საგარეჯოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა:
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ - ნიკოლოზ მჟავანაძე: „ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს აგიტაცია. შედგენილია საჩივარი იორმუღანლოში, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაჰმად ყუბანოვი, რომელიც ამავდროულად არის კომისიის წევრი, უბანზე ღია აგიტაციას ეწეოდა. ასევე დარღვევები იყო ჩაილურის უბანზე, გიორგიწმინდაში კი 10-კაციანი ჯგუფი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგინებდა იქ მისულ ამომრჩევლებს.
მართალია, კანონით არ არის აკრძლული საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია გასწიოს გამგებელმა, მაგრამ ადგილი აქვს ზეწოლას, რომელზეც უწყებათაშორის კომისიაზე გვექნება საუბარი. განცხადებას 8 საათის შემდეგ გავაკეთებთ.“
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საგარეჯოში მიმდინარე არჩევენებს აკვირდებიან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, გიგლა აგულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას - ინაშვილის მხარდამჭერების მხირდან იარაღის ტარების შესახებ, არ ადასტურებენ. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს - მსგავსი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა საარჩევნო უბანს იცავენ სამართალდამცველები და რეაგირების გარეშე არავინ დატოვებდა.
„დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის“ თავმჯდომარე - დავით ლილუაშვილი: „ყურადღებას გავამახვილებ მარკირების აპარატის გაუმართაობაზე, ასევე კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ დიდი ჩაილურის სოფლის რწმუნებული ამომრჩეველზე ახდენდა ზეწოლას. დღეს საარჩევნო უბნები დაგვიანებით გაიხსნა, კომისიის წევრები კი, წინასწარ ავსებენ ბიულეტენებს და ასევე ადგილი აქვს საარჩევნო უბნებზე ნასვამები ადამიანების ყოფნას“.
„საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“ - მაია ხარაძე: „6 უბანზე ჟურნალისტს არ დააფიქსირებინეს დარღვევა, არ მისცეს ფოტოგადაღების საშუალება, რაზეც დამკვირვებლებს ჰქონდათ პროტესტი. მე-5 უბნის თავმჯდომარემ კი გადამალა 50 ბიულეტენი, რაც ასევე არის დაფიქსირებული“.