QronikaPlus
როგორ იღებს ბიძინა ივანიშვილის კომპანია ძველ „ვალებს“?!

როგორ იღებს ბიძინა ივანიშვილის კომპანია ძველ „ვალებს“?!

2015-12-20 06:11:25

შპს „ულტრაპრინტის“ ყოფილი მოწილე, რატი კუხალეიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებულ შპს „ლიზინგი XXI“-ის ხელმძღვანელობას მის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებაში ადანაშაულებს. საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავს, თუმცა, მოსამართლეთა აშკარა მიკერძოების ფონზე, კუხალეიშვილს იმედი აღარ აქვს, რომ სამართალი გაიმარჯვებს. „ულტრაპრინტის“ ყოფილ მოწილეს არ სჯერა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ახდენს და აცხადებს, რომ ამ მეთოდს თემიდას მსახურნი თვითონ მიმართავენ. ქრონიკა+“-რატი კუხალეიშვილი ესაუბრება: _ 2007 წლის მაისში „ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთ შვილობილ ფირმას, შპს „ლიზინგი XXI“-ს, შპს „ულტრაპრინტში“ ჩემი კუთვნილი წილი მივყიდე. ეს იყო სტამბა, მოქმედი ფირმა, რომელიც შენობას ფლობდა. გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, გადამიხადეს თანხა, რის შემდეგაც ფირმა გადაუფორმდათ. 2011 წლის 27 დეკემბერს ფინანსურმა პოლიციამ, შემხვედრი შემოწმების საფუძველზე, შპს „ულტრაპრინტი“ დააჯარიმა. საგადასახადო მოთხოვნა გაუგზავნა, სადაც საჯარიმო თანხა, დაახლოებით, 46 000 ლარს შეადგენდა. 2012 წლის დასაწყისში შპს „ლიზინგი XXI“-დან დამიკავშირდნენ. მის დირექტორს არ შევხვედრივარ, მაგრამ მათი ადვოკატების საშუალებით გადმომცეს, რომ ვინაიდან დაჯარიმების პერიოდი, რომელიც კონკრეტულმა სამსახურმა შეამოწმა, 2004-2005 წლები იყო, ანუ იმდროინდელი, როდესაც ფირმა, ჯერ კიდევ, ჩემს მფლობელობაში იყო, ფიქრობდნენ, რომ ეს თანხა ჩემი გადასახდელი იყო. ამ შეხვედრაზე „მეგობრულად“ ამიხსნეს, რომ თუ შპს „ულტრაპრინტი“ ჯარიმას არ გადაიხდიდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მე დამეკისრებოდა, ვინაიდან საქმეში ფინანსური პოლიცია იყო ჩართული, პრობლემები შემექმნებოდა და დამიჭერდნენ. ამ თანხის დაფარვის არანაირი წყარო არ მქონდა, ერთადერთ ქონებას _ მიწის ფართს ვფლობდი თბილისის ფარგლებში. მითხრეს, _ არ არის პრობლემა, სად გაგიგია, „ქართუ ჯგუფს“ ვინმე დაეხრჩოსო, თუ ხელს მოგვიწერ ვალის აღიარებისა და ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულებაზე, 6 თვე კიდევ დაგაცდით, ანუ ამ ჯარიმას ჩვენ გადავიხდით, შენ ეს თანხა შემდგომ აანაზღაურეო. ეს მათმა ადვოკატმა სასამართლოზე სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, რაც აღიარების ტოლფასია, იმისა, თუ რა მოტივით დამითანხმეს ხელმოწერაზე. მან თქვა, რატი კუხალეიშვილს იჭერდნენ, ჩვენ მას პატივი ვეცით, ეს კი უმადური კაციაო. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ახალი შემოსული იყო, მოგეხსენებათ, მაშინდელი ხელისუფლება წესების გარეშეც ებრძოდა, ვიფიქრე, რომ რეალური შანსი იყო, რაღაც დამმუქრებოდა, დავეთანხმე და ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე ხელი მოვუწერე. პრაქტიკულად, ჩემი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. მათ ადვოკატებმა კონტრაქტი შეადგინეს, რომელიც გადავიკითხე და ხელი მოვაწერე. პირველი 6 თვის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით უპროცენტო პერიოდი იყო გათვალისწინებული. „მორიდებით“ მითხრეს, რომ ხელშეკრულებაში საპროცენტო საურავს ჩადებდნენ, რაც მიმაჩნია, რომ სავსებით ნორმალური მოთხოვნა იყო, მაგრამ ის საურავი, რომელიც იქ ჩაიდო _ ერთ დღეზე 0,3%, იმ მომენტში არ გადავამრავლე და შემდეგ რომ დავითვალე, წელიწადში 109%-იანი საურავი გამოვიდა. მიწის ფართობის გაყიდვაზე განაცხადიც მქონდა გაკეთებული, მაგრამ არ გაიყიდა. ამასობაში წელიწადნახევარი გავიდა, რომ დავიანგარიშოთ 109%, 46 000 ლარი ბოლო ერთ წელიწადში 95 000 ლარი გახდა. ამ პერიოდში მე და ჩემმა შვილებმა, სამემკვიდრეო მოწმობით, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ქონება მივიღეთ. ის სახლი, სადაც, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ. როგორც ჩანს, ეს დაფიქსირებული ჰქონდათ და 2013 წლის სექტემბერში სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანეს, რომ მე არ გავუფრთხილებივართ. _ ამ ხნის განმავლობაში, სიტყვიერი ან წერილობითი შეტყობინება არ მიგიღიათ ვალის გადახდის თაობაზე? _ სასამართლოზე ამბობენ, ათჯერ დავურეკეთ კუხალეიშვილსო, მაგრამ ასე არ არის. წერილიც კი არ გამოუგზავნიათ, თუ არ შეასრულებ შენს ვალდებულებას, სასამართლოში წავალთო. უფრო აწყობდათ, მოულოდნელად დაეყადაღებინათ ჩემი ახლად გაფორმებული ქონება. სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოსამართლეს სთხოვეს, ყადაღა დაედო როგორც ჩემი, ასევე ჩემი შვილების საერთო, მთლიან ქონებაზე. ე. ი. ჩემს შვილებს მამის ვალის გამო ბინა უნდა გაუყიდონ. გადავწყვიტე, თავი დამეცვა, მივმართე ადვოკატს და შესაგებელი სარჩელი შევიტანე ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაშინდელი მთავრობა პოლიტიკური მოტივით თუ ვიღაცებს აჯარიმებდა და ერთმანეთს ებრძოდნენ, არ მესმის, მე რატომ უნდა მოვყვე ამაში?! ვიფიქრე, რომ მორალურადაც და იურიდიულადაც მართალი ვარ და სასამართლოში დავიწყე თავის დაცვა. როგორც ადვოკატები მიხსნიდნენ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, აქ ყველაფერი ცალსახაა, „ლიზინგი XXI“ არასათანადო სუბიექტია ამ თანხის მოთხოვნაში. საგადასახდომ თუ შპს „ულტრაპრინტი“ დააჯარიმა, პირველ რიგში, მას უნდა გაესაჩივრებინა და თუ მესამე ინსტანციით დადგინდებოდა, რომ დაჯარიმება მართებული იყო, უნდა ეჩივლა და იმისგან აენაზღაურებინა, ვისი ბრალეულობითაც დაჯარიმდა, მაგალითად, იმდროინდელი დირექტორისგან, თუკი იგი მისი ბრალეული აღმოჩნდებოდა, მაგრამ მე, როგორც ფირმის ყოფილი მოწილე, არაფერ შუაში აღარ ვარ იმ ვალდებულებასთან, უფლებაც არ მაქვს, მის რაიმე საქმიანობაში ჩავერიო. მით უმეტეს, მის ახალ მოწილეს უფლებაც არ აქვს მოითხოვოს ის ფული, რადგან მას არ ეკუთვნის. „ლიზინგი XXI“-მ რომც მიიღოს თანხა, ის იქნება სხვისი ქონების მითვისება და გადასახადებისგან თავის არიდება. წესით, ჯერ „ულტრაპრინტმა“ უნდა დაიბრუნოს, თუ ვიღაცის ბრალეულობით დაკარგა და მხოლოდ დაბეგვრის შემდეგ დივიდენდად  შეუძლია გადასცეს მისივე მფლობელს. ვერ გეტყვით, რატომ აირჩიეს მათ ასეთი არამართებული გზა, მაგრამ მოგიყვებით, თუ როგორ ცდილობს სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მათი ამ ლაფსუსის „გამოსწორებას“. სამოქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში ისე მოხდა, რომ ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ საერთოდ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ „ულტრაპრინტს“ ზიანი მიადგა და ჯარიმა გადაიხადა. წარმოადგინეს დოკუმენტი, რომ ჯარიმა მოსთხოვეს, მაგრამ რომ გადაიხადეს და ფიზიკური ზიანი მიიღეს, არ თუ ვერ წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაგებელში ჩვენ მოთხოვნილი გვქონდა ამ დოკუმენტის წარმოდგენა. როცა გაირკვა, რომ ძირითად სხდომაზე ეს დოკუმენტი არ იყო, ვიფიქრე, საქმე 100%-იანი მოგებული