ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის კანდიდატთა სიის წარდგენის დროს, საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოააშკარავა, რომ ის `ნაცმოძრაობის~ დაწერილი სცენარით მოქმედებს. ამ განცხადების საფუძველს იძლევა მის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატთა შორის ვლადიმერ გაბრიჩიძის დასახელება.
ზურაბ თოდუა:
_ ვის უხვევს თვალს და ვის აყრის ნაცარს თვალებში თეა წულუკიანი? ამ შეკითხვის საფუძველს იძლევა ქალბატონ წულუკიანის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატთა შორის ვლადიმერ გაბრიჩიძის დასახელება. ასეთი მაღალი რანგის თანამდებობაზე კანდიდატურის დასახელებამდე, ამ უფლებამოსილების მქონე პირმა, უპირველეს ყოვლისა, კანდიდატის წარსული უნდა იცოდეს და შემდგომ გადაწყვიტოს, რაოდენ პასუხობს ის ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, რაოდენ დაეხმარება მმართველ პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლებისადმი მიცემული დანაპირების შესრულებაში, რაოდენ სამართლიანი იქნება ის ამ პოსტზე და ა. შ.
_ რა ჩაიდინა წარსულში ვლადიმერ გაბრიჩიძემ ისეთი, ასეთ განცხადებას რომ აკეთებთ?
_ დავიწყებ იმით, რომ ვლადიმერ გაბრიჩიძე დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგის, ზურაბ ადეიშვილის ჯგუფელია. ადეიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში დატრიალებულ უამრავ უბედურებაში ერთ-ერთი დიდი როლი სწორედ ვლადიმერ გაბრიჩიძესაც მიუძღვის. მისი საადვოკატო კომპანია პროკურატურიდან მარაგდებოდა. პროკურატურაში ბრალდებულის ახლობლებს სთავაზობდენენ, მათი ინტერესები ვლადიმერ გაბრიჩიძის საადვოკატო კომპანიას დაეცვა. აქ მისული კლიენტი წინასწარ განწირული იყო ყოველგვარი სამართლებრივი დახმარებისგან, რადგან საადვოკატო კომპანია ბრალდებულს მხოლოდ შუამავლობდა, ზურაბ ადეიშვილის კანტორასთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება, ამ შუამავლობისთვის კი თანხები საკმაოდ დიდი იყო.
_ ეს მაინც ზოგადი საუბრებია. გაქვთ ამის დამამტკიცებელი ფაქტები, არგუმენტები?.. რა ვიცი, როგორც იურისტები იტყვით ხოლმე, მტკიცებულებები წარმოადგინეთ.
_ ცხადია, მტკიცებულებების გარეშე საუბარს არ დავიწყებდი. ზურაბ ადეიშვილის პირადი დავალებით, 2011 წლის მაისში, პარლამენტის ყოფილი წევრი _ ილია დალაქიშვილი დააკავეს. მისი ინტერესების დაცვას ვახორციელებდი მისი დაკავებიდან რამდენიმე თვის მანძილზე. ამ დროს ბრალდებულის ოჯახთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ახლობელი მივიდა და ჩემ ნაცვლად ვლადიმერ გაბრიჩიძის კანდიდატურა შესთავაზა. დასაბუთებაში ოჯახს განუცხადეს, რომ ადვოკატი გაბრიჩიძე ადეიშვილის ჯგუფელია და საქმეებს აგვარებსო. ბრალდებულის ოჯახის ახლობელს გაბრიჩიძემ საადვოკატო მომსახურების თანხად 10 000 აშშ დოლარი დაუსახელა, თანაც იგი სასწრაფოდ უნდა მიეტანათ, რამეთუ ზ. ადეიშვილის წინაშე უხერხულად იგრძნობდა თავს, საქმის დამთავრების შემდეგ კი ოჯახს 100 000 აშშ დოლარით უნდა დაესაჩუქრებინა იგი. რადგან დალაქიშვილებს ასეთი თანხა არ გააჩნდათ, ადვოკატმა მათ ოჯახის ახლობლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა შესთავაზა. იპოთეკარად ადვოკატმა გაბრიჩიძემ მიხეილ სააკაშვილის პირადი ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, კახა ასლანიკაშვილი წარმოადგინა. ამ უკანასკნელმა სულ რამდენიმე საათში მოახერხა ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის მოძიება და ქონების დატვირთვა ვალდებულებით. შეპირებულ ერთთვიან ვადაში საქმე ვერ მოგვარდა, იპოთეკარის თანხა ოჯახმა ვერ გადაიხადა და კახა ასლანიკაშვილმა 30 000 აშშ დოლარად ღირებული ქონება „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ მაჟორიტარ დეპუტატ ბუკიას 15 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ვლადიმერ გაბრიჩიძემ ილია დალაქიშვილს ადვოკატად გიორგი წულაია გაუმწესა. ეს უკანასკნელი ილია დალაქიშვილის დაკავებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გამომძიებლად მუშაობდა იმ საგამოძიებო განყოფილებაში, რომელმაც ილია დალაქიშვილი დააკავა და განთავისუფლებისთანავე გაბრიჩიძის ამ კანტორაში „დასაქმდა“. ადვოკატ გ. წულაიას საქმეში ჩართვის შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ, ილია დალაქიშვილისგან მოითხოვეს 250 000 აშშ დოლარის ქრთამის გადაცემის ფაქტის დასახელება აჭარის კუდ-ის თავჯდომარე ზურაბ პატარიძისათვის. ამ დროს ბრალდებულმა პირველად გაიგო ამ პირის შესახებ.
