თბილისთან ე. წ. დიალოგის ფონზე მოსკოვი, რეალურად, ზურგში ლახვრის ჩაცემის პოლიტიკას აგრძელებს. ამის კიდევ ერთი დასტურია აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას განცხადება, რომ რუსეთი და სოხუმის ხელისუფლება ე. წ. გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების ფორმირებას 2018 წლისთვის დაასრულებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას რუსულ და ე. წ. აფხაზურ ძალოვან უწყებას შორის რამდენიმე დღის წინათ მოეწერა ხელი.
„რუსეთი უსაფრთხოების გარანტია, თუმცა ეს იურიდიულად უნდა იყოს დაფიქსირებული. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავადაც შეგვიძლია, რეალობას არ შეესაბამება, რადგან ჩვენი ტექნიკით ჩვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთ“, _ განაცხადა ქიშმარიამ. მისივე ინფორმაციით, უკვე შეირჩა გაერთიანებული დაჯგუფების დისლოკაციის ადგილი, სადაც სამხედრო ქალაქი აშენდება.
ქიშმარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას შეუძლია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა „აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც“ მიიღოს. რუსულმა მხარემ და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, დაჯგუფების შექმნა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მიერ 2015 წლის 26 ნოემბერს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტის გაფორმების ფაქტს. საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„2015 წლის 26 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო სფეროში მორიგი დოკუმენტი გააფორმა, კერძოდ, ხელი მოეწერა „შეთანხმებას“ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე.
აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს და, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხმება“, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რომელიც, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის სხვა ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ზემოხსენებული „შეთანხმება“ წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას და ამგვარად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
„ქრონიკა+“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება:
_ უპირველესად, ახლა რასაც ხელი მოაწერეს, ჩადებულია იმ ძირითად ჩარჩო-ხელშეკრულებაში, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის აქამდე არსებობდა. ის ასეთ ერთობლივ საჯარისო გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა, მაგრამ, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ცალკე რუსული ქვედანაყოფები და სოხუმს შეუძლია, ამ საერთო ქვედანაყოფის გარდა, კიდევ თავისი ჯარი ჰყავდეს. ამიტომ ერთობლივი სამხედრო გაერთიანება აღნიშნული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში არის გაკეთებული.
_ მისი მიზანი რა არის?
_ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულება და ეს პუნქტი სწორედ რუსეთის შემოთავაზებული იყო. აფხაზებმა იქ გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც მის ძირითად აზრს შეცვლიდა. ამიტომ უნდა გავიაზროთ არა ის, თუ რა უნდათ აფხაზებს, არამედ რუსებს რა ამოძრავებთ.
რუსებს სურთ, რომ ის უკონტროლო, შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან და სადღეისოდ აფხაზურ ჯარს უწოდებენ, მკაცრი კონტროლის ქვეშ იყვნენ. ეს ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში თვითონ რუსებმა გაწვრთნეს, უკვე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებათ. რეალურად, ეს არის სპეცრაზმი, ანტიტერორისტული ქვედანაყოფები, რომლებსაც მთელ ამ პერიოდში ამზადებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც აღნიშნულ ქვედანაყოფებში სამსახური გაიარა, ამ ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შემადგენლობაში აღმოჩნდება.
_ ეს რამეს ცვლის რეგიონში ძალთა განლაგების თვალსაზრისით?
_ რაოდენობრივად, ტაქტიკურად, სტრატეგიულად ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება. ისევ რუსი იქნება აფხაზეთის ტერიტორიის განმკარგავი, მისი ჯარი იქნება ამ სეპარატიზმის დამცველი და ისევ რუსი იქნება მათთვის გარანტი იმისა, რომ აფხაზეთი იყოს ე. წ. დამოუკიდებელი; და ილუზიები მაინც ჰქონდეთ, რომ პერსპექტივაში მაინც შეიძლება რამეს მიაღწიონ.
_ აქ გარკვეული ეჭვიანობის ფაქტორიც ხომ არ არის, როდესაც მოსკოვი ცდილობს, რომ ეს შეიარაღებული ფორმირებები მთლიანად საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს?
_ ბოლო წლებია, მსოფლიოში სიტუაცია ისე არეულია, რომ რუსებს ნამდილად არ სურთ, რაიმე გაუგებრობები მოხდეს მათ ზურგში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, სომხეთში. ამიტომ ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება. მეორე მხრივ, მას არაფერში სჭირდება ეს ე. წ. დამოუკიდებელი აფხაზური ჯარი. რად უნდა, როდესაც მას შეუძლია ისევე გააკეთოს, როგორც ეს ცხინვალის რეგიონში მოიმოქმედა, სადაც რუსულ ბაზაზე ნება დართო, რომ ოსებმა იმსახურონ? შესაბამისად, მათ შეუქმნა ოსური ბატალიონი, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი ოსები სამხედრო სამსახურს გადიან. ანუ აქ უფრო საკონტრაქტო სამსახურზეა საუბარი. რუსული მხარე, დაახლოებით, იგივე სისტემას, ცოტა სახეშეცვლილს ქმნის დღეს აფხაზეთში.
_ ქიშმარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას შეუძლია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა „აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც“ მიიღოს. ამაში რას გულისხმობს?