მქონდა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ტექნიკური მიზეზის გამო, მაგრამ ვისთვის გასაკვირია და ვისთვის ჩვეულებრივი ამბავი. წაგიკითხავთ ციტატას განჩინებიდან, რა დაწერა მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში, ანუ როგორ გაამართლა მან „ლიზინგი XXI“: მოსამართლე მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოსთან ვალდებულება შეასრულა შპს „ლიზინგი XXI“-მ, რაც ცალსახად არ არის მართალი, ვერ შეასრულებდა იმიტომ, რომ მოთხოვნა ჰქონდა „ულტრაპრინტს“. გვერდით უდევს ეს მოთხოვნა და წერს, რომ დავადგინე, „ლიზინგი XXI“-მ გადაიხადაო. დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში წერს, რომ შპს „ლიზინგი XXI“-ის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულების შესრულება დადასტურებულია 2012 წლის 15 თებერვალს რატი კუხალეიშვილსა და შპს „ლიზინგი XXI“-ს შორის დადებული ვალდებულების არსებობის აღიარებისა და მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულებითაც. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობსო. ანუ ის, რომ მე ტყუილად დავიჯერე, რასაც „ლიზინგი XXI“ ვერ ამტკიცებს და ამის საფუძველზე მოვუწერე ხელი ვალის აღიარებაზე, მოსამართლემ იმის მტკიცებულებად ჩათვალა, რომ მან, ხაზს ვუსვამ, „ლიზინგი XXI“-მ, მართლა გადაიხადა. ამას რა კომენტარი უნდა?! ამაზე დააფუძნა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება. ციტატის ბოლო წინადადება კი, მე მგონი, საერთოდ ახალი სიტყვაა იურისპრუდენციაში. ამრიგად, მოსამართლე ლია ავალიშვილის შინაგანი რწმენით, მავანმა თუ  განაცხადა, რომ ზიანი მიიღო და არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ზიანი არ მიუღია, მაშინ დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ზიანი სახეზეა. ასეა თუ ისე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ამ თანხის გადახდა დამეკისრა, თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღვნიშნო, რომ საურავი შემიმცირეს. ცხადია, სააპელაციოში გავასაჩივრე. საქმის მოსმენისას სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარემ მკაფიოდ, თვითონ თქვა, რომ „ლიზინგი XXI“-ს თანხა არ გადაუხდია და ვერც გადაიხდიდა. ვიფიქრე, ახლა ხომ მაინც 100%-ით მაქვს მოგებული საქმე, ჩემი მოწინააღმდეგე მხარე პირდაპირ ეუბნება სააპელაციოს მოსამართლეს, რომ არ აქვს გადახდილი „ლიზინგი XXI“-სო. თუ ტყუილია ის, რასაც გადაწყვეტილება დაეფუძნა, მაშინ ხომ გასაუქმებელია იგი?! აი, ახლა რა მოიფიქრა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა არველაძემ: როგორც მოგახსენეთ, არც „ლიზინგი XXI“-მ გადაიხადა და არც „ულტრაპრინტის“ მიერ გადახდილი ქვითარია საქმეში. მიუხედავად ჩვენი წინასწარი მოთხოვნისა, მათ ადვოკატს არ მოუტანია. მოსამართლე მიხვდა, რომ ვერ გაიმეორებდა პირველი ინსტანციის მოსამართლის დასკვნას, ამის შელამაზება მოინდომა და სასამართლოს სხდომაზე თავისი ინიციატივით ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს მიმართა. ეკითხება, _ შეგიძლიათ თუ არა საგადასახადოდან მომიტანოთ იმის დოკუმენტი, რომ შპს „ულტრაპრინტმა“ ეს თანხა გადაიხადაო? ამათ უპასუხეს, _ კიო. _ ესეც თუ შეგიძლიათო? და აუხსნა, რა შინაარსის დოკუმენტი უნდა დაეწერინებინა საგადასახადოსთვის, რომ მოეტანათ. ელემენტარულია, როდესაც ძირითადი სხდომა დაიწყება, მას შემდეგ მხარეებს უფლება არ აქვთ, დამატებითი დოკუმენტი მოიტანონ, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, ვინც რა საბუთით მივა, იმაზე უნდა იმსჯელონ, მოსამართლე სიმართლეში დაარწმუნონ და რასაც