მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით რეჟისორი ამჟამად ჟურნალისტიკის განხრით ვმუშაობ, დასაწყისშივე გულწრფელად ვაღიარებ: ღია წერილების წერა დიდად არ მხიბლავს, თუმცა ის, რაზედაც ქვემოთ გიამბობთ, ვფიქრობ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდება. ზოგჯერ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში ქექვა და ბიოგრაფიული ფაქტებით ჟონგლიორობა პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების საყვარელი ტრიუკია. აქვე განვმარტავ: ამ წერილის მთავარი გმირის პოლიტიკური ოპონენტი არ ვარ, არც კომპრომატების შეგროვება მგონია ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. მე, ზაზა სვანაძე, ყოველთვის ვწერდი და ვსაუბრობდი საზოგადოებრივი ინეტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც მიმაჩნია, რომ იმავე საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, ვინაიდან პიროვნება, რომლის შესახებაც გიამბობთ, დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა და ვინაიდან აქ მოთხრობილი ამბებით ჩემი ცხოვრების ერთ კონკრეტულ ეტაპს ავსახავ, ფაქტებს მაქსიმალური სიზუსტით აღვიდგენ და გადმოგცემთ.
ვინ არის იოსებ გოგაშვილი? _ კაცი შავი „კაშნეთი“, რომელიც ქურთუკის აწეული საყელოების მიღმა სახის ნაწილს ყოველთვის ოსტატურად მალავდა. ეს სიტყვები გაბრაზებული ადამიანის მიერ მეორე ადამიანის დისკრედიტაციის, ან დაკნინების მიზნით გაკეთებული შეფასება არ გეგონოთ, სწორედ ასე დამამახსოვრდა ბატონი გოგაშვილი 2011 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა შემოაბიჯა.
იმ პერიოდში მე სამოქალაქო აქტივისტი ვიყავი და არც ხმაურიან პოლიტიკურ განცხადებებს ვერიდებოდი წინა ხელისუფლების მისამართით. იმავე 2011 წლის დეკემბერში, მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ივანიშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ „ქართულ ოცნებაში“ აქტიურად ვწევრიანდებოდით, მისი ავტორიტეტი ხომ მაშინ წარმოუდგენლად მაღალი იყო. ივანიშვილთან კონტაქტზე გასვლის იმედს ჩემი მეგობრები ეკა ბესელიაში ხედავდნენ, ვიღაცები კი _ ირაკლი სესიაშვილში. თუმცა ახლად დაფუძნებულ კოალიციაში ყველაფერი ამორფული და მერყევი იყო, მათ შორის, პოლიტიკური გავლენებიც.
ნოემბრის ბოლოსთვის აქტივისტებმა შევიტყვეთ, რომ ახალგაზრდული გუნდის ფორმირება უშუალოდ თინათინ ხიდაშელის მეთვალყურეობით უნდა წარმართულიყო. აღნიშნული ინფორმაცია შიდა კულუარული შფოთვის მიზეზი გახდა, ვინაიდან „რესპუბლიკურ პარტიასთან“, ორი-სამი აქტივისტის გარდა, არავის ჰქონდა ახლო ურთიერთობა. გაჩნდა ეჭვი, რომ ხიდაშელი ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის სასურველ კადრებს მოაძლიერებდა. ზოგიერთმა უცებ შეცვალა დამოკიდებულება „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ და სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ხიდაშელს ხოტბას ასხამდა, ხოლო საკუთარ თავს _ ლაფს, ვინაიდან პირად საუბრებში „რესპუბლიკელებს“ დემაგოგ „კმარელებად“ მოიხსენიებდნენ. ასეთები ყველგან, ყველა დროში იყვნენ და ყოველთვის იქნებიან, ამიტომ მათზე თხრობით არ დაგღლით.
