ნატოს ბრიუსელის მინისტერიალზე ღია კარის პოლიტიკას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება გრძელდება. მონტენეგრო უკვე მიწვეულია გაწევრიანებაზე მოსალაპარაკებლად. საქართველოს მისამართით კი ითქვა, რომ ჩვენ ქვეყანას მაინც მაპის (გაწევრიანების სამოქმედი პროგრამის) გზით მოუწევს ამ გზაზე სიარული.
თორმეტი სახელმწიფოს მიერ დაარსებულმა ნატომ აქამდე გაფართოების შვიდი ტალღა გაიარა. შესაბამისად, წევრი ქვეყნების რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ალიანსი ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და განვითარების გარანტიაა.
ნატოს ღია კარის პოლიტიკა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლს ეფუძნება, რომელშიც წერია:
„ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ხელშეკრულებაში გაწევრიანების მიზნით, საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუძლიათ მოიწვიონ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს და თავისი წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში“.
დღეს ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც საქართველო ნატოს წევრი გახდება. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის, ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა.
„ქრონიკა+“ ბრიუსელის მინისტერიალის შედეგებზე ექსპერტ კახა გოგოლაშვილს ესაუბრება:
_ ნატოს ბოლო მინისტერიალს საქართველოს მიმართ დადებითი გზავნილები ჰქონდა. უბრალოდ, სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევენ ფრაზას, რომლითაც კომუნიკეში საქართველოზე საუბარი იწყება. კერძოდ, 2008 წელს საქართველოს შესახებ ითქვა, რომ ის გახდება ნატოს წევრი, მაპის გზითო. იქ სიტყვა-სიტყვით ასე წერია. შემდეგ აღნიშნულია, რომ ნატო ამ გამონათქვამის ყველა კომპონენტს ადასტურებს. მერე საუბარია იმაზე, რომ საქართველოს აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობისთვის ამზადებს და ა. შ., მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კომუნიკეს სიტყვა-სიტყვით გავიგებთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ მაპის გზით სიარული მოგვიწევს. ეს პროგრამა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ალიანსში გავწევრიანდეთ. ასეთია ამ საქმის დღევანდელი მდგომარეობა.
_ რატომ გახდა ამ ეტაპზე ისევ საჭირო მაპზე ხაზგასმულად საუბარი?
_ მას შემდეგ, რაც 2001 წელს ნატოს ბოლო გაფართოება მოხდა, იქიდან მოყოლებული ალიანსში მაპის მეშვეობით წევრიანდებიან. რასაკვირველია, აქ არ არის საუბარი ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც შვედეთი და ფინეთია, რომლებიც შეიძლება სამხედრო ბლოკში გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, მათ ეს პროგრამა არ დასჭირდებათ, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.
ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიულ ტრანსფორმაციას განიცდიან და არ იყვნენ განვითარებული სამყაროს ნაწილი, მათთვის დაშვებულია მიდგომა, როგორიცაა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. პრაქტიკულად, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მაშინ ენიჭება, როდესაც გაწევრიანების ეს სამოქმედო გეგმა გადაეცემა.
ანუ ჩვენ, ამ ეტაპზე, ნატოს კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, არ გვაქვს, რადგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მოუციათ. ბოლო მინისტერიალმა დაადასტურა, რომ როდესაც საქართველოს მაპს მისცემენ, ავტომატურად კანდიდატი ქვეყანა გახდება. ასე გავიგე განცხადება, რომლითაც საქართველოსთან დაკავშირებული ის სამი დებულება იწყება, პუნქტები, სადაც კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაზეა საუბარი.
_ არის თუ არა ამ დოკუმენტში რაიმე მინიშნება მომავალი წლის სამიტზე მაპის შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებით?
_ არა, ამ გადაწყვეტილებაში ამაზე საუბარი არ არის და ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ ამ პერსპექტივის არც უარყოფაა. ანუ, პრაქტიკულად, მინისტერიალი საკითხს ღიად ტოვებს.
ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები; რა პროგრესს აჩვენებს ჩვენი ქვეყანა და რა ინტერესი გაუჩნდება ნატოს საქართველოს მიმართ. ერთ წელიწადში ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. და შეიძლება მართლა მოვიდეს ის მომენტი, რომ ძალიან სწრაფად დაიწყონ ალიანსში ჩვენი გაწევრიანების პროცესი. მაგრამ ამ მინისტერიალის დოკუმენტებში ასეთი მინიშნება ნამდვილად არ არის.
_ ის მაინც თუ იგულისხმება, რომ მონტენეგროს შემდეგ შეიძლება უკვე საქართველოს რიგიც დადგეს?
