სთხოვა თუ არა ევროკავშირის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს სირიელი ლტოლვილების მიღება? რამდენად დაზღვეულია ჩვენი ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული აქტივობისგან? რა შეცდომას უშვებს დასავლეთი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ნაკადის მიღებისას? რა სურთ გლობალისტებს და ხორციელდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში გლობალიზაციის ქართული გეგმა?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ კიკნაძეს ესაუბრება:
_ პარიზის ტერაქტი საშინელება იყო, რადგან ამდენი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, მაგრამ როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ ასეთი დიდი ნაკადი დაიძრა, მრავალი ექსპერტი საუბრობდა და მათ შორის, მეც, რომ მოსალოდნელი იყო გართულებები. ამ ნაკადში, ბუნებრივია, ბევრი ტერორისტი შეერეოდა. მით უმეტეს, მაგალითად, საბერძნეთში რამდენჯერმე მთელი შეიარაღებული ვაგონი აღმოაჩინეს. სიმპტომატური და თვალში საცემია, რომ ძალიან ბევრი, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა იყო ამ მიგრანტებში, რომლებიც გზას ძალით მიიკვლევდნენ.
გარდა ამისა, ეს პროცესები ვიღაცის მიერ იმართებოდა. მათ კოორდინაცია ჰქონდათ ტელეფონების, სოციალური ქსელების საშუალებით. ეს ბადებს აზრს, რომ შეიძლება სპეცოპერაციასთანაც გვქონდა საქმე.
დღეს სახეზეა დიდი გადასახლების ტოლფასი მიგრაცია (რასაც IV-VII საუკუნეებში ჰქონდა ადგილი). ზოგი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მიგრაციით ევროპა რამდენიმე პრობლემას წყვეტდა, _ უპირველესად იმას, რომ ევროპა დაბერებულია. დაახლოებით 728 მილიონი მოსახლეობაა და თვითწარმოებადი არ არის. ევროპაში ფერტილობის დაბალი დონეა. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა საპენსიო ასაკისაა, ხოლო ახალგაზრდების, მუშახელის რაოდენობა შედარებით მცირეა.
ამიტომ ამ დიდი ნაკადის შედინებით, უპირველესად, დემოგრაფიული პრობლემა წყდებოდა. დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ ოცდაათ წელიწადში ევროპა შეიძლება უკვე 600 მილიონი იყოს და შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება. ეს მიგრანტები, რომლებიც ევროპაში ანკლავებად ცხოვრობენ, ძალიან მალე მრავლდებიან, მრავალშვილიანები არიან. მეორე მხრივ, ეს არის პრობლემის ეკონომიკური გადაწყვეტა, რამდენადაც ევროპაში მუშახელი შეედინება.
გარდა ამისა, ზოგიერთი გლობალისტური ძალის ჩანაფიქრით (რომელიც ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის), არ სჭირდებათ ევროპა, რომელიც სწორედ ამ ერ-სახელმწიფოებად არის დაყოფილი. ვთქვათ, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ა. შ. ამიტომ ამ ერი-სახელმწიფოების განეიტრალებასაც გულისხმობდა დიდი ნაკადის შედინება, რამდენადაც ზოგიერთი მონაცემით, ეს მიგრანტები 7 მილიონი არის. ყოველ წელიწადს მათი რაოდენობა მილიონ ნახევარს შეადგენდა. როდესაც ასეთი დიდი ნაკადი შედის, სხვა მენტალიტეტის, ფსიქოლოგიის, რასის წარმომადგენელი, ბუნებრივიცია, ამ ერ-სახელმწიფოებს პრობლემები ექმნებათ; ეთნიკური და ეროვნული შემადგენლობაც იცვლება.
ეს ყოველივე გლობალისტების ინტერესში შედის. მაგალითად, არის ასეთი გლობალისტი, ჟაკ ატალიე, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (იგივე `იბიარდი~) ხელმძღვანელი იყო. მისი თქმით, ეს ყველაფერი ჯერ ჟურნალი, შესავალია და ფილმი შემდეგ იქნება, ანუ გლობალისტები ამ პროცესს დადებითად აფასებენ.
ახლა რაც შეეხება თვითონ სირიას, _ მიმდინარეობს ბაშარ ასადის დემონიზება; რომ ის არის ავტორიტარი, საშინელი მმართველი, ტირანი და ა. შ. ის შვილია ჰაფეზ ასადისა, რომელიც, თავის დროზე, საბჭოთა კავშირთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში იყო. სირიაში განათლების დონე საკმაოდ მაღალია. იქ არის სავალდებულო განათლება, ძალიან კარგი სპეციალისტები და ბოლო ხანებში ქვეყნიდან 4 მილიონი ადამიანის მიგრაცია მოხდა, რაც ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი დანაკარგია...