_ ვფიქრობ, რომ ეს რუსული რიტორიკის გამეორებაა. პრინციპიში, რატომაც არა, ქიშმარია გაუშვებს თავის ბატალიონს და მონაწილეობას მიაღებინებს დონბასის ომში, სირიის ბრძოლებში და ა. შ., ანუ იქ, სადაც რუსეთი იქნება წარმოდგენილი. მაგალითად, ნებისმიერ რუსულ კონტინგენტში, რომელიც საზღვარგარეთ იქნება გაშვებული. ამ ქვედანაყოფს, სადაც აფხაზები იმსახურებენ, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა შეეძლება და ეს, ძირითადად, ამაზეა გათვლილი. რასაკვირველია, აფხაზების როლი მთელ ამ სისტემაში ნულის ტოლია, მაგრამ ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური რიტორიკისთვის, რომ, აი, ჩვენ აფხაზები ვმონაწილეობთ საერთაშორისო მისიებში და ა. შ.
_ ახსენეთ ე. წ. აფხაზური ჯარი, სადღეისოდ იგი რას წარმოადგენს?
_ შედარებით კარგად მომზადებული ნაწილები აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს არის სპეცდანაყოფის ნაწილები და ანტიტერორისტული ქვედანაყოფები. დანარჩენი, რასაც ჯარს უწოდებენ, მას საბჭოთა ჯარსაც ვერ შევადარებდი. ეს, ალბათ, იმდროინდელი ჯარია, როდესაც აფხაზეთში ომი იყო და ხალხს ელემენტარული ჩასაცმელი, ფეხსაცმელი, არაფერი ჰქონდა, _ უბრალოდ, ჯარში ირიცხებოდა და ხელში იარაღი ეჭირა.
_ ქართული მხარის პოზიცია რამდენად ადეკვატურია ამ საკითხში?
_ ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციები სუსტია. ვნახოთ დინამიკაში მთელი ეს სიტუაცია _ რუსეთი ჩვენ გვესაუბრება აბაშიძე-კარასინის ფორმატით; კმაყოფლებას გამოხატავს იმით, რომ საქართველოსთან რაღაც დაახლოება ხდება, რომ ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და ა. შ. და ამასობაში ვხედავთ, რომ რუსეთი ზურგში ლახვარს გვცხებს. ანუ ამ შემთხვევაში აძლიერებს თავის ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს აგრესიული ფაქტორი ყოველდღე ძლიერდება და დავუკვირდეთ, ერგნეთის ყოველი შეხვედრის წინ საოკუპაციო ზოლიდან აუცილებლად რამდენიმე ადამიანს იტაცებენ და სხვ. საბოლოო ჯამში, ჩვენ რასაც ვაკეთებთ _ ისევ ამ მოლაპარაკებებზე მივდივართ, ვსაუბრობთ რაღაც ეკონომიკაზე, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით მოსკოვი ჩვენს ზურგს უკან თავის საქმეს აკეთებს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ჩვენი პოზიცია სუსტია. საგარეო სამინისტროს ეს განცხადებაც არაფერს შეცვლის.
თუ ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, საზოგადოებისადმი, ქვეყნებისადმი განცხადებებს რაღაც რეაგირება მაინც მოჰყვებოდა ხოლმე, დღეს, როგორც ვხედავთ, ამ თემაზე არანაირი რეაგირება არ არის. ამიტომ ეს ძალიან სუსტი პოზიციაა.
ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ, რითაც შევძლებთ, შევზღუდოთ რუსეთის გაძლიერება ჩვენს ტერიტორიაზე. თუნდაც აბაშიძე-კარასინის ფორმატით არსებული კავშირები გადავიყვანოთ რაიმე ხელშესახებ, ხარისხობრივ ურთიერთობაში, რომელიც კონფლიქტებთან მიმართებით გამოიხატება.
სადღეისოდ ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. დათმობებზე მივდივართ, მათ სიყვარულს ვუხსნით და ამაზე ვეფიცებით. ისინი სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევიან იმ მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის ფონზე, რითაც ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლება ამაყობს. არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე ხელშესახებ შედეგს ვიღებდეთ.
_ რას უკავშირებთ ქართული მხრიდან ასეთ პოლიტიკას?
_ როგორც ვიცით, ამ ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს რეგიონული მოთამაშე. ამით გამორიცხა ყოველგვარი დინამიკური პროცესი რეგიონში საქართველოს თაოსნობითა და მონაწილეობით. ამავე განცხადებით, მათ ნებისმიერი ისეთი მოქმედება გამორიცხეს, რომელიც რუსეთს გააღიზიანებს. დღეს სწორედ რუსეთის არგაღიზიანებით არის გამოწვეული ასეთი მოქმედებები. ჩვენების პოზიცია შემდეგია: როდესაც ტიტანები იბრძვიან, საქართველო სჯობია, გაჩუმდეს და თავისი საქმე წყარად აკეთოსო. თუმცა საქმის კეთების მაინცდამაინც არაფერი გვეტყობა, იგივე რუსეთთან მიმართებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს რუსულ მედიაში საქართველო საკმაოდ პიარდება, სამწუხაროდ, რეალური მოქმედებები რუსეთის მხრიდან ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიულ საკითხებში არ შეინიშნება.
გელა მამულაშვილი