_ შეიძლება ამაზე ვთქვათ კიდეც, რომ იგულისხმება. პრაქტიკულად, მონტენეგროს შემდეგ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით საუბრებში საქართველოც აქტიურად ფიგურირებს. რასაკვირველია, აქცენტი არის მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაზე და ისინი ჩვენზე წინ არიან აღნიშნულ კონტექსტში. ამის შემდეგ საქართველოზეა ყურადღება გამახვილებული. ანუ როდესაც დასავლეთ ბალკანეთის ნატოში ინტეგრირება დასრულდება, შემდეგ არის საქართველო; ნატოს წევრობასთან უკვე ყველაზე ახლოს ჩვენი ქვეყანა დგას, იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რაღაც სურვილი აქვთ, რომ ნატოში გაწევრიანდნენ. მაგრამ, როგორ ჩანს, ჯერ მთლიანად ბალკანეთის გაწევრიანების პროცესი უნდა დასრულდეს.
_ როგორ მოქმედებს რეგიონული პრობლემები, მათ შორის, რუსულ-თურქული ბოლო დაპირისპირება აღნიშნულ პროცესზე?
_ ამ ეტაპზე, ალბათ, უფრო უარყოფითად, რადგან კიდევ უფრო იძაბება ეს გეოპოლიტიკური ვითარება და თანმდევი რისკები იზრდება. ამიტომ ნებისმიერი რისკის ზრდისკენ მიმართული განცხადება ან ნაბიჯი, რომ აი, საქართველოს ნატოში ვაწევრიანებთ, მაპს ვაძლევთ და სხვ., შეიძლება მოვლენების მაპროვოცირებელი იყოს.
რუსული მხარე შეიძლება, უბრალოდ, პანიკამ მოიცვას, რომ აი, საქართველოს ნატოში მიიღებენ; შემდეგ თურქეთი ადგება და ჯარს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანს, ამიტომ მოდით, დავასწროთ და რაღაც მოტივით შევიყვანოთ ჩვენი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეო. ან შეეცდება გაჭრას დერეფანი სომხეთში და ა. შ. რუსეთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რუსეთს არავითარ შემთხვევაში აღარ დაუთმობს თავის ტერიტორიას; თურქეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ქართული მხარე თავის ტერიტორიას არ დაუთმობს რუსეთს ჯარის გასატარებლად, ვთქვათ, სომხეთისკენ; და ამით სომხეთი გარკვეულ იზოლაციაში მოექცევა.
ანუ რუსეთს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრობლემები შეექმნება და ეს, ალბათ, თავისთავად მიაღებინებს გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერი მიზეზით, სასწრაფოდ მოახდინოს საქართველოში სამხედრო ინტერვენცია. ალბათ, მთავრობის შეცვლა და ისეთის დანიშვნა, რომელიც მთლიანობაში რუსეთის გავლენის ქვეშ იქნება და ა. შ.
მოკლედ, ბევრი პროცესის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასეთი სახის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით.
რასაკვირველია, ამ კონტექსტში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდის ან აჩერებს ნატოში ჩვენი ინსტიტუციურად დაახლოების პროცესს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, პროცესების შემდგომი განვითარების შემთხვევაში რა მოხდება. არ არის გამორიცხული, თუ კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები, შეიძლება აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, მათ შორის, სწრაფადაც.
ამიტომ, ამ ეტაპზე, შეიძლება ვთქვათ, რომ არსებული რეალობა ცუდია ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან რაც უფრო დაძაბულია რეგიონი, მით უფრო მაღალი რისკებია და ამ რისკებთან თამაში არავის სურს _ არც ნატოს ქვეყნებს და არც არავის. არავის სჭირდება ომი ამ რეგიონში.
_ ამ ვითარებაში რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ქართულმა მხარემ, რომ ნატოსკენ სვლა აქტიურად გააგრძელოს?
_ თავისთავად, პოლიტიკა ძალიან მკაფიო და პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ცდილობდეს რუსეთის პროვოცირებას. რასაკვირველია, უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, რომ არ იყოს ადვილად დასაპყრობი ქვეყანა. კრიზისის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა შინაგანი კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მთავარია. ანუ საქართველო შიგნიდან ძლიერი უნდა გახდეს. მარტივად დასაპყრობი ქვეყანა ისაა, რომელიც შიგნიდან სუსტია, _ თუ ერი არ არის შეკრული, კონსოლიდაცია არ არსებობს; ძლიერი დაპირისპირებაა პარტიებს, სხვადასხვა ჯგუფს შორის; შიგნით ქვეყანაში უნდობლობაა ერთმანეთის მიმართ _ მთავრობასა და ხალხს შორის, პარლამენტსა და მთავრობას შორის და ა. შ. ასეთი ქვეყანა სუსტია და ეს უნდა დაიძლიოს. ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო საფრთხეების მიმართ ქვეყანა უნდა იყოს გამძლე. ამისთვის შინაგანი კონსოლიდაცია, უბრალოდ, აუცილებელია.
