ერთი-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებამდე პენსიების ზრდას კატეგორიულად მოითხოვდა, „მემარცხენე ალიანსია“. კერძოდ, პარტიის პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ალიანსი მოითხოვს, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხები, რომლებიც პენსიების ზრდასა და პენსიონერების მედიკამენტებით სრულ უზრუნველყოფას მოხმარდება.
ამ თემაზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურ მდივანს, პაატა ჯიბლაძეს დაუკავშირდა:
_ ჩვენი მიმართვის შემდეგ ხელისუფლება რაღაც დათმობაზე მაინც წამოვიდა და ეს შეიძლება პატარა მიღწევადაც ჩაითვალოს. პენსიები თანხობრივად არა 40 ლარით, არამედ 20 ლარით გაზარდეს, ამიტომ ხელისუფლებას პლუსად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩავუთვლი იმას, რომ ადრე დამატებული 10 ლარი თავისდა საამაყოდ გამოიყენოს. სანამ ბიუჯეტი საბოლოო სახეს მიიღებდეს, შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები კიდევ ერთხელ მოვიყვანოთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ თავისივე წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს. მოგეხსენებათ, პარლამენტში არც ერთი წევრი არ გვყავს და იქაური ტრიბუნიდან ჩვენი მოთხოვნის დაყენება შეუძლებელია.
მანამდე ის უნდა ვთქვათ, რომ საარსებო მინიმუმი ოთხი წლის წინანდელთან თუ შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. სახეზე გვაქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. თუ, ვთქვათ, რვა თვის წინ ლარი დოლართან მიმართებაში 1,67 ღირდა, დღეს 2,40-ია. აქედან გამომდინარე, ფასები ყველა პროდუქტზე (საკვებ პროდუქტებზე, ასევე მედიკამენტებზე) გაზრდილია. ფასების ზრდამ პირდაპირ დაარტყა თანამოქალაქეებს, ჩვენს პენსიონერებს; ამ ქვეყნის სასიქადულო ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობდნენ და დღეს, ელემენტარულად, ღირსეულ სიბერეს იმსახურებენ.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, _ 2012 წელს `ქართული ოცნება~ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდებოდა. დღეს საარსებო მინიმუმი არა ისე, როგორც ამას სტატისტიკის დეპარტამენტი ითვლის და 180 ლარზე საუბრობს, არამედ, ჩვენი გათვლებით, სადღაც, 250 ლარის ფარგლებშია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ინიციატივით გამოვედით, რომ პენსია 40 ლარით გაიზარდოს. გავითვალისწინეთ რა ბიუჯეტში არსებული სიძნელეები, ინიციატივა პენსიის ორას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, ნაცვლად ახლანდელი 160 ლარისა. რეალურად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ამავე დროს, პირველადი მოხმარების მედიკამენტები უფასოდ უნდა ყოფილიყო ჩვენი პენსიონერებისთვის. ეს, დაახლოებით, 50 ლარის ფარგლებშია. იცით, რომ დღეს ამ ხანშიშესულ ადამიანებს უპირველესად სჭირდებად ტკივილგამაყუჩებელი, აუცილებელი წამლები, რაც, ჩვენი გაანგარიშებით, მათ ბიუჯეტს თვეში, დაახლოებით, 50 ლარამდე უჯდება.
ბუნებრივია, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოგვიტანია. საერთო ჯამში, ამ კომპენსაციით თანხა დაახლოებით საარსებო მინიმუმს, 250-ლარს გაუტოლდებოდა. რაც ამ ხელისუფლებამ, თანამდებობის პირებმა ხელფასები მოიმატეს დანამატების, პრემიების, სხვა წახალისების სახით, ამ თანხებმა 386 მილიონი შეადგინა. თუ ამას დავამატებთ იმ 57 მილიონს, რომელიც 2016 წლისთვის ისევ გაზრდილია... ჩვენი პენსიონერების რაოდენობა კი დაახლოებით 700 ათას ადამიანამდეა. მთლიანობაში, ამას 400 მილიონი სჭირდებოდა.
აი, აქ არის რეზერვი. ანუ ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ რეალურად შემოიჭირონ ქამრები და არა სიტყვის მასალად _ შეიკვეცონ უზარმაზარი ხელფასი, პრემია-დანამატები და მოაგვარონ ეს პრობლემა. ამის გარდა, ბიუჯეტში ჩადებული უამრავი სხვა მუხლია, რომლის შეკვეცის შემდეგაც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ 400 მილიონამდე დაიზოგოს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს ეს თანხები.
_ კონკრეტულად რა ხარჯებს გულისხმობთ?
