ბათუმში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის რეზიდენციისა და მედრესის შესყიდვისა და გადაცემის ფაქტი სათანადო ორგანოების დაინტერესებისა და საქმის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდეს.
მუსლიმთა სამმართველო წლების მანძილზე სთხოვდა ხელისუფლებას შენობებს მუფთის რეზიდენციისა და მედრესისათვის.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საკითხი უფრო აქტუალური გახდა და ორწლიანმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო.
2015 წლის 5 მარტის #365 განკარგულებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში გადასაცემი უძრავი ქონების შესაძენად გამოიყო 2.263.500 ლარი და 1.000.000 აშშ დოლარი (სულ 2 მილიონი აშშ დოლარი). თანხა განსაკარგავად გადაეცა აჭარის მთავრობას.
2015 წლის 24 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კერძო პირ გულნარა მიქელაძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედევითაც მიქელაძის საკუთრებაში არსებულ 762,8 კვ.მ. შენობასა და 2197,00 კვ.მ. მიწის ფართობში სახელმწიფომ გადაიხადა 1.000.000. აშშ დოლარი.
იმავე წლის 5 მარტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თამილა მიქელაძესთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს ცრყსტალ-ის 100%-იანი წილი და მის საკუთრებაში რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება _ 762,8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მასში გადახდილია 1 მილიონი აშშ დოლარი. თუ მონაცემებს შევადარებთ 762,8 კვ.მ. შენობასა და 996 კვ.მ. მიწის ნაკვეთშიც და 997,90 კვ.მ. შენობასა და 2197,00 კვ.მ. მიწის ნაკეთში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადაიხადა ერთი და იგივე ღირებულება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, მედეა ვასაძე, ამ საკითხს სწავლობდა. მან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, დავით ბალაძეს მიმართა, რათა მუსლიმთა სამმართველოსთვის სამუფთო რეზიდენციისა და მედრესის მოსაწყობად შესყიდული ქონების შეფასების აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნები წარმოედგინა.
ამ მოთხოვნას კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს, რომ სსიპ `სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის~ სარგებლობაშია (მართვის უფლებით გადასაცემი ქონების შეფასება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა, ვინაიდან სსიპ `სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის~ სარგებლობაშია მართვის უფლებით) გადასაცემი უძრავი ქონების შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 თებერვლის #140 განკარგულების (შესულია ცვლილებები 2015 წლის 19 მარტის #594 განკარგულებით) საფუძველზე. `საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, კონკრეტული მიზნობრიობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გააფორმა ხელშეკრულებები~.
ამ ლოგიკით, რახან თანხა მიზნობრივადაა გამოყოფილი, შესაძენი ობიექტის ნამდვილი ღირებულება არ უნდა შეამოწმო, ისე შეიძლება გადაიხადო ხაზინიდან ფული.
ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზედაც საზოგადოებამ პასუხი უნდა იცოდეს.
ქალბატონმა მედეა ვასაძემ ამა წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს, რათა მისმა უწყებამ გამოიკვლიოს, იყო თუ არა ამ გარიგებაში კორუფციისა და ბიუჯეტის თანხის მითვისების საეჭვო გარემოებები?
მედეა ვასაძის ინფორმაციით, ამ გარიგებაში მონაწილეობდა იმ პერიოდში აჭარის სუს-ის მოვალეობის შემსრულებელი, უჩა (ვასო) შანიძე
ამის თაობაზე „ქრონიკა+“-თან თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მურმან დუმბაძემ: „მუსლიმანთათვის რეზიდენციისა და მედრესისათვის შენობების გადაცემა ძალიან კარგია და მივესალმები, რადგან ქართველმა მუსლიმანმა საკუთარ ქვეყანაში რელიგიური განათლება უნდა მიიღოს. მან ყურანთან ერთად ილია ჭავჭავაძეც უნდა იკითხოს. ასეთ დელიკატურ საკითხშიც კი ხელის მოთბობა უცხო და დღევანდელი ხელისუფლებისთვის უჩვეულო არაა, ეს გარიგება შედგა უჩა შანიძის ხელშეწყობით, ამ კორუფციულ სქემაში მონაწილეობენ ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ ხაბაძე, დავით ბალაძე და არჩილ ხაბაძის მამა, _ თამაზ ხაბაძე. ამ გარიგებიდან, მინიმუმ, ნახევარი მილიონი დოლარია მითვისებული. უჩა შანიძე „ნაციონალების“ დროს აჭარის კუდი-ის მაშინდელი უფროსის, თემურ პატარიძის მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო და მასზე არანაკლები ნაძირალაა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ის არათუ ორგანოდან არ დაუთხოვიათ, არამედ დააწინაურეს და დღეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია“.