მეორე _ რასაკვირველია, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მნიშვნელოვნად არის საჭირო, რათა არავის დაებადოს ისეთი განცდა, რომ ძალიან ადვილია საქართველოში ჯარის შემოყვანა და აქ არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდება იგივე რუსული ჯარი; თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაიარონ, მაგალითად, შევიდნენ ყარაბაღში ახმეტის რაიონის გავლით, ან დაახლოებით ამგვარი გზით. დაღესტნიდან გზას რომ აკეთებდნენ, ალბათ, გააკეთეს კიდეც. ვთქვათ, იმ გზით ტანკები კახეთზე გადაატარონ და შევიდნენ შემდეგ სომხეთში და ყარაბაღში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ეს ძალიან რთული საქმეა და საქართველო ასე მარტივად თავის ტერიტორიაზე არავის ჯარს არ გაატარებს.
და მესამე _ თავისთავად საქართველომ ძალიან აქტიური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ნატოსთან, ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან. საჭიროა მძლავრი დიპლომატია იმისთვის, რომ ალიანსი მაქსიმალურად ყურადღებით იყოს ჩვენი, ამ რეგიონის მიმართ და საერთაშორისო ასპარეზზეც აშკარად აცხადებდეს საქართველოს დაცვას, როგორც ერთ-ერთ მიზანს. ჩემი აზრით, ეს ამოცანები სასწრაფოდ გადასაწყვეტია.
_ ქვეყანაში შინაგანი კონსოლიდაციის აუცილებლობა ახსენეთ, ამ მხრივ რა რეალობის წინაშე ვიმყოფებით?
_ ძალიან რთულ მდგომარეობში ვართ. რასაც ჩვენ დღეს საქართველოში ვუყურებთ, ეს საერთოდ არ არის პოლიტიკური კონკურენცია. ეს არც პოლიტიკური ბრძოლაა. ეს არის რაღაც პირდაპირი მცდელობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთი გაანადგურონ; ერთმანეთის სრული დისკრედიტაცია მოახდინონ.
საქმე ისაა, რომ როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მეორის სრულ დისკრედიტაციას ახდენს, ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა ამ დისკრედიტაციას უკან მიჰყვება, როგორც, ვთქვათ, მათი მხარდამჭერი. სამაგიეროდ მეორე ძალა, რომელსაც ფსკერზე სძირავენ, ცდილობს, რომ არ დატოვოს ზედაპირზე და ჩაძიროს ის, ვინც მას ამითვე ემუქრება. შემდგომში დგება რაღაც ისეთი სიტუაცია, რომ ქვეყანაში აბსოლუტური ნიჰილიზმი იქმნება. ადამიანები ვეღარ ენდობიან ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ არის გასვრილი; რომელზედაც არ არის ნათქვამი ისეთი საშინელებები, რის გამოც ისინი მიუღებელი ხდებიან ყველა დანარჩენისთვის. ეს ქმნის, პრაქტიკულად, მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ საშინელ უნდობლობას საზოგადოებაში. და ამ პოლიტიკური კლასის გარეშე საზოგადოება, უბრალოდ, ცხვრის ფარაა. და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. მათი განადგურებით, მთლიანობაში ასეთი ქვეყნის დაპყრობა ძალიან ადვილი ხდება, როდესაც პოლიტიკური კლასი აღარ ჰყავს; არ არიან ადამიანები, რომელსაც ხალხი მეტ-ნაკლებად ენდობა და შეუძლია ქვეყნის მართვის სადავეები ჩააბაროს.
მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა ფენა თავს იღუპავს, როდესაც მსგავსი ნიჰილიზმი ჩნდება საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ასეთი პრობლემის წინაშე ნამდვილად ვდგავართ. ვფიქრობ, ამის დასაძლევად აუცილებელია პოლიტიკაში რაღაც მორალური ნორმებისა და გარკვეული წესების დაცვა. პოლიტიკაში უკომპრომისო თამაში, რომელიც ამ მაქსიმას იყენებს, სამბოლო ჯამში ყველასთვის დამღუპველია. პოლიტიკოსებმა ამ ნორმებს არ უნდა გადაუხვიონ. არსებობს რაღაც მინიმუმი, რომლის დაბლა ჩასვლა, უბრალოდ, აღარ უნდა იკადრონ ერთმანეთთან ბრძოლის კონტექსტში; და თუ აუცილებლობა მოითხოვს, რომ ამ დონის ქვემოთ ჩავიდნენ, ეს მართლაც საზოგადოებისთვის საჭირო მოქმედება უნდა იყოს.
გელა მამულაშვილი