_ ავიღოთ ჩვენი მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, მათი მოადგილეები, რომელთაც სახელმწიფოს, ანუ ჩვენს ხარჯზე მანქანები ემსახურება. გავითვალისწინოთ, იმ ავტომანქანებს რამდენი საწვავ-საპოხი საშუალება სჭირდება და ა. შ. გადავხედოთ ამა სოფლის ძლიერთა, თანამდებობის პირთა მივლინებებს. ვნახავთ, რომ იქ მარტო 400 მილიონამდე კი არ შეიძლება თანხების დაზოგვა, არამედ გაცილებით მეტის. ამას ემყარება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ რეალურად გაიზარდოს პენსიები და ელემენტარული სამედიცინო საშუალებებით მოხდეს მათი უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის შესვლას ველოდებით და ვნახოთ, პარლამენტი რას გაითვალისწინებს. ამის მიხედვით გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. თქვენი, მედიის საშუალებით პროტესტს და სხვა სახის ღონისძიებებს გავაჟღერებთ.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ხუნდაძეს: გადახედონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაბერილ შტატებს, დავიწყოთ თბილისის მერიიდან, მუნიციპალიტეტებით დამთავრებული, გადავიდეთ რეგიონებში... იქ იმხელა ხელფასები აქვთ, პრემიებს იღებენ და ა. შ. ასევე რამდენ ადამიანს ემსახურება სამსახურებრივი ავტომანქანები, შესაბამისი ხარჯებია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენლის აღნიშნულ არგუმენტს, რომ ბიუჯეტში ამისთვის თანხები არ არის, არ მივიღებ და ვერც მივიღებ. რასაკვირველია, ჩვენ არ უარვყოფთ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა. იგივე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მართლა ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამაა ქვეყანაში. მაგრამ არის უზარმაზარი რაოდენობა სხვა საქვეყნო პრობლემებისა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ.
_ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თუ შეიძლება რამე საფრთხე დაემუქროს?
_ პროგრამას საფრთხე იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ ქვეყნის ბიუჯეტი არ შეივსება; თუ მთავრობა ხელს არ შეუწყობს პროგრამებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარდეს მრეწველობა, ეკონომიკა, ვინაიდან არ არსებობს ტურიზმით აშენებული ქვეყანა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სერიოზული საწარმოები გაიხსნას ქვეყანაში.
ხომ მეთანხმებით, რომ მთელ საქართველოში ავტობუსებზე დიდი მოთხოვნაა? ამორტიზებული, სააკაშვილისდროინდელი ავტობუსებია დარჩენილი _ მწყობრიდან გამოსული „ისუზუს“ ტექნიკა. შემოიყვანონ აქ ინვესტორი, შეუქმნან შეღავათიანი პირობები, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდეს. ისევე როგორც სხვა აუცილებელი პროდუქცია, რომლის საქართველოში წარმოება შესაძლებელია. სანამ ჯერ კიდევ არსებობს სპეციალისტების რესურსი, ეს უნდა განვავითაროთ. ამავე დროს, მთავრობამ, პარლამენტმა სერიოზულად უნდა იფიქროს ადგილობრივი წარმოების ზრდაზე, ქვეყანაში შექმნილი პროდუქციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე. მხედველობაში მაქვს თუნდაც თურქეთიდან ან ირანიდან, უახლოესი მეზობლებიდან შემოსული იაფფასიანი საქონელი, რომელმაც ქართული ბაზარი წალეკა.
მინდა, საზოგადოებას ერთი რაღაც შევახსენო: ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს თურქეთთან და უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით საქართველო დაჩაგრულია. იქ გარკვეულ კატეგორიებზე გვაქვს თავისუფალი შეტანის უფლება, მაგრამ არა ყველა საქონელზე. და ამ დროს თურქეთს, დაახლოებით, ორჯერ მეტი საქონლის შემოტანის უფლება აქვს ხელშეკრულების თანახმად.
ამიტომ მოვითხოვთ, რომ რა რაოდენობით საქონელიც შემოაქვს თურქეთს, იგივე რაოდენობით იყოს გატანილი საქართველოდანაც. მოგეხსენებათ, როგორ პოლიტიკას აწარმოებს თურქეთის ხელისუფლება თავისი ბიზნესმენების, ხალხის საკეთილდღეოდ; როგორ ხელს უწყობენ ბიზნესმენებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანონ პროდუქცია; იგივე ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ ქართველ მეწარმეებსაც. სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის ძირითადი პროგრამა და ამით გამოვალთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
გელა მამულაშვილი