QronikaPlus
კოკაინის სკანდალის უცნობი დეტალები - მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას 200 000$ ნუგზარ ბოჭორიშვილმა გადაუხადა?!

კოკაინის სკანდალის უცნობი დეტალები - მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას 200 000$ ნუგზარ ბოჭორიშვილმა გადაუხადა?!

2015-12-20 06:52:35

2010 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო, რომ საერთაშორისო ნარკოკარტელის სქემა გახსნა. თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრები დააკავეს: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ნარკოკარტელის ორგანიზატორად დასახელებული პირი, საბერძნეთის მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილი, სპეცოპერაციის მომენტისთვის ესპანეთში ცხოვრობდა. მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი და საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადეს. წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ბოჭორიშვილების სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 1 700 000 ევრო ამოიღეს, რომელიც სათბურის მიწაში იყო ჩაფლული, დამატებით 50 000 ევროს ანასტასია ზაუტაშვილის საცხოვრებელი სახლის კედელში ჩამონტაჟებულ სეიფში მიაგნეს. ზაუტაშვილის სახლიდან პოლიციელებმა ნარკოტიკები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულებს შორისაა გიორგი ჩეჩელაშვილი, რომელიც ნუგზარ ბოჭორიშვილის ბიძაშვილია. კიდევ ერთი დაკავებული, რომან მუსემიანი, ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილია. სწორედ მუსელიანის სახელზე ჩამოდიოდა ფოთის პორტში ბოჭორიშვილის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან გამოგზავნილი ტვირთი, რომელშიც, ოფიციალური დოკუმენტაციით, ჯართი იყო, რეალურად კი ჯართში ნარკოტიკები ინახებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილის მიერ მუსემიანის სახელზე გამოგზავნილი ჯართის მორიგ პარტიაში 90 კგ კოკანი იყო დამალული. ნარკოტიკები სვანიძის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა, ბოჭორიშვილისგან ტელეფონით მიღებული მითითების შემდეგ ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობარმა მანქანით თურქეთში გადაიტანეს. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო ნარკოკარტელის მფარველად შაქრო კალაშოვი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, ბოჭორიშვილის პრობლემების მოგვარება საქართველოში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, თენგიზ გურჩიანის დახმარებით მოახერხა. ამ დრომდე არ გახმაურებულა ე. წ. კურიერის ვინაობა, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოძიებას აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „კოკაინის“ სკანდალის ყველა მონაწილე პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და რომან მუსემიანს 30, მევლუდ სვანაძეს 24, თეიმურაზ გავაშელაშვილს 16 წელი მიუსაჯეს, ხოლო თენგიზ გურჩიანის საქმე ცალკე გამოიყო. მოგვიანებით, სამართალდამცველების მიერ ძებნილმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა ხელისუფლება ფულის გამოძალვის მცდელობაში დაადანაშაულა. ის აცხადებდა, რომ ძებნილის სტატუსის მოსახსნელად მას სამ მილიონ დოლარს სთხოვდნენ, რომელსაც ის გელათის მონასტერთან არსებულ ფონდში ჩარიცხავდა. როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებდა, ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, საბერძნეთის პოლიციას ჩაბარდა, პოლიცია დღემდე ითხოვს საქმის მასალების გადაცემას, თუმცა ქართული მხარე გამოძიების მასალებს არ აგზავნის. 