უახლოეს დღეებში „ნარინჯისფერი რთველი“ დაიწყება. საქართველოში წელს ციტრუსის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსავალს ელიან. თუმცა „ნარინჯისფერი რთველის“ მოახლოების წინ გლეხები უკვე რეალიზაციის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს. გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ. მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1-ლ თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიებს, სახელმწიფო სუბსიდიის მიღების გარდა, საშუალება აქვთ, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 000 ტონაზე მეტი იქნება. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა უკვე არის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. ოპერატიული მონაცემებით, სავარაუდოდ, ექსპორტზე 35 000 ტონამდე ციტრუსი გავა. „რაც შეეხება ციტრუსის სეზონის საორგანიზაციო საკითხებს, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ვიცით, რომ „ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარებისთვის რეგიონში სრული მზადყოფნაა. 1-ლი ნოემბრიდან ბათუმში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, მელაშვილის ქ. #26-ში, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე იმუშავებს ცხელი ხაზიც 247-01-01, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება“, _ აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცხადებული ინფორმაციის მიუხედავად, მეციტრუსეები რეალიზაციის მიმართულებით შექმნილ პრობლემებსა და ციტრუსის დაბალ ფასზე საუბრობენ.
მერაბ ნოღაიდელი _ ქობულეთის მკვიდრი:
_ 10 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდები, რადგან წელს მოსავლიანობა ორჯერ მეტია, მაგრამ აღარ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ მწყიდნეს?! რაც მეტია მოსავალი, მით მეტი მუშახელია საჭირო. ციტრუსის დაკრეფის სანაცვლოდ დაქირავებულ მუშას დღეში 30 ლარი უნდა გადავუხადო. როგორც გვეუბნებიან, ყველაზე უხარისხო მანდარინი 20 თეთრი ეღირება. ერთ კვირაში დავიწყებ კრეფას და მანამდე თადარიგის დაჭერა გადავწყვიტე _ მსურველები არიან, ოღონდ კარგი ხარისხის მანდარინი, ნარჩევი, 50-60 თეთრზე მაღალ ფასში არავის უნდა, _ აჭარის მანდარინს სიტკბო აკლიაო და უფრო მაღალ ფასად ვერ ჩავიბარებთ, დიდ ბაზარზე მოთხოვნა არ არისო, ასე მითხრეს.
ციური ქარჩავა _ ციტრუსის მწარმოებელი:
_ მანდარინი შუა აზიაში, უკრაინასა და რუსეთში გაგვაქვს, მაგრამ ახლა იქაც რთული ვითარებაა. რუსეთში ხელფასები შემცირდა, რეორგანაზიციებია, სავაჭრო ობიექტები ვერ ფუნქციონირებს და ეს ჩვენს მუშაობაზეც აისახება. წელს უპრეცედენტო რაოდენობის მოსავალს ველოდებით და დამატებითი ობიექტების ძებნაც მოგვიწევს. ხელისუფლება დახმარებას გვპირდება. ბათუმში საკოორდინაციო შტაბი იხსნება, რათა მანდარინის მიღება-ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს. გლეხებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალ ფასად უნდათ მოსავლის ჩაბარება, მაგრამ კონკურენცია დიდია. ჯერჯერობით არავინ იცის, რა ეღირება ხარისხიანი პროდუქტი, ამას ბაზარი განსაზღვრავს.
დავით ქირია _ ხობის მკვიდრი:
_ მანდარინის რეალიზების პრობლემას სამეგრელოშიც ვუჩივით. საუკეთესო ხარისხის მანდარინის ფასი 80 თეთრია, რაც ძალიან დაბალია. დასვლეთი ნესტიანი ადგილია და ციტრუსი მცირედ ყინვასაც ვერ უძლებს, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ ერთ კილოგრამ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდიან, მაგრამ როგორც კი სეზონი დაიწყება, უზარმაზარი რიგები დგება და ამასობაში ნაყოფი ისე ფუჭდება, რომ 10 თეთრად თუ ჩავაბარებთ, მადლობელი უნდა ვიყოთ. ახალი საწარმოების აშენებას კი აანონსებენ, სადაც ციტრუსის დასაწყობების საშუალება გვექნება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს პრობლემა მოუგვარებელია.
გიორგი მკურნალიძე _ ნატანების მკვიდრი:
_ წელს 12 ტონა მოსავალს ველოდები. დიდი ბაღი მაქვს და ციტრუსის მოსავალიც კარგია, მაგრამ, ზოგადად, წელს გურიაში არ არის კარგი მოსავალი, მხოლოდ აჭარაშია ციტრუსის დიდი რაოდენობა. მრავალი წელია, მეციტრუსეობას მივდევ და უკვე ბევრი კლიენტი მყავს. არ მიჭირს გაყიდვა, კლიენტები ადგილზე მოდიან. მე არ მაქვს რეალიზაციის პრობლემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ დგას.
ჯემალ მათითაიშვილი _ ნატანების მკვიდრი:
_ რომ მეკითხებით, როგორ უკეთებთ რეალიზაციას მანდარინსო, სადაა ასე? რა რეალიზაცია?! _ წაიღებენ თბილისში და 20 თეთრს გვიხდიან. რას აქვს რეალიზაცია? 3-ჯერ მარტო შეწამვლა უნდა, 600 ლარი ჯდება თითო. რომ არ შეწამლო, მარტო ძირი დაგრჩება. 1 კგ. მანდარინის ღირებულება ლარი მაინც არ უნდა იყოს? სასუქია საჭირო, 45 ლარი ღირს 1 კოლოფი. რომ დაითვალო, რაც ღირს ციტრუსის შენახვა, იმის ნახევარ ფასსაც ვერ ვიღებთ. წელს ჩვენთან არ არის კარგი მოსავალი, აჭარაშია. ასე ხდება, ერთ წელს იქ არის კარგი მოსავალი, მეორე წელს _ აქ. ყველამ ზეპირად იცის ჩვენი პრობლემა, მაგრამ ვის ვაინტერესებთ?! აქ ვის ვუყურო, ვინ მომიტანს რამეს?! ამ მანდარინით რომ არაფერი გამოდის, ავდექი და თბილისში წავედი, იქ დავიწყე ვაჭრობა. ციტრუსის მოსავალზე ვართ დამოკიდებული და როცა მოსავალი არ არის, აბა, რით ვირჩინოთ თავი?! ერთეულებია, ვისაც დიდი ნაკვეთი აქვს და, შესაბამისად, მოსავალი. ჩამოდიან მერე „მარშრუტკებით“ ვაჭრები მარნეულიდან, კახეთიდან და ისინი ყიდულობენ 50-60 თეთრად. ისეც არის, რომ ამოარჩევენ ძალიან დიდ, საღ მანდარინებს, 70 თეთრს გადაიხდიან და დანარჩენს ტოვებენ, ჩვენ ბოლოს მაინც დაზარალებულები ვრჩებით, იმ ანარჩევის გადაყრა გვიწევს. ჩასაბარებელი პუნქტი არის, მაგრამ 10 თეთრად იღებენ შერეულ მანდარინს. ტელევიზიით ინფორმაცია გადმოსცეს, რუსეთის ბაზარი გაიხსნაო, მაგრამ მწვანილი უკან დააბრუნეს და რა ვიცით, მანდარინს გაიტანენ? რუსეთს არ უნდა, ამერიკის მომხრე რომ ხარ და ამიტომ, არც ჩვენს პროდუქტს ღებულობს!
თამარ ბატიაშვილ