სხვათა შორის, უჩა შანიძეზე „ქრონიკა+“ ასლან სმირბას ინტერვიუშიც წერდა.
დეპუტატი მედეა ვასაძე ვახტანგ გომელაურისადმი გაგზავნილ განცხადებაში მოითხოვს ქონების გამყიდველ თამილა და გულნარა მიქელაძეებისა და გარიგების რეალური მონაწილის, ჰარუნ მიქელაძის ნათესაური კავშირის დადგენას.
ის მიუთითებს, რომ ჰარუნ მიქელაძე წინა ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი იყო და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
ჰარუნ მიქელაძეს უჩა შანიძესთან ადრეც ჰქონდა გადაკვეთის წერტილი.
2010 წლის პირველ ივლისს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის ოქმის საფუძველზე ჰარუნ მიქელაძეს ჭავჭავაძის #34-ში გადაეცა მიწის ფართობი, შემდეგ კი ეს მიწა ჰ. მიქელაძემ ინვესტორს დაუთმო, სანაცვლოდ კი ამავე საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა სართულზე მიიღო ორი 68,30 და 119,8 კვ.მ ფართის ბინა. მან ორივე ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით ანანო შანიძეს გაუფორმა, რომელიც ყოფილი კუდ-ის, ახლა კი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, უჩა (ვასო) შანიძის ქალიშვილია. ნასყიდობის ხელშეკრულება ხელისუფლების ცვლილების მერეა გაფორმებული. ამ პერიოდში უკვე ინტენსიურად მიმდინარეობდა მუსლიმთა სამმართველოსთვის შენობის შერჩევს პროცესი.
სავარაუდოდ, სწორედ უჩა (ვასო) შანიძემ უზრუნველყო მუსლიმთა სამმართველოსათვის ჰარუნ მიქელაძის დაკავშირება და შენობა, რომელიც ხელისუფლებამ 1 მილიონ დოლარად იყიდა, გაყიდვამდე სულ რაღაც ერთი თვის წინ გაცილებით იაფად იყიდებოდა. მედეა ვასაძე მიუთითებს, რომ ამის მოწმეებიც არიან.
ამ საქმის გამო სუს-მა უკვე დაკითხა ქალბატონი მედეა ვასაძე. „ქრონიკა+“-ის ინფორმაცით, დაიკითხა არჩილ ხაბაძეც, თუმცა მისმა პრესსამსახურმა ინფორმაცია უარყო: „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სუს-ში დაკითხვაზე არ ყოფილა“.
„ქრონიკა+“ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. ნინო გიორგობიანის კომენტარი მწირი იყო: „სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში აღნიშნულ ფაქტზე ოპერატიული მოკვლევა მიმდინარეობს“.
„ქრონიკა+“-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნასყიდობის ორივე ხელშეკრულება სთხოვა, თუმცა სულ სხვა რამ მივიღეთ _ ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, რომელიც მუსლიმთა სამმართველოსთან გაფორმდა და მუსლიმთა სამმართველოსადმი გაგზავნილი წერილი: „პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის #63 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-3 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 05 თებერვლის #140 და აჭარის ა/რ მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #25 განკარგულებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანახმაა, უსასყიდლოდ, არსებობის ვადით ისარგებლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, დასახლება ანგისაში მდებარე 997,9 კვ.მ. შენობა-ნაგებობითა და მასზე დამაგრებული 2197 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით“.
აქ არაფერია ნათქვამი მეორე შენობის შესახებ, რომელშიც ასევე 1 მილიონი ლარია გადახდილი.
სუს-ის მიერ მედეა ვასაძის დაკითხვის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ, ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ გამყიდველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა არა სამინისტრო, არამედ მუფტი და ჩვენ მხოლოდ ტექნიკური მხარე უზრუნველვყავით და ქონება სარგებლობაში მუსლიმთა სამმართველოს გადავეცითო.
„ქრონიკა+“-თან მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ განაცხადა, რომ მას ხელისუფლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. სხვა კი ამ შენობის შესყიდვის დეტალების შესახებ არაფერი იცის, _ არც შესყიდვის ფასი და არც მფლობელის ვინაობა.
დაგვეთანხმებით, საინტერესო ამბავია, თუმცა მოახდენს თუ არა მედეა ვასაძის განცხადებაზე სუს-ი რეაგირებას, ამას დრო გვიჩვენებს.
ნატო ქათამაძე