, _ რუსეთი ფაქტობრივი ოკუპანტი იყო.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა თავის ქმედებით, პრაქტიკულად, დაასრულა სამშვიდობო მისია ამ კონფლიქტურ რეგიონებში. 2008 წლის 26 აგვისტოს ეს კვაზი-სახელმწიფოები დე იურე ცნო, შიდა ქართლში ჩაატარა ეთნოწმენდა და მოახდინა ტერიტორიების იურიდიული და ფაქტობრივი (რაც ომამდეც ჰქონდა) ოკუპაცია. ანუ რუსეთმა სამშვიდობო მისიის სამართლებრივი რეჟიმი შეცვალა საოკუპაციო რეჟიმით, რასაც ქართულმა მხარემ შესაბამისი კანონით უპასუხა. კონფლიქტური რეგიონები, რაშიც რუსეთი 2008 წლის ომამდე მოიაზრებდა ეთნოკონფლიქტებს და ასეც იყო შეფუთული საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებად იქცა, ანუ მათ სამართლებრივი რეჟიმი შეეცვალა.
რუსეთი 2008 წლიდან დღემდე ცდილობს, არ აღიაროს ეს სამართლებრივი რეჟიმი და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, აღიარონ „ახალი რეალობა“. ამისთვის ის რამდენიმე ბერკეტს იყენებს: მას სურს ეს კვაზი-სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში ჩართოს, რათა კვლავ დააფიქსიროს, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთი და საქართველო კი არ არიან, არამედ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო. შესაბამისად, ამით აფიქსირებს, რომ ეს კონფლიქტები არის ეთნოკონფლიქტები საქართველოს შიგნით, ხოლო მისი როლია არა ოკუპაცია, არამედ მცირე ერების მხარდაჭერა მისი სახელმწიფოებად გამოცხადების გზით. აღნიშნული საკითხის დაფიქსირებას რუსეთი სხვა გზითაც ცდილობს. მისი რიტორიკა წლების განმავლობაში და დღესაც არის, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაეფორმებინა. აღნიშნულ საკითხებს ის აყენებდა არა მარტო ომის შემდეგ, არამედ ომამდეც. საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით არის საკმაოდ ნათელი, რომ ვინაიდან რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასეთი ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს მხოლოდ რუსეთთან, რისიც რუსეთი სასტიკი წინააღმდეგია. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რუსეთი, ფაქტობრივად და იურიდიულად, დაადასტურებს, რომ ის არის მხარე და არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა ჟენევის ფორმატში მისი მონაწილეობა სწორედ იმას ამბობს, რომ ის მხარეა ამ კონფლიქტში.
სწორედ ამის გამო არის გაუგებარი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრება და დაჟინება, რომ ამ კონფლიქტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მხარის სტატუსი მიენიჭოს, ან მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებები გაფორმდეს, რაც ასევე რუსეთის მოთხოვნაა. ორივე შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალი მიიღებს მხარის სტატუსს, ოკუპირებული ტერიტორიები მიიღებს კონფლიქტური რეგიონების სტატუსს, რაც გულისხმობს ეთნოკონფლიქტს საქართველოს შიგნით და, პრაქტიკულად, რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სტატუსის შეცვლას. ეს კიდევ საკმაო საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკისათვის. დღეს პირიქით ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთი ფიქსირდება, როგორც ოკუპანტი, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები.
მოსაზრება, თითქოს ამ კვაზი-სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მათთან ურთიერთობების დალაგებას შეუწყობს ხელს, ძალიან პოპულისტიური განცხადებაა, ვინაიდან რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. რუსეთმა 1993 წლიდან იზრუნა, რომ ეთნოწმენდით გამოდევნილ ადამიანებსა და დარჩენილ მოსახლეობას შორის სოციალური წყვეტა და გაუცხოება მომხდარიყო. არავინ დაობს იმაზე, რომ ადამიანური ურთიერთობები უნდა აღდგეს, მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობა ნულს უტოლდება, ვინაიდან სამართლებრივი რეჟიმი იმდენად განსხვავებულია, შეუძლებელია რაიმე ურთიერთობის აღდგენა რომელიმე მხარესთან. დღეს ჩვენ იძულებული ვართ, მკაცრად დავიცვათ იურიდიული სივრცე, რათა საბოლოოდ დაფიქსირდეს, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ოკუპაციის შესუსტებისთანავე შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა. დღეს კი ეს მხოლოდ პოპულისტური განხადებაა და მეტი არაფერი. ამ კვაზი-სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მხოლოდ იმ შედეგს მოიტანს, რაც რუსეთს სჭირდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები კი არ იყოს, არამედ ეთნოკონფლიქტური რეგიონები საქართველოს შიგნით, თავად კი არაოკუპანტი.