მაგრამ ეს ქვეყანა ახერხებდა იმას, რომ იყო მრავალრელიგიური, მრავალეთნიკური და ეს ადამიანები ერთმანეთთან ნორმალურად თანაცხოვრობდნენ. იგივე მუსლიმები _ სუნიტები, შიიტები, ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები და ა. შ.
თვითონ ასადი ალავიტების წამომადგენელია, ხოლო მეუღლე _ სუნიტია. მთავრობაშიც რამდენიმე სუნიტი ჰყავთ წარმოდგენილი, ამიტომ საუბარი, რომ ის ვიღაცას ავიწროებდა და პრობლემებს უქმნიდა, რეალობას არ შეესაბამება.
მაგრამ თუ ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებს განვიხილავთ, ეს მართლაც საშინელი სურათია. იგივე ლიბიაში როდესაც ყადაფის ავტორიტარული რეჟიმის დამხობა უნდოდათ, ამბობდნენ, რომ ის არის ავტორიტარი, დიქტატორი და ა. შ., მაგრამ დღეს იქ საერთოდ სახელმწიფო აღარ არსებობს. ლიბია წარმატებული ქვეყანა იყო, მაღალი სტანდარტებით და იქ როგორც მდიდარ ქვეყანაში, ბევრი არაბული ქვეყნიდან ფულის საშოვნელად ჩადიოდნენ. დღეს ეს არის ტომობრივი სახელმწიფო და ამ ტომებს შორის განუხრელი ბრძოლა მიმდინარეობს.
იგივე ერაყში საშინელი პროცესები განვითარდა. სახელმწიფოს შეექმნა პრობლემა, ყოველდღე ტერორისტული აქტები ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ იმ სადამ ჰუსეინსაც არ ჰქონია ქიმიური და ბაქტეოროლოგიური იარაღი.
ასე რომ, ბევრი ჭკვიანი ადამიანი, მათ შორის, ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ ქმედებებზე, რადგან ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა. ადამიანები მასობრივად არიან განადგურებული, გაჩანაგებული და პერსპექტივაც მთლად კარგი არ ჩანს.
იგივე ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ტონი ბლერმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ის სატელიტი იყო და ინგლისელები ამერიკელებთან ერთად ერაყის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
_ რა პოლიტიკა უნდა გამოიმუშაოს დასავლეთმა ამ მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად? საუბარია ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში ძალადობას გაურბიან; აქ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებასაც ვგულისხმობ...
_ დღეს ომის პარტიაა და მთელ მსოფლიოში საშინელი არეულობაა. ამ საშიშროებამ აბსოლუტურად ყველა კუთხე მოიცვა, მათ შორის, საქართველოც არ არის დაზღვეული ამ ტერაქტებისგან. მაგრამ იგივე ისლამური სახელმწიფოს ფორმირება ზოგიერთი დასავლური ძალის ინტერესში შედიოდა. და არავისთვის დამალული არ არის, რომ ალ ქაიდა ფინანსდებოდა იგივე საუდის არაბეთისგან, ყატარისგან, რომლებიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ისლამური სახელმწიფოს არსებობა ავიღოთ, _ შეიქმნა კოალიცია 62 ქვეყნის მონაწილეობით, მაგრამ მისი ქმედებების შედეგი ის იყო, რომ ეს ე. წ. სახელმწიფო სულ უფრო ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა. რეალური საფრთხე შეექმნა რუსეთს. ეს პროცესი შეიძლება შუა აზიაში გადასულიყო და რუსეთს მიახლოვებოდა. გარდა ამისა, რუსებს იქ თავიანთი ინტერესები აქვთ სირიასთან, ბაშარ ასადის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან.
დაიწყო რეალური ბრძოლა მათ წინააღმდეგ. რუსეთმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელა საკმაოდ თანამედროვე ტექნიკით და ამას რეალური შედეგი მოჰყვა. სირიის არმიამ შეტევაზე გადასვლა დაიწყო.
მთელი თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს ამ საშინელი ჭირის გარშემო, შეთანხმებით მოხდეს მასთან ბრძოლა. მთავარია, მოისპოს ის ფინანსური წყაროები, რომელიც ამ სახელმწიფოს აძლიერებს, რადგან მის გარეშე ქმედუუნარო იქნება.