2010 წლის ივნისის ბოლოს საერთაშორისო ნარკოკარტელის ორგანიზატორი ნუგზარ ბოჭორიშვილი ინტერპოლის წითელ ცირკულარს გადაეცა და მის საქმეს შესაბამისი A ინდექსი აქვს მინიჭებული. ბოჭორიშვილის კრიმინალური ბიოგრაფიის შესახებ არცთუ მწირი ცნობები მოიპოვება. წითელ ცირკულარში ის ერთხელ უკვე იყო შეყვანილი 1998 წელს და ადამიანის გატაცებისთვის იძებნებოდა. არსებული ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა მოსკოვში ინტერნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა, რომლის წევრები იყვნენ ქართველები, ჩეჩნები და რუსები. ეს დაჯგუფება მხოლოდ ადამიანების გატაცებაზე მუშაობდა. ეს არის „კოკაინის“ ცნობილი სკანდალი, რომელსაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების სკანდალური განცხადებები და ის სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება, რომლის გამოძიებასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნარკოკარტელის გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ თავისუფლების უვადო აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. შესაბამისი განცხადებით მან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას მიმართა. “ჯერ დაველოდებით, ბოჭორიშვილთან დაკავშირებით პარლამენტი რას იზამს, თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, დანარჩენი პირების საქმეებიც მასზეა მიბმული და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ“, _ აცხადებდა 2013 წლის დასაწყისში ბოჭორიშვილის ადვოკატი, ლალი აფციაური. “ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყო. რა მოხდა პოლიტდევნილების სიების შედგენისას და ვინ ამოყარა ამ ნუსხიდან „კოკაინის გახმაურებული სკანდალის“ მონაწილე პირები? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ „კოკაინის სკანდალის“ ყველა მონაწილე პირი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს. მაშინ აცხადებდნენ, რომ არჩევნების მერე ამ საქმის რამდენიმე მოწმემ, მათ შორის, ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენება შეცვალა და ნარკოკარტელის სახით საქართველოში ახალი სკანდალი გასკდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ინფორმაცია ბლეფი აღმოჩნდა, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრების სია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილე გელა ხვედელიძემ სიიდან „კოკაინის სკანდალის“ მონაწილე პირების ამოღება კატეგორიულად მოითხოვეს. ჩვენი წყარო იხსენებს, რომ გელა ხვედელიძესა და ეკა ბესელიას შორის საკმაოდ მძიმე სატელეფონო საუბარიც შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინდია ჯანელიძე და გიორგი ზედელაშვილი. ეკა ბესელიამ თავი იმით იმართლა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მოთხოვნას მხარი ვერ აუარა. საბოლოოდ, აღარ დაკონკრეტდა, რა კავშირი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ ბოჭორიშვილთან, არსებობდა ვარაუდი, რომ ბოჭორიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ აფინანსებდა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ „ქრონიკა+“-ის წყარო დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. საბოლოო ჯამში, ბოჭორიშვილი და კომპანია პოლიტპატიმრების სიიდან სწორედ შს სამინისტროს კატეგორიული მოთხოვნით ამოიღეს. ამავე პერიოდში ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლას მოითხოვდა და შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ნუგზარ ბოჭორიშვილმა ბეს სახით 200 000 დოლარი გადაუხადა, ხოლო დარჩენილ თანხას ისინი „კოკაინის სკანდალის“ მონაწილე პირების განთავისუფლების შემდეგ მიიღებდნენ. რაკი პოლიტპატიმართა სიაში აღნიშნული პირების შეყვანა არ მოხერხდა, გამოსავალი მოიძებნა და, ამავე წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ შეწყალების კომისიასთან ინტენსიური მუშაობა დაიწყეს, რათა ანასტასია ზაუტაშვილი და სხვები პრეზიდენტ მარგველაშვილს შეეწყალებინა. პოლიტიკოსების მხრიდან აღნიშნული არაჯანსაღი ინტერესი ალექსანდრე ელისაშვილს საეჭვოდ მოეჩვენა და ამის თაობაზე, მისივე განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა. ასევე ელისაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი შეხვედრა ჰქონდა მაშინდელ მთავარ პროკურორთან, გიორგი ბადაშვილთან, რომელსაც აღნიშნული ფაქტის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. „ქრონიკა+“-ის წყარო აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადმინისტრაციის თანამშრომელი პირადად გააგზავნა სუს-ში და მან ინფორმაცია სუს-ის მაშინდელ უფროსს და მის მოადგილეს გადასცა. რამდენადაც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული თანამშრომელი უკვე დაკითხულია და მან ეს ინფორმაცია დაადასტურა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუს-ში მას უთხრეს, _ რამე ახალი გვითხარი, თორემ ამ საკითხებზე ჩვენც საკმარისზე მეტი ინფორმაცია გვაქვსო. ასევე საქმის კურსში ყოფილა თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე, ლაშა აბაშიძე, რომელიც ასევე დაკითხულია. ნარკოკარტელის წევრების შეწყალების საქმეში მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას შემდეგ სკანდალში აუცილებლად გაეხვევა დევნილების ამჟამინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი. „კოკაინის სკანდალის“ ერთ-ერთი მონაწილე, კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი, სუბართან კავშირზე გავიდა და გურჩიანი ეკა ბესელიას სწორედ სოზარ სუბარმა დააკავშირა. (ამბობენ, იმასაც რომ 200 000 დოლარის გადაცემის ორგანიზება სწორედ თენგიზ გურჩიანის მეშვეობით მოხდა.) ალეკო ელისაშვილზე გავლენების მოხდენა ამით არ დასრულებულა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, მას ტელეფონით მესიჯი გაუგზავნა და კატეგორიული ტონით მოსთხოვა ანასტასია ზაუტაშვილისა და სხვა პირების შეწყალების სიაში შეყვანა განსაკუთრებული გარემოებების გამო. მას შემდეგ, რაც ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ქვეყნის პრეზიდენტმა ზვიად ქორიძე დანიშნა. ბესელია-კობახიძის დუეტმა ისევ განაგრძო ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალებაზე ზრუნვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მათგან უკვე ნუგზარ ბოჭორიშვილი კატეგორიულად ითხოვდა მიცემული პირობის შესრულებას. 2014 წლის ივნისში ანასტასია ზაუტაშვილმა კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართა და უარიც მიიღო, რადგან, შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების მომენტისთვის სასჯელის ნახევარზე მეტი უნდა ჰქონოდა მოხდილი, რაც ამნისტიის მერე მის შემთხვევაში ექვს წელსა და რამდენიმე თვეს გულისხმობდა, ზაუტაშვილი კი სასჯელს მეხუთე წელია, იხდიდა. რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებათა განხილვის საკითხს, ზაუტაშვილის შემთხვევაში, ეს საკითხი კომისიის არც ერთ წევრს არ დაუყენებია. შეწყალებაზე უარი ამავე მოტივით მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, რომან მუსემიანმა. 2014 წლის ოქტომბერში შეწყალების კომისიაზე ზეწოლები დაიწყო. ბესელია-კობახიძის დუეტმა კომისიის წინააღმდეგ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე ჩართეს, რომელსაც, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში წინა ხაზზე უშვებენ ხოლმე, ანასტასია ზაუტაშვილმა და კიდევ ორმა პირმა შიმშილობა დაიწყო, ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის შეწყალების კომისიის გაუქმებას მოითხოვდა(!!!) და რეზიდენციასთან აქციებს მართავდა. მოშიმშილე ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პირადად შეხვდა, რომელმაც მას აუხსნა, რომ ექვსი თვის გასვლის შემდეგ უფლება ჰქონდა, შეწყალების კომისიისთვის განმეორებით მიემართა, უბრალოდ, დადგენილი კრიტერიუმები დაცული უნდა ყოფილიყო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი ამ შეხვედრაზე ისტერიკამდე მივიდა, ბოლოს დიდხანს ტიროდა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანდასწრებით ზვიად ქორიძეს პირდაპირ უთხრა: ეკა ბესელიას ჩემგან გადაეცით, დედას მოვ...ვ, გვერდით მოვიჯენ, ფული წაიღო და აქედან ჩემი გაყვანის საქმე როგორც უნდა, ისე მოაგვაროსო. ამავე წყაროს ინფორმაციით, ელისაშვილ-ქორიძის განცხადებების შემდეგ მანანა კობახიძემ ანასტასია ზაუტაშვილს შეუთვალა, _ ოღონდ ახლა წყნარად იყავი და ხმა არ გაიღო, ეს სკანდალი ჩაივლის და შენს შეწყალებაზე პირველ რიგში ვიზრუნებო. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ანასტასია ზაუტაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც ხორციელდება. ეს არის ის სკანდალური ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც „ქრონიკა+“-მა ამ დროისათვის შეძლო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ქრონიკა+“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს მიმართავს, მისცეს გაზეთის მთავარ რედაქტორს ანასტასია ზაუტაშვილთან შეხვედრისა და მიღებული ინფორმაციის პირადად მასთან გადამოწმების საშუალება.  

ელისო კილაძე

     

გაზიარება