ხელისუფლებაში თუ ხარ და თან ცოტა ჭკუაც თუ გაქვს, შეკითხვის უნდა გეშინოდეს. რადგან ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მე ვეკითხები სასჯელაღსრულების მინისტრს, ბატონ კახიშვილს, _ რატომ იცრუეთ, ბატონო მინისტრო?! რატომ თქვით, რომ პირველად დაიდგა ციხეში სპექტაკლი და პირველად ითამაშეს საზოგადოების წინაშე მსჯავრდადებულებმა?! რად ამბობთ ასეთ ტყუილს, რომლისაც არავის სჯერა?! მთელმა საქართველომ და საზღვრის იქით წასულმა ქართველობამაც კარგად იცის, რომ 2006 წელს ქალთა კოლონიაში თეატრალური დასი შეიქმნა და 5-ჯერ ითამაშეს სპექტაკლები მსჯავრდადებულებმა გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის სცენაზე. ამიტომ არავინ მოტყუვდა. ერმა ეს სატელევიზიო გადაცემებიდან იცოდა, ბერი კი ყოველ სპექტაკლს ესწრებოდა, ყველა სპექტაკლზე ერთი რიგი მონაზვნებსა და მამაოებს ეთმობოდა. შწორედ ჩვენი სპექტაკლების შემდეგ მოითხოვეს ბათუმის ციხეში სპექტაკლის დადგმის უფლება, მერე დადგეს და წარმატებით ითამაშეს ბათუმის სახელმწიფო თეატრში. თქვენი ტყუილით მხოლოდ იმ პატიმარ ქალებს ატკინეთ გული, რომლებმაც უზარმაზარი ძალისხმევა ჩადეს, რათა სრულფასოვნად წარსდგომოდნენ მაყურებელს და არავის ეთქვა, _ რა ქნან მეტი, საწყალი პატიმრები არიანო. მათ ხუთივეჯერ პროფესიონალებისთვისაც შესაშური დადგმა აჩვენეს, მათ დარბაზისა და სცენის, საერთო ტკივილისა და დარდის გაერთიანება მოახერხეს. ისინი ხომ მსახიობები არ იყვნენ, ისინი ტუსაღები იყვნენ მხოლოდ და თამაშობდნენ საკუთარ უბედობას და დანაშაულის სიმძიმის განცდას. ისე თამაშობდნენ, რომ თეატრის ყველა კრიტიკოსი ერთხმად ამბობდა და წერდა, _ სცენაზე ნამდვილი პროფესიონალებივით იდგნენო. ისინი თამაშობდნენ თავისუფლების სურვილს თავისუფალი თეატრის სცენაზე. ესეც სიმბოლური იყო. ამიტომ ვთქვი თავიდანვე უარი სხვა თეატრების სცენებზე, თორემ ვინ დაგვამადლიდა დიდ დარბაზებში თამაშს.
საქართველოს მთავრობას რომ შერჩევითი სამართალი აქვს, ეს არახალია. თქვენც არ არღვევთ ტრადიციას, ბატონო მინისტრო, თქვენ გული ატკინეთ იმ პატიმრებს, რომლებიც იმ პიესებში თამაშობდნენ და რომელთა უმრავლესობა ახლაც იხდის სასჯელს. პატიმრის გულის ტკენა ადვილია, მაგრამ უსინდისობაა. ყველა თქვენს ნათქვამ წინადადებაში თავმოწონება იყო _ აი, ჩვენ როგორი ბიჭები მოვედით, ისინი გამცირებდნენ, ჩვენ ისე გექცევით, სპექტაკლის დადგმაც კი მოგინდათ, აი, ახლა რა საამური სიტუაცია გაქვთ. ერთი დიდი ლაფსუსი მოგივიდათ _ ჩვენი სპექტაკლების დროს, რა თქმა უნდა, ბადრაგიც იყო, მაგრამ ისინი სატელევიზიო ჩართვებში არსად ჩანდნენ, არ მინდოდა, საბადრაგო სამსახურიც გამოჩენილიყო, ამ პატიმრებისთვის ეს დღესასწაული გამეუფერულებინა, თქვენ კი რუსთაველის კინოთეატრის დარბაზი იარაღიანი ბადრაგებით აავსეთ.
