ერთი ფრიად პოპულარული ფრანგული სერიალია „დაბრუნებულები“. მანდ მოქმედება ისე ვითარდება, რომ წასულები, მკვდრები ცოცხლდებიან _ სხვადასხვა დროს ტრაგიკულად დაღუპულები და თავიანთ პატარა ქალაქში ბრუნდებიან, თავიანთ ოჯახებში _ არ ახსოვთ, რა გადახდათ, არ იციან, რომ უკვე გამოიგლოვეს და არც ის იციან, რამდენი წელი გავიდა მათი სიკვდილის შემდეგ _ ჩვეულებრივად მიდიან სახლში, მაცივარს აღებენ, თან ჭამენ, თან გაოგნებულ ოჯახის წევრებს ესაუბრებიან, მაგრამ ცხადია, მათ არსებულ რეალობაში ჩვეულებრივად ვერ იღებენ და უმტკიცებენ, მკვდარი ხარო, რისიც არ სჯერათ და ჯიუტად განაგრძობენ ცოცხალ რეალობაში არსებობას.
ალბათ მიხვდით, რატომაც გამახსენდა ეს ფაბულა: მოქალაქეობის შეწყვეტით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილს დაუმტკიცოს, რომ ის პოლიტიკურად მოკვდა და მისი დაბრუნება ქვეყანაში ისეთივე რეაქციის მომგვრელი იქნება, როგორიც იმ სერიალში იყო უეცრად მკვდრეთით აღმდგარი, უკვე გამოგლოვილი შვილებისა თუ მამების, ქმრების დაბრუნება.
მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელისუფლება იმის წარმოჩენასაც ცდილობს, მთავარი მოწინააღმდეგე მეთაურის გარეშე დარჩა და საშიში აღარააო, თუმცა, ამით, ალბათ, უფრო თავს იმშვიდებს _ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუსავლეთამდე ჯერ დიდი გზა აქვს, უნდა თუ არა ეს ხელისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, ამ სიტყვების დასტური ისიცაა, რომ თავად ხელისუფლება „არ კლავს“ ამ თემას _ დღედაღამ „ნაციონალების“ ხსენებაშია.
დავუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილსა და უმამოდ დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას“: ვერ ვიტყვით, რომ ან ერთისთვის, ან მეორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოულოდნელი იყო _ ისინი ამ ნაბიჯს იმ დღიდან ელოდნენ, როცა სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.
ბევრი ავლებდა პარალელს სააკაშვილის მიერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე. თუმცა ჩამორთმევა, როგორც ასეთი, კანონში არცაა გათვალისწინებული _ ასეთი რამ ბუნებაში არც არსებობს. არსებობს მოქალაქეობის შეწყვეტა, როცა პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, ის ავტომატურად უარს ამბობს იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომელიც უკვე აქვს, იმ შემთხვევაში, თუკი იმ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებული არ არის (საქართველო კი ასეთთა რიგშია).
თუმცა ივანიშვილს უფრო ადრე ჰქონდა მიღებული საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ ის, რომ კანონით უკვე არ იყო საქართველოს მოქალაქე, ცხადია, 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახდა აქტუალური. მაშინ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის უნდა მიემართა და ორმაგი მოქალაქეობა მოეთხოვა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
ამის ნაცვლად, თუ გახსოვთ, მან მისი მეუღლის _ ეკას ჩაბმა გადაწყვიტა პოლიტიკაში და აცხადებდა კიდეც, რომ პარტიის თავმჯდომარე სწორედ ეკა ხვედელიძე იქნებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მაინც გადაიფიქრა და ისე მოეწყო, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუცია შეცვალა, რათა ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში პოლიტიკურ სუბიექტად დარეგისტრირების უფლება, ანუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდათ. ასე გახდა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
კანონით, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, პირს მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ამისთვის ორი პირობა არსებობს: ეს თავად პირმა უნდა მოითხოვოს და მას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება უნდა ჰქონდეს.
ამ მეორე პირობას მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად აკმაყოფილებდა, მაგრამ განცხადება გიორგი მარგველაშვილის სახელზე მანაც არ დაწერა. სამაგიეროდ, მარგველაშვილმა მეორე დღესვე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა. თან, განმარტების სახით, იქვე მიაყოლა, - სააკაშვილმა, როცა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ამით ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენაო.
რასაკვირველია, სააკაშვილმა ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად ახსნა _ მან განაცხადა, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რომელსაც „რუსი ოლიგარქი მართავს“, რის შემდეგაც იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, სადაც, ასევე, საქართველოს ბედი წყდებოდა.
„მე ამ ქვეყანაში (უკრაინა) მთლად გასტერბაიტერი არ მეთქმის, რადგან აქ, საერთო ჯამში, 18 წელზე მეტი ვიცხოვრე, კიევი და, ზოგადად, უკრაინა, არაა ჩემთვის უცხო ქვეყანა“, _ ასე ახსნა რამდენიმე დღის წინათ მატვეი განაპოლსკისთან გადაცემაში სააკაშვილმა მისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.