გარდა მხარედ აღიარებისა, უკვე საკმაოდ ხმამაღლა გაცხადდა, რომ თითქოს საქართველოს „კონფლიქტური რეგიონებით ნატოში არ მიიღებენ“.
დღევანდელი სამართლებრივი მდგომარეობით საქართველოს არ გააჩნია კონფლიქტური რეგიონები, არამედ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაძლოა, ბევრმა ვერ განასხვავოს აღნიშნული სტატუსი, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მას. თუმცა ეს ასე არ არის. თუ იმ ლოგიკას მივყვებით, რომ საქართველოს ამ კონფლიქტური რეგიონებით ნატოში არ მიიღებენ, საკმაოდ საინტერესო სურათს შევხედავთ, თუ ამ კონფლიქტში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხარეებად იქცევა და მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაფორმდება, ორივე ეს შემთხვევა მოიცავს საქართველოს, ცხინვალსა და აფხაზეთთან ეთნოკონფლიქტის აღიარებას, რასაც რუსეთი 2008 წლის ომამდე ახორციელებდა და 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად ითხოვს.
თუ ეს განხორციელდება და კვაზი-სახელწიფოები მხარეებად იქცევიან, საქართველოში დაფიქსირდება ეთნოკონფლიქტური რეგიონები. სწორედ ეთნოკონფლიქტებით არავინ მიიღებს საქართველოს და არა ოკუპირებული ტერიტორიებით. სინამდვილეში, სწორედ ეთნოკონფლიქტებია საშიში ნატოში გასაწევრიანებლად, რასაც ყველა სახელმწიფო თავშეკავებით უპასუხებს.
ამიტომ რუსეთის მოთხოვნა, რომ გავაფორმოთ ამ კვაზი-სახელმწიფოებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ჩავრთოთ ისინი საერთაშორისო ფორმატში ძირითად მხარეებითან, გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლას ეთნოკონფლიქტური სამართლებრივი სტატუსით. სწორედ ესაა რუსეთის სურვილიც, რომ როგორმე, რაიმე ფორმით შეცვალოს 2008 წლის ომის შემდგომი სამართლებრივი რეჟიმი. ამიტომ ამ მეთოდით დაჟინებით ითხოვს ამ კონფლიქტების არა ოკუპაციად, არამედ საქართველოს შიდა ეთნოკონფლიქტად მონათვლას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ოკუპირებული ტერიტორიით ნატოში მიღებული სახელმწიფოს მაგალითი არსებობს გერმანიის სახით. სხვათა შორის, ოკუპანტი ქვეყანაც არის ნატოში _ თურქეთი.
90-იან წლებში განხორციელებული იურისპრუდენცია, რომელიც რუსეთმა ნაომარ და დაუძლურებულ საქართველოს მოახვია თავს, გულისხმობდა მხოლოდ ერთ რამეს, როგორმე შეეჩერებინა საქართველოს, როგორც კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოს აქტიურობა, თუნდაც იგივე ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 2004 წლიდან საქართველოს აქტიურობამ დასავლეთის ვექტორის მიმართულებით რუსეთი აიძულა, 2008 წლის ომით შეეჩერებინა ეს ყოველივე. რუსეთს შანსი არ ჰქონდა, სხვაგვარად დაემუხრუჭებინა საქართველოს ინტეგრაციული პროცესი. სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ის სიგნალი და ლაკმუსის ქაღალდი, რომელზედაც ახლა ყველა აგრესია წერია და რომელიც რუსეთის ფედერაციამ ჩაატარა ამ ომის შემდეგ, რომელიც ხორციელდება უკრაინაში, რომელიც ხორციელდება სირიაში. საქართველოს ოკუპაცია იყო პირველი ნაბიჯი შემდეგი ოკუპაციისა და ანექსიისა უკრაინაში. დღევანდელ ვითარებაში რუსეთს ძალიან უჭირს თავისი პოლიტიკის განხორციელება. ასევე იკლებს მისი ფინანსური შემოსავლები, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველო არ ხვდება მზად იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევას, რომელიც შესაძლოა, მალე დადგეს. ჩვენ არ ვართ საერთაშორისო პროცესების აქტიური მონაწილე. ჩვენ არ ვართ რუსეთზე დაწესებული სანქციების მონაწილე, რაც ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს ქმნის, როგორც ფაქტობრივად, ასევე იურიდიულად. ახლა დგება მომენტი, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს, რათა ზუსტად დახვდეს მომზადებული იმ გამოწვევას, რასაც მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე რუსეთის ინტერესების მკვეთრი შებოჭვა ჰქვია.
ირაკლი მარგველაშვილი