ახალგაზრდული გუნდის პირველი ოფიციალური შეკრება 2011 წლის დეკემბერში შედგა. მაია ფანჯიკიძე და თინა ხიდაშელი ამ შეხვედრის მთავარი მასპინძლები იყვნენ, საპატიო სტუმრების რანგში კი ლუბა ელიაშვილი და ნიკუშა შენგელაია მოეწვიათ. დარბაზში ბევრი ახალი სახე შევნიშნე, მეტ-ნაკლებად ცნობილი აქტივისტები წინა რიგებს ვიკავებდით. რამდენადაც მახსოვს, იოსებ გოგაშვილს და მის განუყრელ მეგობარს, დიტო სამხარაძეს, აღნიშნულ შეხვედრაზე ხმა არ ამოუღიათ, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფუნქციების გადანაწილებისას, დიტო სამხარაძემ ხმამაღლა თქვა: „ფეისბუქზე“ „ნაცების“ მოგერიებას ჩემს თავზე ვიღებო, ვისაც არ გყავართ მეგობრებში, დამიმატეთო“, _ გოგაშვილს კი არც ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოუჩენია რაიმე ტიპის აქტივობა, ის მდუმარედ გვირტყამდა წრეს და ყველას გვაკვირდებოდა.
ოთხი წლის წინანდელი ეს სცენა, თუ ამ სცენის უმნიშვნელო ეპიზოდები, დღესაც ნათლად მახსოვს. იმ საღამოს ათობით ადამიანი შეიკრიბა, ღონისძიებას კი არაერთი ვიდეოკამერა აშუქებდა. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ არავინ მომცემს მცირედი უზუსტობის დაშვების უფლებას, ჩემს ამ გზავნილში სუბიექტურ შეფასებებს ბევრად გადააჭარბებს მშრალი ფაქტები. ფაქტია ისიც, რომ ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, ბევრისთვის უცნობი პიროვნება, იოსებ გოგაშვილი, ახალგაზრდული გუნდის არაოფიციალური მმართველი გახდა. ეს 40 წელს მიტანებული კაცი, რომელიც იქამდე არსად გვენახა, უცერემონიოდ ერეოდა ახალგაზრდების საუბრებში, ზოგიერთ იდეას კრეატივს უწუნებდა, დაგეგმილ აქციებს კი _ სლოგანებს. როგორც წესი, არგუმენტების წარმოდგენით თავს არასდროს იწუხებდა, ისე ბლოკავდა ჩვენს ინიციატივებს.
ერთადერთი, მე ვიტყოდი, გამონაკლისი შემთხვევა იყო, როდესაც მაშინ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობმა აქტივისტმა, გიორგი ფარესიშვილმა, გოგაშვილის ნების წინააღმდეგ გაილაშქრა და ბიძინა ივანიშვილის იუბილესადმი დაგეგმილი მსვლელობა მასთან არც კი შეათანხმა. 17 თებერვალს, ივანიშვილის დაბადების დღის წინა დღეს, კოალიციის ახალგაზრდული გუნდის ოთახში ოცამდე ახალგაზრდა შეკრებილიყო, საუბარი დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დაძაბულობის ეპიცენტრი ფარესიშვილი იყო. ის ფიქრობდა, რომ ნაკურთხი ხატით ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა და ხატის გადაცემა ახალგაზრდების ხელით ძალიან გაახარებდა იუბილარს. ფარესიშვილის იდეის საწინააღმდეგოდ გოგაშვილმა იკითხა: და გგონიათ, რომ ბიძინა გამოვა? დიტო სამხარაძემ კი დაამატა: დაცვამ შეიძლება არ დაიტოვოს ხატი _ იცით ეს? მახსოვს, ამ პასუხმა ფარესიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ის გოგაშვილთან პოლემიკაში შევიდა, _ რა, ბიძინას მოწამვლა გვინდა, თუ ხატში ბომბს ჩავდებთ? კამათი კარგა ხანს გაგრძელდა, ფარესიშვილმა ფურცელს ხელი დაავლო და ხატის საყიდელი ფულის შეგროვებას შეუდგა. მეორე დღეს ხატი მართლაც იყიდეს, აკურთხებინეს და აიტანეს კიდეც სოლოლაკის რეზიდენციაში, თუმცა მე აღნიშნულ მსვლელობაში არ ვმონაწილეობდი.