როგორ შეხვდნენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიაში, შესაძლოა, ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლებათ. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, მინიმუმ, ორი თვალთახედვით:
ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობამ“ ამ გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ ყოფნა აარიდა ნებისმიერს, ვინც, შესაძლოა, სააკაშვილის შემდგომ არჩეულიყო თავმჯდომარედ _ ხომ ვთანხმდებით, რომ ჰიპერაქტიური მიხეილ სააკაშვილის ფონზე ნებისმიერი თავმჯდომარე, რაც უნდა ეაქტიურა, მაინც პასიური გამოჩნდებოდა.
და მეორეც _ „ნაცმომ“, რაღაც, ახალი განაცხადის მაგვარი გააკეთა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჯერჯერობით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არ არსებობს პარტია კონკრეტული ლიდერის, თავმჯდომარის გარეშე. ამით ენმ-მ იმის სიგნალიც გასცა, რომ კოლექტიურ მმართველობას, ანუ დემოკრატიულ მმართველობას აღიარებს და მისდევს და მეორეც, ძალიანაც შეიფერა ახალი, ხელისუფლების „ბოძებული“ შესაძლებლობა, ისე განთავისუფლდეს მიშასგან, რომ ეს ხელისუფლებას დააბრალოს.
„მიშისტების“ და „ანტიმიშისტების“ დაპირისპირება ენმ-ში ახალი სულაც არ არის და თითქმის პარტიის დაარსებიდანვე იღებს სათავეს. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას სწორედ „ანტიმიშისტების“ შანსად განიხილავენ: ანუ იმ კატეგორიის, ვისაც მიაჩნია, რომ მიშა წარსულია, ძველია და ენმ მისი აჩრდილისგან უნდა განთავისუფლდეს. ასეთები ცოტანი, მაგრამ ინტელექტუალური რესურსითა და გავლენით გამორჩეულები არიან. ბოლო დროს გამოქვეყნებულმა პრივატულმა სატელეფონო საუბრებმა ეს მხოლოდ დაადასტურა. მაგალითად, გაირკვა, რომ გოკა გაბაშვილს, რომელიც ბოკერია-თარგამაძე-რატიანი-ლონდარიძე-წიკლაურის დაჯგუფებაში ტრიალებს, სააკაშვილი „ხელისუფლების გიჟად“ მიაჩნია, რომელიც ჯერ ოდესაზე, მერე ბიძინაზე და ბოლოს ენმ-ზე უნდა ფიქრობდეს, ხოლო ვაშაძეს, რომელსაც გაბაშვილი „ჭიათურელ კამსამოლად“ მიიჩნევს, ჰგონია, რომ სააკაშვილი მათთან „ბლატაობს“, ხოლო პოროშენკოსთან ჩვეულებრივი „ცუციკია“.
საერთო ჯამში, ორივე ჯგუფის განაწყენებას ის იწვევს, რომ სააკაშვილი ისევ ძველ ძალოვნებს ეყრდნობა და მათ უფრო უჯერებს, ვიდრე სუფთა პოლიტიკურ თანამებრძოლებს. ეს „ეჭვიანობა“ მანამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა, როცა ზურაბ ადეიშვილი უკვე აშკარად გამოჩნდა და მისდამი სააკაშვილის სიმპათიებიც ხილული გახდა, მან ახალი ძალით იფეთქა. ჰოდა, ამ ჯგუფებს რატომაც არ უნდა აძლევდეს ხელს, თუკი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ჩამოშორდება მისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის პარალელურად?
ის კი არადა, შეთქმულების თეორიის მოყვარულები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლებასა და ენმ-ს „უსააკაშვილო“ ნაწილს შორის შეთანხმებაც კი შედგა _ სააკაშვილს ჩვენ მოქალაქეობას ჩამოვართმევთ, ამით შანსს მოგცემთ, ძალდაუტანებლად გაათვისუფლოთ პარტია მისი გავლენისგან, ჩამოყალიბდეთ ახალ ძალად, გადაისხათ ახალი სისხლი, სამაგიეროდ, პირობა უნდა მოგვცეთ, რომ ჩვენ მიმართ ისეთი კატეგორიულები არ იქნებით, როგორც მანამდე. პარლამენტში კვოტები გექნებათ, როგორც ძველში, ასევე ახალში, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ არჩევნებშიც, რომ მეორე ძალად დარჩეთ, პრივილეგიებს შეინარჩუნებთ...