_ ანუ მოატყუეს და დანაშაულისკენაც უბიძგეს?
_ დიახ, ასეთი ჩვენების გამოძალვის მიზნით, 2011 წლის 8 ნოემბერს, დილის 10 საათზე ილია დალაქიშვილი, ადვოკატ გ. წულაიას შუამდგომლობით, გლდანის #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნებთან მიიყვანეს, სადაც მისგან ზემოთ დასახელებული ფაქტის შესახებ ჩვენების მიცემა მოითხოვეს. ილია დალაქიშვილს, დაახლოებით, 10 საათის მანძილზე „ეხვეწებოდნენ“ დათანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ორსული მეუღლის მოყვანით დაემუქრნენ (ამ დროს ი. დალაქიშვილის მეუღლე მესამე შვილზე იყო ორსულად(!!!)). ხანგრძლივი ზეწოლის შესახებ გიორგი წულაია ყოველგვარ ინფორმაციას ფლობდა, რომელიც ხშირად შედიოდა ხოლმე კაბინეტში, სადაც „მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრებოდნენ~. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ადეიშვილიც შორიდან აკვირდებოდა და მისი მითითებით შეწყდა ილია დალაქიშვილთან „ხანგრძლივი საუბარი“. იგი საღამოს საკანში გადაიყვანეს.
ზურაბ პატარიძე დათა ახალაიას ახლო მეგობარი იყო. იგი მის კადრადაც მოიაზრებოდა. ამ პერიოდში ზ. ადეიშვილის კლანი დაპირისპირებული იყო ახალაიების კლანთან და ადეიშვილი ახალაიების კადრებზე ნადირობდა, ასევე ცდილობდა მათ ჩანაცვლებას. ახალაიები გლდანის #8 დაწესებულებას მთლიანად აკონტროლებდნენ ცნობილი „ქილერას~ მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ ილია დალაქიშვილი 8 ნოემბერს ზურაბ პატარიძის შესახებ ადეიშვილის სცენარით გათვალისწინებულ ჩვენებას მისცემდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დაემართებოდა მას ახალაიების სამფლობელოში. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 2012 წლის იანვარში, როდესაც ზურაბ პატარიძე მაინც დააკავეს, ამ ბრალდებულის ინტერესების დამცველად ვლადიმერ გაბრიჩიძის საადვოკატო კომპანიის ადვოკატი, გიორგი წულაია გამოცხადდა. დიდი ალბათობით მისი ოჯახი დაარწმუნეს ასეთი გადაწყვეტილების მართლზომიერებაში.
_ პატარიძე ილია დალაქიშვილის „იძულებითი ჩვენების“ გამო დააკავეს?