იტყვიან, ვალდებულნი არიან, თითოეული სიტყვა დაამტკიცონ. მოსამართლის მხრიდან დოკუმენტის მოთხოვნა მიკერძოებაა, ეს ნიშნავს, რომ იგი მხარედ გვევლინება. მოსამართლეს კითხვა რომ დავუსვი, რატომ სთხოვთ, ხომ არ შეიძლება, რამე საბუთის დამატება და თქვენ ამას აპირებთ-მეთქი? გაკვირვებულმა გვიპასუხა, _ რადგან ვითხოვ, ეს ნიშნავს, აბა, რა, უნდა დავურთო საქმესო. შემდგომი სხდომა 22 დეკემბერს ჩაინიშნა. მოსამართლის თანაშემწისგან ვიცი, რომ ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ რაღაც 3-გვერდიანი დოკუმენტი მოიტანა. ვინც ამ სხდომას დაესწრება, ნახავს უკანონობისა და აბსურდის თეატრს, როგორ ეკითხება მოსამართლე, _ მომიტანე, რაც მე გთხოვეო? ისინიც პასუხობენ, _ დიახ, აგერ არისო. მე ვაპროტესტებ საქმეზე დამატებითი დოკუმენტის დართვას, ის მაინც მიიღებს და შემდგომ თავის დასკვნას იმაზე დააფუძნებს, რომ ვინაიდან „ულტრაპრინტს“, თურმე, თანხა მართლა გადაუხდია, მე, ძველმა მეწილემ, ეს თანხა მის ახალ მეწილეს, „ლიზინგი XXI“-ს უნდა ავუნაზღაურო, რაც უკანონობაზე სრული აბსურდის დამატებაა. _ თქვენი აზრით, რატომ იქცევა ასე სასამართლო? _ ჩემი აზრით, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სასამართლო სისტემაში. წეღანაც მოგახსენეთ, რომ პოლიტიკური განცხადება არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაპირებ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ მოსამართლეს ამას ბიძინა ივანიშვილი ავალებს. ყველა მფლობელს თავის შპს-ში ძალაუფლება აქვს, ცხადია, მის მითითებებს უნდა ასრულებდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანს ასეთი ძალაუფლება აქვს, ჩემი აზრით, ეს პასუხისმგებლობას ჰმატებს და აკისრებს. მან მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის ქვეშევრდომებს, რომ უნდა დაიცვან ფირმის ინტერესები, მაგრამ არ უნდა გასცდნენ არც სამართლიანობას და არც კანონიერებას. ისე, თუ რამედ უღირს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული, თუ შეამჩნიეთ, საგადასახადო მოთხოვნას 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული, 46 000 ლარის, აქაოდა, ახლა მე ვარ ხელისუფალიო, იგივე ხერხებით ჩემგან ამოღება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. გაჩერებას არ ვაპირებ, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ მიმაჩნია, ორ პოლიტიკოსს შორის ბრძოლისას შუაში მოვყევი. არც იმ 80 მილიონზე, არჩევნებამდე რომ წაართვეს „ქართუ ბანკს“, გახსოვთ, ალბათ, და არც ამ 46 000 ლარზე მე არ უნდა მომთხოვონ პასუხი. გარდა ამისა, ძალიან უხეში მიკერძოებულობა, უკანონობა და უსამართლობაა დაფიქსირებული საქმის მასალებში. „ლიზინგი XXI“-ის დირექტორის, დავით ჩხატარაშვილის ქმედებასაც შევხედოთ: ჯერ ვალის არასწორი დაკისრება, შემდეგ ვალის გაორმაგება, შემდეგ გაუფრთხილებლად თავზე დაცემა, არ გაგონებთ „მხედრიონის“ დროინდელ სიტუაციებს? გახსოვთ, ალბათ, მაშინ ფულს გაასესხებდნენ, ადამიანი ვერ გადაიხდიდა, უორმაგებდნენ, სახლებს ართმევდნენ და რას არ აკეთებდნენ. ჩემი აზრით, სქემა ერთი ერთზეა, ოღონდ დღესდღეობით ჩვენს სავალალო სასამართლოს ამოფარებული.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის „ქართუ ბანკის“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ „ქართუ ჯგუფი“ აღარ არსებობს და ფირმები, რომლებიც ამ ჯგუფში შედიოდნენ, ზოგი ლიკვიდირებულია, ზოგიც დამოუკიდებლად განაგრძობს საქმიანობას. შესაბამისად, ვერ მოხერხდა შპს „ლიზინგი XXI“-ს ხელმძღვანელობასთან დაკონტაქტება.    

თამარ ბატიაშვილი

       

გაზიარება