უკვე აღარ ვიცი, ვინ უფრო სცოდავს _ ის, ვინც ამცირებდა პატიმარს, თუ ის წერას აყოლილი ჟურნალისტი ან პარლამენტარი, გაუთავებლად რომ ახსენებს საზოგადოებას, _ ასე აუპატიურებდნენ და აწამებდნენ პატიმრებსო. არავინ ფიქრობს თავად პატიმარზე, ციხიდან გამოსულ ნაპატიმრალს ოჯახის წევრი, მეზობელი, პურის გამყიდველი, განურჩევლად ყველა, უყურებს როგორც დამცირებულს, ნაწამებს და პატივაყრილს. თქვენ პატიმარიც ფეხებზე გკიდიათ, თორემ რა შუაშია სპექტაკლი და შეწყალება? სასჯელის მოხდა კანონის უზენაესობაა, სპექტაკლების დადგმა კი მათი სურვილი, როგორმე გადააგორონ იქ ყოფნის წუთები და საათები.
მინდა შეგახსენოთ (თუმცა კარგად ვიცი, შეხსება არ გჭირდებათ, ძალიან კარად გახსოვთ), როგორ შეიქმნა მაშინ თეატრალური დასი: მე 2006 წელს აღმოვჩნდი ციხეში. მალე მივხვდი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად რაღაც უნდა გამეკეთებინა, გაგიჟების მეშინოდა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, იქაურ ცხოვრებაზე და იქაურ პრობლემებზე პიესები დამეწერა, იქვე, პატიმრებთან ერთად დამედგა და მერე მათთან ერთად გამეტანა ქალაქის თეატრის სცენაზე. ჯერ ქალბატონ მედიკო ალანიას (დაწესებულების მაშინდელი უფროსი) გავუმხილე სურვილი, მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის უფროსს, სალომე მახარძეს გადასცა (იმ დროისთვის ნამდვილად გიჟური სურვილი). არ ვიცი, სალომემ რა უთხრა ბაჩო ახალაიას, როგორ დაარწმუნა იგი, მაგრამ თანხმობა მივიღეთ. ეს ის ბაჩო ახალაიაა, რომლითაც გვაშინებდნენ (დღემდე არ ვიცი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ, ვის ინტერესში იყო ახალაიას ლანძღვა და ჩვენი შეშინება, ბავშვებს რომ ბუათი აშინებდნენ, _ წესიერად მოიქეცი, თორემ ბუა მოვა და წაგიყვანსო, ჩვენ კი, _ ბაჩო მოვა, გაწამებთ, დაგარბევთ და შეურაცხყოფას მოგაყენებთო).
ბაჩო ახალაია დანიშვნიდან 2 წლის თავზე პირველად ნახეს პატიმრებმა ზონაში შემოსული, ესეც იმიტომ, რომ თავად ქალებმა მოითხოვეს მისი ნახვა. თქვენ გასაგებად ვამბობ: 1. ხუთი სპექტაკლი გავიტანეთ ქალაქში; 2. ორჯერ თექის გამოფენა „მარიოტში“; 3. ერთხელ ტელეკომპანია „იმედში“ პროექტ „ეტალონში“ მივიღეთ მონაწილეობა; 4. ერთხელ კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „პროფილში“. 5. სწორედ იმ დროს გაიხსნა კოლონიაში ვიჟაზის შემსწავლელი კურსები.
ყალბი მოკრძალების გარეშე ვამაყობ _ ერთი თეთრი არ დახარჯულა სასჯელაღსრულების ბიუჯეტიდან, მე თავად ვშოულობდი სპონსორებს, თემურ ჭყონია და მარინა გუნია უყოყმანოდ დაგვთანხმდნენ, დეკორაციებისა და რეკვიზიტისთვის საჭირო მასალებს გვყიდულობდნენ. ჩვენი ხელით ვაკეთებდით დეკორაციებს და აზრად არ მოგვსვლია, რაიმე პრივილეგია მოგვეთხოვა, არც ცრუ დაპირებები მოუცია ვინმეს, შეწყალებით გაგიშვებთო. მეტიც, არც მადლობა უთქვამთ, ან რა იყო სამადლობელი? _ პირიქით, სცენიდან ჩვენ ვიხდიდით მადლობას, რომ მოვიდნენ და მოგვისმინეს. ეს გოგონები, რომელთა შორის პროფესიონალი მხოლოდ მე ვიყავი, თავდაუზოგავად მუშაობდნენ და გული მტკივა, რომ მათ იგნორირება გაუკეთეს, თორემ მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს, _ ჩემს საქმეს ვაკეთებდი.
ახლა კი ჩემს გოგოებს, ჩემს მსახიობებს, იქ _ ზონაზე დარჩენილებს მინდა, ვუთხრა: ჩემო ჭირის დებო, არ გეწყინოთ ბატონი მინისტრის ნათქვამი, გაიხსენეთ ჩვენი როსტოველი მარინას საყვარელი ფრაზა: „обижаются только горничные и собаки“.
გაიხსენეთ, მაშინ ხომ ვიყავით ბედნიერები, ტაშს რომ გვიკრავდნენ, გაიხსენეთ, თქვენ სცენაზე ტიროდით, დარბაზში რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, მხატვრები თქვენთან ერთად ტიროდნენ, ხომ გაცვიოდათ თავზე ფოირვერკის ფერად-ფერადი ფურცლები, ხომ დაგატარებდნენ წითელ ხალიჩაზე, ხომ გივსებდნენ სცენას ყვავილებით, ხომ ამბობდნენ, _ რომ ჩვენ ამ სპექტაკლებით დავარღვიეთ ქვის გალავანი მათსა და ჩვენ შორის, ხომ გვიხდიდნენ ბოდიშს, რომ თავის დროზე ვერ გვიპატრონეს, ვერ მოგვიარეს, გვერდით ვერ დაგვიდგნენ და თავს იდანაშაულებდნენ, რომ ჩვენ გისოსებს მიღმა მოვხვდით. ეს ხომ იყო? ნამდვილად იყო, გული არ დაგწყდეთ ბატონ მინისტრზე, ამ მთავრობაზე. უნდა იცინოთ, გაიცინეთ, სიცილია, ნებისმიერ ხელისუფლებას რომ ანგრევს და ნებისმიერ ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს. არ დაიჯეროთ, თითქოს, შეწყალებაზე საუბარი პატიმრების გამო დაიწყეს. იმასაც ვერ ხვდებიან, ის, რაც იმ დღეს ითქვა, ამით პატრიარქი ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში! ამათ ისიც კი არ იციან, რომ პატიმრის გაბრიყვება ადვილია, მაგრამ მძიმე დანაშაულია, რომ იმედი, რომელიც მათ პატიმრებს ჩაუნერგეს, უფრო მძიმეა გამოფხიზლების მერე, ვიდრე უიმედობა. მათ ეს სპექტაკლი ერთადერთი მიზნისთვის გამოიყენეს, უნდათ, რომ პრეზიდენტს ის უფლება ჩამოართვან, რაც მხოლოდ პრეზიდენტის პრივილეგიაა ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში. ორი წიგნი თუ მიანც აქვს კაცს წაკითხული, უნდა მიხვდეს, რომ ეს ოცნებაც სისულელეა, როგორც ყველა ოცნება, რითაც მოვიდნენ და რითაც წავლენ.
P. S. ქალთა კოლონიის ახლანდელ უფროსს დავურეკე, ერთი კითხვა დავუსვი, იცოდა თუ არა მან, რომ ეს პირველი სპექტაკლი არ იყო? პასუხმა გამაოგნა! _ დიახ, ვიცოდი, მაგრამ ეს პირველი მასშტაბური ღონისძიება იყოო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მან არ იცის, სპექტაკლი ღონისძიება არ არის, სპექტაკლი დღესასწაულია, თუმცა რას ვერჩი, სიმართლე თქვა, ეს იყო ღონისძიება _ მთავრობისა და სასჯელაღსრულების ერთობლივი ღონისძიება. მთავრობის დაუოკებელი სურვილი, რომ გაჟღერებულიყო პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეწყალების აქტის ჩამორთმევა, კიდევ ერთი მცდელობა კონსტიტუციის დარღვევისა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ქართველობა მარტო ყველაფრის ატანას კი არა, ყველაფრის ჩადენასაც გულისხმობს.
ფისო (ლია) ჯოჯუა