_ არა, რას ამბობთ, საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, დალაქიშვილს მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. თანხის სანაცვლოდ, შეპირებული ერთი თვის მაგივრად, ვლადიმერ გაბრიჩიძის საადვოკატო კომპანიამ ვერც 7 თვეში „მოაგვარა“ ილია დალაქიშვილს საქმე. ბრალდებულის ოჯახს ეჭვი შეეპარა გაბრიჩიძის კეთილსინდისიერებაში და ისევ მე ჩავერთე საქმეში. ორი სხდომის შემდეგ ზურაბ ადეიშვილის პირადმა მოსამართლემ, ლიანა ორკოდაშვილმა, დარბაზიდან გამაძევა. მან დარბაზთან მიახლოებაც ამიკრძალა და განაცხადა: როცა მოწმეები მას ხედავენ, ცრუ ჩვენებებს იძლევიანო. რამდენიმე სხდომაში ილია დალაქიშვილს მთლიანად 58 წლით, საბოლოო სასჯელად კი 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ჩამოართვა ყველა ქონება, თუ რამის ჩამორთმევა შეიძლებოდა.
დალაქიშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო „აღორძინების“ სიით. ის წარმოშობით კახეთიდან გახლდათ და თავის კუთხეში გავლენიან ადამიანად სახელდებოდა. მერე სააკაშვილმა, ამ კუთხეში ადეიშვილი ერეკლე მეორე კვადრატში გახადა და მას პირადი დაპირისპირება მოუხდა დალაქიშვილთან. მოგეხსენებათ, დაპირისპირებულებს როგორ უსწორდებოდნენ ისინი და დალაქიშვილსაც ასე მოექცნენ. ის ციხეში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გაუშვეს.
ილია დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ცნო და იგი 2013 წლის იანვარში პატიმრობიდან განთავისუფლდა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვლადიმერ გაბრიჩიძის საადვოკატო კომპანია ჩვეული პრაქტიკით ვეღარ მარაგდებოდა კლიენტურით, სხვაგვარად მუშაობა ახალ გარემოში გაუჭირდათ. ეს ყოველივე მე დამაბრალა და ჩემ მიერ პირველ ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ვამხილე და ვთქვი, რომ პროკურორების ადვოკატი იყო. ამ გარემოებით მან სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს მიმართა და ჩემგან მისი კომპანიის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოზე მას დაუმტკიცდა, რომ პატივი და ღირსება არ შეიძლებოდა ჰქონოდა მის კომპანიას, რამეთუ კომპანია იურიდიული პირია და არა ფიზიკური. სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ვლადიმერ გაბრიჩიძის სააპელაციო საჩივარი და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ პატივი და ღირსება მის კომპანიას არ გააჩნდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა.
ერთ წელიწადზე მეტია, ზურაბ ადეიშვილის ბობოქრობის პერიოდში წარჩინებული ადვოკატის საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს, სადაც იგი მაინც ამტკიცებს, რომ ჩემ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მის კომპანიას შეელახა პატივი და ღირსება, რამაც მის კლიენტურაზე პირდაპირი გავლენა იქონია. ვფიქრობ, უზენაეს სასამართლოში ასეთი ხანგრძლივი განხილვა პირდაპირ კავშირშია ვლადიმერ გაბრიჩიძის გაპროკურორების მცდელობასთან, რადგან მთავარ პროკურორად მოვლენის შემთხვევაში, კიდევ უფრო უბადრუკი სანახავი იქნებოდა დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის თავგამოდებული აპოლოგეტი.
_ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს რა კავშირი აქვს გაბრიჩიძესთან? რატომ შეიყვანა ის მთავარი პროკურორობის კანდიდატთა სამეულში?
_ ვლადიმერ გაბრიჩიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაასახელა. მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ შეაჩერა წულუკიანმა მასზე არჩევანი? ვფიქრობ, ამის გაკეთება იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს ან ზურაბ ადეიშვილმა დაავალა, ანდაც გულუბრყვილობით მოუვიდა. არც ერთ შემთხვევაში მის ქმედებას გამართლება არ აქვს. ქვეყნის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ეს ყველაფერი საზოგადოებამ იცოდეს და ამჯერად ამიტომ ვახმოვანებ.