რაც მთავარია, საჭიროა სოციალიზაცია, ამ ადამიანების ინტეგრაცია. როდესაც ბავშვი იმ განწყობით იზრდება, რომ ის შაჰიდი გახდება, ასეთ ადამიანთან ბრძოლა ძალიან ძნელია. საჭიროა განათლების შეტანა და ბავშვობიდანვე იმ სულისკვეთებით აღზრდა, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის არის დამახასიათებელი.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი დესტრუქციული ძალაა, რომელიც სათავისოდ კარგად იყენებს ამ ტერორიზმს, მათი ამოცანების შესრულების გარკვეულ იარაღს წარმოადგენს.
_ ეს სამყარო საერთოდ თუ მზად არის ამ ადამიანების მისაღებად, მათი ინტეგრაციისთვის?
_ იგივე საფრანგეთის მაგალითზე, ძალიან ბევრი ადამიანი მათი ყოფილი კოლონიებიდან, არაბული ქვეყნებიდან არის ჩამოსული, მაგრამ მათი ასიმილირება არ ხდება. ისინი ანკლავებად ცხოვრობენ, თავიანთ სუბკულტურას ქმნიან და ამ ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
ამიტომ რამდენად გამართლებულია ამ ნაკადის მიღება? ხომ არ არის ეს ევროპის, როგორც კიდევ ერთი დესტაბილიზაციის რეგიონის შექმნის მცდელობა? ყველაზე ცუდი გზა სწორედ ეს გახლავთ. ეჭვი მეპარება, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების საკუთარ წესებს კარნახობენ, შეძლებენ დაექვემდებარონ იმ წესებს, რასაც მათ ევროპელები შესთავაზებენ.
მაგრამ ნახეთ, აქ არის ევროკავშირის სურვილი, რომ მიიღოს ისინი. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის გაერთიანების ქვეყნები პრობლემას სუვერენულად ვერ წყვეტენ. სამაგიეროდ, ისინი რაღაც ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ. ძალიან მეშინია, რომ საქართველომაც არ აიღოს ეს ვალდებულება დევნილების მიღების შესახებ. როდესაც მერკელი თურქეთში ჩავიდა, მან მხარდაჭერა შესთავაზა ევროკავშირში გაერთიანების დროს და ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ ანკარამ ეს დევნილები მიიღოს.
საქართველოში ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩვენი დევნილები გვყოფნის. გარდა ამისა, მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ და ახალი ნაკადის შემოდინება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
ევროკომისარი მოგერინი ვიზიტით ჩამოვიდა და ამ მხრივ ძალიან საინტერესო კონტექსტია. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციაა და ასევე ფარული მოლაპარაკებები. ვერ გეტყვით, მანდ რაზე შეთანხმდნენ და რატომ არის ასე უცბად ცვლილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ დამაიმედებელ გამოსვლებს.
მიმაჩნია, რომ იგივე ვიზალიბერალიზაცია რუსებთან, ევროპასთან ჩვენს ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სურათზე კარგად არ იმოქმედებს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა. შ., რადგან მივიჩნევ, რომ საქართველოში გლობალიზაციის ქართული გეგმა ხორციელდება. კერძოდ, ეკონომიკის დაკნინება, რათა ბევრი ქართველი ქვეყნის გარეთ გავიდეს და მათი ადგილი კიდევ სხვებმა დაიკავონ.
_ მსოფლიოში ძალადობრივი პროცესების ზრდის ფონზე, რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?
_ ბუნებრივია, ჩვენ იმ ისლამური სახელმწიფოს რიგებში მოვიაზრებით გურჯისტანის ვილაიეთის სახით. სანამ ჩვენამდე მოაღწევენ, რიგში სხვა ქვეყნები დგანან, ვინც მათ წინააღმდეგობას უწევს. მაგრამ თვალსაჩინოა, რომ იქ ჩვენი მოქალაქეებიც იბრძვიან _ პანკისიდან, აჭარიდან... ეს ადამიანები შეიძლება უკან დაბრუნდნენ.
ყოველთვის არის საშიშროება, რომ ახალი ხალხი ჩაითრიონ ამ ე. წ. სახელმწიფოს ქმედებებში; ახალგაზრდები გადაიბირონ, სამუშაო არ არის, ახალგაზრდა ადამიანები თავის ადგილს ვერ პოულობენ. ეს ნაყოფიერი ნიადაგია იმისთვის, რომ ბათირაშვილი და ჩვენი სხვა მებრძოლები იქ მოწინავე პოზიციებზე არიან. ამით ერთგვარ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ აქაური ახალგაზრდებისთვის.