მიუხედავად იმისა, რომ აღმსარებლობით მართლმადიდებელი ვარ, ყოველთვის მაღიზიანებდა პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით რელიგიის ექსპლუატირება. ამასობაში კი კოალიციის ახალგაზრდულ გუნდში გოგაშვილ-სამხარაძის დუეტი ჩემთვის უცნობ სექტას რუდუნებით და შეუმჩნევლად აყალიბებდა, მორალური პოლიციელის როლს ორივე შესანიშნავად ირგებდა, ისინი ზნეობაზე და კაცობაზე პედაგოგიურ-აღმზრდელობით ტონალობაში საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილზე კი _ ჩურჩულით. ვიღაცებს ტუქსავდნენ, ვიღაცებს კი აქეზებდნენ, თუმცა 2012 წლის თებერვლის ბოლოსთვის „მეოცნებე“ ახალგაზრდებში დაპირისპირებებმა იმატა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დუეტმა ვერ შეძლო რადიკალ აქტივისტებს შორის არსებული შიდა კონფლიქტების განმუხტვა. სიტუაცია დღითი დღე იძაბებოდა. კულუარულმა ბატალიებმა ონლაინ მედიაში გადაინაცვლა. წესრიგის დამცველი ცნობილი სოსო შიდა ინსპექტორობას არ დასჯერდა და კუდიანებზე მონადირედ გამოგვეცხადა. აგენტების აღმოჩენა და მათი განდევნა დიტო სამხარაძის ხელობა გახდა, მის უკან კი, რა თქმა უნდა, გოგაშვილი იდგა. ე. წ. შემოგზავნილებზე ნადირობამ პრინციპების ერთგული არაერთი ახალგაზრდის ღირსებაზეც გაიარა. პარანოიდული გარემო დრამატული სცენებით დაიტვირთა, თვითგამოცხადებული ინსპექტორები ზოგჯერ თავად გვევლინებოდნენ შიდა წესრიგის დამრღვევებად. ერთ-ერთმა აქტივისტმა პირად საუბარში მომიყვა, რომ იოსებ გოგაშვილმა საფერფლე ესროლა, იმავე პერიოდში მეორე აქტივისტმა ასევე საიდუმლოდ მიამბო, რომ სოსომ შელაპარაკებისას კომპიუტერის ეკრანი მოუქნია, თუმცა ე. წ. მონიტორი ოთახში მყოფებს გამოუგლეჯავთ მისთვის ხელიდან. ჩემი დაკვირვებით გოგაშვილს ღია საუბრები არ ხიბლავდა, მისი საყვარელი ტრიუკი _ ახალგაზრდების განცალკევება და სამკლაურით აივანზე გაყვანა _ უკვე ტრადიციად იქცა. უმეტესად ერთ, ან ორ აქტივისტს გაიყვანდა და მათთან პრივატული საუბრების შემდეგ ახალ წყვილს არჩევდა.
მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის შესასვლელში სპეციალური სიები გაჩნდა, აღნიშნული სიებით მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში მიმავალ აქტივისტებს ახარისხებდნენ, სიების შემდგენლებმა, ამ მეტად პროზაული საქმიანობის პრაქტიკაში განსახორციელებლად, ვინმე ლელა მენაბდიშვილი დაიხმარეს. დუეტი ტრიოდ გადაიქცა. სტუდენტმა გოგონამ, რომელსაც უფრო ხშირად ლეკათი მიმართავდნენ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ადამიანები იპოვა. მენაბდიშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, იქამდე კი იოსებ გოგაშვილისა და მისი მეწყვილის მიერ შედგენილი სიების მიხედვით საშვებს წერდა. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი კოალიციის ახალგაზრდული ფრთა ათზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა, მათგან განსხვავებით მე „ოცნებიდან“ ხმაურით წამოვედი. იქ არსებული სიტუაციის შესახებ საზოგადოებას მედიის საშუალებით ვუამბე. ობიექტურობისთვის დავწერ, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული გუნდი კრიტიკის ქარცეცხლში გავატარე, თუმცა იოსებ გოგაშვილი არც ერთ მედიასაშუალებასთან არ მიხსენებია, მისი მისამართით პერსონალური თავდასხმები უადგილოდ მივიჩნიე, რადგანაც მაშინ გოგაშვილის სტატუსი ჩემთვის უცნობი იყო და, შესაბამისად, ამ ადამიანთან პოლემიკაში შესვლა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. პასუხისმგებლობა კი შექმნილ ვითარებაზე, უფრო ზემოთ _ თინა ხიდაშელსა და მაია ფანჯიკიძეს დავაკისრე.
„ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ მალევე შევიტყვე, რომ ჩემ მიერ ფაქტებით გაჯერებული განცხადებების საპასუხოდ, მავანი ტალახს მესროდა, ცილისწამებამ ქვეწარმავლის თავი წამოჰყო, გოგაშვილი, თურმე, ბრალს მდებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში, წყაროები მამცნობდნენ, რომ სოსოს აზრით მე ხელისუფლების ინფორმატორი ვიყავი, აღნიშნულ დეზინფორმაციას კი იგი „ოცნების“ სათავო ოფისში, კულუარებში ტირაჟირებდა. ახლა, ამ გადმოსახედიდან, დადასტურებით შემიძლია ვთქვა, ამ პასკვილის სულის ჩამდგმელის მიზანი სულაც არ ყოფილა მაშინ არსებული დისკუსიის საჯარო სივრცეში გადატანა. დიდი ალბათობით, ზაზა სვანაძეზე პრიმიტიული შიურისძიებით გოგაშვილმა მისივე პოლიტიკური პატრონები გაახარა, თუმცა მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიურ აღწერას: ინფორმაციები გოგაშვილისა და მისი თანამოაზრეების ზრახვების შესახებ იმ ადამიანებს მოჰქონდათ, რომლებთანაც წლები მაკავშირებდა. ისინი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ _ ერთი მხრივ, თავიანთ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობდნენ და, მეორე მხრივ, ღია კონფრონტაციაშიც ვერ შემოდიოდნენ, ვინაიდან ჩემთან ურთიერთობის არაერთი წელი აკავშირებდათ.
ბიძინა ივანიშვილის გუნდში შექმნილი ქაოსი და განუკითხაობა პირადულ ომებამდე არ დამიყვანია, ღიად გამოვიხურე კარი და წამოსვლის მიზეზებზეც ასევე ღიად ვისაუბრე, როგორც ზემოთ აღვნიშნე. „ოცნება“ ჩემი პირადი იმედგაცრუება გახდა, მაგრამ პიროვნული რევანშებისთვის დრო არ დამიკარგავს. რამდენიმე თვის შემდეგ იოსებ გოგაშვილმა ისევ შემახსენა თავი, ეს მოხდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, 2012 წლის ზაფხულში, მაშინ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მიშა მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს ასამართლებდნენ. მე წინა დღით ლევან ჩიტაძეს დავურეკე, ვინაიდან ვიცოდი, რომ მეგობრის მანქანით მიდიოდა აღნიშნულ პროცესზე დასასწრებად და ქუთაისამდე დავემგზავრე. ქუთაისში ჩასულებს სასამართლოს ეზო დაკავებულთა მხარდამჭერებით დაგვხვდა გადავსებული, ზოგიერთი ყოფილი თანამოაზრე მომესალმა, ზოგიერთი _ არა, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, „ქართულ ოცნებაში“ შექმნილი ქაოსის გამო, უდანაშაულო თანატოლების დაკავებას ვერ დავაიგნორებდი. გადავწყვიტე, რომ მათ მიმართ ელემენტარულ დონეზე მაინც გამომეცხადებინა სოლიდარობა. მახსოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში როგორ დაუძახა იოსებ გოგაშვილმა ლევან ჩიტაძეს და როგორ გაიყვანა იგი ჩემგან 15-20 მეტრის მოცილებით. მე ავტომობილში ვიჯექი და პროცესის დაწყებას ველოდებოდი, თუმცა ერთ მომენტში, როცა მათკენ გავიხედე, დავაკვირდი, რომ ლევან ჩიტაძე თავჩახრილი უსმენდა თანამოსაუბრეს. მართალია, სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაცია ცხადყოფდა, რომ ჩემზე საუბრობდნენ. ავტომობილში წყლის დასალევად დაბრუნებულ ლევანს ვკითხე: _ რა უნდა გოგაშვილს, რა ხელებს გიქნევს-მეთქი? მან პასუხი არ გამცა, თუმცა მისმა მეგობარმა (რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვწერ) მითხრა, რომ სოსომ გვისაყვედურა, _ რატომ ჩამოიყვანეთ აქ ეგ „ნაცების“ „ნასედკაო“? როგორც ჩანს, დაკავებული თანაგუნდელების მხარდასაჭერად ჩასული გოგაშვილისთვის ზაზა სვანაძე აქტუალობას არც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში კარგავდა.