ვლადიმერ გაბრიჩიძე ყოფილი პოლიტიკური რეჟიმის კადრია, იგი ზურაბ ადეიშვილის დამნაშავეთა ბუნაგშია გამოწრთობილი. ის აქტიურად მონაწილეობდა ავადსახსენებელი პოლიტიკური რეჟიმის პერიოდში ბიზნესის დარეკეტებაში, რასაც ის ადვოკატის სახელით ახორციელებდა. პროკურატურიდან „დასაცავ პირთა“ კონტინგენტით მარაგდებოდა. ის, ფაქტობრივად, არ ახორცილებდა კლიენტის დაცვას, არამედ ასრულებდა შუამავლის როლს პროკურატურასა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს შორის და ასეთ საქმიანობაში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ღებულობდა. ზემოაღნიშნულთან ერთად, ვლადიმერ გაბრიჩიძე არ გამოირჩევა მაღალი იურიდიული მენტალობით. იგი მესამე ინსტანციის სასამართლოშიც კი ირწმუნება, რომ მის კომპანიას პატივი და ღირსება აქვს. ასეთი მენტალიტეტის კანდიდატი მის საპროგრამო ტექსტში აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში არ უმუშავია, 20 წელია ურთიერთობა აქვს ამ ორგანოსთან და „...მან იცის საქმის გამოძიება და სასამართლო საქმეების წარმოება“, „პროკურატურის სისტემაში ყველაფერი შესაცვლელია, გარდა საშტატო ერთეულისა“... ალბათ, უნდოდა ეთქვა, „კადრებისა“... ამ ყოველივეს შემდეგ ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ მებადება ლოგიკური კითხვა: ადეიშვილის პირადი კადრის, მისი მეგობრის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, ეს ვისი შეპირების შესრულებად შეიძლებოდა მიგვეჩნია _ ზურაბ ადეიშვილის, თუ იმ ელექტორატის, რომელსაც წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის თამადობით გარღვეული სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა? ვინ შესთავაზა მას ვლადიმერ გაბრიჩიძე მთავარი პროკურორის კანიდიდატად? წინამდებარე წერილში აღწერილ გარემოებებში მონაწილე პირი შეიძლება თუ არა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი პროკურორი და ასეთი პირი შეძლებდა თუ არა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლებისადმი მიცემული დანაპირების აღსრულებას? ამ კითხვებს წულუკიანმა ახლაც უნდა გასცეს პასუხი, რადგან ისინი ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანია. ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო და გაბრიჩიძე მართლაც აერჩიათ მთავარ პროკურორად? წულუკიანის სინანული (თუ ეს გაუჩნდებოდა მაინც) რამეს გვიშველიდა? ზონდერ ადვოკატებით უნდა იუსტიციის მინისტრს სამართლიანობის აღდგენა და ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულება, თუ საზოგადოების გაბითურებას ცდილობდა?
თქვენს გაზეთში დასმულ ჩემს კითხვებზე მის პასუხებს ველოდები.“
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დეტალების გადამოწმება თავად ვლადიმერ გაბრიჩიძესთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. ბოლოს მისი კომპანიის ადვოკატს, ირაკლი ადამიას, დავუკავშირდით, საქმის ვითარება გავაცანით, მაგრამ კომენტარზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ კონკრეტული საქმის დეტალებს კარგად არ იცნობდა.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქუთაისის უნივერსიტეტს დავკავშირებოდით, რომელმაც ბატონი გაბრიჩიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარადგინა. ვესაუბრეთ უნივერსიტეტის რექტორს, ლელა ქელბაქიანს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მართლაც მათი ინსტიტუტის წარდგენილი იყო მთავარი პროკურორის პოსტზე ვლადიმერ გაბრიჩიძე, თუმცა იმ ამბების შესახებ, რასაც ინტერვიუში ზურაბ თოდუა ახმიანებდა, ინფორმაციის არქონის გამო კომენტარი არ გააკეთა. როცა კითხვა შევუბრუნეთ, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს და წარადგინეს გაბრიჩიძე ამ თანამდებობისთვის, უკვე სხვა პასუხი მივიღეთ: „მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, ჩემი პარტნიორები არიან ნინო ხაზარაძე და ლაშა, ამიტომ ცოტა ხანში მოგცემთ მათი ტელეფონის ნომრებს, რადგან მათი ინიციატივით მოხდა ამ ადამიანის წარდგენა“. ქალბატონმა ლელამ ნომრები მართლაც მოგვწერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნინო ხაზარაძის ტელეფონი გამორთული იყო, ხოლო ლაშამ კი არ გვიპასუხა. იუსტიციის სამინისტრო სამი დღე ისვენებდა და თეა წულუკიანიც, შესაბამისად, „მომსახურეობის ზონიდან“ გასული იყო. იმედია, ეს ადამიანები წერილის გამოქვეყნების შემდეგ მაინც ისურვებენ ბრალდებებზე კომენტარების გაკეთებას და უკვე თავად შეგვეხმიანებიან.
ნელი ვარდიაშვილი