მე არ ვიცი, ჩვენი სპეცსამსახურები რამდენად მზად არიან ამ პროცესებისთვის. ისეთი აზრი მრჩება, რომ ჩვენი სპეცსამსახურები დასავლური კოლეგების იმედზე არიან. ვისურვებდი, რომ ქართული სპეცსამსახურების როლი უფრო მეტი ყოფილიყოს, რადგან ძალიან არასწორი გაგებაა ამ პროცესის შესახებ, მარტივი ანალიზი, რომ რუსეთი ცუდია და დასავლეთი _ კარგი. თვით დასავლეთის ქვეყნებშიც არის წინააღმდეგობები. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ, მაგალითად, თავად მერკელს, ოლანდს უსმენდნენ და ა. შ. ასეთ პირობებში ჩვენი ეროვნული სპეცსამსახურები უნდა გვყავდეს, რომლებიც, უპირველესად, საქართველოს კეთილდღეობაზე იმუშავებენ. ეს რამდენად არის უზრუნველყოფილი, ამაზე ვერ მოგახსენებთ.
_ ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოსალოდნელი გამოწვევების თავიდან ასარიდებლად?
_ უნდა გააძლიეროს კონტროლი. სისტემატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამ ადამიანების შესახებ, საზღვარზე კონტოლი გამკაცრებული უნდა იყოს. და რაც მთავარია, ამ ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული პირობები უნდა იყოს; მათი სოციალიზაცია, ნორმალური, ცივილიზებული ღირებულებებით აღზრდა და არა, ვთქვათ, სხვების მიერ ნაკარნახევი გზით.
_ რელიგიური ფაქტორი როგორ უნდა განვიხილოთ?
_ ამაზე გადასარევი განცხადება გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა. გასაკვირია, როგორ ღრმად არის ჩახედული ყველა ამ ტიპის პრობლემაში. ზოგიერთს ძალიან სურს, ეს პროცესები წარმოაჩინოს, როგორც დაპირისპირება ისლამსა და ქრისტიანობას შორის. ასე ნამდვილად არ არის. ამ მხრივ სამუელ ჰანტინგტონიც ნოვატორი ვერ იქნება. იყო ასეთი ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერი ლუისი, რომელიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. და იცით, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ეს იდეა ცივილიზაციათა შეჯახების შესახებ ჯერ კიდევ იქ იყო პროვოცირებული.
რაც მთავარია, თვალყურს თუ მივადევნებთ, სერიოზული ბრძოლაა თავად ქრისტიანობის წინააღმდეგ. დღეს ეს თითქოს მუსლიმების ხელით მიმდინარეობს. რეალობა სხვაა. თვითონ მუსლიმური ქვეყნების ლიდერებისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას ეს ისლამური სახელმწიფო. მას არაფერი საერთო არ აქვს მუსლიმანობასთან, ამ დოქტრინასთან.
ეს ფაქტორი გამოყენებულია სწორედ კონფლიქტის გაჩაღებისთვის. მიმდინარეობს ბრძოლა თვითონ აბრამისტული რელიგიების, იგივე მუსლიმანობის წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. შემთხვევითი არ არის შეტევები პატრიარქზე, ჩვენს სარწმუნოებაზე, რადგან გლობალიზებული სამყარო ითვალისწინებს ორფენოვანი საზოგადოების არსებობას _ ერთნი რომლებიც მართავენ, ყველაფერს ფლობენ და მეორენი, რომლებიც მართულნი არიან.
ქრისტიანული რელიგია, განსაკუთრებით მართლმადიდებლობა (ყველაზე დოგმატური) ხელს უშლის ამ გაგებას, რადგან ეს რელიგია მოყვასის სიყვარულსა და ეგალიტარიზმს (თანასწორობა, _ რედ.) ქადაგებს. ამიტომ ასეთი გამძაფრებული ბრძოლაა სწორედ ქრისტიანობის წინააღმდეგ.
_ ამ კონტექსტში ჯიჰადის თემაც ინტერპრეტაციების საკითხია?
_ რასაკვირველია. საერთოდ, რელიგიას, როგორც ქრისტიანობას, ასევე მუსლიმანობას, ადამიანი სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს. ვინც ზემოაღნიშნული პროექტებით არის დაკავებული, ყოველივეს თავისებურ ინტერპრეტაციას უწევს, მით უმეტეს, ტერორისტები. ამიტომ ჩვენ მათ არ უნდა ავყვეთ და მეტი განათლება შევიტანოთ მოსახლეობაში, რომ ხელი არ შევუწყოთ ამ დამანგრეველ პროცესებს.
გელა მამულაშვილი