გოგაშვილის პიროვნებაზე თხრობისას 2012 წელს განვითარებული მოვლენების შეხსენებით არ დაგღლით, უბრალოდ, საერთო ფონს ორი სიტყვით აღვწერ: დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს მაშინ რთული დღეები ედგათ, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ხშირად აკავებდნენ, ზაზა სვანაძის შავი პიარისთვის უკვე აღარავის ეცალა. მეგონა, რომ იოსების მხრიდან გამოცხადებული კონსპირაციული ბრძოლა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, თუმცა ვცდებოდი. არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მედიაკავშირ „ობიექტივთან“ ლევან კოჭლოშვილს ვესაუბრებოდი, როდესაც გოგაშვილი ჩემთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად გამოჩნდა. ვიცოდი, რომ მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. კოჭლოშვილი კინოს სახლის შენობაში შევიდა, სავარაუდოდ, კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მე გარეთ დარჩენა გადავწყვიტე, გოგაშვილმა შემომხედა, წრეზე შემომიარა და გამეცალა, რის შემდეგაც კინოს სახლში შევედი და კატეგორიულად მოვთხოვე ლევან კოჭლოშვილს, გარეთ გამოსულიყო, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ „ობიექტივის“ წინ, ქალაქის ცენტრში, გოგაშვილი ვერ მოგვიწყობდა პროვოკაციას. ლევანმა დამიჯერა და ზუსტად იმ ადგილზე დავდექით, სადაც იქამდე 5 წუთის წინ ვსაუბრობდით, გარეთ გამოსვლიდან 2-3 წუთში კი ფეხში ქვა მომხვდა. ტკივილისგან ჩავიკეცე, მაგრამ ინსტინქტურად კაკაბაძეების ქუჩისკენ მივატრიალე თავი, სადაც გოგაშვილი და მისი თანმხმლები პირები სწრაფად მიდიოდნენ ზედა, მთაწმინდის მიმართულებით. ქვის სროლასთან დაკავშირებული ისტორია რამდენიმე თვის წინ საჯარო გავხადე, თუმცა, ბუნებრივია, ერთწუთიან სიუჟეტში გოგაშვილთან არსებულ პერიპეტიებს სრულად ვერ მოვყვებოდი.
2012 წლის შემდეგ იგი პირადად არსად შემხვედრია, მისი კარიერული აღმასვლის შესახებ ინფორმაციებს მედიის საშუალებით ვიგებ და ბრაზისგან და ბოღმისგან სრულიად თავისუფალი ვფიქრობ, _ ნუთუ, რა დამსახურებისთვის დააწინაურეს ეს უცნაურად სიტყვაძუნწი და კონსპიროლოგიური მიდრეკილებების მქონე აგრესიული პიროვნება ახალ ხელისუფლებაში? ადამიანი, რომელმაც ერთ დროს ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, ამჟამად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს. არც კი ვიცი, ვინ ავარჩიო ამ გზავნილის კონკრეტულ ადრესატად _ ბიძინა ივანიშვილი, თუ მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა? ყოფილი პრემიერიერ-მინისტრის ფავორიტი _ დღევანდელი პრემიერი? დავტოვოთ წერილი კონკრეტული ადრესატის გარეშე, ამბავი კი _ საზოგადოების სამსჯავროზე.
ზაზა სვანაძე
რედაქციის მინაწერი: ქუთაისში, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავების საქმეში „კუდის“ ერთ-ერთი დამხმარე დავიტ კირკიტაძე, დღეს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის თამვმჯდომარეა. დღემდე ვერავინ დაადგინა, ვისი რეკომენდაციით დაინიშნა დავიტ კირკიტაძე აღნიშნულ თანამდებობაზე.