ძნელი სათქმელია, რა საფუძველი არსებობს ამ თეორიისთვის, ანუ გაწირა თუ არა ენმ-მ პოლიტიკური მომავლის პერსპექტივისთვის მიხეილ სააკაშვილი? ეს, ალბათ, 2016 წლის არჩევნებზე გამოჩნდება, მაგრამ თუ ასეა, ენმ-ს ერთი დიდი შერყევა კიდევ ელოდება _ პარტიის შიგნით და პარტიის მხადამჭერების იმ ნაწილისგან, ვისაც ენმ სააკაშვილის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
რა მოხდება შემდეგ? რა იქნება სააკაშვილის საპასუხო სვლა? რა როლი აქვს ამ სვლაში ვანო მერაბიშვილს და რა _ ბაჩო ახალაიას? სად, ვისთან იქნება გიგი უგულავა?
„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის პასიურობასა და ბაჩო ახალაიას გააქტიურებას თავისი ახსნა აქვს. მეტიც, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს უკვე იმდენად მობეზრდა ეს ინტრიგები, შემოთვალა კიდეც, აქტიურ პოლიტიკას შევეშვი, მასში ჩაბმას არ ვაპირებ და მეც თავი გამანებეთ, თქვენ შორის ურთიერთობები თავად გაარკვიეთო. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტორი, რომ ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილი, რომელიც ციხიდან საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერ თემას მუდამ ეხმიანებოდა და შანსს არ გაუშვებდა, თავისი პოზიცია არ გამოეთქვა, ახლა უბრალოდ, დუმს.
სამაგიეროდ, აქტიურობას იწყებს ბაჩო ახალაია. როგორც ჩანს, სააკაშვილის გარემოცვაში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს პერსონა მეტი ყურადღების ღირსია: რაც მან გააკეთა, წინა ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია _ საქართველოდან უკვე წასული დაბრუნდა, განაცხადა, რომ მზადაა, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი და ციხეში ჩაჯდა.
ჩაჯდა და მას შემდეგ მის მიმართ, ძირითადად, შეთითხნილი ბრალდებების გამო, მოულოდნელად, მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია დაიწყო. აქტიური, საერთო ჯამში, დადებითი ემოციების გამომწვევი, დინჯი და გაწონასწორებული მეუღლის, ანი ნადარეიშვილის წყალობით და ასევე თავისი დამაჯერებელი გამოსვლებით სასამართლო პროცესებზე, ბაჩო ახალაიამ თითქმის მთლიანად ჩამოირეცხა ის ტალახი, რითაც, თავის დროზე, მისი სახელი დასვარეს.
ახლა მას თვით „ოცნების“ თავგადაკლული მომხრეებიც კი ვერ აძაგებენ ხელაღებით _ მომგებიანი არ არის, რადგან ვერაფერს უმტკიცებენ. თვით მეოცნებე დეპუტატებიც და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტებიც კი იძულებული გახდნენ, აღიარონ, რომ ბაჩო ახალაიას შემთხვევა არაორდინარულია და ძალიან ჰგავს პოლიტიკურ დევნას...
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიასა და მისი მომხრეების სათავისოდ გამოყენებასაც აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი მისი პოლიტიკური აქტივობა რამენაირად ისევ დაუკავშირდება საქართველოს. ხოლო ის, რომ საქართველოს აუცილებლად დაუკავშირდება, ალბათ, ეჭვს არ იწვევს მათში, ვინც, ასე თუ ისე, იცნობს მიხეილ სააკაშვილის ხასიათს. როგორც ჩანს, საბოლოოდ, სააკაშვილმა უგულავასა და ახალაიებს შორის, ეს უკანასკნელი აირჩია, რადგან გიგი უგულავამ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო...
მაგრამ ეს ყველაფერი, შესაძლოა, მომავალში მოხდეს და, შესაძლოა, ასე მოხდეს ან სხვაგვარად. ხოლო ის, რაც დღეს ხდება ისაა, რომ სააკაშვილის ფრონტის ხაზი ისევ უკრაინაზე გადის, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საბოლოოდ ამოვიდეს სანგრიდან და შეტევაზე გადავიდეს. სხვაგვარად ვერ დაარქმევ იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, _ მან უკრაინის მთავარი კორუმპირებულები დაასახელა და მათში მოქმედი პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა.
რასაკვირველია, სიაში ვერ მოხვდნენ პოროშენკოს გარემოცვის კორუმპირებულები, რადგან პრეზიდენტი ის დონეა, რომლის ხელშეუხებლად დატოვებაც მიშამ ამ დროს გონივრულად მიიჩნია. სამაგიეროდ, ის საბოლოოდ შეიარაღდა „მძიმე არტილერიით“ _ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ სულ მალე უკრაინაში პრინციპულად დაისმება საკითხი _ ან ვებრძვით კორუფციას ბოლომდე, ან ვიხევთ უკან! მერე კორუმპირებულთა სია დადო და მისი ჩამონათვალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კიევის „ბორისპოლში“ აშშ-დან ჩამოფრენილი თვითმფრინავის ტრაპზე ჯო ბაიდენმა ჩამოირბინა _ უკრაინაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო...
დოროთე გითოლენდია